დღესდღეობით, თურქეთში სამუშაოდ ბევრი ქართველია წასული. როგორც თავად ამბობენ, ამ ქვეყანას უპირატესობას ტერიტორიული სიახლოვის გამო ანიჭებენ. თუმცა შრომის ანაზღაურება საკმაოდ მცირეა და იმის გამო, რომ ბევრი მათგანი რთულ პირობებს ვერ უძლებს, საქართველოში მოკლე ხანშივე ბრუნდება უკან. გადავწყვიტე, თურქეთში ნამყოფ ქართველებს გავსაუბრებოდი და მათი შთაბეჭდილებები თქვენთვისაც გამეზიარებინა.
გიორგი საკარული, ჟურნალისტი, 24 წლის:
- გიორგი, რატომ გადაწყვიტე თურქეთში წასვლა? აქ სად მუშაობდი მანამდე?
- პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ამ სფეროში დაახლოებით 12 წელია ვმუშაობ. წინასაარჩევნოდ, სააგენტო "ინფო 9"-ში, შიდა ქართლის ჟურნალისტად რვა თვის განმავლობაში ვიყავი. მოგეხსენებათ, მაშინ როგორი სიტუაცია იყო, დავალებების შესრულება ურთულეს, 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა. თუმცა ყველაფერს სულითა და გულით ვაკეთებდი, რადგან ჩემი საქმე მიყვარს და სიმართლეს ვემსახურებოდი. არჩევნების შემდეგ, ხელმძღვანელმა რამდენიმე ჟურნალისტს დაგვირეკა და გვითხრა - გათავისუფლებულები ხართ, ამდენი ჟურნალისტი აღარ გვჭირდება, ხელფასს ვერ გადაგიხდით, რადგან ბიუჯეტში ფული აღარ გვაქვსო. აი, ასე მარტივად გამოგვიშვეს... მთავარი ისაა, რომ ის 20 თანამშრომელი, პროფესიით ჟურნალისტები ვართ. გარდა ამისა, მე პირველივე ნაკადში ამიყვანეს, მერე კი ტელევიზიაში ბევრი ისეთი დატოვეს, ვისაც ჟურნალისტიკასთან არანაირი შეხება, გამოცდილებაც კი არ ჰქონდა. მეგონა, რომ არჩევნების შემდეგ, სამართლიან გარემოში ვიცხოვრებდით და სტაბილური სამსახური ახალი მთავრობის პირობებში მაინც მექნებოდა, მაგრამ მოვტყუვდი... უმუშევრობა რთულად გადავიტანე, დეპრესია დამემართა, სახლში ჩავიკეტე და აღარ ვიცოდი, რა მექნა. იმისთვის, რომ ფსიქოლოგთან მემკურნალა, დედაჩემმა ფულიც კი ისესხა.
- ოჯახის წევრები დასაქმებულები არ არიან?
- ისეთ ოჯახში რომ გავზრდილიყავი, რომელიც ფინანსურად ძლიერი და მყარია, ცოტა ხანს უმუშევარიც გავძლებდი, მაგრამ დედაჩემი, ჩემი და, ძმა, რძალი ვერ მუშაობენ და ერთადერთი ადამიანის - მამაჩემის შემოსავალზე ვართ დამოკიდებულები. ის ვაჭრობს, - მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერ ამინდში ქუჩაში ფეხით დადის და გზადაგზა რაღაცებს ყიდის. ეს საქმიანობა კი, მოგეხსენებათ, არც ისე შემოსავლიანია, ან როდემდე შეძლებს?.. ამიტომ, უმუშევრობა ჩემთვის ტრაგედიაა, ჟურნალისტობის გარდა კი არაფერი შემიძლია... "ფეისბუკზე" ერთმა მეგობარმა მომწერა, - უმუშევარი როდემდე უნდა იყო, ადექი და სადმე წადიო. ჯერ ვიფიქრე, ბავშვის მომვლელად გერმანიაში წავსულიყავი, არ მეთაკილება არანაირი სამსახური, მაგრამ ენა უნდა მესწავლა, ამას კი ცალკე დრო და თანხები უნდა. ვიზა, პასპორტი და სხვა საბუთები კი 1.500 დოლარამდე ადიოდა, რასაც ვერსად ვიშოვიდი. შესაბამისად, უფრო ადვილ ხერხს მივმართე და გადავწყვიტე, თურქეთში წავსულიყავი. ნდობის ფაქტორი უფრო მაღალი მქონდა, - მაინც ახლოსაა და ვიფიქრე, თუ საქმე გამოსაქცევად მექნება, საქართველოსთან ახლოს მაინც ვიქნები-მეთქი. იქაური პირობების შესახებ დაახლოებით ვიცოდი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მიჭირდა, იქ წასვლა მაინც გადავწყვიტე. მეზობლისგან 250 დოლარი პროცენტით ვისესხე, ID ბარათიც ავიღე და მეორე დღესვე გავემგზავრე. ჩემი მეგობარი მეუღლესთან ერთადაა თურქეთში წასული, იქ ჯინსის ფაბრიკაში მუშაობენ, ჰოდა, მათთან ჩავედი. საშინელი პირობები დამხვდა: იმ ფაბრიკაშივე სძინავთ მაგიდის ქვეშ, წყალს ოთახში აცხელებენ და დიდი ვაი-ვაგლახით საპირფარეშოში იბანენ. საჭმელს კი დღეში ერთხელ აძლევენ.
