როგორ ყიდდნენ ექიმები დედების უჩუმრად ჩვილებს

როგორ ყიდდნენ ექიმები დედების უჩუმრად ჩვილებს

ზოგიერთი ქალისთვის სამშობიარო განყოფილებაში მოხვედრა დიდი ბედნიერების დასაწყისია, ზოგისთვის კი უდიდესი ტკივილისა და ტანჯვის საწყისი - რადგან ჩვილი ან ეღუპებათ, ან მათ უბრალოდ, თეთრ ხალათში გამოწყობილი დესპოტები დედის კალთას აგლეჯენ და ყიდიან. საბედნიეროდ, დღევანდელ რეალობაში მსგავსი ფაქტები იშვიათად ხდება, მაგრამ წლების წინ, უსულგულო ადამიანებს ეს საქმე სარფიან ბიზნესად მიაჩნდათ, ამ საქმეში კარგად იყვნენ გაწაფულნი და არც ის უჭირდათ, რომ მშობელი შვილის სიკვდილში დაერწმუნებინათ...

28 წლის წინ სწორედ ასეთი ადამიანების მსხვერპლად იქცა ქალბატონი ნათელა ირემაძე, რომელიც საბერძნეთიდან დაგვიკავშირდა და თავისი გულისტკივილი გაგვანდო. ის ამბობს, რომ ექიმებმა მისი გულუბრყვილობით ისარგებლეს და შვილი წაართვეს. ეს ქალბატონი ახლა თავის ვაჟს ეძებს, მისი პოვნის იმედს არ კარგავს და უფრო მეტიც - მას ხშირად სწერს წერილებს, ლექსებს...

"პირველ რიგში, თქვენი ჟურნალის ყველა მკითხველს მივესალმები. თქვენთან ხშირად იბეჭდება იმ ბავშვების წერილები, რომლებიც თავის დროზე მშობელს ხელიდან გამოსტაცეს და გააშვილეს; იმ მშობლების წერილები, რომლებიც თავიანთ შვილებს წლების მანძილზე, უშედეგოდ ეძებენ. ჰოდა, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ცხოვრებისგან მწარე გაკვეთილი მივიღე და ახლა ვხვდები, რომ თურმე, ადამიანების გულუბრყვილოდ ნდობა არ შეიძლება.

ამქვეყნად არავითარი ხელწერილი, ჩემ მიერ მესამე შვილის უარყოფის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს. ის უბრალოდ, მკვდრად გამომიცხადეს და 25 წელი მაგლოვეს ცოცხალი ადამიანი. მესამე წელია, უფლის ნებით, საშინელ საიდუმლოს ფარდა ნელ-ნელა ეხდება და იმედი გამიჩნდა, რომ ის ცოცხალია! მესამე წელია, შვილს ისე ველაპარაკები, როგორც ცოცხალ ადამიანს, რომელსაც უბრალოდ, მანძილის სიშორის გამო ვერ ვხედავ. იმედია, მალე სიმართლე იზეიმებს და მას გულში ჩავიკრავ...
იმედი რამ გამიჩინა? - სიცრუისთვის ახდილმა ფარდამ, წლების შემდეგ გამომზეურებულმა შემაძრწუნებელმა ფაქტებმა, თუ როგორ ყიდდნენ თეთრხალათიანი "მგლები" დედების უჩუმრად ჩვილებს, ჩემს წარსულზე ჩამაფიქრა და მივხვდი, რომ თავის დროზე, მეც მწარედ მომატყუეს... მეორეც: რატომღაც, ყოველთვის ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბავშვის გვამი, რომელიც მაშინ ექიმებმა მიჩვენეს, ჩემი შვილის არ იყო. გარდა ამისა, ახლა, როცა დეტალებზე ვფიქრობ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ თეთრხალათიანებმა ჩემი დაბნეულობით ისარგებლეს. და კიდევ, ხშირად მაქვს ე.წ. გამოცხადება. ერთხელ, როცა უკვე დასაძინებლად ვემზადებოდი, ფანჯრიდან ვიღაცამ შემომძახა, ჩემი შვილი რა სახელითა და გვარით უნდა მომეძებნა. მერწმუნეთ, ეს არც სიზმარი იყო და არც გიჟი ვარ, რაიმე რომ მომჩვენებოდა... მართალია, ვერ ვმარხულობ და ეკლესიაში ხშირად სიარულს ვერ ვახერხებ, მაგრამ ღმერთის მწამს, გამუდმებით ვკითხულობ ლოცვებს და დარწმუნებული ვარ, უფალი შვილის პოვნაში დამეხმარება.

