ევრიკა! «არქიმედე» შიშველია! ანუ რატომ ეჩხუბა ივანიშვილი დავითაშვილს?

ევრიკა! «არქიმედე» შიშველია! ანუ რატომ ეჩხუბა ივანიშვილი დავითაშვილს?

კობა დავითაშვილის განცხადებას სადაზღვევო სფეროს მოუწესრიგებლობის შესახებ სტრასბურგიდან პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ასე გამოეხმაურა: «ვესაუბრე კობა დავითაშვილს და საკმაოდ ვეჩხუბე. მან უნდა მოახერხოს და ჯერ საკუთარ გუნდში უნდა გააკეთოს განმარტებები. იგი მუდამ ახერხებს გარედან ინფორმაციის შემოტანას და თანაც ისე, რომ ეს არაფერს ეფუძნება. ძალიან საწყენი იყო, რომ დავითაშვილმა ეს გააკეთა. მე მას ავუხსენი, რომ, თუ მას სურს გუნდში დარჩენა, გუნდს ანგარიში უნდა გაუწიოს და ინფორმაცია პირველად გუნდში გააჟღეროს. ელემენტარული წესები არსებობს ყველაფერში. სერგეენკო უპატიოსნესი კაცია და ეს თემა არის ხელოვნურად მოგონილი. არავითარ კორუფციას არ აქვს ადგილი, ის აბსოლუტურად წესიერი კაცია».

თავის დროზე, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ (და არა მარტო) სერგო რატიანთან «მაესტროს» სტუდიაში დაპირისპირების გამო კობა დავითაშვილი საჯაროდ გაკიცხა, მაშინ პრემიერს გუნდურობის პრინციპის დარღვევის გამო უსუფაშვილისთვის შენიშვნა არ მიუცია. საფიქრებელია, რომ ასეთ სიტუაციებში მნიშვნელობა იმას აქვს, თუ ვინ მიაწვდის ინფორმაციას პირველი და რომელ ინტერპრეტაციაში დაარწმუნებს პრემიერს.

«გარედან შემოტანილი ინფორმაცია, რომელიც არაფერს ეფუძნება», _ საქართველოში ყველამ იცის, ვისაც ძვირადღირებულ კლინიკებში ან უცხოეთში მკურნალობის არანაირი საშუალება არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია იმგვარად მიაწოდეს, თითქოს კობა დავითაშვილმა რაღაც ისეთი გააკეთა, რაც «ქართული ოცნების» ერთიანობას საფრთხეს უქმნის. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სტრასბურგში ამ კითხვის დასმა, როცა პრემიერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრები აქვს, სწორედ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ სიტუაციაში გარკვევამდე მისთვის მკვახე კომენტარი გამოეტყუებინათ.

მაინც რა თქვა კობა დავითაშვილმა ისეთი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება?

ის, რომ პენსიონერებისა და 6 წლამდე ბავშვების პოლისებს სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან იძენს, ანუ სახელმწიფო ფული მიდის კერძო სადაზღვევო კომპანიებში.

ის, რომ ამ ფულის უდიდესი ნაწილი სადაზღვევო კომპანიებში რჩება. ეს თანხა 57 პროცენტს შეადგენს და სადაზღვევო კომპანიის ადმინისტრაციას ხმარდება.

ის, რომ ამ სადაზღვევო კომპანიებს კონტრაქტები, რომლებიც 2013 წლის 1 აპრილს უმთავრდებოდათ, ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის ვადით გაუგრძელა.

ის, რომ, სადაზღვევო კომპანია «არქიმედე გლობალ ჯორჯიას» წყალობით, ავტოავარიაში მოყოლილი, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მკურნალობა საავადმყოფოში არ დაიწყეს იმის გამო, რომ სადაზღვევო კომპანია მოითხოვდა, ჯერ დადგენილიყო, ვისი ბრალეულობით მოხდა ავტოკატასტროფა(!), რაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გარეშე ვერ დადგინდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთი წელი უნდა გასულიყო, რათა ეს დადგენილიყო და მერე დაიწყებოდა პაციენტის მკურნალობა. ეს ქალბატონი სადაზღვევო კომპანიისა და კლინიკის უპასუხისმგებლობის გამო გარდაიცვალა.

და რა არის აქ ტყუილი?

