ხათუნა ლაგაზიძე: ძალიან შემაშფოთა პრემიერის ამ ფრაზამ

ხათუნა ლაგაზიძე: ძალიან შემაშფოთა პრემიერის ამ ფრაზამ

"ძალიან სამწუხაროა, მაგრამ როგორც ჩანს საქართველომ დაასრულა დასავლეთისკენ სწრაფვები - ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე. მისივე შეფასებით, დამოუკიდებლობიდან სულ რაღაც 23 წელი აღმოჩნდა საჭირო, რომ საქართველოს თავისი დასავლური სიყვარულისთვის ზურგი ექცია. და თუ მაინც და მაინც ამ წრეზე უნდა გვევლო, რა საჭირო იყო, ამდენი სისხლი, დანაკარგი და თვითგვემა. "ჩვენზე ბეცურად, მგონი 1989 წლის მერე, არც ერთ პოსტაბჭოთა სახელმწიფოს არ უცხოვრია", - აცხადებს ექსპერტი. რატომ ფიქრობს ასე და არის ამის მიზეზი "ჯი-ეიჩ-ენი" ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

_ რთული სათქმელია რა არის ამის მიზეზი. საკვლევი თემაა ეს, მაგრამ ზედაპირზე რაც დევს, მიზეზთა ერთობლიობას ჰგავს. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი ნატურიდან გამომდინარე, ემოციური ხასიათისა და ზოგადად, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურ შედეგებს ველით დასავლეთისგან, დასავლეთის სწრაფვიდან, ამას ველოდით არა ახლა, არამედ გუშინ. სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის იქით გვეგონა, რომ ჩვთენი დასავლური სწრაფვების გამომჟღავნებისთანავე ასრულდებოდა. ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზის გამო ამან პირველი იმედგაცრუება გამოიწვია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ნაციონალური მოძრაობის" უდიდესი შეცდომა თუ დანაშაული. ესეც გასარკვევია, „ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა შეგნებულად თუ შეუგნებლად, ვგულისხმობ იმას, რომ დასავლეთი პირდაპირ გააიგივა საკუთარ თავთან _ „ნაციონალურ მოძრაობასთან". ხელისუფლება უშეცდომო არ არსებობს, მით უმეტეს, იმ შეცდომებს თუ გავიხსენებთ, თუ დანაშაულებს, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუშვა. ეს ყველაფერი, ასოცირდა, უფრო სწორად კი არ ასოცირდა, ტოლობის ნიშანი დაესვა დასავლეთთან. სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულობებში ისეთივე წილი პასუხისმგებლობა დასავლეთს დაეკისრა საქართველოს საზოგადოების თვალში. კიდევ ხაზგასმით ვამბობ, _ „ნაციონალური მოძრაობის" შეცდომა იყო თუ დანაშაული, ეს კვლევის საგანია. ამას დაერთო თვითონ დასავლეთის შეცდომები, როცა ის რეალურად საქართველოს მოსახლეობის განწყობებს ნაკლებად ითვალისწინებდა და ალბათ, იგივე არჩევნებში აქტიური მხარდამჭერი გამოდიოდა „ნაციონალური მოძრაობა". აქ ერთი საინტერესო რამეცაა, _ იქნებ დასავლეთმა ჩვენზე უფრო ადრე იცოდა საქართველოს საზოგადოების რეალური განწყობა და ის, რომ ეს საზოგადოება ნაკლებად არის პროდასავლური და უფრო მეტად, პრორუსული. და სწორედ, ამიტომაც ცდილობდა ხელოვნურად შეენარჩუნებინა „ნაციონალური მოძრაობა", მისი რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებაში. რაც მეტ ხანს იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობა", მით მეტ ხანს იქნებოდა შესაძლებელი ამ საზოგადოების პროდასავლური კურსი.

