7 წლის წინ ოქროყანის სასაფლაოზე მოკლული სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი კვლავ სამართლის აღსრულების მოლოდინშია. მიუხედავად მთავარი პროკურორის დაპირებისა, რომ იანვრის ბოლოს საზოგადოებას გამოძიების შედეგებს გააცნობდა, დღემდე საქმეს დასასრული არ უჩანს. გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს სანდროს მამა, რომელიც ირწმუნება, რომ ყველაფერი კარგად მიდის და მაისში მისი და სანდროს მეგობრების მიერ დაარსებული ფონდის პრეზენტაციაზე საქმის ირგვლივ "რაღაც სიახლეები იქნება".
- ბატონო გურამ, პროკურატურა იანვრის ბოლოსთვის გვპირდებოდა გამოძიების დასრულებას, როგორ ფიქრობთ, რატომ ჭიანურდება სამართლის აღსრულება?
- საქმის სწრაფი ტემპით წარმართვის მომხრე არასდროს ვყოფილვარ. ამ შემთხვევაში გამოძიებას შესაძლოა, ბევრი დეტალი გამორჩენოდა და ბევრი ადამიანიც მშრალად გამომძვრალიყო აქედან. ალბათ, უფრო მიზანშეწონილია, მეთოდურად და ეტაპობრივად გამოიძიონ სანდროს საქმე.
ეს გამოძიება მარტო საქართველოში კი არ მიმდინარეობს, მის შედეგებს ელოდება ევროპის მინისტრთა კაბინეტი. ასე რომ, მათაც თანმიმდევრულად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია. ჩვენს საქმეში ბევრი წინააღმდეგობა და ახალი გარემოებები გამოჩნდა, რომელთაც დამტკიცება სჭირდება. ხომ ნახეთ, ბუტა რობაქიძის საქმეში როგორი ცუდი როლი ითამაშეს დონაძემ, ოქრუაშვილმა და სხვებმა, იმათ, ვისაც დღეს ხელს აფარებენ - ამიტომაც არაა სასურველი აჩქარება. ვერ ხედავთ, რა დღეში არიან ნაცები?! მათთვის უცნობია, რა სიახლეებია გამოძიებაში, შესაძლოა, ინფორმაციის მოპოვების შემდეგ ყველაფერზე ხელი აიღონ, თავის დასაძვრენად ისეთი არგუმენტები მონახონ, რომ ჩიხში შეიყვანონ გამოძიება. ეს ხელს აძლევს ყოფილ ხელისუფლებას. ამიტომაც არ ხდება საქმის დეტალების აფიშირება, თორემ, ყველაფერი კარგად მიდის. ბოლოს და ბოლოს, 7 წელი დამიცდია და რამდენიმე თვეც რომ დავიცადო, რა მოხდება? მე ახლა ფონდის საქმეებზე ვარ გადართული, მაისში გაიმართება "სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის სამართლიანობის ფონდის" პრეზენტაცია, რითაც პასუხს გავცემთ ყოფილ ხელისუფლებას. ეს ფონდი არაპოლიტიკურია და თუ რა მიზნები აქვს, ამას პრეზენტაციაზე შეიტყობთ.
დამნაშავეები მარტო სანდროს საქმის გამო კი არა, სხვა საქმეების გამოც კარგა ხანია, ციხეში უნდა იყვნენ, მაგრამ ყველაფერს დამტკიცება უნდა. ჩვენც წინა ხელისუფლების მეთოდებით ხომ ვერ ვიმუშავებთ?! ყველაფერი სამართლიანობის აღდგენისაკენ მიდის.
- როგორც გატყობთ, დიდმა ტრაგედიამ გაგაძლიერათ და არ დაგიკარგათ მომავლის რწმენა...
- შეიძლება მარტო მყოფი მოტეხილი და დათრგუნვილი გეჩვენოთ, მაგრამ ვცდილობ არ დავანახო ნაცებს და წინა ხელისუფლებას, რომ ტრაგედიამ გამტეხა. ამან ერთი მხრივ, მართლაც გამაძლიერა, ამიტომაც შევქმენით ფონდი.
- ფონდის დამფუძნებელი თქვენ ხართ, ვინ იქნება მისი თავმჯდომარე?
- თავმჯდომარეს ჯერ ვერ დავახელებ. ისე, არც პოლიტიკოსია, არც ცნობილი სახე. ფონდი სანდროს მეგობრებმა დააარსეს და თავმჯდომარეც თავისთავად, მათი რიგებიდან იქნება. ეს ახალგაზრდები თავის დროზე უსამართლობის წინ აღუდგნენ და მხარში დაგვიდნენ.
- თქვენ პირდაპირ დაადეთ ხელი თაკო სალაყაიას და დათა ახალაიას, როგორც მკვლელობის დამკვეთებს. გამოძიების მსვლელობისას ხომ არ შეგიცვლიათ შეხედულება?
- დამკვეთები იგივე დარჩნენ, მათი მფარველები კი მიშა სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი იყვნენ. შემსრულებლებში შეიცვალა რაღაც-რაღაცები. ზოგიერთის ვინაობა აქამდე სპეციალურად ჰქონდათ გასაიდუმლოებული, კვალის ასარევად. გამოჩნდნენ ახალი მოწმეები, რომლებიც ამბობენ, როგორ გააყალბეს საქმე. რა თქმა უნდა, საქმეში ყველა ეს ადამიანი მონაწილეობდა, თუნდაც - დონაძე, დღეს დიდი რიხით რომ
ამბობს, მე არაფერ შუაში ვარ გირგვლიანის საქმეშიო. პასუხისგებისთვის უნდა მოემზადოს ყველა ის ადამიანი, ვინც სუფრასთან იჯდა. მართალია, ზოგი ქვეყნიდან გაქცეულია, მაგრამ მათ ჩამოიყვანენ და პასუხისგებაშიც მისცემენ. ასე რომ, ჩვენ რომ დეტალები გავამჟღავნოთ, მერე ვიღაცები კვლავ დაიმალებიან. მოვა დრო, ესენი თვითონ დაასმენენ და ხელს დაადებენ ერთმანეთს. ჯერ კიდევ აქვთ რაღაცის იმედი, მაგრამ როგორც კი მიწვდებიან, ეს ღლავები მაშინვე დაიწყებენ ერთმანეთზე გადაბრალებას. ზოგიერთი მნიშვნელოვან ინფორმაციას მაისში, ფონდის პრეზენტაციაზე შეიტყობთ.
ყველაფერი კარგად იქნება. ეჭვი არ მეპარება, სამართალს ვიპოვი!