"ლოპოტის ხეობაში მოკლულის მამის სკანდალური განცხადება"

"ვიდრე გარდაცვლილებს დავკრძალავდით, გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდა. შს მინისტრის მაშინდელი მოადგილე გია ლორთქიფანიძე შეგვპირდა, ექსპერტიზის დასკვნას მოგაწვდით, ამაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობასო. ისინი სულაც არ აპირებდნენ დასკვნის გადმოცემას და როგორც თქვენ არ გინახავთ ის, ისე - ჩვენ. იმასაც ამბობენ, კომპიუტერი გატეხეს და ყველა მონაცემი წაშალესო. ამით ძველი ხელისუფლება დანაშაულს ფარავს, არ ეგონათ, ხელმეორედ თუ მოვითხოვდით ექსპერტიზას. ჩვენ იმიტომ დავთანხმდით ექსჰუმაციას, რომ დადგინდეს სიმართლე, კერძოდ, რა მანძილიდან და რომელი იარაღიდან ჩაცხრილეს ბიჭები. ვიცით, რომ ყველა მათგანს ზურგში ესროლეს. გამოძიებას გვამის ამოთხრის საშუა¬ლებას არ მივცემდით, ექსპერტიზის სწორად წარმართვის და სიმართლის დადგენის გარანტია რომ არ გვქონდეს, რადგან ეს ჩვენს რელიგიას ეწინააღმდეგება", - აცხადებს ლოპოტის ხეობაში 2012 წლის აგვისტოს სპეცოპერაციისას მოკლულ 22 წლის ასლან მარგოშვილის მამა მერაბ მარგოშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ლოპოტის ხეობაში მოკლულის მამის სკანდალური განცხადება" / "ჩეჩნებს ივანიშვილზე თავდასხმა უნდა მოეწყოთ".

"ექსპერტიზა რომ არ ჩატარდეს, ბევრი რამ ისევ საეჭვო დარჩება, ჩვენ კი სიმართლის დადგენა გვინდა… როგორც ვიცით, პირველი იერიში სპეცრაზმმა ღამის ოთხ საათზე მიიტანა, ეტყობა, ბიჭების ჩაძინებას ელოდნენ. ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, არ ეგონათ, ასე თუ გაწირავდნენ, ვინაიდან ისინი 6 თვე თბილისში, საბურთალოზე ცხოვრობდნენ, მათ ამზადებდნენ და ინსტრუქტაჟს უტარებდნენ საქართველოს სხვადასხვა ბაზაზე, შავნაბადაზეც კი ყოფილან. ისინი იცნობდნენ ყველა მაღალჩინოსანს, ვისაც მათთან ჰქონდა შეხება. მათ წვრთნასა და მომზადებას ხელმძღვანელობდა შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, ამ ყველაფერს კი უშუალო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას უწევდა სანდრო ამირიძე - ანტიტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელი, ის აკონტროლებდა გასულ და შემოსულ ჩეჩნებს და მუშაობდა მათთან ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მერაბ მარგოშვილი.

"ჩემი ინფორმაციით, ბიჭები დაღესტნის გავლით ჩეჩნეთში ნამდვილად არ მიდიოდნენ. სხვათა შორის, სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე, 23 ივლისს ყველას გაუფორმეს ოფიციალურად "სტეჩკინის" ტიპის იარაღი და ავტომატები ეს ყველაფერი ძალოვანი სტრუქტურების ნამოქმედარია. ჩეჩნეთში თუ მიდიოდნენ, იქ იარაღზე საბუთს ვინ მოსთხოვდათ?! ბიჭებს ოფიციალურად გაუფორმეს ყველაფერი და უთხრეს, ჩეჩნებს გააცილებთ საზღვრამდე და უკან მობრუნდებითო. ამათაც, ეგონათ, რაღაც მისიას ასრულებდნენ და დაჰყვნენ უფროსების ნებას. ჩვენთვის ბიჭების მომზადების ორი ვერსიაა გამოკვეთილი: 1. ჩეჩნებს უნდა მოეწყოთ ივანიშვილზე თავდასხმა, ქართული სპეცრაზმი მათ უკან იქნებოდა და თავდამსხმელებს იქვე ამოხოცავდნენ, რათა შემდეგ სააკაშვილს მსოფლიოს გასაგონად ეყვირა, ჩეჩენი ტერორისტებისგან ვიხსენი ივანიშვილიო. ეს იყო სააკაშვილის მიერ წინასაარჩევნოდ გათვლილი პიარი. 2. ბიჭებს სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირება უნდა მოეწყოთ. ამ ყველაფერზე კი მათ უარი უთქვამთ - თქვენს საშინაო საქმეებს თვითონ მიხედეთ, ჩვენ არ ჩავერევითო. ამიტომაც გაავრცელეს თავიდან ვერსია - საქართველოში შემოვიდა ტერორისტული ჯგუფი და არც ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქე არ არისო. სხვათა შორის, მებრძოლებს შორის იყო კიდევ ერთი კაცი, წარმოშობით ლეკი, რომელიც იმ ღამით ბიჭებს მეგზურობას უწევდა. ის კაცი დაკარგულია და როგორც გაირკვა, რუსების მიერ ყოფილა შემოგზავნილი", - განაგრძობს რესპონდენტი.

"დარწმუნებული ვარ, სააკაშვილისა და მერაბიშვილის გარეშე იქ კაცი არ იყო რამის გამკეთებელი. ბაჩანა ახალაია კი შს მინისტრი იყო და მისი ყველა სპეცრაზმი იქ იყო მობილიზებული. ახალაიაც ყელამდეა ჩაფლული ამ საქმეში, მაგრამ მერაბიშვილისა და სააკაშვილის გამორიცხვა აბსურდია. შარიათის სასამართლო ძალიან გაჭიანურდა. რამდენიმე თვეა ამბობენ, ვიცით ოპერაციის მონაწილე პირების ვინაობა, უბრალოდ, ვარკვევთ, ვის რა ბრალი მიუძღვისო. შარიათის სასამართლოს გადაწყვეტილება ნებისმიერ სახელმწიფოში სრულდება, მას საზღვრები არა აქვს. თუ ვინმეს მოშორება უნდათ, ეს მათთვის პრობლემა არ არის. ქართველი მაღალჩინოსნები შეშინებული არიან და ამიტომაც დაიწყეს ერთმანეთზე გადაბრალება, არ უნდათ შარიათის სიაში მოხვდნენ. ყველა ცდილობს, სხვა "ჩაუშვას" და თვითონ გამოძვრეს. შარიათი უტყუარ მტკიცებულებებს ეყრდნობა და თუ პირს დანაშაული დაუმტკიცდა, მას მკაცრი გადაწყვეტილება - სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს. სააკაშვილის სასამართლოსგან განსხვავებით, ეს ნამდვილი სასამართლო იქნება. საქმეში ყელამდეა მტკიცებულებები და სააკაშვილის სასამართლომ თუ მოინდომა, სიმართლის დადგენა არც მას გაუჭირდება", - დასძენს მერაბ მარგოშვილი.