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სადაზღვევო კომპანია «არქიმედეს» დირექტორი უმრავლესობის ლიდერის _ დავით საგანელიძის ძმისშვილია, ჩემთვისაც ცნობილია მას შემდეგ, რაც «არქიმედესთან» შეხება მომიწია. საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ძმიშვილი დავით კეზერაშვილის კომპანიის დირექტორი? თუმცა ამ კითხვაზე პასუხი «ქართული ოცნების» იმ ლიდერებს, რომლებიც კობა დავითაშვილს ამ ამბის «გარეთ გატანაში» ადანაშაულებენ, არ გაუციათ.

დავითაშვილმა ამბავი გარეთ კი არ გაიტანა, არამედ გარედან _ ხალხიდან პარლამენტში შეიტანა და პარლამენტარის მოვალეობა სხვა არც არაფერია; მან სწორედ ხალხის სატკივარი უნდა მიიტანოს კანონმდებლებამდე და მთავრობამდე! ახლა _ იმის შესახებ, თუ როგორ ექცევა ეს სადაზღვევო კომპანია პენსიონერებს. თავად რომ არ გადამხდენოდა ეს ისტორია, შეიძლება, მეც შემეტანა ეჭვი კობა დავითაშვილის განცხადების სისწორეში.

პირველი უტიფარი ტყუილი იყო ის, რომ «არქიმედეს» მენეჯერმა თვალისდაუხამხამებლად გვამცნო _ «ნიუჰოსპიტალთან» ხელშეკრულება აღარ გვაქვსო. სინამდვილეში ხელშეკრულება 30 აპრილის ჩათვლით მოქმედებს, მაგრამ კატარაქტიან პენსიონერებს სხვა კლინიკაში აგზავნიან, ოღონდ ოთხთვიანი რიგში დგომის შემდეგ და თან არწმუნებენ, რომ ის საუკეთესო თვალის კლინიკაა. არადა, სექტემბერში იგივე სადაზღვევო კომპანია ირწმუნებოდა, რომ სწორედ «ნიუჰოსპიტალია» საუკეთესო კლინიკა! 550 ლარად ღირებული სახელმწიფო დაზღვევა თავისთავად არ უზრუნველყოფს მაღალტექნოლოგიურ ოპერაციას, მაგრამ, როგორც ვარკვევ, იმ ერთ კლინიკაში, რომელსაც «არქიმედე» დაჟინებით «ურჩევს» პენსიონერებს, ამ ოპერაციას 250 ლარად აკეთებენ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ პაციენტებს იმ კლინიკაში მოტყუებით, მატერიალური დაინტერესების გარეშე უშვებენ, პირადად მე ამის დაჯერება ძალიან გამიჭირდება.

ლაპარაკიც არ ღირს გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევებზე. კობა დავითაშვილის ეს განცხადება უამრავი კონკრეტული მაგალითით შეიძლება გამყარდეს: «მაინტერესებს, მაგალითად, გადაუდებელი ოპერაციების ჩამონათვალში რატომ არის აუცილებელი, ადამიანი მივიდეს სიკვდილის პირას, რომ დაფინანსდეს მისი ოპერაცია. მაგალითად, მეც და ძალიან ბევრს აწუხებს ჩაჭედილი თიაქარი, რომელიც უმძიმეს ტკივილს იწვევს. ამ პროგრამით არ ფინანსდება. თუ დაიწყო ნეკროზი და კვდომა სხეულმა, მარტო მაშინ აფინანსებს სახელმწიფო. მე მაინტერესებს, როცა ადამიანი, რომელსაც ერთ დღეში დაეწყება ნეკროზი, რატომ უნდა დაველოდოთ მისი სხეულის ნეკროზს, რომ ის დავაფინანსოთ? ვინ მოიფიქრა ეს პროგრამა»?

კობა დავითაშვილის განცხადებამდე კი არა, არჩევნებამდეც პენსიონერები ხშირად უჩიოდნენ «არქიმედეს» გაუთავებელი რიგებისა და სივიწროვის გამო. ამ კომპანიამ ისე ჩაიგდო სახელმწიფო დაზღვევის თანხები ხელში, რომ არავის შეუმოწმებია, რა პირობებში ემსახურებოდა იგი პენსიონერებს. «არქიმედეს» მომსახურება იმდენად «მოწინავეა», რომ ერთ ოთახში ქალსა და მამაკაცს ერთდროულად სინჯავენ, ოჯახის ექიმის გამოძახებას კი მთელი დღე უნდა ელოდო, რომ დღის ბოლოს მკვახედ მოგიჭრან: _ საერთოდ არ ვართ ვალდებული, ექიმი გამოვგზავნოთ!