ამ გამოცხადების შემდეგ, დავიწყე იმ ადამიანის ძებნა, რომლის სახელიც და გვარიც უკვე ვიცოდი. დარწმუნებული ვარ, ჩემს შვილს ელდარი ჰქვია; გვარიც ვიცი, მაგრამ ახლა შეგნებულად არ გწერთ; არ მინდა, მისი სახელისა და გვარის ჟურნალში ამოკითხვით, მისი აღმზრდელი მშობლები გავაღიზიანო. უკვე ვიცი, რომ ზემო იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მართლაც არსებობს ამ სახელისა და გვარის, სწორედ 1985 წლის სექტემბერში დაბადებული, თანაც - ნაშვილები პიროვნება, მაგრამ მისი აღმზრდელები ამ ამბავს ასაიდუმლოებენ და შვილს არავის აკარებენ...

1985 წლის სექტემბერი იყო. ფეხმძიმედ კი გახლდით, მაგრამ გამოთვლაში რაღაც შემეშალა და მაშინ, როცა მეგონა, რომ 7 თვის ორსული ვიყავი, მშობიარობა დამეწყო. ჭიათურის სამშობიაროს მიმღებში მისულს, რაღაცები კი გამომკითხეს, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ისტორია არ გამიხსნეს. როგორც ჩანს, წინასწარ განსაზღვრეს, რომ ჩემი მოტყუება შეიძლებოდა; ეტყობა, კლიენტი ჰყავდათ და ჩემი შვილის გაყიდვის იმედი გაუჩნდათ; მე ხომ მეგონა, რომ ნაადრევი მშობიარობა მქონდა...
შემიყვანეს პალატაში, სადაც ჩემ გარდა, რამდენიმე მელოგინეც იყო. იმ დღეს ჩემს თავს კიდევ ერთი საოცრება მოხდა: იმის ნაცვლად, რომ სამშობიარო ბლოკში შევეყვანეთ, პალატაში, სხვა ქალების თვალწინ მამშობიარეს. ისტერიკა დამემართა, - რას აკეთებთ-მეთქი? უამრავ კითხვას ვსვამდი, მაგრამ არავინ მპასუხობდა. ბოლოს, როცა ბავშვი გაჩნდა, მისმა ძლიერმა ხმამ გონს მომიყვანა და დავწყნარდი. - ვაიმე, იტირა, რა ძლიერი ბიჭია-მეთქი, - დავილაპარაკე. - ეს რა ტირილია, ღნავილიაო, - მითხრა ექთანმა უხეშად. მაშინაც კი საიმისოდ ამზადებდნენ ნიადაგს, რომ პატარა მკვდრად გაესაღებინათ... ახლა ვფიქრობ, ნეტავ, მაშინ სახლში მემშობიარა-მეთქი, მაგრამ რა ვიცოდი, ექიმები ასე თუ მომექცეოდნენ?!.

ქალებმა, რომლებიც ჩემს პალატაში იწვნენ, ბავშვის დაბადებისთანავე ჰკითხეს ექთანს: ეს რა აქვსო? პატარას ვერ ვხედავდი, მაგრამ ექთანის სახე კარგად მახსოვს: წარბები მოჭმუხნა და თქვა, - ხალიო. ვკითხე: გვერდზე, მეჭეჭივით მოგრძო ხალი აქვს-მეთქი? - კი, ასეთიაო. - მამას ჰგვანებია-მეთქი... ჩემს ქმარს მთელ ტანზე გრძელი თმა აქვს და შეიძლება, ბიჭი ამითაც ჰგავს მშობელს...

