ღია კარი, რომელშიც საქართველოს შესვლა აკრძალულია!

ღია კარი, რომელშიც საქართველოს შესვლა აკრძალულია!

სასტუმრო «ქორთიართ მერიოტში» ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით მიმდინარე «როუზ-როს»-ის 83-ე სემინარზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ასე იხუმრა: «პრეზიდენტმა შევარდნაძემ დააკაკუნა ნატოს კარზე, 5 წლის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილს უთხრეს, რომ კარი ღიაა და ახლა მე და პრემიერ-მინისტრმა ვიკითხეთ, შეიძლება თუ არა უკანა კარში შემოსვლა. პასუხი მივიღეთ, რომ შეიძლება შესვლა, მაგრამ სიჩქარე არ იქნება სწორი და მუდმივად წინ უნდა ვიაროთ. ეს სემინარიც ამის ნათელი მაგალითია». ერთი სიტყვით, ახალი ხელისუფლება წინამორბედების გზას აგრძელებს და ახლა ერთი მორიგი სემინარი (რაგინდ პრესტიჟულადაც ითვლებოდეს), ნატოსკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად საღდება.

შეიძლება თუ არა ნატოს «ღია» კარში შესვლა, სემინარამდე ორიოდე დღით ადრე ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა The National Interest-მა გასცა პასუხი და ამ პასუხიდან ნათელი ხდება, რომ კარი, შესაძლოა, ღიაც იყოს, მაგრამ «უცხოებისთვის შესვლა აკრძალულია». დუგლას ბენდოუს სტატია სათაურით «საქართველოს სახიფათო დრეიფი ნატოსკენ» ამის ნათელი დემონსტრირებაა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში ხელისუფლება არჩევნებში «ქართული ოცნების» გამარჯვების შემდეგ შეიცვალა. მიუხედავად დასავლეთის რჩეულის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიძულვილისა, პრემიერ-მინისტრი, სააკაშვილის მსგავსად, კვლავაც ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ ნატოს უსაფრთხოების გარანტიების ძიებას.

«2003 წელს, «ვარდების რევოლუციის» შედეგად სააკაშვილმა ედუარდ შევარდნაძის მთავრობა დაამხო. დასავლეთში განათლებამიღებული სააკაშვილი აშშ-სა და ევროპას დახმარების თვალით შესცქეროდა, თუმცა მარტო აღმოჩნდა 2008 წელს, როცა რუსეთთან ომი დაიწყო და წააგო», _ წერს დუგლას ბენდოუ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სააკაშვილის მთავრობამ ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულება დაიწყო და ავღანეთში ISAF-ის მისიას შეუერთდა. მეტიც, სააკაშვილმა გააძლიერა პერსონალური ურთიერთობა ამერიკასთან, ლობისტად აიყვანა სენატორი ჯონ მაკკეინი და ერაყში საბრძოლველად ჯარები გააგზავნა. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თბილისის მისამართით დიდებასა და ფულს არ იშურებდა და სახელმწიფო ვიზიტითაც სტუმრობდა.

ბუშის ადმინისტრაცია ძლიერ მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. თუმცა, _ წერს დუგლას ბენდოუ, _ ალიანსის წამყვანი ევროპელი ლიდერები ნაკლებად იყვნენ განწყობილნი, წინ აღდგომოდნენ ბირთვული იარაღით შეიარაღებულ რუსეთს სასაზღვრო დავისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ უკანასკნელისთვის, თუმცა უმნიშვნელო – ევროპისთვის. 2008 წლის კონფლიქტმა გაამართლა მათი პოზიცია. მიუხედავად ამისა, ბუშის ადმინისტრაცია აგრძელებდა ზეწოლას საქართველოს ნატოში მიღებაზე, ასევე _ ობამას ადმინისტრაციაც, თუმცა ნაკლები ენთუზიაზმით.

«საქართველო, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, მაკედონია და მონტენეგროსთან ერთად, ნატოში გაწევრიანების პირველი პრეტენდენტია. მიუხედავად ნატოს წარმომადგენლების განცხადებისა, რომ ალიანსში საქართველოში გაწევრიანების მოწინააღმდეგენი უკან იხევენ, ნატოს ზოგიერთი წევრი მაინც ნეგატიურად განწყობილი რჩება, მათ შორის გერმანია. თუმცა ნატო და საქართველო ისე აგრძელებენ მოქმედებას, თითქოს პასუხი «დიახ» გარდაუვალია», _ აღნიშნავს სტატიის ავტორი.