«ქართული ოცნების» დეპუტატები დავითაშვილს საყვედურობენ, მაგრამ თუნდაც ერთ მათგანს რომ მოუწიოს სადაზღვევო მედიცინით სარგებლობა, ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ აყვირდებიან! გია ცაგარეიშვილი აცხადებს: «ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სფეროა და მე მესმის, რატომ ნერვიულობს ბატონი კობა ამ მიმართულებით, იმიტომ, რომ არჩევნებამდე დაპირებები იყო საკმაოდ დიდი. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ მიმართულებით საქმე ასე ტრაგიკულად არ არის და ეს განმარტებები მე დღესაც მივიღე კომიტეტის თავმჯდომარისგან, ბატონი ხუნდაძისგან. რატომ ვერ მიიღო ბატონმა დავითაშვილმა თავისი კომიტეტის თავმჯდომარისგან ეს განმარტებები, სჯობს მას ჰკითხოთ».

რამდენად ტრგიკულია ვითარება, ამის განმარტებებს კომიტეტის თავმჯდომარეზე უკეთ ის პაციენტები გააკეთებენ, რომელთაც კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა მოუწიათ, თუმცა მათ სიტყვას რა ფასი ექნება, თუ პარლამენტის წევრის ნათქვამ სიმართლეს ასეთი ალიაქოთი მოჰყვება?

ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე არ იზიარებს განცხადებას, რომელიც უკავშირდება დავით სერგეენკოს რაიმე კავშირს კორუფციასთან, ხოლო აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით აცხადებს: «შესაძლებელია, რომელიმე დეპუტატს კითხვები აქვს ჯანდაცვის მინისტრთან, ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან მარტივად გადასაწყვეტია. სერგეენკო შეხვდება უმრავლესობას და ყველა კითხვას გასცემს პასუხს. მე დარწმუნებული ვარ, ეს არის გაუგებრობა, რომელსაც ნამდვილად დაესმევა წერტილი, რადგან ეს არ იყო თემა, რომელიც საჯარო განხილვის საგანი უნდა გამხდარიყო».

მრავალი წელია, მანანა კობახიძეს ვიცნობ, როგორც პრინციპულ და სამართლიან ადამიანს, ადვოკატს და უფლებდამცველს. არც მე მჯერა, რომ სერგეენკოს კორუფციასთან რაიმე კავშირი აქვს, მაგრამ იგი მარტო არ არის ჯანდაცვის სფეროში და «კოაბიტირებულ» ძველ მოხელეებზე თავს ვერც მე დავდებ და ვერც ვერავის ვურჩევ!

ისიც ხომ ფაქტია, რომ დაზღვევით სარგებლობა ბევრი პენსიონერისთვის პრობლემად არის ქცეული, ხოლო მომსახურების ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს? რაც შეეხება საჯარო განხილვას, იგი კობა დავითაშვილს არ წამოუწყია. თუ პარლამენტარები ან ჯანდაცვის სამინისტროს მოხელეები ერთხელ მაინც მივლენ სადაზღვევო კომპანიაში და პენსიონერების რიგში ჩადგებიან, ბევრად უფრო მკვახე შეფასებებს მოისმენენ. პარლამენტარებსა და ჯანდაცვის მინისტრს შეუძლიათ ამ «გაუგებრობას» წერტილი დაუსვან, თუმცა გაუგებრობა, რომელშიც პენსიონერები მოხვდნენ, კერძო სადაზღვევო კომპანიების წყალობით, მინისტრისა და უმრავლესობის შეხვედრით, ძნელი სავარაუდოა, რომ ამოიწუროს.

ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში ვიზიტისას კობა დავითაშვილის განცხადებების შესახებ დასმული კითხვებით იმდენად გააღიზიანეს, რომ მან დაუფარავად თქვა: «ვესაუბრე კობა დავითაშვილს და საკმაოდ ვეჩხუბე. მან უნდა მოახერხოს და ჯერ საკუთარ გუნდში უნდა გააკეთოს განმარტებები... ძალიან საწყენი იყო, რომ დავითაშვილმა ეს გააკეთა. მე მას ავუხსენი, რომ, თუ მას სურს გუნდში დარჩენა, გუნდს ანგარიში უნდა გაუწიოს და ინფორმაცია პირველად გუნდში გააჟღეროს».

დარწმუნებული ვარ, როდესაც პრემიერი თბილისში დაბრუნდება და საკითხში გაერკვევა, იგი კობა დავითაშვილს მადლობას ეტყვის, თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარია, პენსიონერებს ეშველოთ და დაზღვევას მოევლოს, ეს კი ისე ვერ მოხდება, თუ ერთი დეპუტატი მაინც არ წამოდგება და არ იტყვის: «ევრიკა! «არქიმედე» შიშველია!