მშობიარობიდან სულ რაღაც, 2-3 საათში ექთანმა დამიძახა, - ადგომა შეგიძლიაო? - კი-მეთქი. მან ოთახში შემიყვანა და გამომკითხა, ვინ ვიყავი, რა მერქვა. ცხადია, ყველა კითხვაზე ვუპასუხე. ის რაღაცას გამალებით წერდა. ვკითხე: რას წერთ-მეთქი? - ვწერ, რომ საავადმყოფოში საკუთარი ნებით მოხვედიო. გამიკვირდა: ეგ რატომ უნდა დაწეროთ, რა, სამშობიაროდ აქ ვინმე ძალით მოჰყავთ-მეთქი? ბოლოს, მთხოვა: ხელი მომიწერეო. - ჯერ წამაკითხე, რაზე უნდა მოვაწერო ხელი-მეთქი. - კარგი, შენი ხელის მოწერა სავალდებულო არ არისო და გამომიშვა.

პალატაში დაბრუნებულს მითხრეს, რომ ბავშვი მოკვდა, ის ქალები კი, რომლებიც ჩემთან ერთად იწვნენ, ოთახში არ დამხვდნენ. რატომღაც, სხვაგან გადაიყვანეს, მე კი მარტო დამტოვეს... ცხადია, მაშინ ბავშვის გარდა, არაფერი მაინტერესებდა და ბუნებრივია, ვიკითხე: ისეთი ძლიერი ხმა ჰქონდა, არ მესმის, რითი უნდა დაღუპულიყო, თანაც - საავადმყოფოში, ექიმების ხელში? ეს ამბავი ძალიან მიკვირს-მეთქი. ჩემს შეკითხვაზე: რამ გამოიწვია ბავშვის სიკვდილი, არაფერს მპასუხობდნენ. უფრო მეტიც, ყურადღებასაც არ მაქცევდნენ - არც ანალიზი ამიღეს, არც მკერდი გამიკრეს. ალბათ უნდოდათ, ყურადღება ამაზე გადამეტანა...

საღამოს პალატაში ერთი მელოგინე ქალი შემოვიდა, რაღაც ნივთი დარჩენია და იმის წასაღებად მოვიდა. ვკითხე: მარტო რატომ მიმატოვეთ, რა დაგიშავეთ-მეთქი? უცნაურად შემომხედა და ხმაც კი არ გამცა...

მეორე დღეს ჩვილების პალატისკენ წავედი. დერეფანში წითელჟაკეტიანი ქალი შევნიშნე, რომელიც აქეთ-იქით დადიოდა. გამიკვირდა: აქ მნახველებს არ უშვებენ, ჩემს მეუღლეს ისიც კი უთხრეს, კართან ნუ დგახარ, ცოტა იქით გაიწიეო და თქვენ ვინ შემოგიშვათ-მეთქი? ქალბატონი ისე შეხტა, როგორც ადამიანი, რომელსაც დანაშაულზე წაასწრებენ. კითხვა შემომიბრუნა: თქვენ აქ რატომ ხართო? - ნაადრევი მშობიარობა მქონდა და მეუბნებიან, რომ ბავშვი დამეღუპა-მეთქი. ახლა ვფიქრობ, რომ სწორედ იმ ქალს ჰყავს ჩემი შვილი. ის აშკარად, სოფლელი იყო. ცივი გამომეტყველება ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, უშვილოც გახლდათ... მისთვის კითხვის დასმას ვაპირებდი, როდესაც გავიგონე ექთანის ძახილი: ნათელა, ნათელაო. - ბატონო-მეთქი. - შენ არ გეძახიო, - მიპასუხა. აღმოჩნდა, რომ იმ ქალსაც ნათელა ერქვა და ექთანი მას ეძახდა...

მოკლედ, უამრავი რამ მაფიქრებინებს, რომ ჩემი შვილი გაყიდეს. დრო რაც უფრო გადის, ამაში მეტად ვრწმუნდები. თან, მერწმუნეთ, მოჩვენებები ნამდვილად არ მაქვს.

ჰო, ემოციური ვარ და ალბათ, ამან დამაწერინა ლექსები. უკვე მეორე კრებული გამოვუშვი და სხვათა შორის, ჩემი ნამუშევარი ბევრს მოსწონს. ბევრი ლექსი სწორედაც რომ, ჩემს დაკარგულ შვილს მივუძღვენი... იცით, ამას წინათ საკუთარი თავი, ფიქრები გადავამოწმე და გინეკოლოგთან მივედი. მას თავს გადახდენილი ამბავი მოვუყევი. ვკითხე: შეიძლებოდა, რომ გამოთვალში შეცდომა მომსვლოდა-მეთქი? ყველა დეტალი გავიხსენე, რამაც მაშინ შეცდომაში შემიყვანა. მასთან ვიზიტის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელი ბიჭი იყო... ფსიქოლოგსაც ვესტუმრე. დიდხანს ვილაპარაკეთ და ბოლოს, მითხრა: ნუ გეშინია, ჯანმრთელი ხარ. ის, რაც გაწუხებს, დედური ინსტინქტია და დარწმუნებული ვარ, არაფერი გეჩვენებაო.

არ მინდა, ვინმეს რაიმე ვავნო, ვინმეს ვუჩივლო და შვილი ამ გზით დავიბრუნო. უბრალოდ, ყველას ვთხოვ, ხელს ნუ შემიშლიან შვილის პოვნაში. ღმერთმა ყველას აპატიოს ჩადენილი ცოდვა.
ჩემი მიზანი მხოლოდ ელდარის პოვნაა. თუ უჭირს, დავეხმარები. მისგან არაფერი მინდა, გარდა ჩახუტებისა. კარგი შვილები (ელდარის გარდა, ორი ვაჟი მყავს), გასათხოვარი შვილიშვილი მყავს ანუ მისი ძმისშვილი და არ მინდა, ერთმანეთი სხვაგან გაიცნონ, სისხლის აღრევა მოხდეს.

ამას წინათ ვცადე, სოციალური ქსელის მეშვეობით მეპოვა. ვერ ვიპოვე, მაგრამ რამდენიმე ადამიანი გამომეხმაურა. მითხრეს, რომ ასეთი სახელისა და გვარის, თანაც - ნაშვილებ ადამიანს იცნობენ. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ ელდარის ბიძაა და დამპირდა, შვილის პოვნაში დაგეხმარებიო. ის კაცი ახლა რუსეთშია და იმედი მაქვს, როცა საქართველოში დაბრუნდება, ელდართან მიმიყვანს... ჩემი ოჯახის წევრებმა იმ კაცის გარეშეც სცადეს ელდარის პოვნა, მაგრამ - უშედეგოდ. როგორც ჩანს, მისმა აღმზრდელებმა იციან, შვილს რომ ვეძებ და ახლა ცდილობენ, მასთან მისასვლელი ყველა გზა მომიჭრან... არადა, მე ისიც კი მითხრეს, რომ ჩემი შვილი სამუშაოდ თურქეთში დადის; რომ მისი გვარის წარმომადგენლები სამების ტაძარში იკრიბებიან ხოლმე და მირჩიეს, - ჯობია, შვილის სანახავად იქ მიხვიდეო. მოკლედ, მასზე ბევრი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ელდართან შეხვედრა, მასთან დალაპარაკება ჯერ ვერ მოვახერხე. სიმართლე გითხრათ, მეშინია, შვილთან პირდაპირ რომ მივიდე და არ მიმიღოს? მეშინია, მისი აღმზრდელები არ გავაღიზიანო და მათ გამო შვილი კიდევ ერთხელ არ დავკარგო. არადა, ვგრძნობ, სულ მალე ვიპოვი...