თბილისის სურვილი – იყოს დაცული ძლევამოსილი ქვეყნებისგან, გასაგებია. თუმცა, ეს ის მიზეზი არ არის, რომელიც აშშ-ის ვალდებულებას გაზრდის. ალიანსის მიზანი აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ცივი ომის დროს, ვაშინგტონი ნატოს ევრაზიაზე საბჭოეთის დომინირების აღკვეთისგან დასაცავად იყენებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-მა გაზარდა სამხედრო გარანტიები, როგორც საკუთარი უსაფრთხოების წინასწარი საშუალება.

«საქართველო და მსოფლიო» არაერთხელ წერდა, რომ საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების დაშლის შემდეგ ნატოს არსებობამ აზრი დაკარგა. ამჯერად ამის შესახებ The National Interest წერს. როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! ბენდოუს სტატიის თანახმად, არც ერთი წევრი სახელმწიფო არ დაუშვებს ნატოს წასვლას ვარშავის ხელშეკრულების გზით. ნაცვლად ამისა, ალიანსმა გადაწყვიტა რუსეთის საზღვრებამდე გაფართოება არამხოლოდ ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი წევრების შთანთქმით, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებით.

ამაზეც ვწერდით, მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა!

«ვაშინგტონმა დაასრულა გარანტიების მიცემა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვის დაქვემდებარებაში იყო ცივი ომის დროს და მანამდეც, _ აღნიშნავს დუგლას ბენდოუ, _ ხშირ შემთხვევაში ომის რისკი უმნიშვნელო იყო. რუსეთი მძიმე, უსიამოვნო შემსრულებელია, მაგრამ ის არ დაიწყებს ომს ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებთან. მოსკოვს ამისთვის არც ნება ეყოფა და არც შესაძლებლობა, ისევე, როგორც რაიმე მიზეზი. საქართველო გამონაკლისია. თბილისმა საკუთარ გზას გადაუხვია, რუსეთის ინტერესების ისტორიულ რეგიონში დასავლეთის ავანპოსტი რომ გამხდარიყო. საქართველომ იმ სფეროში ჩაითრია ამერიკა, რომელშიც ვაშინგტონი არასდროს ჩაერთვებოდა. მოსკოვის უკმაყოფილება პროგნოზირებადიც იყო და ექსტრემალურიც. გარდა ამისა, სააკაშვილის ქმედება უგუნურება იყო, ნატოს ფორმალური გარანტიების უქონლობის შემთხვევაშიც. მოსკოვს, შესაძლოა, ჰქონდა კონფლიქტის დაწყების სურვილი და მზადაც იყო უპირატესობის მოსაპოვებლად, მაგრამ სროლა თბილისმა დაიწყო, ასეთი მთავრობა კი საიმედო მოკავშირე ვერ იქნება».
დუგლას ბენდოუ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნატომ აშშ-ის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, ხოლო საქართველოს ალიანსში გაწევრიანება ომს უფრო სავარაუდოს გახდიდა. თბილისსა და აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეტაკებას, შესაძლოა, რუსეთის ჩართვა მოჰყვეს, რაც, თავის მხრივ, ნატოსა და რუსეთის დაპირისპირების წინაპირობა შეიძლება გახდეს. შედეგი კი, შესაძლოა, ომი იყოს, რისთვისაც თავის არიდება დასავლეთმა ცივი ომის დროსაც კი შეძლო. ნატოს შენარჩუნების ცხადი მიზეზი არ არსებობს. ევროპელებს ამერიკელებზე მაღალი მშპ და მეტი მოსახლეობა ჰყავთ, რუსებზე კი სამჯერ მეტი მოსახლეობა და ათჯერ მაღალი მშპ აქვთ. ევროპელებმა თავიანთ უსაფრთხოებას თვითონ უნდა მიხედონ. თუ ალიანსს რაიმე ღირებულება აქვს, ეს ომისთვის ხელის შეშლაა. საქართველოს ალიანსში გაწევრიანება კონფლიქტს კიდევ უფრო შესაძლებელს გახდის, ამიტომ ვაშინგტონმა მკაცრად და საბოლოოდ უნდა თქვას «არა» ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე», _ დაასკვნის სტატიის ავტორი.

ასე და ამრიგად, ნატოში საქართველოს მიღების აბსურდულობაზე ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯიუტად განაგრძობენ «ნატოს მოახლოებული ნათელი ჰორიზონტით» ხალხის დაიმედებას. უსუფაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჰიუ ბეილისთან პირისპირ შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა და, როგორც განაცხადა, მიიღო პირობა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის მზად იქნება, გამოეხმაუროს საქართველოს საჭიროებებს და იყოს მის გვერდით, როგორც ინსტიტუტი.

რას ნიშნავს საქართველოს გვერდით ნატოს, როგორც ინსტიტუტის დგომა, ეს 2008 წელსაც გამოჩნდა და მთელი ამ 9 წლის განმავლობაშიც, როცა ნატო, ამერიკის ადმინისტრაციის კვალდაკვალ სააკაშვილის «დემოკრატიის შუქურას» ადიდებდა.

