19 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, ნაციონალებმა, როგორც თვითონ ამბობენ, ახალი ეროვნული მოძრაობა დაიწყეს, თუმცა პოლიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ ყოფილ მმართველებს არაერთი უსიამოვნო სიურპრიზი ელის. ვინ შექმნა ნაციონალური მოძრაობის დასამარების სტრატეგია და გაიმეორებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი მუბარაქის გზას? _ ,,ვერსიას’‘ საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ესაუბრა:
_ სიმართლე გითხრათ, 19 აპრილის აქციის არსი ვერ გავიგე _ როგორც მოსალოდნელი იყო, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ქუჩაში ბევრი ისაუბრეს და მალევე დაიშალნენ. არ ვფიქრობ, რომ ეს აქცია ნაცმოძრაობის გადარჩენას შეძლებს.
_ 19 აპრილის აქციამდე, დათა ახალაიამ ნაციონალებს საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზი მოუწყო, მარიკა ვერულაშვილმა კი პარტიის ყოფილი ლიდერებისგან აღიარებითი ჩვენებების ტენდენციის გაგრძელება დააანონსა. რატომ დაიწყო ნაციონალურ მოძრაობაში ერთმანეთის ,,ჩაშვების’‘ პროცესი?
_ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერებისგან აღიარებითი წერილები საკმაოდ ლოგიკურად მეჩვენება. მეტიც, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით დათა ახალაიას წერილს აბსოლუტურად ვეთანხმები, რადგან მან, სააკაშვილთან ერთად, საკუთარი უგნურებით პარტიაც დაღუპა და ქვეყანაც. ყოველგვარი დანაშაული და უბედურება სწორედ ამ ერთი ადამიანისგან მოდიოდა და ნამდვილად არ მესმის, რატომ მიიჩნეოდა იგი კარგ მენეჯერად ან უბადლო ორგანიზატორად.
_ რამდენად საფუძვლიანია ვერსია, რომ ვანო მერაბიშვილის გარიყვას თავად სააკაშვილი ახალაიების დახმარებით ცდილობს?
_ რა თქმა უნდა, თუ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს, პირველ რიგში, ვანო მერაბიშვილი უნდა მოიშოროს და მართლმსაჯულებას გადასცეს. ადრე მერაბიშვილი მხოლოდ იმიტომ ითვლებოდა ყოვლისშემძლე მინისტრად, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გასდიოდა, არადა რეალურად, საკმაოდ სუსტი პიროვნებაა. თუნდაც აგვისტოს ომის მოვლენები გავიხსენოთ, როცა ქვეყნიდან გაიქცა და მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როცა რუსებმა უკან დაიხიეს... ამიტომაც ვამბობ, თუ ნაციონალური მოძრაობა თვითგადარჩენაზე ფიქრობს, ვანო მერაბიშვილი უნდა გარიყოს. მასთან ერთად, გუნდიდან სასწრაფო გარიცხვას კიდევ რამდენიმე პირი იმსახურებს.
_ ყველაფრის ვანო მერაბიშვილისთვის გადაბრალებით ნაციონალები რეაბილიტირებას შეძლებენ?
_ ნებისმიერ შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის გადარჩენის შანსი ნულია, რადგან ამ პარტიაში სეგრეგაციის პროცესი მიმდინარეობს _ ძალიან მალე ნაციონალები რამდენიმე წვრილწვრილ ჯგუფებად დაიშლებიან და ასე შეძლებენ პოლიტიკურ ასპარეზზე ფეთქვის გახანგრძლივებას. ისე, ზურაბ ადეიშვილი დროულად მიხვდა, რომ ქვეყანა უნდა დაეტოვებინა და საკუთარ თავზე ზრუნვა დაიწყო. ვანო მერაბიშვილი იმდენად უსინდისოა, რომ თავის შველას კი არ ცდილობს, პირიქით, მოსახლეობას დიდაქტიკური ტონით ელაპარაკება და მმართველ გუნდს ჭკუას ასწავლის.