მჯერა, ღმერთი ყველა დედას და შვილს ერთმანეთთან მისასვლელ გზას აპოვნინებს. ბოლოს და ბოლოს, დედ-შვილს შორის ხომ უხილავი დამაკავშირებელი ძაფებია გაბმული. ნეტავ, იცოდეთ, როგორ მინდა, ყველა გაშვილებულ ბავშვს დავეხმარო. გული მწყდება, როცა ზოგიერთი მათგანი ამბობს, დედას ან მამას ვერ მივიღებო. თუ დედას მოჰპარეს ბავშვი და მოატყუეს, ცოდო არ არის, ის წლების შემდეგ, ძლივს ნაპოვნმა შვილმაც რომ უარყოს? ისედაც გაუბედურებელი ქალი კიდევ ერთხელ, უსამართლოდ რატომ უნდა დაისაჯოს? მოვუწოდებ ყველა გაშვილებულ ადამიანს, დედები მოძებნონ! მინდა, ყველა აღმზრდელს მივმართო: თქვენს აღზრდილებს აკმარეთ ამდენი ტკივილი, ტყუილში ცხოვრება! უთხარით სიმართლე და მოიხადეთ ადამიანური მოვალეობა ღმერთისა და კაცის წინაშე. თუ მართლა დედებისგან უარყოფილ ბავშვებს ზრდით და ასეთი ალიბი გაქვთ, რატომ ასაიდუმლოებთ ამ ამბავს? დარწმუნებული ვარ, შევძლებ ჩემი შვილის ახლობლების შეყვარებას. მათ არაფერს დავუშავებ, იმ ხალხს შვილს არ წავართმევ, უბრალოდ, მეც მომანიჭონ მასთან ჩახუტების ბედნიერება...

იმედია, ამ წერილს დამიბეჭდავთ. რა იცით, იქნებ ელდარმა ან მისმა აღმზრდელებმაც წაიკითხონ ჩემი ტკივილი და შვილთან ურთიერთობის ნება დამრთონ. მე ნათელა ირემაძე ვარ, ჩემი მეუღლე კი ცხადიაშვილი გახლავთ. მჯერა, შვილს ვიპოვი, ჩავიხუტებ და ამ ამბავს თქვენც აუცილებლად შეგატყობინებთ.

დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ქალი, რომელსაც უყვარს სილამაზე, ყვავილები, ცხოველები და მთლიანად - სამყარო, შვილს გასაყიდად, გასაშვილებლად ასე ადვილად ვერ გაიმეტებს (თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, გამონაკლისებიც არსებობენ). ჩემს შვილს ყოველთვის ვუგზავნი მესიჯს, მაგრამ ცხადია, "ესემესს" უმისამართოდ ვწერ: "სადა ხარ, დედი, გამოჩნდი, მე შენ დაგეძებ, გენაცვალოს შენი დედიკო". ვწერ წერილს, მერე ხმამაღლა ვკითხულობ, - იქნებ ჩემი ხმა ჩაესმას და თავადაც მომძებნოს-მეთქი...

დაგემშვიდობებით ლექსით, რომელშიც ყველა უბედური დედის გულის ტკივილი ჩავაქსოვე:

უცნობ შვილს

თუ გამოვძერწე, გამოვხატე, ყოფიერ დროში/ რისთვის მოვსულვარ, რას ვუსმენდი ანდა, რა მსურდა,/ არ გამომესხა ჯერ საფრენი ლამაზი ფრთები,/ არც ოცნებები სანატრელი ჯერ არ ასრულდა./ უკვე ბინდია და სისხლს ღრღნიან ეჭვის ჭიები,/ უკიდეგანო ზღვის ტალღებმა ნაპირს მომრიყა,/ თავგანწირულად დიდ გრიგალებს ავედევნები,/ სადაც შენა ხარ, იმ ადგილას თუკი მომიყვანს./ უგუნურებმა ამ ტანჯვისთვის როგორ გაგვწირეს,/ რომ ჩაგვშხამოდა ჩვენ ცხოვრება ვის ან რად სურდა?!/ და მაინც ვივლი, შენს საძებრად, შეუჩერებლად,/ ჩემი სიცოცხლე ამ ძებნაში თუ არ დასრულდა...