"თვითონ სააკაშვილის ფაქტორი ხელს უშლის ნებისმიერ ფიგურეს "ნაციონალური მოძრაობიდან", რომ საპრეზიდენტო კამპანია დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ასეა. შემდგომში, თუ მიხეილ სააკაშვილმა თვითონ მოინდომა ვინმესთვის მხარდაჭერა, უკვე შესაძლებელია, რომ ვინმე ჩამოყალიბდეს საპრეზიდენტო ფიგურედ. თუ მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესში არ ჩაერია, მაშინ გაჭირდება ძალიან ასეთი ფიგურეს შერჩევა და მერე იმის გაპიარება", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რატომ არ დააპატიმრეს, ბაჩო ახალაიას გარდა, სხვა მაღალჩინოსნები?!".
"სააკაშვილი ვიდრე იყო ძლიერი პრეზიდენტი და ძლიერი ხელმძღვანელი ამ მოძრაობისა, მანამდე როგორღაც ერთმანეთს ეგუებოდნენ და როგორც კი შესუსტდა, მაშინვე დაუწყეს ერთმანეთს ბრძოლა. ძალიან საინტერესო პროცესი იყო, როცა დააპატიმრეს ბაჩო ახალაია. მაშინ რამდენიმე წევრი კინაღამ შეჰყვა საკანში. ეტყობა, მერე ბრძანება მიიღეს, რომ ნამეტანი არ მოსვლოდათ და საერთოდ მიატოვეს. ბუნებრივია, ამან გამოიწვია გაღიზიანება ახალაიების მომხრეებისა და ეს დაპირისპირებაც ამის შედეგი იყო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"მოდით, ამას ასეთი მხრიდან შევხედოთ, ის რომ ბაჩო ახალაიას გარდა, სხვა დაპატიმრებული არც ერთი არ არის მაღალჩინოსანი, რომელთა დანაშაულის ამბავი ჩვენ ვიცით, ხომ არ მოწმობს იმას, რომ ეს სპეციალურად გეკეთდა იმისთვის, რომ ასეთი დიდი დაპირისპირება გამოეწვიათ. საქმეები, რომლებიც მართლა არის პროკურატურაში დამთავრების პირას და ამის თაობაზე ვიცი, თუნდაც იგივე ლაფანყურის თემა, ჯერ არ არის საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანილი. მე ვთვლი, რომ ეს ტაქტიკური სვლების ნაწილია, ალბათ, იმისთვის არის, რომ დარტყმა მოხდეს განსაზღვრულ დროს, როცა ეს იქნება საჭირო. ყოველ შემთხვევაში ასეთი რამ არსებობს მსოფლიო იურისპრუდენციის პრაქტიკაში. იმიტომ კი არა, რომ მე ვამართლებ, რასაკვირველია, ჩემთვის ეს ფორმა, რომ რეჟიმის მსხვერპლნი არიან, მიუღებელია. არაფერი მსხვერპლნი არ არიან ისინი, რომ არ ნდომოდათ, არ იქნებოდნენ, იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი ვიცი, რომლებიც სხვადასხვა დროს გაერიდნენ ამ რეჟიმს, ზუსტად იმიტომ, რომ არ გამხდარიყვნენ ე.წ. რეჟიმის მსხვერპლი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"საქმე ის არის, რომ საჭიროა ახლა ახალი ოპოზიციური ძალის გამოჩენა, ძალისა, რომელიც შეძლებს დაიკავოს ოპოზიციური ნიშა სერიოზულად. დღეს გამოდის, რომ პრინციპში ქართულ ოცნებასაც "ნაციონალური მოძრაობის" არსებობა აწყობს, ასე გამოდის. იმ თვალსაზრისით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" იმდენი რამე აქვს დაშავებული, რომ შეუძლია მთელი წელი ილაპარაკოს "ქართულმა ოცნებამ" ამის თაობაზე. კონსტრუქციული ოპოზიცია კი დღეს საზოგადოებას სჭირდება. ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ის, რომ დღეს კომფორტულად არ იგრძნოს თავი მმართველმა ძალამ. ეს ჩვენ გვჭირდება, მე მაგალითად, როგორც ამ ძალის წარმომადგენელი, ვთვლი, რომ ასეთი ძალა უნდა არსებობდეს. "ნაციონალურ მოძრაობას" კი ბუნებრივია, თავისი უნდა მიეზღოს სამართლიანობის თვალსაზრისით. საერთოდ, ყველას უნდა მიეზღოს თავისი, ვინც კი რამე დააშავა", - დასძენს მამუკა არეშიძე.