გია ხუხაშვილი: ალასანია არც ფიქრობს პრეზიდენტობაზე და არც განიხილავს საკუთარ თავს კანდიდატად

გია ხუხაშვილი: ალასანია არც ფიქრობს პრეზიდენტობაზე და არც განიხილავს საკუთარ თავს კანდიდატად

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე გვესაუბრება «საქართველოს განვითარების კვლევითი ცენტრის» ხელმძღვანელი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი.

_ ბატონო გია, უწინარესად, 19 აპრილის აქციაზე მინდა გკითხოთ: რას ფიქრობთ «ნაცმოძრაობის» ახალ იდეებზე, ახალ ეროვნულ მოძრაობაზე?

_ ეს არის მათთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ცინიზმი, ვინაიდან «ნაციონალებს» აქვთ უნიკალური უნარი, თავიანთი თავით გასვარონ ნებისმიერი ისეთი ფასეულობა, რომელიც ქართველებისთვის მნიშვნელოვანია. ისინი მიებნენ იმ ისტორიულ დღეს, რომელთანაც არა თუ კავშირი არა აქვთ, არამედ ყველაფერს აკეთებდნენ ზუსტად მისი იდეალების წინააღმდეგ. რაც შეეხება ამ ყველაფრის შინაარსს, ვფიქრობთ, მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო... იქ საუბრობდნენ ევროპაზე და ევროპულ ღირებულებებზე, დემოკრატიაზე. ჯერ ერთი, სასაცილოა, როცა მერაბიშვილი და სააკაშვილი ამაზე გელაპარაკებიაან, მაგრამ მე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: თუ ვინმე დემოკრატიულად მოიქცა იმ დღეს, ესაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც უზრუნველყო აქციის მშვიდობიანად ჩატარება. საერთოდ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფიული კატეგორია, პირველ რიგში, ეს არის ფასეულობათა გარკვეული სისტემა და «ნაციონალური მოძრაობა» არა თუ აქეთ არ მიდიოდა, არამედ საერთოდ საწინააღმდეგო მიმართულებით მოქმედებდა. 19 აპრილის აქცია, ვფიქრობ, იყო ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი, რომელიც მათ გამართეს, ვინაიდან, ძალიან უცნაური განწყობა იგრძნობოდა ხალხში, _ თითქოს სამუშაოზე მოვიდნენ და, დამთავრდა თუ არა მიტინგი, მაშინვე დაიშალნენ, რაც საქართველოში ძალიან იშვიათად ხდება. ასევე ისტერიული მომეჩვენა «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერების გამოსვლები და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა სააკაშვილის გამოჩენა. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილება ვნახეთ «ნაცმოძრაობის», რაც, ალბათ, ლოგიკურია.

_ ბოლო გაფრთხილება რადგან ახსენეთ, «ნაცმოძრაობის» წარმომადგენლები აქციაზე მოსული ხალხის რაოდენობით კმაყოფილნი დარჩნენ. მათ თქვეს, რომ ათიათასობით ადამიანი მოვიდა. თქვენი აზრით, რამდენად მრავალრიცხოვანი იყო ეს აქცია და ელოდით თუ არა ამდენი ხალხის მოსვლას?

_ მე არ მინდა ახლა რიცხვებზე და რაოდენობაზე ვისაუბრო. მათ, უბრალოდ, დაადასტურეს, რომ აქვთ ორგანიზების კარგი უნარი, მაგრამ მიტინგის შემადგენლობას თუ გადავხედავდით, იქ აშკარად იგრძნობოდა, რეალურად რა მოხდა, _ 80-90 პროცენტი იყო მოყვანილი ხალხი. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, არ ჩანდა ნამდვილი საპროტესტო მუხტი, ეს ადამიანები შეკრიბეს, დააყენეს ორი საათით, აკვრევინეს ტაში და დაშალეს.

_ მოკლედ, თქვენ ამბობთ, რომ ამ აქციის შემდეგ, რომელიც, ალბათ, დამეთანხმებით, არც თუ მცირე მასშტაბის იყო, მაინც ვერ ვიტყვით, რომ «ნაციონალური მოძრაობა» სერიოზულ ძალას წარმოადგენს?

_ არა, ეს აბსურდია, სერიოზული ძალა კი არა, როგორც გითხარით, კვდომის პროცესი მიდის, რომელიც გარდაუვალია. «ნაციონალურ მოძრაობას» დამოუკიდებელი პოლიტიკური მოღვაწეობის პერსპექტივა არ აქვს, ჩვენი მიზანი კი არის არა ის, რომ «ნაცმოძრაობა» შევინარჩუნოთ, არამედ ის, რომ ეს კვდომის პროცესი რაც შეიძლება რბილად და უმტკივნეულოდ დასრულდეს.

