"ბენდუქიძემ საავიაციო ქარხნიდან უნიკალური დანადგარი გაყიდა"

რატომ ჩამოვიდა "მოსადის" გენერალი თბილისში აგვისტოს ომამდე 3 დღით ადრე

"ჯამაალმა მითხრა, აქ ისეთი ვიღაც დავინახე, ან ომი დაიწყება, ან დიდი კაცი მოკვდებაო"

ვაჟა კაპანაძე: "დამიჭირეს, როგორც საერთაშორისო ტერორისტი"

"ჩემს საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. წარმოუდგენელი ბრალდებით ციხეში ოთხი წელი გავატარე. ეს იმიტომ, რომ 2005 წელს ქუთაისის საავიაციო ქარხნიდან უნიკალური დანადგარის გატანას შევეწინააღმდეგე და ხელისუფლების გავლენიან წევრებს დავუპირისპირდი", - აცხადებს პოლიციის პოლკოვნიკი ვაჟა კაპანაძე:

- ქუთაისის საავიაციო ქარხანაში იყო უნიკალური დანადგარი, რომლითაც შვეულმფრენის რედუქტორი რემონტდებოდა. დღეს ერთი შვეულმფრენის რედუქტორის გარემონტება საქართველოს მილიონ ლარამდე უჯდება უკრაინაში. როგორც ყოფილ ძალოვანს და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს, 2005 წელს ქუთაისის საავიაციო ქარხნის წარმომადგენლებმა მთხოვეს, დაგვეხმარეთ, დანადგარი ქვეყნიდან არ გაიტანონო. სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში და მოვიგეთ - დანადგარი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ასე ჩაერთო ამ საქმეში ბენდუქიძე. მან გასცა დანადგარის უკრაინაში გატანის განკარგულება. ბენდუქიძე არც ერთ დოკუმენტში არ ჩანს, რადგან სიტყვიერ განკარგულებებს იძლეოდა.

დავიწყეთ სამართლებრივი ბრძოლა, მაგრამ სასწრაფოდ შეცვალეს ქარხნის დირექტორი და დანიშნეს ზურაბ კოვზირიძე, რომელმაც გადაწყვიტა უნიკალური დანადგარი ჯართად გაეტანა(!). ეს შევატყობინე მაშინდელ ავიაციის სარდალს, ამირან სალუქვაძესა და თავდაცვის აკადემიის რექტორს გიორგი თავდგირიძეს. თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებაც მინდოდა, ოქრუაშვილის მამას ვიცნობ, ჩვენთან მუშაობდა. მინდოდა მეთქვა, რომ დანადგარის გატანა თავდაცვისუნარიანობაზე უარყოფით გავლენას მოახდენდა. ირაკლი იმ დროს ორფოლოში იყო და მხარში ამირან სალუქვაძე დამიდგა, მაგრამ დანადგარი მაინც დაშალეს და ფოთში წაიღეს. იძულებული გავხდი, შს მინისტრის მოადგილე, ამირან მესხელი მენახა. დამპირდა, დანადგარი ვერ გავაო. მოკლედ, კუდ-ის ჩარევით გემზე დატვირთული დანადგარი ჩამოვცალეთ და ტერმინალში შევიტანეთ. სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, ჩემთვის უცნობი პირების (ალბათ, მერაბიშვილის) ჩარევით დაიჭირეს ქუთაისის საავიაციო ქარხნის დირექტორი კოვზირიძე, ყოფილ დირექტორს, ერასტი გაბუნიას კი სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს. მე ქუთაისის უშიშროების ხელმძღვანელი დამემუქრა, - ძვირად დაგიჯდება ამ საქმეში ჩარევაო.