- ID ბარათის გარდა, ვიზა ან რაიმე სხვა საბუთი არ დაგჭირდა?
- ID ბარათით თურქეთის საზღვარზე ნებისმიერი ადამიანი გადადის, ვიზა საჭირო არ არის. იქ ყოფნის უფლება სამი 3 თვის განმავლობაში გაქვს, მერე კი უნდა დაბრუნდე, საქართველოში 3 თვე დარჩე და უკან წახვიდე. იქაურ სამსახურსაც გააჩნია, სად მოხვდები. ზოგი ქალი ოჯახში მუშაობს და იმ ოჯახზეა დამოკიდებული. თუ ფულს გადაიხდის და ვიზას 6 თვემდე გაუგრძელებს, დარჩება... მოკლედ, ორთაჭალიდან ავტობუსით გავემგზავრე, რომელიც 50 დოლარი ღირს. მეორე დღეს უკვე სტამბოლში ვიყავი. კვირა დღე იყო და ყველა ისვენებდა. აქსარაიაზე, რომელიც თბილისური ვაგზალი გეგონებათ, ჩემი მეგობარი დამხვდა. საერთოდ, სტამბოლი ქართველებით, განსაკუთრებით მეგრელებით, უმეტესად კი ზუგდიდელებითაა სავსე...
- რას საქმიანობენ იქ ქართველები?
- ძირითადად, ფაბრიკებში ან ოჯახებში მუშაობენ. ძალიან ბევრი კი, ჩვენდა სამარცხვინოდ, თავს ქურდობით ირჩენს. სტამბოლში სამსახური ყველასთვისაა. იაფი მუშახელი, "ვირის მუშა" კი ყველას სჭირდება. როგორც ვნახე, იქ ცხოვრება ძვირია. მაგალითად, მგზავრობას, საკვებ პროდუქტებს - კატასტროფული ფასები ადევს. რესტორანში შესვლაზე არც კი ვიოცნებებდი, რამდენჯერმე კი მშიერმაც გავძელი. ერთი კვირის განმავლობაში იმ საშინელი წვნიანების ჭამამ მომიწია, მაგრამ ვიტანდი - მოხარშული ლობიო მხოლოდ ტომატიან წყალში ეყარა. მარილიც კი არ ჰქონდა.
- რა სახის სამუშაოს შესრულებამ მოგიწია?