_ «ახალი ეროვნული მოძრაობა» ერთგვარი გადატვირთვისა და გადახალისების მცდელობაა. მათ თქვეს, რომ ეს მოძრაობა იქნება ზეპარტიული.

_ ეს აბსურდია, ამით გამოიწვიეს საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდი გაღიზიანება. მათ კიდევ ჰქონდათ შანსი, გარკვეული ელექტორატი მიემხროთ და ზუსტად ის ელექტორატი განაწყვეს მათდამი კრიტიკულად.

_ რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომის საგამოძიებო კომისიას, როგორ ფიქრობთ, რამდენად საჭიროა დღეს მსგავსი კომისიის შექმნა და როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს დასავლეთი?

_ ვფიქრობ, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და აქ მთავარია არა ის, თუ როგორ შეხედავს ამას დასავლეთი, არამედ მთავარია, რა არის დღეს ქართული საზოგადოების ინტერესში. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ძირითადი საკითხი არაა, ვინ დაიწყო ომი, ამ კუთხით ყველაფერი ნათქვამია და გამოსაძიებელიც პრინციპში არაფერია.

_ მაშინ მოდი ვთქვათ, რა არის გამოსაძიებელი?

_ მთავარი კითხვები სულ სხვაა, შეეხება იმავე ომის წინა პერიოდს, მის მსვლელობას და ა.შ. აქ შეიძლება ძალიან ბევრი ბნელი ფაქტი გამომზეურდეს წინა ხელისუფლების მოღვაწეობასთან დაკავშირებით და სწორედ ესაა ქართული საზოგადოების ინტერესი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ, როგორ მოქმედებდა იმ პერიოდში. ასე რომ, შესაძლოა, ძალიან მძიმე ამბები გავიგოთ. მათ შორის მხედველობაში მაქვს სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანო მოქმედებებიც, რომლებიც, არ გამოვრიცხავ, შესაძლოა, გამოვლინდეს ამ გამოძიების პროცესში.

_ უკვე მერამდენედ ახსენა პროკურორმა სააკაშვილის დაბარების შესაძლებლობაც პროკურატურაში. ძალიან უცნაურად ვითარდება მოვლენები ახალაიების ოჯახის გარშემოც. კერძოდ, დათა ახალაიას განცხადებას ვგულისხმობ, რომელშიც მან ვანო მერაბიშვილი ამხილა. თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი?

_ პრეზიდენტი, პირველ რიგში, მოქალაქეა და ის უარს არ უნდა აცხადებდეს დაკითხვაზე. მე შემიძლია დავასახელო უამრავი ფაქტი იმავე ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოებში, სადაც პირველი პირები არა მხოლოდ დაიბარეს პროკურატურაში, არამედ დააპატიმრეს და ჩასვეს კიდეც. ეს ჩვეულებრივი ამბავია, გავიხსენოთ თუნდაც საფრანგეთისა და იტალიის შემთხვევები. რაც შეეხება ახალაიებს, აქაც ძალიან ბუნებრივადაა ყველაფერი. დათა ახალაია აქამდე სრულ მოქმედებაში იყო და ფიქრის საშუალება არ ჰქონდა. ახლა კი შვიდი თვეა, რეალური საქმიანობით არ არის დაკავებული და, როგორც ჩანს, ანალიზი გააკეთა. მისი ეს საჯარო განცხადებები, ვფიქრობ, სწორედ ამ ანალიზის შედეგია და მგონი, ამაში უცნაური არაფერია.

_ ბაჩო ახალაია სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო კადრი იყო. ამ დროს ისე მოხდა, რომ დღეს ციხეში მხოლოდ ის ზის. სხვები ზოგი გირაოთი გამოუშვეს, ზოგმა თავს გაქცევით უშველა. ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ «ნაცმოძრაობამ» ახალაია გაწირა?

_ საერთოდ კონფლიქტი დამკვეთსა და შემსრულებელს შორის გარდაუვალია, იმიტომ, რომ შემსრულებლის გამოვლენა ხდება ბევრად უფრო ადრე და, როგორც წესი, ძირითადი სიმძიმე გადადის ხოლმე მასზე. ჩემი აზრით, ახალაიამ გააცნობიერა, რომ ის იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი სხვის ხელში, მიხვდა, რომ, ფაქტობრივად, გამოიყენეს იმ განტევების ვაცად, რომელსაც უნდა ეტვირთა ყველა დანაშაული, რომელშიც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და არ ჰქონდა, ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, ესაუბრა საჯაროდ ბევრ რამეზე. მე მგონი, ამაში გასაკვირი არაფერია, ასე რომ, ძალიან ლოგიკურად და კანონზომიერად ხდება ყველაფერი.

_ როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა, რომ თანაგუნდელებზე განაწყენებულმა ახალაიამ სხვებიც მოისვას გვერდით?

_ არა თუ მოსალოდნელი, მე ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალია.

_ საპრეზიდენტო არჩევნებზეც გკითხავთ. საზოგადოებამ დღემდე არ იცის, რა ხდება კოალიციაში კანდიდატის საკითხთან დაკავშირებით: შეაჯერეს პარტიებმა პოზიციები, განხილვები მიდის თუ ჯერ რეალურად არ დაწყებულა ეს პროცესი? დრო არც თუ ისე დიდი დარჩა.

_ დარწმუნებული ვარ, კოალიცია ჩამოყალიბდება ამ პერიოდის განმავლობაში. მე მაქვს, რასაკვირველია, ჩემი მოსაზრებები, მაგრამ, ვინაიდან არ ვარ «ქართული ოცნების» წევრი, არ მივცემ თავს უფლებას, ზედმეტი ვისაუბრო ამ საკითხებზე.

_ ჩვენს გაზეთში არაერთხელ დაისვა საკითხი, რომ მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს არა ბუტაფორია, არამედ კონკრეტული ფუნქციისა და პასუხისმგებლობის მატარებელი ფიგურა. რადგან ახალმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ პრიორიტეტად კონფლიქტური რეგიონები დაისახა, მიგაჩნიათ თუ არა აუცილებლად, რომ სწორედ პრეზიდენტზე უნდა იყოს ეს ფუნქციაც მიბმული, ანუ მას დაეკისროს აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის წარმართვა?

_ მიმაჩნია, რომ ეს მთლიანად ხელისუფლების საკეთებელია და პრეზიდენტსაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი ექნება. სხვათა შორის თქვენი გაზეთის მოსაზრება ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია და, ალბათ, სწორიც იქნება, სწორედ პრეზიდენტი გახდეს ცენტრალური ფიგურა კონფლიქტური რეგიონების ამ ურთულესი პრობლემის გადაწყვეტის გზაზე.

_ კონფლიქტური რეგიონების პრობლემის მოგვარება პირდაპირაა დაკავშირებული რუსეთთან. აქედან გამომდინარე, კოალიციის მესვეურებს საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის დროს იმაზეც მოუწევთ ფიქრი, თუ ვინაა რუსეთთან ურთიერთობისთვის უფრო შესაფერისი და ვინ არა. ვაღიაროთ, ქართულ ოცნებაში არიან გარკვეული სუბიექტები, რომლებსაც სოხუმსა თუ კრემლში, რბილად რომ ვთქვათ, მოლაპარაკებათა მაგიდასთან არ დაუჯდებიან.

_ ცხადია, კანდიდატის შერჩევის დროს კოალიციას ბევრი რამის გათვალისწინება მოუწევს, მათ შორის იმისაც, რომ არ დასახელდეს ისეთი პიროვნება, რომელიც ცალსახად გამაღიზიანებელი იქნება ამ მხარეებისთვის. რაც შეეხება იმ სუბიექტებს, რომლებსაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სოხუმსა და მოსკოვში არ დაუჯდებიან, არ მინდა ძალიან შორს წასვლა და ანალიზის გაკეთება, მაგრამ იმავე თუნდაც პროამერიკულზე რომ ვილაპარაკოთ, ირაკლი ალასანია, რამდენადაც მესმის, უკვე არც ფიქრობს პრეზიდენტობაზე და არც განიხილავს საკუთარ თავს კანდიდატად, ვინაიდან მან თქვა, რომ მომდევნო ორი წელი არმიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტით იქნება დაკავებული. აქვე მის სასარგებლოდაც უნდა ვთქვა, რომ ალასანია, თავისი აშკარად გამოკვეთილი პროდასავლური ბეგრაუნდის მიუხედავად, აფხაზებისთვის ყოველთვის მისაღები პერსონა იყო მოლაპარაკებების დროს. ასე რომ, ცალსახად რამის თქმა ძნელია, ერთ რამეში კი გეთანხმებით: მომავალი პრეზიდენტი, რა უფლებებითაც არ უნდა იქნეს ის წარმოდგენილი, აუცილებლად მისაღები უნდა იყოს როგორც აფხაზებისთვის, ისე ოსებისთვის და, რა თქმა უნდა, რუსეთისთვისაც. სხვანაირად ამ უკიდურესად გართულებული ურთიერთობების დარეგულირება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.