ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დამახასაითებელი ციებ-ცხელება უკვე დაწყებულია. თუმცა კი, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატურის ვინაობა ჯერაც არ არის ცნობილი. უკვე გარკვეულია, რომ არჩევნებში მონაწილობას მიიღებს ნინო ბურჯანაძე, თავიანთ კანდიდატურებს წარადგენენ ”ნაციონალური მოძროაბის” წევრები და კოალიცია ”ქართული ოცნება”.
რეჟისორი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ ”ქართული ოცნების” კანდიდატურის წინაშე სხვა დანარჩენი უბრალოდ არაკონკურენტუნარიანი იქნება, რაც ნორმალური ნამდვილად არ არის...
- ნინო ბურჯანაძეს გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს. არც გიორგი ვაშაძეს, ვანო მერაბიშვილსა და ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ წამოყენებულ რომელიმე კანდიდატს გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვთ. უახლოეს მომავალში მათ მიმართ პროკურატურას კონკრეტული კითხვები ექნება. არ მინდა, გამოძიებას გავუსწრო, მაგრამ არ მგონია, მათ ამის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატურის წაყენების განწყობა შემორჩეთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ”ქართული ოცნების” კანდიდატურა, ვინც არ უნდა იყოს ის, სრულიად უალტერნატივოა.
- ასეთი პოლიტიკური რეალობა მისაღებად მიგაჩნიათ?..
- არა, არ მიმაჩნია მისაღებად და ნორმალურად, მაგრამ ეს არის დღევანდელი რეალობა. ეს რომ ასეა, ადგილობრივ არჩევნებში მიღებულმა შედეგებმა აჩვენა. თეა წულუკიანის 92%-ის ფონზე აღებული კორძაიას პროცენტები, ბევრ რამეზე მიანიშნებს.. თუნდაც იმაზე, რომ ”ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, მოკვდა და არ მიმაჩნია, რომ ერთპარტიული სისტემა დასაშვებია, მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ კოალიციის შიგნით სრულიად სხვადასხვა მსოფლმხედველობის სუბიექტები არიან გაერთიანებული და მოვა დრო, და ისინი ერთმანეთთან პაექრობას დაიწყებენ.
- შესაძლოა, ”ნაციონალურმა მოძრაოაბამ” ერთი აქამდე სრულიად უცნობი კანდიდატიც გამოაჩინოს...
- დიახ, ”ანჟელა”, იგივე გიორგი მაზმანიანი. სწორედ მის გამო მოხდა მთავარი დაპირისპირება 19 აპრილს ”ნაციონალურ მოძრაობაში”. მერაბიშვილს ეგონა, სააკაშვილი სიურპრიზს გაუკეთებდა და იმ დღეს პირდაპი აქციაზე დაანონსებდა მას პრეზიდენტობის კანდიდატად, მაგრამ გაირკვა, რომ სააკაშვილს ამ პოსტზე გიორგი მაზმანიანი უნდოდა. ანუ საქართველოს პრეზიდენტად უნდოდა ადამიანი, რომელიც საზოგადოებისთვის იმით გახდა ცნობილი, რომ გეიაღლუმის მოწყობას გეგმავდა.
- ის ამ ფაქტს უარყოფს...
- ის სხვა ბევრ რამესაც უარყოფს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე არ არის... და მისთვის ეს სახელი ანჟელა, მე არ დამირქმევია, როგორც ამას თავად ამტკიცებს, ასე იყო, მას ეს სახელი ერქვა უკვე... ვინ არის, რა უნდა და რა პოლიტიკური წარსული ჰქონდა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ სააკაშვილს უნდოდა. რა პოლიტიკური წარსული აქვთ ვარძელაშვილს, ვერა ქობალიას, ხათუნა ოჩიაურს, ან ჩიორა თაქთაქიშვილზე ცხოვრებაზე სმენია ვინმეს რამე?.. ჩემთვის პირადად, გია ბარამიძეს, ვანო მერაბიშვილსა და გიორგი მაზმანიანს შორის განსხვავება არ არის, მათ ერთნაირი მსოფლმხედველობა აქვთ და თუ იმ ორის კანდიდატურის წამოყენება შეიძლება, "ანჟელა" მაზმანიანმა რაღა დააშავა?..
- ინტერვიუს ყველაზე სასიამოვნო ნაწილზე გადავიდეთ, - როდის იხილავს მაყრებელი დოკუმენტურ ფილმს მერაბ კოსტავაზე?
- ვგეგმავთ, რომ ფილმის ნაწილი 26 მაისისთვის ტელეკომპანია "მეცხრე არხზე" იხილოს მაყურებელმა. მერვე თვეა ამ ფილმზე ვმუშაობთ. ტექნიკური საკითხები დაგვრჩა მოსაგვარებელი, რასაც ყველაზე მეტი თანხა სჭირდება... სამწუხაროა, რომ ადამიანებს ან არ ესმით, ან არ უნდათ გაიგონ ასეთი პერსონის მნიშვნელობა საქართველოს ცხოვრებაში. ბევრი რამ შევძელი, ბევრი - ვერა. ფილმი საათნახევრიანი იქნება და ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ ამაში, რაგან მერაბ კოსტავა საქართველოსთვის მოსეა, რომელმაც თავისი მართლაც რომ მოწამეობრივი ცხოვრებით ქართველი ერი დამოუკიდებლობამდე მიიყვანა, თავად კი ასეთ საქართველოში ცხოვრებას ვერ მოესწრო. მე ვესაუბრე ადამიანებს, ვინც მერაბის გატეხვას ცდილობდა, მათ დავალებული ჰქონდათ ეს, მაგრამ ვერ შეძლეს. ეს ყველაფერი ფილმში მოთხრობილია... ძალიან მაწუხებს, რომ ეს ყველაფერი საქართველომ არ იცის, აქ ის მხოლოდ ზვიად გამსახურდიას თანამოაზრე ჰგონიათ და მორჩა. არადა, ისინი მხოლოდ თანამებრძოლები იყვნენ და არა თანამოაზრეები, ასე რომ ყოფილიყო, მერაბი 11 წელი იხდიდა სასჯელს, ზვიად გამსახურდია კი მხოლოდ 11 თვე.
- რამდენადაც ცნობილია, ეს მათი ერთობლივი შეთანხმებით გადაწყდა...
- არა, ვერ დაგეთანხმებით, ისინი სხვადასხვანაირად ხედავდნენ ცხოვრებას. მერაბი არის თავგანწირვის სიმბოლო. საზოგადოებამ კი მისი განსაცდელი ზვიად გამსახურდიას მიაწერა. მე ჩაფიქრებული მაქვს, ”მითების ციკლი” გავაკეთო, რადგან ჩვენ დღემდე მითებით ვცხოვრობთ და ეს დამღუპველია.