_ საზოგადოებამ დასავლური კურსისკენ სწრაფვა, ნატო-ში ინტეგრაციის სურვილი ჯერ კიდებ 2003 წელს რეფერენდუმის გზით გამოხატა. არ მგონია შედეგები ვინმეს გაეყალბებინა.
_ რა თქმა უნდა, არა. თუმცა ეს რაღაცა ქვეცნობიერიდან წამოსული მოტივაციები, შეიძლება გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე მაშინ ამ რეფერენდუმში გამოხატული ნება. მაგრამ აქ მთავარი არის მაინც ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" დასავლეთს უპატაკა საქართველოს და ქართული ტრადიციული ცნობიერებისა თუ ღირებულებათა სისტემის ცვლილების აუცილებლობა და მეორე მხრივ, რომ ის ამას ძალიან მოკლე ხანში შეძლებდა. „ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიები ინტენსიურად ამკვიდრებდნენ ამერიკაში, რომ როცა „ნაციონალური მოძრაობა" ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში, ამბობდნენ, რომ ჩვენ ძალიან მარტივად შევცვლით ამ ერის ცნობიერებას და ტრადიციულ ღირებულებას. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რა ხდებოდა პირველ ხანებში, როდესაც აქტიურად მიდიოდა ბრძოლა იგივე ეკლესიის წინააღმდეგ. საგანმანათლებლო ცენტრების წინააღმდეგ; დაიწყო უნივერსიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა. ტესტებიც კი გვახსოვს, როგორ ყალყზე შემდგარმა მიიყო საზოგადოებამ, ჩვეულებრივი ტესტები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში შეიტანეს, სადაც მართლაც იყო იმის მცდელობა, რომ სხვა ფასეულობები დასავლური ცხოვრების სტილი შემოეტანათ. მაგრამ ის, რაც ერთი მხრივ, იყო კეთილშობილური მიზანი, რეალური ცვლილება ქართული ცხოვრების წესის და მისწრაფებების, ძალიან ცუდი ფორმით იქნა მოწოდებული. ანუ, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, „ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაყწვიტა ეს ცვლილება ძალმომრეობით განეხორციელებინა. ამან კი მიიღო, სრულიად ბუნებრივად, უკუშედეგი, ანუ აგრესია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. ეს ყველაფერი დაგროვდა და საბოლოო შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, რუსეთს არ ეძინა მთელი ამ წლების განმავლობაში. ძალიან სამწუხარო და მძიმე სათქმელია, მაგრამ ახლო მომავალში ჩვენ ვიხილავთ იმას, რომ პრორუსული მიმართულების პარტიები სერიოზულ რეიტინგს აკრეფენ და სერიოზულ დასაყრდენს მოიპოვებენ საზოგადოებაში. შეიძლება ამას პირდაპირ არ ჰქონდეს ისეთი დეკლარირებული სახე, რომ მე პრორუსი ვარ და მაინცდამაინც ევრაზიის კავშირისკენ მივიწევ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, შეფარული სახე ამას უკვე აღარ ექნება. წარმოვიდგინოთ, რომ ახლა ტარდება საპარლამენტო არჩევნები, ვადამდელი და პრემიერმა თქვას, რომ მე გავდივარ გვერდზე, ანუ არ ვარ არც ერთი პოლიტიკური ძალის ლიდერი და მოდით და თქვენ მაჩვენეთ შედეგი, ვის რა შეგიძლიათ. სურათი იქნება ასეთი: კოალიცია მაშინვე იშლება, რა შედეგს ვიღებთ? დასავლური ორიენტაციის პარტიები, ფაქტობრივად, ვისაც აქვს შანსი გადალახოს ბარიერი, ეს იქნება ალბათ, „ნაციონალური მოძრაობა", „რესპუბლიკური პარტია" და ალასანიას პარტია (თუ შემორჩა კოალიციას ეს პარტია), მათი შედეგი ჯამურად არ გადააჭარბებს 25%-ს. ეს არის ის რეალობა, ის სამწუხარო რეალობა, რომელიც არ ვიცი რა დავარქვა ამას. ამ მიმართულებით არ გვიკვლევია და არ გვიფიქრია, მაგრამ რასაც ჩვენ ვიღებთ, ეს იქნება პარლამენტი არა დასავლეთზე ორიენტირებული. ეს არის ის პროცესები, რომელსაც ალბათ, ძნელად აღუდგება წინ ვინმე და გარდა ამისა, ბევრი ისეთი პროცესი მოხდება, ასე მგონია, რომ რუსეთისკენ სწრაფვას უფრო მყარ იდეოლოგიურ საფუძვლებს თუ მოტივაციას გაუჩენს.

