"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ბოლო წლებში საქართველოში ლამის ყოველი მეორე ადამიანი ეჭვობდა, რომ მის ტელეფონს უსმენდნენ. ისეთებიც კი, ვისაც არასდროს ჰქონია კავშირი არც პოლიტიკასთან და არც აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებასთან. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაირკვა, რომ ამგვარი მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალის უზარმაზარი არქივებია შექმნილი. როგორც ჩანს, ქვეყნის ამგვარად მართვისკენ კურსი "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აიღო. ამას ჩვენ მიერ მოპოვებული აუდიოჩანაწერებიც მოწმობს, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი ერთ ამბავს გაგახსენებთ, რომელსაც ეს აუდიოჩანაწერები უკავშირდება.
2006 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს საქართველოს პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან"- გია ნუცუბიძე. როგორც თბილისის მაშინდელი მთავარი პროკურორი, ახლა კი პარლამენტის დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი აცხადებდა, ნუცუბიძეს ბრალად ედებოდა განათლების მინისტრის მოადგილე თემურ სამადაშვილისთვის ქრთამის სახით 50 000 ლარის გადაცემა. ტელევიზიებმა ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს. რა თქმა უნდა, ნუცუბიძე დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, ყოფილი პარლამენტარი იმ სამშენებლო კომპანიას ლობირებდა, რომელსაც საქართველოს რამდენიმე რაიონში სკოლების რეაბილიტაციის მიზნით განათლების სამინისტროსთან 4-მილიონიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მრავალწლიანი დუმილი დაარღვია გია ნუცუბიძემაც და მისთვის გამოტანილი განაჩენის გადახედვა ითხოვა. ყოფილი პარლამენტარის მტკიცებით, ის თავის დროზე განათლების სამინისტროში გამოვლენილ კორუფციულ სქემას ემსხვერპლა. ზურაბ ადეიშვილი, ალექსანდრე ლომაია, თემურ სამადაშვილი - ის ყოფილი მაღალჩინოსნები არიან, რომლებსაც ნუცუბიძე დღეს პროკურატურაში უჩივის. ნუცუბიძე ამბობს იმასაც, რომ ფულის გადაცემის ვიდეოკადრები დამონტაჟებული და გაყალბებულია. ვიდრე ამ საქმის ხელახალი გამოძიება არ ჩატარდება, ჭირს მტყუან-მართლის გარკვევა, თუმცა ამ სტატიის დაწერა სულ სხვა მიზეზით გადავწყვიტეთ. იმხანად, როდესაც ნუცუბიძე დააკავეს, პროკურატურას არც დაუმალავს, რომ დაკავებამდე პარლამენტარს უთვალთვალებდნენ, უსმენდნენ მის ტელეფონსაც. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა აუდიოჩანაწერები, რომლითაც ირკვევა, რომ უსმენდნენ არა მხოლოდ გია ნუცუბიძეს, არამედ სხვა პარლამენტარებსაც. რაც მთავარია - ეს ჩანაწერები გია ნუცუბიძის დაკავების შემდეგ არის გაკეთებული. ლაპარაკიც სწორედ ნუცუბიძის საქმეს ეხება, ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ზურაბ ადეიშვილის უწყება (მაშინ ადეიშვილი გენერალური პროკურორი იყო) უსმენდა მაგალითად, საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეს ხათუნა გოგორიშვილს და დეპუტატ თემურ ჟორჟოლიანს. ჟორჟოლიანის რა მოგახსენოთ, ხათუნა გოგორიშვილი კი ყოველთვის ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, სააკაშვილის ერთგული კადრი. მაგრამ როგორც ჩანს, მაშინდელი ხელისუფლების პირველი პირები თანაგუნდელებსაც ეჭვით უყურებდნენ და ადეიშვილისა თუ მერაბიშვილის "ყურებისგან" არავინ იყო დაზღვეული.
საინტერესოა, რომ 2004 წლის მოწვევის პარლამენტში გია ნუცუბიძეც და თემურ ჟორჟოლიანიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრები იყვნენ, რომლის თავმჯდომარეც ხათუნა გოგორიშვილი გახლდათ. პარლამენტმა დეპუტატ გია ნუცუბიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის საკითხი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 48 საათში განიხილა. ნუცუბიძის დაკავებიდან დაახლოებით ერთ თვეში, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს თემურ ჟორჟოლიანსაც, ოფიციალური ვერსიით ეს მან თვითონ მოითხოვა, უსაფუძვლო არ არის ვარაუდი, რომ მისი პარლამენტარობა გია ნუცუბიძის საქმეს შეეწირა.
წესით, პარლამენტარის სატელეფონო საუბრების მოსმენაზე ნებართვა სასამართლოს მხოლოდ სერიოზული დასაბუთების შემთხვევაში უნდა გაეცა. საინტერესოა, თემურ ჟორჟოლიანისა და ხათუნა გოგორიშვილის სატელეფონო ლაპარაკს კანონიერად უსმენდნენ თუ არა. აღნიშნული აუდიოჩანაწერები ცხადყოფს, რომ ხელისუფლებაში მყოფ ძალას სატელეფონო მოსმენები უკვე 2006 წელს ჰქონდა ტოტალურად
დაწყებული. ამისგან თავს ვერ იცავდნენ თვით დეპუტატებიც. პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მას არათუ ეჭვი ჰქონდა, რომ მის ტელეფონს უსმენდნენ, არამედ თითქმის დაზუსტებით იცოდა, რაც პირადად უთხრა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს - მერაბიშვილსა და ადეიშვილს.
ვცადეთ ამ საკითხზე გავსაუბრებოდით გია ნუცუბიძეს და ხათუნა გოგორიშვილს, თუმცა ბატონმა გიამ ჩვენს ზარს არ უპასუხა, ქალბატონმა ხათუნამ კი გვითხრა, რომ ახლობელი ჰყავს ავად და ამ დღეებში ჩვენთან სალაპარაკოდ ვერ მოიცლის. სამომავლოდ მზად ვართ თითოეულ მათგანს მოვუსმინოთ.
ეპიზოდი ხათუნა გოგორიშვილისა და თემურ ჟორჟოლიანის სატელეფონო საუბრიდან:
თ. ჟ: რამე ხომ არ არის ახალი?
ხ. გ: ლევანიც შემოვიდა (სავარაუდოდ, იურიდიული კომიტეტის იმჟამინდელ თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილზეა ლაპარაკი. - ნ.დ.) და იქ იყო ადვოკატის თემა, მე ვუთხარი ნინოს (ნინო ბურჯანაძე - ნ.დ.), ყველაფერი მოვუყევი. ნუ, ერთი რამე ფაქტია, რაც არ უნდა იმას მოეთხოვა, ფული ამან მიიტანა, კრეტინობაა მინიმუმ, სხვა თუ არაფერია. ფოსტალიონია, შუამავალია, გარიგებაში მონაწილეობა მიიღო, კრეტინია რა მინიმუმ. შეიძლება ვაფშე ამის თქმა უარესიც იყოს მაგისთვის, მაგრამ საქმის კურსში ჩავაყენე, ყველაფერი მოვუყევი ნინოს, ლევანმა ადვოკატი ნახა, როგორც ვიცი.