ცოტა ხანში ბენდუქიძემ განაცხადა, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს სიმბოლურ თანხად ვაძლევთ დანადგარსო. არადა, ვიცი, 10 მლნ დოლარი ჩაიდეს ჯიბეში. უკრაინელებმა ნაღდი ფული გადასცეს ხელისუფლებას, მაშინ, როცა 100 მილიონზე მეტი ღირს და დანადგარი გაიტანეს. თბილისის საავიაციო ქარხნის დირექტორის მოადგილე ბერიძე იხვეწებოდა, ჩვენთან დავამონტაჟებთო. პანტიკო თორდია ამბობდა, მე გადავიხდი მაგის ღირებულებას, ოღონდ არ გაიტანოთო, მაგრამ ისიც გააჩუმეს. ვინც ვერ გაგვაჩუმეს, დაგვიჭირეს, ზოგს პრობლემები შეუქმნეს...

მეგობრები მყავს არაბეთში. ჩემი მეგობარი მეფე აბდულას პირადი დაცვის უფროსია, მან ბევრი გავლენიანი პირი გამაცნო. "რაკიინის" წარმომადგენლებიც ჩემი მეგობრები იყვნენ და ფოთის პორტი რომ იყიდეს, მე-12 ნავსაყუდელი იჯარით ავიღე. "რაკიინმა" საქართველოში ფული ჩადო, მაგრამ მალე გაიქცა. ჩემმა მეგობარმა მითხრა, აქ არ შეიძლება ბიზნესის წარმოებაო...

2008 წლის აგვისტოში ჩემი ნაცნობი არაბი ჯამაალ არსაკაანი თბილისში იყო. 4-5 აგვისტო იქნებოდა, თბილისის "მერიოტში" ყავას ვსვამდით და უცებ ჯამაალმა მითხრა, აქ ისეთი ვიღაც დავინახე, ან ომი დაიწყება, ან დიდი კაცი მოკვდებაო.

ვინ დაინახე-მეთქი და მეც დამანახა, ის კაცი "მოსადის" გენერალია. აქ ტყუილად არ ჩამოვიდოდა. მოდი, შენი შვილიც ჩავსვათ თვითმფრინავში და აქედან წავიდეთო. არ დავუჯერე. რამდენიმე დღეში მართლაც დაიწყო ომი. ჩემი შვილი, როგორც რეზერვისტი, ომში წაიყვანეს. მეც გავყევი, მაგრამ არც გვიბრძოლია. გიორგი იმ არეულობაში დავკარგე. მეოთხე დღეს ვიპოვე და 11 აგვისტოს თბილისში წამოვედით. ვუთხარი, იარაღი ჩავაბაროთ და განცხადებაც დავწეროთ, რა ნომერ იარაღს ვაბარებთ-მეთქი. მართლაც ჩავაბარეთ და განცხადებაზე ბეჭედიც დავარტყმევინეთ. ამის მერე ქვეყნიდან გავემგზავრე და თბილისში სექტემბერში დავბრუნდი. გიორგიმ მითხრა, ორჯერ დამიბარეს სამხედრო პოლიციაში, მამაშენმა იარაღი წაიღოო.

რადგან ეს დოკუმენტი გვქონდა, ვერაფერი იღონეს და თავი დაგვანებეს, მაგრამ ცოტა ხანში სხვა რამ მოიფიქრეს - 2008 წლის 13 ოქტომბერს, ჩემი მეუღლის დაბადების დღეზე დამიჭირეს, როგორც საერთაშორისო მასშტაბის ტერორისტი. მეუღლისთვის ყვავილების საყიდლად წავედი და ამ დროს დამირეკა გოდერძი პეტრიაშვილმა, შენი ნახვა მინდაო. ეს კაცი დიდი ხნის გაცნობილი არ მყავდა, ერთად ვაპირებდით თელეთში მეცხოველეობის ფერმის გაკეთებას... გოდერძიმ მითხრა, ახლა გულიას მოედანზე ვარო. მივედი და მანქანში რომ ჩამიჯდა, დავინახე, ხელში შავი პარკი ეჭირა. კოლმეურნეობის მოედანზე ყვავილები ვიყიდე და პეტრიაშვილი ცეკავშირის შენობის წინ ჩამოვსვი. მეუღლეს დაბადების დღეს მივულოცავ, მალევე მოვბრუნდები და თელეთში წავიდეთ-მეთქი. პეტრიაშვილი რომ გადავიდა, შავი პარკი მანქანაში დატოვა. "მერიოტთან" უცებ ორი ჯიპი წინ ჩამიდგა, რამდენიმე უკან. ნიღბიანი სპეცრაზმელები გადმოცვივდნენ და დამაკავეს. რაღაცას ანათებდნენ მანქანაში. რას ეძებთ-მეთქი? ბოლოს შავ პარკს მიანათეს და ეს არისო, იყვირეს.

