პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი შარმი დაკარგა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი შარმი დაკარგა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი შარმი დაკარგა. შემოდგომაზე სრულდება მისი საპრეზიდენტო ვადა, თუმცა ქვეყნის პირველი პირის, მიხეილ სააკაშვილის პარტია უკვე დაშლის პირასაა.

თბილისი - ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა შუაგულ თბილისში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებით. საპროტესტო მიტინგი მიმართული იყო საქართველოს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად. ამ უკანასკნელმა გასული წლის ოქტომბრის თვეში გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და უკან მოიტოვა სააკაშვილის პარტია. პრეზიდენტი მისთვის დამახასიათებელი ემოციური სიტყვებით მიმართავდა თავის მომხრეებს და ისინიც საპასუხოდ სკანდირებდნენ პრეზიდენტის სახელს - „მიშა“.

„მე აქ მხოლოდ თქვენს გამო თუ დავრჩები სიცოცხლის ბოლომდე“, - განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა მან ამ სიტყვებით ვერ შეძლო ხალხის სრულიად აღტაცებაში მოყვანა. მისი პიროვნული შარმი თანდათან ქრება.

ოქტომბერში მისი უკვე ათწლიანი მმართველობის ხანა სრულდება. მისი, როგორც დემოკრატი მმართველისა და კორუფციასთან მებრძოლის ავტორიტეტი შელახულია. მიტინგამდე რამდენიმე დღით ადრე კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გამოაქვეყნა დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს თუ რაში იხარჯებოდა სახელმწიფოს ფინანსები. მათ შორის არის დუბაიში გატარებული საახალწლო საღამოების, რუსული ბულვარული პრესის ჯურნალისტ - ქსენია სობჩაკისთვის განკუთვნილი სამაჯურის ხარჯები და ასევე მისი ვაჟიშვილების სკოლის ხარჯები, რომლებიც აგრეთვე იფარებოდა სახელმწიფო ხაზინიდან.

საკითხავი ის არის, კიდევ რამდენ ხანს შეძლებს სააკაშვილი თავისი პარტიის მთლიანობის შენარჩუნებას. ჯერ კიდევ როცა იგი მოხსენებით გამოდიოდა, გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დატოვა ტრიბუნა.

შინაგან საქმეთა ექს-მინისტრმა, რომლისაც უფრო ეშინოდათ, ვიდრე პატივს სცემდნენ, საპრეზიდენტო არჩევნებზე, მოლოდინის მიუხედავად, არ წამოაყენა თავისი კანდიდატურა. მერაბიშვილი დგას შიდაპარტიული უთანხმოების ცენტრში. აქ საქმე ეხება ციხეებში წამების ამსახველ ვიდეჩანაწერებს, რომლებიც გამოჩნდა საპარლამენტო არჩევნების წინ. ამ ვიდეომასალებმა და ბრალდებებმა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ძალადობასთან დაკავშირებით სერიოზულად დაამძიმა პარტიის მდგომარეობა.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ პარტია მალე დატოვა ბევრმა წევრმა. ამას ეთანხმება ასევე ეკა ტყეშელაშვილი, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მრავალი წლის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტის წევრი. იგი კოლეგებს ოპორტუნისტებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ თვითონ არასოდეს ყოფილა პარტიის წევრი. ისევე, როგორც მთავრობის სხვა ექს-წევრებმა, ამასობაში მან დააარსა დამოუკიდებელი თინკ თანკ-ი.

სააკაშვილის ფრაქციის ერთი ნაწილი პარლამენტში თავს თვლის რადიკალურ, მეორე კი ზომიერ ოპოზიციად. სამთავრობო პარტიის წინააღმდეგ პროფილირებისათვის იგი აცხადებს სწორებას ევროპაზე. მისი პლათფორმა აქამდე იყო ნეოლიბერალური და ჩანს, რომ პარტიის ძირითადი ბირთვი იკრიბება ამ მიმართულების მიმდევართა ირგვლივ. მათ რიცხვს მიეკუთვნება მდიდარი ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე, რომელსაც თბილისში ორი კერძო უნივერსიტეტი ეკუთვნის. როდესაც იგი ჯერ კიდევ სააკაშვილის მინისტრი იყო, მიღებული იქნა შრომის კოდექსი, რომელსაც ზოგიერთი „მონათმფლობელურ კანონს“ უწოდებდა. მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მილიარდერ ივანიშვილის კოალიციამ გადაწყვიტა მისი რეფორმა.

http://www.tagesspiegel.de/politik/georgien-praesident-saakaschwili-hat-seinen-charme-verloren/8099930.html