რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე ერთი წლით ადრე

რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე ერთი წლით ადრე

რამდენიმე ნაწყვეტი 2011 წლის 21 ოქტომბერს მიცემული ინტერვიუდან

არსებული ვითარების შეფასება
– ყველანაირად ვცდილობ, რომ აქ კადაფიზაცია არ დაიწყოს. ჩემი მთავარი მიზანია, რომ ესენი როგორმე შევაჩეროთ, როგორმე კანონიერების ფარგლებში დავაბრუნოთ. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ შიდა ტემპერატურა დავწიო, რათა არ მოხდეს დაპირისპირება. ძალიან მეშინია, ქუჩის აქციები არ დაიწყოს, რაც ამათ აწყობთ. არ უნდა ვითამაშოთ მათი თამაში. როგორმე არჩევნებამდე უნდა მივიდეთ.

საკონსტიტუციო უმრავლესობა

– როდესაც მე ვამბობ, რომ აბსოლუტური უმრავლესობით მოვალ, ვგულისხმობ საკონსტიტუციო უმრავლესობას - ⅔-ს პლუს ერთი. ამ ეტაპზე საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას იმიტომ ვხედავ, რომ, უფრო პატარა გუნდით არსებით სისტემურ ცვლილებებს ვერ განვახორციელებთ, ვინაიდან ჩვენი და ნაციონალების ხედვები ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისგან. არადა, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, აუცილებელია, რომ კონსტიტუცია გავმართოთ.

საზოგადოება

– კონსტიტუცია ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ავტორიტარიზმისგან მხოლოდ კონსტიტუცია ვერ დაგვიცავს. საზოგადოებაც მზად უნდა იყოს. სწორედ საზოგადოების გაძლიერებას ვაპირებ, ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი.

არჩევნები

– მიმაჩნია, რომ არჩევნებს არსებულ პირობებშიც მოვიგებთ, სულ რომ არაფერი შეიცვალოს. ნაციონალები რეალურად მიიღებენ ათიდან ოც პროცენტამდე ხმებს. იმისათვის, რომ ამერიკამ და ევროპამ შედეგები ლეგიტიმურად ცნოს, მაქსიმუმ, ამ პროცენტის გაორმაგება შეუძლიათ და მეტი - არა. მე უკიდურეს ვარიანტს გეუბნებით, ამის მეტს ვერ შეძლებენ.

მედია

– დამოუკიდებელი მედია ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დამოუკიდებელი სასამართლო. თუ არ იქნა დამოუკიდებელი მედია, ვერ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო და პირიქით. დამოუკიდებელი მედია არის დემოკრატიის ერთ-ერთი ქვეკუთხედი, რომელიც უნდა შევქმნათ.

სოფლის მეურნეობა

– სოფლის მეურნეობა არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის წამყვანი, არ არის “ორთქლმავალი”. უმეტეს ქვეყნებში სოფლის მეურნეობა დოტაციაზეა. მაგრამ ყველა განვითარებული ქვეყანა, მათ შორის, ამერიკა, აუცილებლად ინარჩუნებს სოფლის მეურნეობას.

განათლება

– მთავარია ის, რაზეც ვისაუბრე ჩემს წერილში და რასაც ოცნების პროექტი დავარქვი: მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. ინტელექტი უნდა იყოს ქვეყანაში.

პირველი წელიწადი

– ყველაზე მძიმე იქნება ჩემი მოსვლიდან 6 თვე, მაქსიმუმ, 1 წელი. ეიფორიაში მყოფ ხალხს ეგონება, ფულს დაგვირიგებენ და ყველანი უცებ გავმდიდრდებითო. მაგრამ ასე ვერ მოხდება. სიტუაციის აწონ-დაწონვა მოგვიწევს, როგორც ოჯახში - ამდენი და ამდენი ფული გვაქვს, როგორ მოვიქცეთ?

საგარეო პოლიტიკა

– პატარა ქვეყნების საქმე ასეა: ზოგს ამერიკის გავლენის სფეროში ასახელებენ, ზოგს - რუსეთის... ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჩვენი ადგილი. ამ მხრივ საქართველო რთულ სიტუაციაშია. ჩვენი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება.

- ნეიტრალიტეტს, მე მგონი, ჩვენ ვერ შევძლებთ. ასეთი სუსტი სახელმწიფოს პირობებში, სუსტი ეკონომიკით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე - რომ ვთქვა, ნეიტრალიტატისთვის ვიბრძოლებ-მეთქი - ამის მოლოდინი ნუ გვექნება. იდეალური, რა თქმა უნდა, ნატო იყო ჩვენთვის და მასთან დაახლოებას კვლავაც ვეცდები. ნატო საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მაგრამ არ მაქვს ილუზია, რომ ამ მიმართულებით ვითარება სწრაფად შეიცვლება. ის შანსი, რაც გაუშვეს ხელიდან დიდი ხნით, იმედი მაქვს, რომ სამუდამოდ არ დაგვიკარგავს და ამ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ.

- გლობალური პოლიტიკის ჭრილში ნატოს და რუსეთის დაახლოება ჩვენ გარეშე მიმდინარეობს. სერიოზულმა პოლიტიკოსებმა ეს იციან. პროცესი იქით მიდის, რომ მათ ერთმანეთი საფრთხედ არ განიხილონ. მე მაქვს იმედი, რომ გლობალურ პოლიტიკაში მოხდება დაახლოებები და ხისტი პოზიციები შერბილდება. ეს ჩვენც მოგვცემს, საშუალებას, რომ უფრო იოლად ვიყოთ კომფორტული ყველასთვის და ჩვენც ვიპოვოთ ჩვენი უსაფრთხო ადგილი. ჩვენ ყველასთვის საინტერესო უნდა ვიყოთ და ამით ვიპოვნოთ ჩვენთვის საინტერესო ადგილი ცის ქვეშ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოვახერხებთ.

– მიმაჩნია, რომ რომელიმე ერთი ქვეყნის სატელიტი არ უნდა ვიყოთ; არ უნდა გავაუარესოთ და მხოლოდ უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ამერიკასთან, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა ევროპასთან და დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან.

შეცდომები

– შეცდომები, რა თქმა უნდა, იქნება. ნუ მომთხოვენ, რომ ყველა იდეალური იყოს. თვითონ ჩემი იდეალიზებაც ჩემივე სერიოზული პრობლემაა. სადაც მაიდეალებდნენ როგორც ყოველისშემძლეს, ამ ილუზიას სწრაფად ვუქარწყლებდი, რადგან არასდროს არავის ვპირდები იმას, რაც არ გაკეთდება.