საარტილერიო ქვედანაყოფების სწავლება

საარტილერიო ქვედანაყოფების სწავლება

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საჩვენებელი საარტილერიო სწავლება გაიმართა. არტილერიის წვრთნას გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. სწავლებისას D-30 ტიპის ქვემეხებიდან საბრძოლო სროლები განხორციელდა.

საარტილერიო ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების ორგანიზების სწავლება ინსტრუქტორ-შემფასებელთა ჯგუფის გადამზადებას გულისხმობდა. 19 ქართველი ოფიცერი წვრთნებს ორი კვირის მანძილზე გადიოდა. ქართველ არტილერისტებს ამერიკელი ინსტრუქტორები ამზადებენ. საარტილერიო სწავლება ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი კვირის განმავლობაში სწავლებაში ჩართულმა ოფიცრებმა თეორიული მომზადება გაიარეს. წვრთნების მეორე ფაზაში კი პრაქტიკული საველე ამოცანები დაიგეგმა.

წვრთნაში მონაწილე პერსონალის ძირითად ბირთვს პირველი საარტილერიო ბრიგადის პირადი შემადგენლობა წარმოადგენდა. საარტილერიო სწავლება ხვალ დასრულდება და მასში ჩართულ ოფიცრებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.