- თავიდან, ჯინსის ფაბრიკაში ვიმუშავე. მეგონა, რთული საქმე არ იქნებოდა, მაგრამ - ნურას უკაცრავად. სწრაფი ხელი სჭირდება, მთელი დღე ფეხზე უნდა იდგე და ა.შ. იცოდნენ, რომ ასეთ სამუშაოზე არ ვიყავი ნამუშევარი, მაგრამ მაინც ამიყვანეს და ასე თუ ისე, რაღაც გამომდიოდა. თუმცა, თითო სამსახურში 1-2 დღეზე მეტხანს ვერ დავყავი. ამ ფაბრიკიდან ჩემი მეგობრებიც წამოვიდნენ და მათთან ერთად - მეც. სამსახურის საძებნელად, ფაბრიკიდან ფაბრიკაში გადავდიოდით. ამ სიარულში კი ერთი კვირა გავიდა. შრომის ანაზღაურება არც ისე ბევრი - თვეში 600 ლირაა (ანუ თითქმის ამდენივე ლარი). სამუშაო გრაფიკი 12-საათიანია - დილის 8-დან საღამოს 8-საათამდე. ყველანაირი საქმის კეთება გვიწევდა - ღილების დაკვრა, სათავეებზე ზედმეტი დეტალების მოჭრა და ა.შ. ჯინსი ჯერ სამღებროში შედიოდა, მერე კი "ქიმია" უკეთდებოდა და საშინელი სუნი იდგა. შემდეგ უნდა დაგვეხარისხებინა, ლოგოები დაგვეკრა და გაგვეუთოებინა, ეს კი მტანჯველი პროცესი იყო, საერთოდ ვერ ვსხდებოდით. ერთხელ, უთოზე მთელი დღე მომიწია მუშაობამ და გადავირიე, უთოს ორთქლი აუტანელი იყო. მერე ამ ყველაფერს ვახარისხებდით, პარკებში ვყრიდით: დაახლოებით 80 ცალს ზურგზე მოვიკიდებდით და მანქანაზე ვტვირთავდით, რომელიც შემდეგ მაღაზიებში მიჰქონდათ. იქ ასეა - მორჩები ერთ საქმეს, აკეთებ მეორეს, არ უნდა გაჩერდე. სხვათა შორის, ნათლად დავინახე ის, რომ ქართველებს და თურქებს ასხვავებენ - ადგილობრივებს ნაკლებად ამუშავებენ, ქართველებს კი ბოლომდე "წურავენ". რატომ უნდა გვიწევდეს ქართველებს თურქეთში წასვლა? საქართველოში ერთი ფაბრიკა მაინც რომ არსებობდეს, ქართველს ისე არ გაუჭირდებოდა, თურქის მონა გამხდარიყო! მძიმე სამუშაო რა იყო, არც კი ვიცოდი, მაგრამ არ ვეპუებოდი და მაინც ვაკეთებდი, მიუხედავად იმისა, რომ ხელები უკვე საშინელ დღეში მქონდა... მე კი არა, კარგად ნავარჯიშები ქართველი ბიჭები იყვნენ, რომელიღაც სოფლიდან და ასეთ დატვირთვას მათაც ვერ გაუძლეს, მალევე გამოიქცნენ.
- ენის ბარიერი არ გქონდა?
- რა თქმა უნდა, ეს ცალკე პრობლემა იყო. ზოგ შემთხვევაში, ოთახს ფაბრიკის დირექტორი ქირაობს, სადაც 8-10 ადამიანი ერთად ცხოვრობს და აბსოლუტურად უცხო ხალხთან ერთად გიწევს ძილი, ჭამა და ა.შ. თუ ქართველი შეგხვდა, ხომ კარგი, მაგრამ იქ მყოფი ქართველების ალბათ 70% ნარკომანია და მეც მთავაზობდნენ - მოდი, ძმაო, გასინჯეო. ამაზე სულ გადავირიე... იქიდან წამოვედი და გამწვანების სამსახურში გადავედი. იქ კი, წვიმა იყო თუ ქარი, მუშაობა მაინც გვიწევდა. მიწას ვთხრიდით, ზედმეტი ქვებისგან ვასუფთავებდით და ბალახს ვაგებდით. იქ უკვე 750 ლირა იყო ხელფასი, მაგრამ რაც მთავარია, თანხას არ გაძლევენ მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რამდენად კარგად მუშაობ. ამ თანხიდან კი პირველ თვეში, 300 ლირას დამსაქმებელს უხდი, რადგან სამსახური მან გიპოვა. იქაც რომ ვერ გავძელი, იმავე დამსაქმებელს დავურეკე, რომელიც ქართველია, და გემით სხვა რაიონში გადამიყვანეს. იქაც გამწვანება იყო. მომატყუა, - მძიმე სამუშაო არ არისო, - და იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე მქონდა. დამსაქმებელმა ძალიან კარგად იცის, სად მიჰყავს ადამიანი. გაოცებული და გაოგნებული დავრჩი, როცა იმ კოლექტივში 24 ქართველი ბიჭიდან, ყველა ნარკომანი აღმოჩნდა; არ ვაჭარბებ. ისინიც მთავაზობდნენ, კარგი წამალი გვაქვსო... ნორმალური ადამიანის ფსიქიკა ამდენს ვერ უძლებს. ამას ისიც დაერთო, რომ საშინლად გავცივდი და მეორე დღეს სამუშაოდ ვეღარ გავედი. ამ დროს ჩეჩნებთან და სირიელებთან მოვხვდი ბინაში და საერთო ენა ვერ გამოვნახე. ქართველი, რომელიც ჩემთან ერთად იყო, წამოვიდა: - ვერ ვუძლებო, - მითხრა. ამ ყველაფრის შემდეგ, მეორე დღეს, სიცხიანმა მეც დავტოვე იქაურობა. მთელი ღამე ლოცვაში გავატარე, რომ როგორმე გამეთენებინა და თბილისში დავბრუნებულიყავი. ისე წამოვედი, რომ გზის ფულიც აღარ მქონდა. ვინაიდან ავტობუსის გამცილებელს ვიცნობდი, შეღავათი გამიკეთა და თანხა თბილისში გადავუხადე. ისევ მშობლებმა ისესხეს 50 დოლარი.
