"რთულია დამოკიდებულების გაუმჯობესებაზე ლაპარაკი, როცა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს; მიმდინარეობს, ვიტყოდი, მცირე, მიკროსკოპული ძვრები, კერძოდ, რუსეთში ქართული პროდუქციის შემოტანის აკრძალვის გაუქმება, პირდაპირი საავიაციო რეისები, რომლებიც ადრეც იყო, თუმცა, ბოლო ხანს უფრო სისტემატური სახე მიიღო. სერიოზულ წინსვლაზე ლაპარაკი ჯერ შეუძლებელია. ქართულ საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე და ვინც უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ამ ერთ-ერთი წამყვანი საკითხისადმი დამოკიდებულება უცვლელია. ამიტომ, ჩემი აზრით, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების პი¬რობებში ქართულ-რუსული ურთიერთობის სერიოზული გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობს", - აცხადებს რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "პუტინი სააკაშვილის მთავარი "პიარშჩიკი" იყო" / "ივანიშვილის პოზიცია უცნაურია".
"ჩემი აზრით, ომის გაჩაღებაში ორივე დამნაშავეა - სააკაშვილიც და პუტინიც. სააკაშვილი იმიტომ, რომ ძალზე არაადეკვატური რეაგირება მოახდინა გამოწვევაზე, პუტინმა კი ქვეყნისთვის მრავალმხრივ საზიანო ნაბიჯი გადადგა. სისულელეა, რომ დღეს რუსეთი უდიდეს ფულს ხარჯავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებების შესანახად, მაშინ როცა ჩვენში ამდენი გადაუჭრელი პრობლემაა. გარდა ამისა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჩვენს გარდა, ფაქტობრივად, არავის უღიარებია, რაც საერთაშორისო თვალსაზრისითაც არახელსაყრელია. გაეროს რეზოლუციებით რუსეთმა არაერთხელ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. გარდა ამისა, პერმანენტული დაძაბულობა კავკასიაში, რომელიც დღემდე არ ჩამცხრალა, ჩვენთვის არახელსაყრელია. ასე რომ, ამ ნაბიჯმა მხოლოდ თავის ტკივილი მოგვიმატა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბორის ნემცოვი.
"რაც შეეხება ჩეჩნეთს, იქ დიქტატურაა, რამზან კადიროვის დიქტატურა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის მაგნიტსკის გახმაურებული სიის დახურულ, გასაიდუმლოებულ ნაწილშიც კი შეიყვანეს. ამასთანავე, ჩეჩნეთში მხოლოდ ერთი შეხედვით არის სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილური, ის კვლავ ნელი მოქმედების ნაღმად რჩება, რომელიც არავინ იცის, როდის აფეთქდება. დაღესტანში ხელისუფლების ტერორი, ზეწოლა მოსახლეობის მიმართ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კადიროვის ჩეჩნეთში, ამიტომ რადიკალების, ექსტრემისტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა იქ მოიყარა თავი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ამ წლების განმავლობაში პუტინი სააკაშვილის მთავარი "პიარშჩიკი" იყო. როცა ის ლანძღავდა სააკაშვილს, გამომწვევად იქ¬ცეოდა, ამით, ფაქტობრივად, ხელს უწყობდა ქართული საზოგადოების კონსოლიდაციას მის გარშემო, მათ შორის იმათიც, ვინც სააკაშვილის პოლიტიკურ კურსს მხარს არ უჭერდა. ვფიქრობ, რუსეთისადმი დამოკიდებულება პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მთავრობას მკაფიოდ არ ჩამოუყალიბებია, მისი პოზიცია ცოტა უცნაურია. ჩვენი პოლიტიკური ძალა ცალსახად მხარს უჭერს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უფრო მჭიდრო იყოს და არ დარჩეს იმ უსახურ დონეზე, სადამდეც ის სააკაშვილმა და პუტინმა მიიყვანეს. ვიცით, რომ ივანიშვილი არაერთი თვალსაზრისით, ხელფეხშეკრულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაინტერესებულია რუსეთთან ნორმალური მეზობლური ურთიერთობით", - დასძენს ბორის ნემცოვი.