_ ამ ყველაფრის თქმის საფუძველს რა გაძლევთ, ვგულისხმობ, საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას?
_ მე მაძლევს საფუძველს საზოგადოების განწყობა, ის განწყობები, რაც ფიქსირდება როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე იმ საზოგადოებაში, რომელიც სოციალურ ქსელებში არ არის წარმოდგენილი. იგივე რეგიონების მოსახლეობის. ის რეალობა, რომელზეც ვისაუბრე, პოლიტიკური სპექტრის განლაგება და მათი პერსპექტივები უახლოეს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში. საუკეთესო ვითარებაში შეიძლება ვთქვათ, რომ პროდასავლურ არეალს და სივრცეს არაპირდაპირ პრორუსული ძალები ჩაანაცვლებენ, არამედ ცენტრისტული პარტიები დაიკავებენ, როგორიც არის „ქართული ოცნება", სალომე ზურაბიშვილი, კიდევ რამდენიმე პარტია, მაგრამ რეალურად შედეგი რომ მკვეთრად პროდასავლური ორიენტაცია საქართველოში პოპულარული აღარ არის, ეს არის ფაქტი.

_ პრემიერმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების კონცეფციაში, რუსეთი მტრად აღარ არის მოხსენიებული, თუმცა თავდაცვის მინისტრმა ეს უარყო. გამოითქვა მოსაზრება, რომ პრემიერნა გააკეთა ის განცხადება, რომელიც სინამდევილეში ას ეარ არის და ამით საზოგადოების რეაქცია შეამოწმა. კარგია თუ თავდაცვის მინისტრია ამ შემთხვევაში მართალი, მაგრამ თუ რეაქციის შემოწმების შემდეგ სამხედრო დოქტრინაში ცვლილება მოხდება, ამაზე რას იტყვით?
_ პრემიერი ხშირად წამოწევს ხოლმე ისეთ თემებს, რომლის მოთელვაც მათ სჭირდებათ. შემდეგ საზოგადოების რეაქციის მიხედვით, აკორექტირებს ამა თუ იმ თემას, რაც თავისთავად ძალიან კარგია. როდესაც ხელისუფლებას აქვს ეს უნარი, რომ საზოგადოების აზრის მიხედვით ცვალოს პოლიტიკა, ეს კარგია და თუ დემოკრატიაზე ვსაუბრობ, ეს არის ერთ-ერთი ნიშანი ხალხის განწყობის გათვალისწინებისა. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ძალიან შემაშფოთა პრემიერის ამ ფრაზამ. იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას და მოსახლეობას ეს უნდა თუ არა, ეს არის რეალობა, რომელსაც ვერსად გაექცევი - ის რომ რუსეთი საქართველოს მტერია. რა შეიძლება სხვა დაარქვა სახელმწიფოს, რომელმაც 5 წლის წინ ტერიტორიები წაგართვა, რომელიც ამ ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს, რომელიც მუდმივად ცდილობს, რომ დამამცირებელ პოზაში გამყოფოს. ამას რუსეთთან გაუმჯობესების ცვლილებით ვერ ახსნი. ეს არის რეალობა, რომელსაც მაინცდამაინც შეიძლება ყოველდღე არ იძახო, იმიტომ, რომ აღარ გინდა ეს კონფრონტაციული რეჟიმი, მაგრამ დეკრალირება იმისა, რომ რუსეთი საქართველოს მტერი არ არის, არ შეიძლება. აბა ვინ არის საქართველოს მტერი?. რა კრიტერიუმით შეიძლება შეაფასო რუსეთი? სხვა რა კრიტერიუმი ერგება რუსეთს, მეგობარი? პარტნიორი? თუ სხვა რა კრიტერიუმი შეიძლება მოარგო?.. ნეიტრალური ქვეყანა საქართველოს მიმართ, თუ ნეიტრალური მეზობელი? ეს არის მტერი, ყველა თავისი კლასიკური ნიშნით. სხვა თემაა ხვალ და ზეგ რა ურთიერთობა შეიძლება გქონდეს, ის მტრის კატეგორიიდან ისურვებს თუ არა გადავიდეს სხვა კატეგორიაში - მეგობრის, პარტნიორის თუ სულ მცირე ნეიტრალური სახლემწიფოს კატეგორიაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველომ გაიწია ევრაზიის კავშირისკენ, რუსეთი მუდმივად იქნება მტერი, იმიტომ, რომ ეს არის ბუნებრივი მოცემულობა. რუსეთს საქართველოსგან სურს იყოს მხოლოდ მისი რეალური გეოგრაფიული არეალის შემადგენელი ნაწილი. მისი გადმოსახედიდან მისი გავლენის სივრცე და მისი ორგანული ნაწილი, რომელსაც პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეს არა თუ სხვა სტრატეგიულ მოთამაშეს მსოფლიოში, არამედ ამ ქვეყნის მოსახლეობასაც კი. ანუ, რუსეთის გადმოსახედიდან ჯერ თვითონ არის საქართველოს პატრონი, შემდეგ, ნაწილობრივ საქართველოს მოსახლეობა, შეზღუდული უფლებით. როდესაც ამ ტიპის ურთიერთობებზე ვსაუბრობ, როგორ შეიძლება სხვანაირად შეფასდეს რუსეთის დამოკიდებულება, არ ვიცი...

