როგორ აპირებდა თარგამაძე ეფ-ეს-ბეს შენობისთვის კატების შესევას

როგორ აპირებდა თარგამაძე ეფ-ეს-ბეს შენობისთვის კატების შესევას

მას შემდეგ, რაც რუსი ოპოზიციონერი, "მემარცხენე ფრონტის" აქტივისტი კონსტანტინე ლებედევი სასამართლომ არეულობის ორგანიზატორად და დამნაშავედ ცნო, მან სასამართლოსთან გარიგება დადო და აღიარა, რომ 2012 წლის 6 მაისს მოსკოვში არეულობა მოაწყო სერგეი უდალცოვთან, ლეონიდ რაზვოზჟაევთან და არც მეტი, არც ნაკლები - საქართველოს პარლამენტის წევრ გივი თარგამაძესთან ერთად. ის, რომ გივი თარგამაძე ქართველი ჩე გევარა და ფერადი რევოლუციების ალის სხვადასხვა ქვეყანაში ამგიზგიზებელია, არავისთვის არის საიდუმლო - საზოგადოებას ახსოვს მისი გახმაურებული ვოიაჟები ბელორუსში, ყირგიზეთსა თუ უკრაინაში, მაგრამ ის, რასაც მასზე ლებედევი ამბობს, ცოტა ძნელი დასაჯერებელია, ისეთი გამოცდილ-გამობრძმედილი რევოლუციონერისთვისაც კი, როგორიც გივი ვასილის ძე თარგამაძეა.

რუსი ოპოზიციონერი, რომელსაც დღეს თანამოაზრეები მოღალატედ მიიჩნევენ, ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ გივი თარგამაძე 2005 წელს კიევში, მეიდანზე გაიცნო, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში "ნარინჯისფერ რევოლუციაში" მონაწილეობდა. ახალგაზრდული რევოლუციური ორგანიზაციის "შავი პორას" წევრებმა მას გივი თარგამაძე და მისი გუნდი გააცნეს როგორც "მასწავლებელი და სპონსორი".

ლებედევი ჰყვება, რომ უდალცოვსა და რაზვოზჟაევთან ერთად რამდენჯერმე შეხვდა თარგამაძეს მინსკში ჯერ 2012 წლის მარტში, მერე - ივნისში, მესამე შეხვედრაზე კი თარგამაძე ლიტვაში საქართველოს ელჩთან ერთად მივიდა... და ამ ყველა შეხვედრას ლაიტმოტივად გასდევდა უზომო სმა, ერთ საღამოს ოთხმა კაცმა 26 ბოთლი ღვინო დავლიეთო, - ტრაბახობს ლებედევი... სხვათა შორის, ცნობილია, რომ თარგამაძე არ არის გულგრილი სასმელის მიმართ, რის გამოც უგონოდ მთვრალს არაერთხელ აუტეხია დებოში, მათ შორის, საკუთარი ქორწილის დღეს. ლებედევი აღიარებს, რომ თანდათან დაიწყო თარგამაძის (ვასილიჩისა) და სხვა ქართველების ჩუმად ჩაწერა... ამბობს, რომ თარგამაძე მათგან ითხოვდა მასობრივ აქციებს, არეულობას: არც მეტი, არც ნაკლები, - ტრანსციმბირული მაგისტრალის აფეთქებას, მოსკოვში, "ეფ-ეს-ბეს" შენობის ვალერიანის (კატაბალახას) წვეთებით მოთხუპვნას, რომ მას კატები შესეოდნენ, ჰაერში პუტინის გამოსახულებიანი საჰაერო ბურთის გაშვებას, ასევე ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაცვის პროვოცირებას, მისი კორტეჟისთვის გზის გადაკეტვას.