ჰიუ ბეილი დღეს აცხადებს: «ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, თუ როდის მოხდება საქართველოს ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ კუთხით, ალიანსის პოზიცია ურყევია. ნატოში გაწევრიანებაში რუსეთი ან სხვა ვინმე საქართველოს ხელს ვერ შეუშლის». ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თავს იკატუნებს, თორემ რუსეთის ხელშეშლა რა მოსატანია, როცა თავად ნატო არ აპირებს საქართველოს საკუთარ რიგებში მიღებას! თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კვლავ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტად ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი რჩება.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კი ამასობაში რადიო «თავისუფლების» ევროპული ბიუროს ეთერში რუსეთის კუთხეში დაყენებას ლამობს: «ჩვენ გვინდა რუსეთი კუთხეში დავაყენოთ, სადაც მათ არანაირი საბაბი არ ექნებათ პოლიტიკურად აგრესიულად ან საერთაშორისო მასშტაბებით დაგვესხან თავს».

ღია ეთერში ალასანია ამბობს, რომ «რუსეთს ჭკუით უნდა ვაჯობოთ» და ალბათ, სჯერა, რომ რუსეთში ამას ვერ გაიგებენ. სამაგიეროდ, ამერიკელებმა ზუსტად იციან, რატომ ვერ დაიცვა ქართულმა ჯარმა საკუთარი ტერიტორია. ალასანია სვამს კითხვას: «მათ (ნაციონალებმა) რუსეთის წინააღმდეგ ომი წააგეს. რუსეთი თავს დაგვესხა. თუმცა ჩვენ თავდაცვაზე 8 მილიარდი ლარი დახარჯეთ, მაგრამ ჩვენი არმია მზად არ იყო. ამიტომ ხალხს აინტერესებს: რა მოხდა? რატომ ვერ დავიცავით ჩვენი სამშობლო? სად წავიდა ეს 8 მილიარდი?»


8 მილიარდი იმაზე წავიდა, რომ ქართველებს ერაყში, ავღანეთსა და ახლა უკვე მალიში ნატოს (ანუ აშშ-ის) ინტერესებისთვის ეომათ და ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ეს ძალიან კარგად იცის. ამერიკული ფული ამერიკისთვის უნდა დაიხარჯოს და არა საქართველოსთვის! «ქართული ოცნება» კი კვლავაც ჰპირდება ამერიკელებს, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში, ნატოს ახალი მისიის ფარგლებში, 2014 წლის შემდეგაც დარჩებიან! მეტიც, ისინი მოკავშირეებს სთავაზობენ საქართველოს ინფრასტრუქტურას ავღანეთიდან მომავალი ჯარებისა და ტვირთის ტრანზიტის უზრუნველსაყოფად.

როდესაც შენი შეურიგებელი მტერი ამ რიტორიკისთვის შეგაქებს, უნდა მიხვდე, რომ რაღაც არ არის კარგად. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, «როუზ-როსის» კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იყო ისეთი, როგორსაც საქართველოს პრემიერისგან უნდა ვისმენდეთ». მას რომ პრემიერ-მინისტრისკენ გული არ მობრუნებია, ცხადია, მაგრამ ნატოს ილუზიების ტყვეობაში საქართველოს დატოვება სწორედ «ნაციონალური მოძრაობის» ხელწერაა და კმაყოფილიც ამიტომ არის.


«ვაშინგტონმა მკაცრად და საბოლოოდ უნდა თქვას «არა» ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე», _ წერს The National Interest.


ბატონებო! თუ «საქართველო და მსოფლიოს» არ უჯერებთ, The National Interest-ს მაინც დაუჯერეთ!

P.S. ჩვენსავით ნატოს კართან ატუზული ბოსნია-ჰერცოგოვინას პრეზიდენტი ჯივკო ბუდიმირი, ხელისუფლების 18 წარმომადგენელთან ერთად, სულ ახლახან პოლიციამ კორუფციის ბრალდებით დააკავა. ადგილობრივი პოლიციის განმარტებით, პრეზიდენტი იმ ბრალდებულთა შეწყალებისთვის დააპატიმრეს, რომელთა უმრავლესობას შესაფერისი რეკომენდაცია არ გააჩნდა. გასულ წელს პრეზიდენტმა 96 ადამიანი შეიწყალა. სამართალდამცავი ორგანოები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი საშიშ კრიმინალებს თავისუფლებაზე გარკვეული თანხის სანაცვლოდ უშვებდა. ჩვენმა პრეზიდენტმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ასეულობით პატიმარი შეიწყალა და ბიუჯეტის თანხებიც მილიონობით ფლანგა საკუთარ გართობაზე. რა დროს ნატოა, პრეზიდენტს და მის დამქაშებს მიხედეთ!