ღვთის წყალობით, რამდენიმე დღის წინ, დავბრუნდი იმ გაზეთში ("ქრონიკა"), სადაც ადრეც ვმუშაობდი. მადლობელი ვარ ჩემი რედაქტორის, რომელიც შემთხვევით ქუჩაში შემხვდა და სამსახურში აღმადგინა. ახლა ისევ აქტიურ ჟურნალისტიკას დავუბრუნდი და ბედნიერი ვარ.
ირინა ჩიკვილაძე, ყოფილი შტაბის სერჟანტი, 47 წლის:
- თურქეთში წასვლა, რა თქმა უნდა, სამსახურის უქონლობისა და ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გამო გადავწყვიტე. 18 წელი თავდაცვის სამინისტროში ვიმუშავე და კარგი მუშაობისთვის, ოქროსა და ვერცხლის მედლებიც კი მაქვს მიღებული. გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ვეკუთვნოდით, ინფორმაციის დამუშავებისა და გამრავლების ჯგუფის უფროსი ვიყავი. ზოგს კომპიუტერი თვალითაც კი არ ჰქონდა ნანახი, მე რომ იქ ვმუშაობდი. მახსოვს, კომპიუტერი პირველად 1994 წელს შემოგვიტანეს და ჩემ გარდა, არავინ მიეკარა, მინისტრის ბრძანებებს მე ვკრებდი. მერე, ბაჩო ახალაიამ თავისი ხალხი რომ მოიყვანა, ძველი თანამშრომლები მისივე ბრძანებით, ეტაპობრივად გამოგვიშვეს. მე ასეთი უსაფუძვლო მიზეზით დამითხოვეს - დროებით ბრიგადაში უნდა გადახვიდე, შტაბში ვიღაცას თვალში არ მოუდიხარო. წარმოგიდგენიათ? მშობლები პენსიონერები არიან, ჩემი და, რომელიც საქართველოს ფოსტაში წლების მანძილზე მუშაობდა, უმუშევარი დარჩა, ამას ბანკის ვალიც დაერთო და გასტუმრება ხომ უნდოდა?! ამიტომ, გადავწყვიტე, თურქეთში წავსულიყავი, რადგან ახლოსაა. იქ კი ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი...
- გამგზავრება რომ გადაწყვიტე, იქ ვინმე ნაცნობი თუ გყავდა?
- აბსოლუტურად არავინ, ალალ ბედზე წავედი. მხოლოდ და მხოლოდ რომელიღაც ოფისის ტელეფონის ნომერი მქონდა. ავტობუსში ქალები გავიცანი და გაკვირვებულებმა მკითხეს, - სად მიდიხარ, შვილო, თუ იციო?.. საზღვარზე პასპორტს რომ გვიმოწმებდნენ და ნახეს, პირველად გადავდიოდი, იმ პოლიციელებსაც ასეთი რეაქცია ჰქონდათ... მოკლედ, ჩავედი სტამბოლში. ღამე იმ ოფისში გავატარე, საიდანაც ქალებს ასაქმებენ. მეორე დილით რომ ავდექი, სულ დაკბენილი და დასივებული ვიყავი. ღმერთმა არ გამწირა და ბედად, იქ შემთხვევით შემოსული ორი ქართველი ქალბატონი გავიცანი, - წესიერი და კარგი ხალხი; როგორც ჩანს, წლების მანძილზე იქ ცხოვრობდნენ. ასეთ მდგომარეობაში რომ მნახეს, ერთ-ერთმა ჩუმად ტელეფონის ნომერი მომცა და ის რომ არა, ახლა სად ვიქნებოდი, არ ვიცი. იმ ოფისიდან წამიყვანა და ერთი კვირის მანძილზე მიპატრონა, მაჭმევდა, მასმევდა, დიდი პატივი მცა.
- როგორ იშოვე სამსახური?
