"დღეს ვანო მერაბიშვილი "ნაცების" ლიდერობის თვითინაუგურაციას იწყობს"

"ჩვენ 9 წელი ვითმენდით "ნაციონალური მოძრაობის" ჭორ-მართალს, ვაკვირდებოდით და ახლა თუ 9 თვით გაიგრძელეს საკუთარი ტექნოლოგიების მოქმედების ვადა, ეს არავის უნდა უკვირდეს. რასაკვირველია, როდესაც ვრცელდება რაიმე მწვავე ინფორმაციის შემცველი ამბავი, ნაწილს ეს ეამება, ნაწილს ეს სწყინს, ნაწილისთვის ეს მიუღებელია და ჯამში იქმნება ისეთი ნიუსი, რომელიც შემდგომ, მრავალ კომენტარს იმსახურებს და უკვე თავად შინაარსი ამ ინფორმაციისა, მეორეხარისხოვანი ხდება", - აცხადებს "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "დღეს ვანო მერაბიშვილი "ნაცების" ლიდერობის თვითინაუგურაციას იწყობს".

"სააკაშვილის მსხვერპლი, მთლიანად საქართველოა და ამდენად, რა გასაკვირია, რომ პატარა წერტილები ქვეყნის რუკაზე ისეთი, როგორიც ახალაიები არიან, აგრეთვე მსხვერპლად აღიქვას ვინმემ. მაგრამ მსხვერპლიც არის და მსხვერპლიც. ერთია, რომელიც წუხს თავისი მდგომარეობით ასეთი მსხვერპლობისას, მეორე კი არხეინად და სიამოვნებით იძენს ასეთ სტატუსს, რადგან ამგვარი მსხვერპლი, უპირველეს ყოვლისა, წარმოშობს სხვა უამრავ რეალურ მსხვერპლს და ეს არის სწორედ მათი ტკბობის საგანი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"როდესაც პრეზიდენტყოფილი აცხადებს, რომ არ მივალ აქციაზეო, ამით, რასაკვირველია, გარკვეული სისტემური შიდა დაპირისპირების საფუძველი უკვე ექნებათ ადამიანებს, რომელთათვისაც ვანო მერაბიშვილი არ არის მათი პარტიული ხატი. ეს შედარებით ადრე დაანონსა სააკაშვილმა. ამდენად, ვფიქრობ, სწორე დეს განცხადება უფრო გაათამამებდა ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებმაც მეორე დღესვე გააკეთეს განცხადება, განშორებასთან დაკავშირებით, ვგულისხმობ მერაბიშვილთან და მის აპოლოგეტებთან განშორებას", - განაგრძობს რესპონდენტი.

"დღევანდელი აქცია არის მცდელობა, ვანო მერაბიშვილის მიერ, თვითინაუგურაციის, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის თანამდებობაზე. შეიძლება მორცხვად ეს კამპანია გადააკეთონ 27 აპრილის საშუალედო საპარლამენტო არჩევნების კამპანიად, მაგრამ მოივლენები, რაც ვითარდება "ნაციონალური მოძრაობის" ელიტის თავს, არ გვაძლევს იმის მტკიცებულებას, რომ "ნაცმოძრაობის" ნაოცნებარი რაიმე რეალობასთან იქნება როდესმე მიახლოებული. რაიმე ტიპის ნეოკოაბიტაციას ადგილი რომ არა აქვს "ნაციონალურ მოძრაობაში", ეს, მე მგონი, ბავშვისთვისაც ნათელია", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი.