რა მოხდა ევროსაბჭოს კულუარებში ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ!

რა მოხდა ევროსაბჭოს კულუარებში ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ!

რა მოხდა ევროპარლამენტში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტისას? რა რეაქცია ჰქონდათ თავად ევროპარლამენტარებს და რა ხდებოდა კულუარებში?

«ალიას» ჩვენი კოლეგა, გიორგი ფოფხაძე ესაუბრა, რომელიც თავიდან ბოლომდე ესწრებოდა ქართული დელეგაციის შეხვედრებს ევროსაბჭოში:

_ თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა... იმაზე უკეთესი, ვიდრე წინა გამოსვლები იყო საერთოდ. მე ვუსმენ ხოლმე და საქართველოში ის უფრო მკვახედ ლაპარაკობს. სხვათა შორის, ეს იყო გამოსვლა, რომელიც არ იყო სხვისი დაწერილი, საკუთარი სიტყვებით თქვა ის, რასაც ფიქრობდა. მერწმუნე, ბიძინა ივანიშვილმა ამით «ნაციონალური მოძრაობის» «ბლატაობას» დაუსვა წერტილი ევროპაში!

_ თუმცა ესენი მაინც არაფერს ეგუებიან, ერთი გნიასი აქვთ ატეხილი, არიქა, ბიძინამ შეგვარცხვინაო. ჩვენ უფრო ის გვაინტერესებს, რა რეაქცია ჰქონდათ ევროპარლამენტარებს, რას ამბობდნენ პირად საუბრებში?

_ მე პირადად უნდა შევხვდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, ჟან კლოდ მინიონს. სხვათა შორის, მე მას შეკითხვაც დავუსვი შეხვედრებისას მიხეილ სააკაშვილზე, მთელი 9 წლის განმავლობაში ერთი მკვახე სიტყვაც კი არ გამიგონია ამ ადამიანის მისამართით და ევროსაბჭო ახალი ხელისუფლების მიმართ უფრო კრიტიკულია, ესე იგი, სააკაშვილი თქვენი საყვარელი კაცია, ანუ, როგორც ფრანგები იტყვიან, ეს არის თქვენი «შუშუ»-მეთქი? მე მეგონა, მინიონი იტყოდა, რომ სააკაშვილი არის დემოკრატი, არის ძალიან მაგარი და ასე შემდეგ. არა, მან თქვა: მე ვარ დემოკრატი და არც «შუშუები» მყავს, მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელმაც მხარი დაუჭირა ახალ ხელისუფლებასო. გელა, დამიჯერე, ეს არის სილის გაწვნა «ნაციონალებისთვის», ევროპამ აღიარა ახალი მთავრობის მიერ გაკეთებული ძალიან ბევრი რამე. შესაძლებელია, კოჰაბიტაციაზე და სხვა რაღაცებზეც საკმაოდ ბევრია წასამუშავებელი, მაგრამ პრიორიტეტები სრულიად მისაღებია.

_ კი, ეს გასაგებია, მაგრამ როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს ევროპის «სახალხო პარტიის» ის 23 დეპუტატი, რომელთა «შუშუც» სააკაშვილია? მაგათმა უსტაბაშმა რამდენიმე დღის წინ კიდევ გამოაქვეყნა საკმაოდ ბინძური წერილი. სხვათა შორის, როგორც გავიგე, «ნაცები» კიდევ აპირებენ მსგავსი დარტყმების განხორციელებას.

_ რა თქმა უნდა, აპირებენ, მაგრამ არაფერი აღარ გამოუვათ. ის პროვოკაციული კითხვა, რომელიც პოლონელმა დეპუტატმა დასვა, თქვენ პუტინი უფრო გიყვართო, ეს არის მიშა სააკაშვილის «პიარშიკების» მიერ მომზადებული. ასეთი კითხვების დასმა ბუნებრივად მეჩვენება, როცა რაღაცას იღებ, ის უნდა შეასრულო. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ «სახალხო პარტიის» სხვა დეპუტატებთან, მეც ველაპარაკე რამდენიმეს და პირად საუბრებში ამბობენ: ამ 23 კაცით ნუ განსაზღვრავთ ყველაფერს, ჩვენ სხვა აზრი გვაქვსო. რაც შეეხება მარტენსის განცხადებას, მე გეტყვი, რაშია საქმე: «ნაციონალები» 19 აპრილს აპირებდნენ რაღაც პროვოკაციის მოწყობას, ეს ყველამ ვიცით... მარტენსის განცხადება უნდა ყოფილიყო ამ საქმის ლოგიკური გაგრძელება. პროვოკაცია არ გამოვიდა, მაგრამ ეს წერილი ჩაშვებული იყო დასაბეჭდად და ვეღარ გააჩერეს.

