ბოლო რამდენიმე დღეა, საზოგადოება ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ახალ-ახალ სკანდალურ ინფორმაციებს იგებს. ამ მოვლენების შეფასება ექსპერტს, გია ხუხაშვილს ვთხოვეთ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ძმები ახალაიები რეჟიმის მსხვერპლად მოიხსენია.
- ძმები ახალაიები არიან რეჟიმის მსხვერპლები. შესაძლოა მოქალაქეობრივად ეს მათ დანაშაულს ამსუბუქებს, მაგრამ სამართალი ასეთ შემსუბუქებას არ ცნობს. მინდა გითხრათ, თვითონ სააკაშვილიც თავისივე შექმნილი რეჟიმის მსხვერპლია. სააკაშვილი არის საკუთარ თავში გაზრდილი ურჩხულის ანუ იმ რეჟიმის მსხვერპლი, რომელიც თვითონვე წარმოშვა. არავინ დავობს, რომ ახალაიები დამნაშავეები არიან, თუმცა არსებობენ დანაშაულის ჩამდენები და ამ დანაშაულის დამკვეთნი, და ეს დამკვეთი უფრო მეტად დამნაშავეა, ვიდრე უშუალოდ შემსრულებელი. ახალაიები იყვნენ სწორედ შემსრულებლები, ხოლო ამ დანაშაულის იდეოლოგები იყვნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი და რაღა თქმა უნდა, სააკაშვილი.
- რამდენად რეალური გგონიათ, რომ ბაჩო ახალაიამ დაასახელოს დამკვეთები?
- გამორიცხული არაფერია, თუმცა იმის თქმა, ბაჩო ახალაია დღეს და ხვალ რას იტყვის, ჩემთვის ძალიან ძნელია.
- მარიკა ვერულაშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს "ნაციონალური მოძრაობის" რიგებს.
- როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობიდან ძალიან ბევრი ადამიანი დადგება ამ პოზიციაზე და ეს ბუნებრივიცაა, რადგან დღეს დადგა იმის გააზრების დრო, რა ხდებოდა ამ 9 წლის განმავლობაში. ადამიანები აკეთებენ თავისებურ ანალიზს და გარკვეულ დასკვნებსაც. როგორც ჩანს, ასეთ დასკვნებს კიდევ არაერთი ადამიანი გააკეთებს.
- ანუ მსგავსი ტიპის განცხადებებს კიდევ უნდა ველოდოთ?
- დიახ, მე ვფიქრობ, კიდევ ბევრი ადამიანი გააკეთებს ასეთი შინაარსის განცხადებას. მათი ეს ნათქვამი ბოლომდე ვერავის გაამართლებს (ვიღაცეების თვალში შეიძლება ეს ერთგვარად შემამსუბუქებელი გარემოება იყოს, მაგრამ გამართლება არა), თუმცა ჩვენ ყველა ეს განცხადება უნდა მოვისმინოთ და შემდეგ საზოგადოებამ განსაჯოს და გამოიტანოს დასკვნა.
- სახელმწიფო დაცვის სამსახურში გასაიდუმლოებულ ხარჯებს გრიფით საიდუმლო მოეხსნა და აღმოჩნდა, რომ მაღალჩინოსნები არამიზნობრივად ხარჯავდნენ საბიუჯეტო სახსრებს.
- ეს არის ხელისუფლების და პირადად მიხეილ სააკაშვილის უტიფრობა. ჩვენ გვახსოვს, რა ამბავი ატეხეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და თვითონ მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც დაცვის სამსახური პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარა. ახლა გამოჩნდა თუ რის გამოც ატეხეს ეს ამბავი. ელექტრომობილით დადგმული სპექტაკლები, ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ პრეზიდენტს ეშინოდა ამ ყველაფრის გამომზეურების. ეს იყო მისი ისტერიკის საფუძველი. თუმცა, ჩემთვის ეს ყველაფერი გასაკვირი არ არის. ისინი იმდენად თავხედურად ექცეოდნენ საზოგადოებას, რომ სიმართლე გითხრათ, ძალიან არ გამკვირვებია, როდესაც ამ ინფორმაციას გავეცანი. ისინი სახელმწიფო ბიუჯეტს, ჩვენ მიერ გადახდილ გადასახადებს ზუსტად ამ ფორმით იყენებდნენ.
- თუმცა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
- ეს ყველაფერი დოკუმენტურად დადასტურებულია, იქ არის ბუღალტრული დოკუმენტაცია. გესმით ალბათ, რომ ასეთი განცხადებები ჰაერიდან არ კეთდება. ნაციონალები სიცრუის გადაფარვას ისევ სიცრუით ცდილობენ, მაგრამ ქაღალდები არ იწვის. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფოს ხარჯზე თავის ხუშტურებისთვის უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა, ეს არ არის ახალი ინფორმაცია. ცინიზმია, რომ ის დეპუტატები, რომლებიც დღეს პარლამენტში სხედან და სხვებს ჭკუას ასწავლიან, აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტის საშუალებით ხელს ითბობდნენ.