„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ სალხინებელში

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ სალხინებელში

რა აჩვენა 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამართულმა მიტინგმა, რომლის ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო? რა პერსპექტივა აქვს ყოფილი ხელისუფლების მცდელობას ჩამოყალიბდეს ძლიერ, თუმცა კონსტრუქციულ ოპოზიციურ ძალად, რომელიც ხელისუფლებას, დასავლური კურსიდან გადახვევის შემთხვევაში, საზოგადოებრივ აზრს დაუპირისპირებს? ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მისაღებად პოლიტიკის ექსპერტებს მივმართე.

19 აპრილის მიტინგის მთავარი სათქმელი თავად მიტინგი, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა შეკრება იყო. ასე მიიჩნევს „საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე, რომლის თქმითაც, 1 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შემდეგ ყოფილმა ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯი გადადგა ქუჩაში, სადაც ბოლო 9 წლის განმავლობაში ძირითადად მისი ოპონენტები აქტიურობდნენ.

„ხალხმა დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის რეალური ოპოზიცია, რადგანაც 1 ოქტომბრის შემდეგ მიდიოდა მუდმივად იმის მტკიცება, რომ „ნაცმოძრაობა“ არის პოლიტიკურ გვამად გადაქცეული პარტია და ა.შ. მაგრამ ამ აქციამ გამოაჩინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შეუძლია ოპონირება გაუწიოს დღევანდელ ხელისუფლებას“, უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკა ჩიტაძემ, რომლის თქმითაც, ასევე მნიშვნელოვანი იყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანების მთავარი გზავნილიც, რომ ისინი არ შეეგუებიან ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას.

„საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელის კახა კახიშვილის აზრით კი, 19 აპრილის მიტინგმა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რეალურად ვერაფერი შეცვალა: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ რჩება დაბალი რეიტინგისა და ლეგიტიმაციის პოლიტიკურ ძალად:

„’ქართული ოცნების’ ნაწილს აწყობს ძირითად ოპონენტად „ნაციონალური მოძრაობა“, რადგანაც მომგებიანია, როცა გყავს დისკრედიტებული ოპოზიცია, რომელსაც იოლად დაამარცხებ არჩევნებში. ამიტომ რაღაც ჯგუფს „ქართულ ოცნებაში“ აწყობს ასეთი ოპონენტის ყოლა. დარწმუნებული ვარ, რომ 19 აპრილის აქციის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ზოგიერთი პოლიტიკოსი იტყვის, რა ვქნათ, რეალობა ასეთია, „ნაცმოძრაობას“ ჰყავს მხარდამჭერები და ამიტომ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვესაუბრებით და მხოლოდ მასთან გვაქვს პოლიტიკური დისკუსია“.

კახი კახიშვილის თქმით, 19 აპრილს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სიდიდით მეორე საპარლამენტო პარტიამ, სცადა ძალის დემონსტრირება, ანუ სცადა თავისი ოფიციალური მდგომარეობის შესაბამისი აქციის ჩატარება. ამ აზრს იზიარებს პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძეც, თუმცა ის იმასაც შენიშნავს, რომ ამ მცდელობისგან არაფერი გამოვიდა:

„საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციაზე არის გამორიცხული. რომ ავიღოთ ის ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისისა და სხვა ადმინისტრაციული ერთეულების თვითმმართველობებში ფლობს, შეეძლო, სულ ცოტა, ხუთჯერ მეტი ხალხის გამოყვანა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადმინისტრაციულმა რესურსმაც კი ვერ უშველა. თუნდაც ეს მოწმობს იმას, რომ მათი რეინკარნაცია არის წარმოუდგენელი. ემოციური მუხტი გამოსვლებისა და მათი ლექსიკური შემადგენლობაც მიუთითებდა იმაზე, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსაც აღარ სჯერათ იმ გზის პერსპექტიულობისა, რომელსაც ისინი ადგანან“.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ განხეთქილებაა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის, რაც ასევე უშლის ხელს პარტიას დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები. „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი კი, ლაგაზიძისგან განსხვავებით, ფიქრობს, რომ 19 აპრილის მიტინგი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ოპოზიციის რანგში თამამად გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია:

„კარგად ვიცით, რომ ბოლო ხანებში სულ იყო აპელირება იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია არავითარი რეიტინგი, აღარ ჰყავს მხარდამჭერები და ასე შემდეგ. ამიტომ სჭირდებოდათ იმის დემონსტრირება, რომ ამ პოლიტიკურ ძალას აქვს მხარდაჭერა. ეს ერთი. მეორე კი ის, რომ მათ უნდოდათ ახალი იდეების წარმოჩენა იმისათვის, რომ ასევე დაენახვებინათ საზოგადოებისათვის, რომ ეს არის განვითარებადი ძალა, რომელსაც შეუძლია გადალახოს ის კრიზისი, რომელიც გამოიწვია დაშვებულმა შეცდომებმა და შემდგომში - არჩევნებში დამარცხებამ“.

გარდა ამისა, კახა გოგოლაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასევე პირველი ნაბიჯი გადადგა იმიჯის შეცვლის თვალსაზრისითაც, რაც, პირველ რიგში, გამოიხატა საკუთარი ძალისხმევის გაიგივებაში ახალ ეროვნულ მოძრაობასთან.