პრემიერის განცხადებას, რომ საზოგადოებას ერთ-ერთი მინისტრის მოხსნისთვის ამზადებს, დიდი რეზონანსი მოჰყვა. პოლიტიკურ კულუარებში არაერთი ჭორი გავრცელდა. "ამბები.გე" თემაზე - "რომელი მინისტრის მუშაობით არის უკმაყოფილო ბიძინა ივანიშვილი" გამოკითხვას ატარებს, სადაც დღის 13.00 საათისთვის პირველ სამეულში არიან სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე.
რატომ შეიძლება არ მოსწონდეს ივანიშვილს სუბარი?
გამოკითხვის შედეგების ლიდერი სოზარ სუბარი მინისტრად დანიშვნის დღიდან ჟურნალისტების კრიტიკას იგერიებს. სამინისტროს გენინსპექციის ხელმძღვანელად სუბარს თავისი ძველი მოგვარე და სავარაუდოდ, ბიძაშვილი, მირზა სუბელიანი ჰყავს დანიშნული. როგორც ამბობენ, სუბელიანი სოზარის მარჯვენა ხელია - კადრების შერჩევაშიც მონაწილეობს და ციხეებშიც ყველაფერი მის განკარგულებაშია.
ადრე თუ ციხის თანამშრომლები ძირითადად მეგრელები იყვნენ, ახლა სვანები არიან - მაგალითად, N16 რუსთავის ციხის დირექტორის მოვალეობას ბერდია ლიპარტელიანი ასრულებს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური დაცვის სამმართველოს უფროსი გოჩა მუკბანიანია, რომელიც საზოგადოებისთვის ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმით არის ცნობილი (ბრალდების ერთ-ერთი მოწმეა). ცოტა ხნის წინ სუბარის მოადგილედ დაინიშნა ბესო დევდარიანიც, რომელიც "ნაციონალების დროს" შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში, ასევე პრეზიდენტის კანცელარიაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.
სუბარის სისტემაში კიდევ არაერთი სვანია - N11 ციხის დირექტორი ანტონ ქელბაქიანი, N6 დაწესებულების დირექტორი ალექსანდრე გიგანი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ სოზარ სუბარის სისტემაში დასაქმებულ ნათესავთა სია გადასცა გია ხუხაშვილმა პრემიერ-მინისტრს.
კიდევ რით შეიძლება იყოს ივანიშვილი სუბარის მუშაობით უკმაყოფილო? - უკვე ორჯერ გავრცელდა დაუზუსტებელი ცნობა, რომ ციხეებში ნარკოტიკი შედის, ამნისტიის შემდეგ ე.წ. ”მაყურებლების ინსტიტუტი” გაძლიერდა და ციხეს კრიმინალები მართავენ.
რატომ შეიძლება არ მოსწონდეს ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ალასანია?
26 აპრილს გადაცემა "პოზიციაში" ივანიშვილმა თქვა, რომ NDI -ის კვლევის შედეგებს არ ეთანხმება - არ ეთანხმება წარმატებული მინისტრების ათეულსაც, სადაც თეა წულუკიანი პირველ ადგილზეა, ღარიბაშვილი - მეორეზე და ალასანია - მესამეზე. ივანიშვილმა თქვა, რომ წულუკიანი და ღარიბაშვილი კარგად მუშაობენ, ცუდად არც ალასანია მუშაობს, მაგრამ მარგველაშვილი მეათე ადგილზე არ უნდა იყოს!
სწორედ ამის შემდეგ ალაპარაკდა ივანიშვილი იმ ერთ მინისტრზე, რომელთანაც პრობლემები აქვს და რომლის დასახელებისთვის საზოგადოებას ამზადებს.
ბიძინა ივანიშვილს ალასანიას შესახებ ხისტი განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია - ნათქვამი აქვს, რომ ალასანიას გადაბირებას ცდილობენ.
"მე ერთში გარწმუნებთ. სანამ პოლიტიკაში ვარ, ვინც საით არ უნდა გადახტეს, არაფერი არ მოხდება და საკუთარ თავს დაიზიანებს, საკუთარ კისერს მოიტეხს მხოლოდ. დარჩება მდგრადი ძალა, რომელზეც საზოგადოება მოახერხებს სწორებას", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ალასანია არ ჰყავდა მხედველობაში, თუმცა სანამ ამ განცხადებას გააკეთებდა ალასანიაზე საუბრობდა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ალასანიას დუბაიში გახმაურებულ ვიზიტს "პატარა შეცდომა" უწოდა და მას ამ ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზეც დაუსვა შეკითხვები.
"მართლაც მქონდა მთავრობის სხდომაზე დუბაისთან დაკავშირებით შეკითხვა. მქონდა სხვა შეკითხვებიც, მაგრამ ამ თემის აჟიტირება არ მინდა, რამდენადაც ისეთი არაფერი მომხდარა, რაც საზოგადოებაში გავიდა. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, ჯერ ახალგაზრდაა ირაკლი, პატარა რაღაც შეეშალა. ეს პირადული საკითხია და პირადულში არ შევდივარ", -
განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი ყველა განცხადება აჩენდა ეჭვს, რომ ალასანიას მალე მოხსნიდნენ.
რატომ შეიძლება არ მოსწონდეს ბიძინა ივანიშვილს დავით კირვალიძის საქმიანობა?
ამბობენ, რომ სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების პროგრამით ივანიშვილი უკმაყოფილოა. თუ სუბარის შემთხვევაში საქმე ნათესავების დასაქმებას ეხება, კირვალიძე ივანიშვილის თვალში "ნაციონალებთან" დაახლოებული პირია.
კულუარული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკადრო პოლიტიკა არ მოსწონს, - კერძოდ, მიიჩნევს, რომ სამინისტრო კირვალიძემ "ნაციონალებით" და ყოფილი "ნაციონალებით" დააკომპლექტა, რაც შეიძლება გახდეს კირვალიძის წინააღმდეგ ივანიშვილის კომპრომატი.
ივანიშვილი საზოგადოებას დაპირდა, რომ "იმ ერთი მინისტრის" ვინაობას მალე გაამჟღვავნებს.
"კარგი მინისტრები გვყავს, მხოლოდ ერთის მიმართ არსებობს ეჭვი და ამისთვის საზოგადოებას ვამზადებ, მე თვითონ ძალიან განვიცდი. იქნებ შიგნით ჩავწყნარდეთ, მაგრამ ცოტაღა დარჩა ალბათობა, რომ შიგნით ჩავწყნარდეთ და ამიტომ ვამზადებ საზოგადოებას",- განაცხადა 26 აპრილს პრემიერმა.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/76866-vis-gaushvebs-bidzina-ivanishvili-ministrtha-kabinetidan.html#ixzz2Rx9M7Hs4