დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ოდენობა გაორმაგდა

დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ოდენობა გაორმაგდა

წინა წლებთან შედარებით, დამუშავებული მიწის ფართობები გაორმაგდა. წინასწარი, საპროგნოზო მონაცემებით, წელს, მარტო გაზაფხულზე 400 ათას ჰექტრზე მეტი მიწა მოიხნა მაშინ, როდესაც წინა წლებში ეს მაჩვენებელი 200 ათას ჰექტარს არ აღემატებოდა.  სოფლის მეურნეობის სპეციალისტების განცხადებით, ახალმა პროგრამებმა, პირველი დადებითი შედეგი უკვე მოიტანა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის, კოტე ხუცაიძის ინფორმაციით, წინასწარი, ოპერატიული მონაცემებით, გაზაფხულზე, 400 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი დამუშავდა, რაც ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია.  აღნიშნულთან დაკავშირებით, სტატისტიკური ინფორმაციის დაზუსტება კვლავ მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზარდოს.

საერთოდ, საქართველოში, შემოდგომასა და გაზაფხულზე 740 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთის დამუშავების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა 2005 წლიდან მოყოლებული მდგომარეობა უარესდებოდა. მაგალითად, 2010 წელს შემოდგომასა და გაზაფხულზე ნათესმა ფართობებმა მხოლოდ 275 ათასი ჰექტარი შეადგინა. აქედან, შემოდგომაზე 60 ათასი ჰექტარი, ხოლო გაზაფხულზე 200 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი დამუშავდა. თითქმის, იგივე მაჩვენებლებია მომდევნო წლებშიც.

„ამჟამინდელი საპროგნოზო მონაცემებით კი, დამუშავებული მიწების მაჩვენებელი, თითქმის, 50%-ით გაიზარდა და ამას ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამამ“, - ამბობს კოტე ხუცაიძე.

ექსპერტის სოფლის მეურნეობის საკითხებში, პაატა კოღუაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, თუმცა სოფლის გასაძლიერებლად და ეფექტური შედეგების მისაღწევად კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, განსაკუთრებით საკანონმდებლო დონეზე.

„მდგომარეობა გაუმჯობესებულია. პრემიერ-მინისტრმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და ამ დარგის განვითარებისთვის, რათა გლეხებს შესაძლებლობა ჰქონოდათ მოეხნათ მიწები, სასუქები შეეძინათ. ვიყავი კახეთში - კარდენახი, ციხისძირი, ვეჯინი, ბაკურციხე, ასევე შიდა ქართლში, მოიხნა ისეთი მიწები, რომელიც კარგა ხანია არ დამუშავებულა. ასეთი რამ საქართველოს ბოლო რამდენიმე წელია არ მომხდარა და ამ შესაძლებლობის კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენება უნდა მოხდეს“, - აღნიშნა კოღუაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში მიწის 60-65% დაუმუშავებელი იყო.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი პრობლემა იყო მიწების აღრიცხვიანობის საკითხი, რის შედეგადაც ბევრმა გლეხმა სასოფლო-სამეურნეო ბარათები დროულად ვერ მიიღო.

„სოფლის მეურნეობის მინისტრმა არაერთხელ გააკეთა განცხადება მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, თუმცა ბევრი ადამიანი სიაში ვერ აღმოჩნდა. ამ მიმართულებით არსებობდა პრობლემები, შეიძლება იყო საბოტაჟიც ყოფილი ხელისუფლების მხრიდან.  სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ შეგნებულად არ გააკეთა მიწების ბალანსი, რათა გლეხი აყრილიყო სოფლიდან და მათი გაღარიბება სიზარმაციით გაემართლებინა“, - ამბობს კოღუაშვილი.

ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ მთავრობამ ასევე უნდა იზრუნოს სოფლის ინსტიტუციურ გარდაქმნაზე, ასევე სასწრაფოდ არის კოოპერაციების შესახებ კანონი მისაღები ან მთავრობის დადგენილება „სოფლის მეურნის“ შესახებ, ანუ მიწათმომედების სტატუსის შესახებ და ა.შ.

კიდევ ერთი ექსპერტის ბადრი რამიშვილი განსაკუთრებულ იმედებს იაფიან აგროკრედიტებზე ამყარებს.

„უფრო დიდი იმედი მაქვს იაფიანი აგროკრედიტების პროგრამისა, რათა სოფლის მეურნეობაში სისტემური გაუმჯობესება მოხდეს. კარგია, რომ კრედიტებს, საკუთარი სახსრებიდან ბანკები გასცემენ, ხოლო საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას ახდენს სახელმწიფო.  კრედიტები სახელმწიფოს რომ გაეცა, კორუფციას ვეღარაფერი მოერეოდა. გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომ ბანკებს შორის კონკურენცია გაიზრდება და მოისპობა მონოპოლია. ადრე სოფლის მეურნეობაში ბანკები 35-40%-იან კრედიტებსაც კი გასცემდნენ“, - ამბობს ბადრი რამიშვილი.

ექსპერტი ზვიად კანდელაკი კი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობა, ფაქტობრივად, უფსკრულის პირას იდგა და ამ დარგში მდგომარეობის გაუმჯობესებას რამდენიმე წელი სჭირდება.

„მთლიან შიგა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 9%-ს არ სცდებოდა მაშინ, როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული. დარგის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალური პრობლემების მოგვარებას და კარგია, რომ მთავრობამ სოფლის მეურნეობა უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა.  ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. სოფლებში გადაადგილებისაც, უბრალო თვალის შევლებითაც ჩანს, რომ უფრო მეტი მიწაა მოხნული. ახლა მთავარია ორგანიზებულად მოხდეს მოწეული პროდუქტის რეალიზება“, - ამბობს ზვიად კანდელაკი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის განცხადებით, საშემოდგომო სამუშაოების ეფექტური წარმართვისთვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. როგორც უკვე აღინიშნა, ამ დროისთვის, ქვეყნაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ფერმერებსა და გლეხებში მიწის დამადასტურებელი საბუთის უქონლობა. მინისტრის ინფორმაციით, დღეს მფლობელთა მაქსიმუმ 30%-ს გააჩნია მიწის დამადასტურებელი საბუთი. არადა, მიწის საკუთრების მოწმობის გარეშე, ბიზნესის სწრაფი განვითარება წარმოუდგენელია.

კირვალიძის განცხადებით, ამჟამად შექმნილია უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი, მოწვეულია საერთაშორისო ექსპერტეთა ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს. დაახლოებით ორ კვირაში მომზადდება პროექტი, თუ როგორ მოხდეს რეგისტრაციის დასრულება მოკლე ვადაში, რა რესურსი იქნება საჭირო ამ სამუშაოების დასასრულებლად.