_ ამ შემთხვევაში, ,,ქართული ოცნების’‘ კვალს ვერ ხედავთ? ერთერთი კულუარული ინფორმაციით, ამ პროცესებს გია ხუხაშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი მართავენ.
_ ლაშა ნაცვლიშვილი საკმაოდ ჭკვიანი კაცია და არ გამოვრიცხავ, საქმე მის მიერ მოხაზულ სტრატეგიასთან გვქონდეს, თუმცა არ მგონია, ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის გარეშე ხდებოდეს.
_ ანუ ნაციონალური მოძრაობისა და ,,ოცნების’‘ მიერ ერთობლივად დაგეგმილ თამაშს ვუყურებთ?
_ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლაა, რომლის სულის ჩამდგმელად ლაშა ნაცვლიშვილი წარმომიდგენია. არ გამოვრიცხავ, ეს პროცესი იმით დასრულდეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას გიგა ბოკერია გამოეყოს, რომელიც სხვებისგან განსხვავებით, საკმაოდ ჭკვიან პოლიტიკოსად მესახება. სავარაუდოდ, ის, თავისუფლების ინსტიტუტის სხვა წევრებთან ერთად, საკმაოდ საინტერესო გუნდს შემოგვთავაზებს, რასაც ვანო მერაბიშვილის მსგავსი ჰაბიტუსის მქონე პოლიტიკოსისგან ნამდვილად არ ველოდები _ ის უკვე წარსულს ჩაბარდა.
_ სააკაშვილი სად წარმოგიდგენიათ?
_ სააკაშვილი, ალბათ, დასავლეთში წავა და მასაჟების კურსს გააგრძელებს. ზოგადად, მას უყვარს მსგავსი პროცედურები, თუმცა თუ სააკაშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაკითხავენ, დაახლოებით, მუბარაქის სასამართლო პროცესს ვიხილავთ. მმართველი გუნდი ვალდებულია, აგვისტოს ომის გამოძიების საკითხი ბოლომდე მიიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თვითნებურად ომის წამოწყება მომავალმა ხელისუფლებამაც სცადოს, რაც საბოლოოდ, ქვეყანას დაღუპავს. ვინც სიმართლეს არ ამბობს, საბოლოო ჯამში, თავად ზარალდება. მსგავს მდგომარეობაში მეც ვიყავი, როცა ვამტკიცებდი, რომ გილაევი პანკისის ხეობაში იმალებოდა. მაშინ მითხრეს, ამ ინფორმაციას ნუ ახმაურებ, ქვეყნის იმიჯს აზიანებო, მაგრამ საკმაოდ მშვიდად ვიკითხე, თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ ამერიკამ ან თუნდაც რუსეთმა ამის შესახებ იცის და თუ ყველამ ყველაფერი იცის, მათ შორის, პანკისის მოსახლეობამაც, მე რატომ უნდა ვიყო ჩუმადმეთქი? ახლაც, დაახლოებით, იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე _ ყველამ ყველაფერი იცის და პოლიტიკურ და იურიდიულ შეფასებას ელის. სამწუხაროდ, ,,ქართული ოცნების’‘ წარმომადგენლებს უკიდურესობა ხშირად სჭირთ. მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი 2008 წელს რუსეთთან შეთანხმებით მოქმედებდნენ, არადა, რუსეთი მიხეილ სააკაშვილთან ხელის მარტივ მოძრაობებზე არასოდეს შეთანხმდებოდა, ამიტომ კარგი იქნება, პაატა ზაქარეიშვილმა ბავშვური ანალიზისგან თავი შეიკავოს, რაც ალბათ, მისი გამოუცდელობის ბრალია. ახლა მოსკოვის შუაგულში ვიმყოფები და ნეტა განახათ, როგორ არ აინტერესებს რუსეთს საქართველო.