_ ვისი ან რისი ბრალეულობაა ასეთი "შემოტრიალების"?
_ ამაში დამნაშავე კი არა მიზეზები უნდა ვეძებოთ, რამ მიიყვანა ქვეყანა აქამდე. რა შეიძლება ხელისუფლებას ამ შემთხვევაში ვუსაყვედურო? ის არ არის ხელშემწყობი პრორუსული ძალების, ან პროდასავლური ძალების. მას აქვს ძალიან მყარი არგუმენტი ამის საწინააღმდეგოდ, ის იტყვის, რომ მე გავათავისუფლე მედია, პოლიტიკური ზეწოლის იარაღად არ ვიყენებ პროკურატურას, არ ვზღუდავ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება სრულიად სხვადასხვა მოსაზრებები წამოვიდეს საზოგადეობის მხრიდან და დაფიქსირდეს. აბა რა უნდა ქნას ხელისუფლებამ, ადგეს და იგივე ძალმომრეობის რეჟიმი შემოიტანოს როგორიც იყო „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან? ასეთი შემთხვევაში არც პრორუსული განწყობები დაფიქსირდება და აც პროდასავლური. შესაბამისად, მაქსიმალურად შეიზღუდება ის, რის გასათავისუფლებლად ვიბრძოდით ბოლო წლები და რატომაც დადგა ის შედეგი, რაც დადგა. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ აქ მიზეზების მთელი კომპლექსია. მე მაინც ვფიქრობ, მთავარი კითხვა, რაც დრომ აჩვენა და სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი თვეები და წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაამყარებს, არის ერთი _ რა მოხდა ისეთი, „ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის განმავლობაში, რომ დეკლარირებულმა პროდასავლურმა რეჟიმმა შვა ისეთი საზოგადოება, რომელიც ოდნავ თავისუფლების შეგრძნებისთანავე გადაინაცვლა რუსეთისკენ. რა თქმა უნდა, აქ ისიც ახდენს გავლენას, რომ ზოგადად, შეიცვალა ხელისუფლების რიტორიკა და რუსეთის მიმართ მტრულიდან გადავიდა თანამშრომლობის რეჟიმში. ამანაც მოახდინა, რა თქმა უნდა, საზოგადოებაზე გავლენა, მაგრამ ის, რომ ახლა მაინცდამაინც ხელისუფლება უბიძგებს ამას საზოგადოებას, მე ამას ვერ ვიტყოდი.

_ თქვენ გამოხატავთ მწუხარებას, რომ საქართველომ დაასრულა დასავლეთისკენ სწრაფვები, კიდევ აქვს ქვეყანას შანსი, თუ უკვე ძალიან გვიანია?
_ ვფიქრობ ეს არის სიტუაცია, რომელიც მინიმუმ ბოლო ათი წლის განმავლობაში მზადდებოდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. რუსეთი იმდენად წყნარად და მშვიდად იყო სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, თუ 2008 წლის აგრესიას არ ჩავთვლით, როგორც ჩანს, ის დარწმუნებული იყო. ანუ. ის საქართველოში მართავდა იმდაგვარად პროცესებს, რომ დარწმუნებული იყო თავისი მომავლის საქართველოში. მას გარანტირებული ჰქონდა საქართველოს რეალური განწყობა თავის მიმართ და უბრალოდ, ამისთვის ხელსაყრელ დროს ელოდა. დღეს უკვე საინფორმაციო საშუალებებში თამამად ხდება უკვე ამ განწყობების აქტუალიზაცია, როგორც ტელესივრცეში, ასევე ინტერნეტსივრცესა და ბეჭვდურ მედიაში, უკვე ბევრი სამოქალაქო ორგანიზაცია იქმნება რუსეთთან თანამშრომლობის მოსურნე. ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია უკვე ღიად თუ შეფარვით აღარ მალავს თავის დამოკიდებულებას. ჩემი პროფესია ეს არის, რომ ზედაპირზე ამოსული ტექსტების მიღმა მოტივაციები ვიკითხო. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი მომწიფებულია რუსეთთან უფრო ღრმა და ინტენსიური თანამშრომლობის, ვიდრე ამას ორი დამოუკიდებელი ქვეყნის თანამშრომლობა ჰქვია.