- გამახსენდა, რომ იქ ჩემი ძველი ნაცნობი ცხოვრობდა, დამსაქმებელი ყოფილა. დავურეკე და შეხვედრაზე შევთანხმდით. რომელიღაც ფაბრიკაში წამიყვანა, სადაც თურმე სარდაფში უნდა დამეძინა. საშინელი პირობები იყო, - სიბინძურე, ყველანაირი გაგებით. ისიც არ ვიცი, სად იბანდა ის ხალხი?.. თანაც, იმ ქალბატონს ჩემგან თურმე საკომისიოც უნდა აეღო - ხელფასის ნაწილი. მოკლედ, ავდექი და გამოვტრიალდი. გაოგნებული ვიყავი. არც გზა ვიცოდი, არც ვინმე პატრონი მყავდა, არც ღამის გასათევი მქონდა. ავტობუსში ქუთაისელი წყვილიც გავიცანი და კიდევ კარგი, იმ გოგონას ტელეფონის ნომერი გამოვართვი. დავურეკე თუ არა, სადაც ვიყავი, იქ მომაკითხა და თავისთან წამიყვანა. ისეთი მადლობელი ვარ, მანაც ძალიან მიპატრონა. მერე ხან სად ვიმუშავე, ხან - სად. ძირითადად, მოხუცებს ან ბავშვებს ვუვლიდი და სხვათა შორის, ენის უცოდინარობის მიუხედავად, სამსახურში ყველას ავყავდი, მაგრამ ერთ თვეზე მეტხანს ვერ ვძლებდი. 24 საათი ვტიროდი. ერთ ოჯახს ფულის მოცემა არც უნდოდა, მაგრამ ძალით წავართვი, ისიც - 500 დოლარი.
- იქ რომ ქართველს რამე დაემართოს, პასუხისმგებელი თუ არის ვინმე?
- აბსოლუტურად არავინ, ვინაიდან მაინც არალეგალებად ვითვლებით. ერთი ადგილია, სადაც მხოლოდ თურქი დამსაქმებლები არიან და მათგან დასაქმებული ხალხი უფრო დაცულია, მაგრამ ვინც ენა არ იცის, მათ არ იღებენ. ყველა ჯანმრთელსა და ახალგაზრდა ადამიანებს ეძებს. ასაკოვანი ქალები ვნახე, თან მსუქნები და მიკვირდა, საქმეს როგორ აკეთებენ-მეთქი?.. სხვათა შორის, ზოგი შედარებით კმაყოფილიცაა, - გააჩნია, როგორ ოჯახში მოხვდები. რამდენიმე თურქმა მითხრა, ქმრის გამო ვერ აგიყვანო: საშინლად ეჭვიანები არიან. სხვათა შორის, ნამდვილი თურქები ქერა და ცისფერთვალება ტიპები ყოფილან.
- თურქეთში მყოფ სხვა ქართველებთან ურთიერთობა თუ გქონდა?
- იქ ქართველებთან ვერ იმეგობრებ, - სხვანაირი კატეგორიაა, მათთან საერთო ენა ვერ გამოვნახე. მარტო იმაზე ფიქრობენ, როგორ აიღონ შენგან საკომისიო. წარმოდგენა არ გაქვთ, იქ რამდენი სიბილწეა... ჩვენი ხალხის ბრალია, შეაჩვიეს თურქები. რასაც თურქეთზე ლაპარაკობდნენ, ზღაპარი ყოფილა იმასთან შედარებით, რაც საკუთარი თვალით ვნახე. ზოგს ამუშავებენ და ხელფასსაც არ უხდიან, ბოლოს "გადააგდებენ". იმის უნარი უნდა გქონდეს, რომ თურქებს პირში უცინო, მაგრამ როცა არ მეცინება, აფერისტულად სიცილს ვერ დავიწყებ და ადამიანი რომ არ მიყვარს, კუდს ვერ ვუქიცინებ, ჩემს ხასიათში არ ზის. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, თუმცა იქ ხალხის კატეგორია იყო, რომელიც ამას მშვენივრად ახერხებდა. ზოგიერთმა ქართველმა ქალბატონმა, თავისუფლება რომ ნახა, უწესოდ ცხოვრებასაც მიჰყო ხელი... თბილისელი იქ იშვიათად შეგხვდება, ძირითადად, რაიონებიდან ჩასულები არიან. მაჭახელელი ქართველები გავიცანი, ბევრნი არიან თურქეთში ჩასახლებულები. ქართული ენა ასაკოვნებმაც და ახალგაზრდებმაც კარგად იციან. საოცრად თბილი ხალხია, ალალები, არ მოგატყუებენ. ტყუილები თურქებსა და ქურთებს უყვართ...