_ ბატონო ვალერი, ვინ დაგიჯერებთ, რომ რუსეთს საქართველოში მიმდინარე პროცესები არ აინტერესებს?
_ არ ვიცი, ვინ დაიჯერებს, მაგრამ ფაქტია: ამ თემით მხოლოდ კინკილა პოლიტიკოსები არიან დაკავებულნი. ნუ გვგონია, რომ დედამიწა საქართველოს ირგვლივ ტრიალებს. ამ მიმართულებით მხოლოდ ჩვენ ვაქტიურობთ და მუდმივად ეპიცენტრში ყოფნას ვცდილობთ. სხვათა შორის, სააკაშვილის განცხადებაზე, ამერიკელები როკის გვირაბის დაბომბვას გეგმავდნენო, ბევრი ვიცინე. ძნელად წარმომიდგენია იმდენად სულელი ამერიკელი, რომელიც მაშინ როკის გვირაბის აფეთქებაზე დაფიქრდა. რეალურად, გვირაბის აფეთქება აგვისტოს ომში გარდატეხას ვერ მოახდენდა, ბოლოს და ბოლოს, რუსები ზღვიდან ან აფხაზეთიდან შემოვიდოდნენ. უბრალოდ, 2008 წელს, სააკაშვილს, ომის ფონზე, ოლიმპიადის გადაფარვა უნდოდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. რუსის ჯარი მითითებულ 12კილომეტრიან ზოლს არ გასცდენია. შემოხაზული რადიუსი მხოლოდ ხაშურთან და ფოთთან დაარღვია. თუ თბილისზე წამოსვლა უნდოდათ, ვინ შეუშალა ხელი _ მიშას მიერ ორგანიზებულმა კონცერტმა? ევროპელი ლიდერების ჩამოსვლას მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სააკაშვილმა გაიგო, რომ რუსები თბილისისკენ არ მოდიოდნენ. ვინც საბრძოლო ტაქტიკაში ერკვევა, აგვისტოს ომის სქემას მარტივად გაშიფრავს.
_ სხვათა შორის, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოში თქვენი ჩამოსვლა ბევრმა ნაციონალების დახმარებად აღიქვა.
_ არ მესმის, მსგავს სისულელეებს ვინ ავრცელებს, რადგან ნაციონალებთან საერთო არასოდეს მქონია და არც მომავალში მექნება. ვინც კარგად მიცნობს, წარმოუდგენელია, მსგავსი ინფორმაციები დაიჯეროს. საქართველოში მხოლოდ მესამე ცენტრის ჩამოსაყალიბებლად დავბრუნდი.
_ და სადაა ეს მესამე ცენტრი? _ შეთანხმება ვერც ნინო ბურჯანაძესთან მოახერხეთ და ვერც _ კახა კუკავასთან...
_ ვინ თქვა, რომ ვერ მოვახერხე? უბრალოდ, არსად გვეჩქარება. ჩემი ძირითადი სამიზნე ადგილობრივი არჩევნებია, რომელშიც წარმატებას აუცილებლად მივაღწევ. ამ ეტაპზე, პროცესებს ვაკვირდები, პარალელურად, პოლიტიკურ კონსულტაციებსაც ვაწარმოებ. ამ მიზნით, 30 აპრილს საქართველოში ჩამოსვლასაც ვგეგმავ. ქართული პოლიტიკა მხოლოდ ნინო ბურჯანაძესა და კახა კუკავას არ მოიცავს, ახალ სახეებს მოვძებნი. მთავარია, რომ იდეოლოგიური საწყისი გაგვაჩნია და მთლიანად რუსეთზე ორიენტირებულები ვართ. იცით, ნაციონალური მოძრაობა რატომ დასამარდება? მას იდეოლოგიური საწყისი არ აქვს და დასავლურ ცხოვრებასა და დემოკრატიაზე მხოლოდ ხელოვნურად საუბრობს.