"შეიძლება უცხოეთში ივანიშვილის რეიტინგი გაიზარდოს, მაგრამ აქაურობას თუ არ მიხედავს, მომხრეებს დაკარგავს"

"მართლაც ძალიან ანგაჟირებული უნდა იყო, რომ თქვა, ეს იყო წარუმატებელი გამოსვლა და ასევე, პირიქით, ეს იყო გარღვევაო. ეს გახლდათ ჩვეულებრივი გამოსვლა და ახალმა ხელისუფლებამ ნორმალურად შეასრულა თავისი მიზნები. უმცირესობას არ მოეწონა ივანიშვილის პასუხები… მე კი ვთვლი, რომ ეს იყო არა ფრიადოსანი მოწაფის, არამედ პოლიტიკოსის პასუხები", - აცხადებს დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცენულ ინტერვიუში სათაურით "ექსპერტი ივანიშვილს დიდი საშიშროების შესახებ აფრთხილებს".

"რაც შეეხება გულახდილობასა და პირდაპირობას, შეიძლება ევროპელი ჩინოვნიკებისთვის ეს უცხო სტილია, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ასეთი პირდაპირობა გვაწყობს. ხშირად გულახდილობა სიბრიყვეში გადადის ხოლმე, აქ ასეთი რამე ვერ დავინახე. თუმცა ევროპარლამენტში, სადაც პოლიტიკა ჭრელია, არსებობენ მოწინააღმდეგეები, სრული გულახდილობის გამჟღავნება არ შეიძლება. ივანიშვილს მაინც ახსოვდა, რომ ის არ იყო მოძღვართან ზიარებაზე. ერთადერთი, სადაც მას წყალქვეშა რიფები ელოდებოდა, ეს უნდა ყოფილიყო რუსეთთან ურთიერთობა და რუსების მიერ დასმული შეკითხვები. ძალიან კარგია, რომ, ამ მხრივ, არ დაძაბა სიტუაცია და უკვე აშკარად გამოჩნდა ახალი კურსი. მოდი, ასე ვთქვათ, მინიმუმ 5 წელია, შეიძლება მეტიც, ამ ტრიბუნას "ნაციონალები" იყენებდნენ რუსების სალანძღავად. წლები გავიდა, ჩვენ რა მივიღეთ აქედან? მარტო უანრავი რეზოლუცია, რომელიც ერთ კარგ ბიბლიოთეკას გაავსებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

"როდესაც ხედავ, რომ ერთმა ტაქტიკამ არ გაამართლა, შენ ვალდებული ხარ, რაღაც შეცვალო, რაღაც კორექტივები შეიტანო. აი, ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. კი, ბატონო, ჩვენ დღეს არაფრის გარანტია არა გვაქვს, წლების განმავლობაში გვქონდა უარყოფითი შედეგი და ეს უნდა გამოვასწოროთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ხმა მივეცით, მაინც ვერაფერი წავგლიჯეთ. ჩემი აზრით, "ნაციონალების" ამ მცდელობას და ყვირილს აზრი აღარ აქვს, მაგათ ამ კურსით მაშინ ვერაფერს მიაღწიეს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ახლა რა უნდა გააკეთონ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"იყო დღეები, როცა პროკურატურაში იბარებდნენ მაღალი თანამდებობის პირებს და ჰკითხავდნენ, ეს ყველაფერი "ტკბილ" მოგონებად დარჩა. ამ სამართლიანობის აღდგენის ეპოპეაში ჩვენ შემოგვრჩა მხოლოდ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი, რომელიც სენსაციურობით ნამდვილად არ გამოირჩევა. ხალხი გაკვირვებულია, რისთვის იბარებდნენ უგულავებსა და სხვებს დაკითხვაზე? მე ერთს ვხედავ, ახალი ხელისუფლება ხალხს ყოველდღიურად შორდება. ერთია საგარეო სარბიელზე რეიტინგის მოპოვება და მეორეა - ქვეყნის შიგნით რეიტინგის დაკარგვა. ახლა ივანიშვილი დგას დიდი საშიშროების წინაშე - შეიძლება უცხოეთში მისი რეიტინგი გაიზარდოს, მაგრამ აქაურობას თუ არ მიხედავს, მომხრეებს დაკარგავს და "ნაციონალურ მოძრაობას" რაც დაემართა, ყველამ ვნახეთ", - დასძენს სოსო ცინცაძე.