_ ბიძინა ივანიშვილმა, ფაქტობრივად, პირდაპირ დაადო ხელი ევროპარლამენტართა ნაწილს, სააკაშვილი გატყუებდათ და თქვენც თავს იტყუებდით შეგნებულადო. ერთი ის აღარ უთქვამს, კორუფციაში ხართ გარეულები, სააკაშვილმა მოგისყიდათო. ეს განცხადება იყო თუ არა დარტყმა?

_ რა თქმა უნდა, იყო!

_ ალბათ, ამ დღეებში გამოქვეყნდება ევროპულ და ამერიკულ პრესაში დაკვეთილი სტატიები, როგორ გაბედეს ქართველებმა ასეთი თავხედური ლაპარაკიო?

_ კი, მეც ველოდები, რომ ამ დღეებში გამოქვეყნდება დაკვეთილი სტატიები, განსაკუთრებით გამორჩეული იქნება «ნიუ-იორკ ტაიმსი» და ფრანგული გაზეთი «ფიგარო», სადაც მიშას «პიარშიკებს» მიუწვდებათ ხელი. ასეთი სტატიების გამოქვეყნება ივანიშვილსაც შეუძლია კონა მანეთად, მაგრამ მას არ სჭირდება ასეთი რაღაცები. როცა გამოსვლა დამთავრდა, საღამოს მოხდა სასწაული, საქართველოს საელჩომ მოაწყო მიღება, სადაც მოვიდა მინიონი. ამით მან ივანიშვილს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა. ვიცი, რომ «ნაციონალებმა» ხავხავი ატეხეს, ივანიშვილი პუშკოვის წინ იჯდაო. მე ერთი რამ მაინტერესებს, 9 წლის განმავლობაში პუშკოვსა და რუსებს რომ არ ვხვდებოდით, ხომ მაგარ დღეში აღმოვჩნდით? ჯერ ერთი, ეს ბიძინას შეხვედრა არ იყო პუშკოვთან, მიღებაზე დაპატიჟებულები იყვნენ თედო ჯაფარიძე, როგორც საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე და ასევე, სხვა ქვეყნების დელეგაციების თავმჯდომარეები. პუშკოვი არის რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი. ივანიშვილს უნდოდა თუ არა, ის მაინც მოხვდებოდა ამ წვეულებაზე. «ნაციონალებს» იქ არაფერი არ ესაქმებოდათ! შენ წარმოიდგინე, ყველაზე მწვავე კითხვები ბიძინას რუსებმა დაუსვეს. მიშას ლეკვები ცდილობენ, კიდევ მოიგონონ რაღაც ხრიკები, სალაპარაკო აღარაფერი აქვთ და ბუზისგან აკეთებენ სპილოს. მე ჩვენი ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შევხვდი, ისინი ორი დღის განმავლობაში ხმაჩავარდნილები იყვნენ, შემდეგ მიიღეს დირექტივა თბილისიდან და უცებ აყვირდნენ, ივანიშვილი რუსებს ჩაეხუტაო. სხვათა შორის, ბატონმა ბიძინამ მათ დაუძახა, რაღაც ელაპარაკა... რაზე იყო საუბარი, მე არ ვიცი, მაგრამ სახეებზე აშკარად ეტყობოდათ, რომ მაინცდამაინც სახარბიელოს არაფერს ეუბნებოდა. ესენი დაღვრემილები იდგნენ.

_ ეს როდის, სიტყვით გამოსვლამდე?

_ არა, გამოსვლის შემდეგ... გელა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპა საკმაოდ ბიუროკრატიული მანქანაა, ძალიან დიდი შედეგი დღეს და ხვალ არ იქნება. თვით სააკაშვილსაც კი მაკკეინისა თუ ბუშის თავზე ხელის გადასმის მოპოვება დიდ შრომად დაუჯდა. ივანიშვილს ვიღაცის თავზე ხელის გადასმა არ სჭირდება, პროცესი დაიწყო, ანუ ყინული გატყდა და ესეც დიდი რამეა.

_ მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში გავარდა. როგორც მე ვიცი, ეს დაუგეგმავი ვიზიტია, რა ხდება, ხომ არაფერი იცი ამის შესახებ?

_ მიშა გავარდა თავის პატრონებთან, ნეოკონსერვატორებთან, დარიგებების მისაღებად. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 24 აპრილს ფრანგულმა ტელევიზიამ გადმოსცა, ბოსტონის ტერორისტული აქტის ჩეჩენ ავტორებს მომზადება საქართველოში აქვთ გავლილიო, შესაძლებელია, ამერიკელებმა თავად დაიბარეს. მეც ნამდვილად ვიცი, რომ სააკაშვილის ვიზიტი არ იყო დაგეგმილი. მე არ მაქვს «იზვესტიის» ინფორმაცია, მთელი საფრანგეთი ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს ტერორისტები მოამზადეს საქართველოში. გვინდა-არ გვინდა, უკვე ატეხილია საერთაშორისო სკანდალი და ახლა მიშა ვალდებულია, თავის პატრონებს აუხსნას, რა ხდება და რაშია საქმე.