- რა იყო პარკში?
- ჩვეულებრივი კვარციტის ქვიშა, მაგრამ რადიაქტიურ ნივთიერებად ცეზიუმ 137-ად მონათლეს.

- პეტრიაშვილმა რატომ მოგიტანათ ეს?
- ჩემთვის არ მოუტანია. მანქანაში დატოვა. ცოტა ხანში პეტრიაშვილიც დააკავეს, თვე-ნახევარში საპროცესო გარიგებით გამოუშვეს და მგონი, ისიც არ გადაახდევინეს. ჩანს, მან დავალება შეასრულა. აბა, რატომ დამიტოვა პარკი?

კუდ-ში მემუქრებოდნენ, ამას და იმას გიზამთ, აღიარე, რომ რადიაქტიური ნივთიერება ბათუმში გასაყიდად მიგქონდაო. მოგვიანებით შევისწავლე ეს საკითხი, თურმე ცეზიუმ 137-ით ჭუჭყიანი ბომბი მზადდება და მას ტერორისტები იყენებენ. ჩანს,
სააკაშვილს სჭირდებოდა ბუშთან თქმა, რუსეთმა რაც ცხინვალის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, გაჩნდა შავი ხვრელები, საიდანაც რადიაქტიური ნივთიერებები შემოდის, რომელიც მერე ევროპაში გააქვთო.

ბუშთან შეხვედრისას სააკაშვილს ჩემი გვარი არ უხსენებია, მაგრამ თქვა, ცხინვალის გავლით შემოდის რადიაქტიური ნივთიერებები. ამას აკეთებენ რუსეთის სპეცსამსახურები და აქაური ყოფილი მაღალჩინოსნებიო.

- ამბობთ, მანქანაში პარკით ქვიშა იპოვესო. ექსპერტიზა არ ჩატარდა?
- ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს ნივთიერება ადამიანის სიცოცხლისთვის არ არის საშიში, მაგრამ... ერთი წელი გლდანის ციხეში ვიყავი, სადაც ბევრი ჩემი ყოფილი თანამშრომელი მუშაობდა, პატივს მცემდნენ იმით, რომ არ მირტყამდნენ, მაგრამ ჩემი წამების სხვა მეთოდი აირჩიეს. საღამოს გამაფრთხილებდნენ, ხვალ სასამართლოზე უნდა წაგიყვანოთო. ჩავიცვამდი, დილის 6 საათზე ჩამიყვანდნენ გამანაწილებელში, ჩამსვამდნენ ფუქსში და მთელი დღე ვიღაცის ცემა-ტყეპას მაყურებინებდნენ. საღამოს კი მეუბნებოდნენ, სასამართლო ჩაიშალაო.

ციხეში ცოცხები არ მინახავს, მაგრამ ჩაფხუტჩამოცმული და ბორკილით მიბმული ადამიანები ვნახე, რომელთაც გამვლელ-გამომვლელი სცემდა და აფურთხებდა. ვნახე კაცი, რომელსაც თავზე ჩაფხუტი ეფარა და წიხლებს ურტყამდნენ. იმ კაცზე მითხრეს, ბავშვი გააუპატიურაო, მაგრამ სინამდვილეში პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელიც ავტოავარიის გამო მოხვდა ციხეში. ის კაცი ჭკუიდან შეიშალა.

რადიაქტიური ნივთიერების უკანონო გადაზიდვისა და შენახვის ბრალდებით 4 წელი და 3 თვე გავატარე ციხეში. მერე ამნისტია შემეხო და 21 იანვარს გამოვედი ციხიდან. ჯერ ძალას ვიკრებ, სამართლებრივ რეაბილიტაციამდე საკუთარ თავში მჭირდება რეაბილიტაცია....