ივანე მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს!

ივანე მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს!

ივანე მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს! - ეს სკანდალური ინფორმაცია გაზეთ „ქრონიკას“ პრეზიდენტის დაცვის ყოფილმა წევრმა მიაწოდა. ამ ინფორმაციის გაჟღერება იქნება პრევენცია, რომ არ ამუშავდეს მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური განადგურების სცენარი და თუ მერაბიშვილის გეგმა ამუშავდება, ეს ნიშნავს, რომ ახალი ხელისუფლება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დადგება, პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება და შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მივიღოთ. რაზე აქვს გათვლა ივანე მერაბიშვილს? - პრეზიდენტზე თავდასხმის ინსცენირებით ივანე და მისი რაზმი ორ კურდღელს იჭერს.

პირველი - მსოფლიო სასტიკად დაგმობს ახალ ხელისუფლებას და იტყვის, რომ მათ ვერ შეძლეს ქვეყანაში წესრიგის დამყარება, ვერ დაიცვეს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი, რასაც მოჰყვება სააკაშვილისთვის დაცვის შეზღუდვის თემის წინა პლანზე წამოწევა, ასევე დაიწყება ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა და ტერორისტული აქტის დამკვეთებად დასახელებისთვის მათ უამრავი ვარიაცია ექნებათ - რუსეთი და მისი პრეზიდენტი პუტინი, რომელიც სააკაშვილს ჯერ კიდევ წლების წინათ „კვერცხებით“ ჩამოკიდებით დაემუქრა.

„ნაცშპანა“ გაიხსენებს წინასაარჩევნო კამპანიას და იტყვის, აი, ხომ ვამბობდით, ბიძინა ივანიშვილი პუტინის კაციაო და შემოჰკრავენ განგაშის ზარებს. მეორე და მთავარ კურდღელს ივანე მერაბიშვილი დაიჭერს, თუკი მისი სცენარით დასრულდება პრეზიდენტზე ინსცენირებული ტერორისტული აქტი, რასაც რეალურად მოჰყვება ლეტალური შედეგი. ეს ნიშნავს, რომ ივანე მერაბიშვილი იშორებს მთავარ მოწმეს, დამკვეთს და ირეცხავს იმ ჭუჭყს, რასაც სააკაშვილთან ერთად სჩადიოდა ნაცელიტა. სააკაშვილი გარდაცვალების შემდეგ გახდება გმირი მსოფლიოს თვალში და ამ აქტით ივანე „გაღლეტილი“ გახდება რეინკარნირებული პარტიის ერთპიროვნული ლიდერი და ნაცებისთვის ახალი ერა დაიწყება. უფრო კონკრეტულად, აი. რას გვიყვება წყარო, რომელიც სააკაშვილის დაცვის სამსახურიდან იმ ას კაცთან ერთად გამოუშვეს, ვისაც პრეზიდენტი მერაბიშვილის კადრებად მოიაზრებდა:

„ყველაფერი პრეზიდენტის  დაცვის შემცირებით და დაცვაზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 მილიონის ჩამოჭრით დაიწყო. სააკაშვილი ძალიან გამწარდა, როცა გაიგო, რომ დაცვას უმცირებდნენ, კი ყვიროდა, დედაჩემის მანქანით ვივლიო, მაგრამ გამოსავალი მოძებნა და პიარაქციის მიზნით თავის ჰიბრიდულ „ლურჯას“ მოახტა და დაცვას უბრძანა, ნუ დამყვებით, საფრთხე სწორედ თქვენგან მელოდებაო! სააკაშვილის გამოვარდნა  ბავშვურ სიჯიუტედ ჩაითვალა, თუმცა ძაღლის თავი სხვა ხრიკებში იყო დამარხული.

ამას მოჰყვა სანაიას ეთერში მისი პოლიტიკიდან წასვლის დაანონსება, სინამდვილეში, როგორც სანდო წყარო გვიმხელს, ეს იყო შეთანხმებული თამაში მიშასა და ვანოს შორის. კერძოდ, ახალი ხელისუფლების დემორალიზაციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლების მიზნით, იგეგმებოდა შემდეგი სცენარი: ვანო მერაბიშვილს  მიშასთვის უთქვამს, მყავს ბოევიკების ჯგუფი, მოდი მოვახდინოთ ტერაქტის ინსცენირება და ავაფეთქოთ შენი „ჰიბრიდული“ მანქანა, რომელიც, ცხადია, არ იყო დაჯავშნილი. ვანოს სცენარის მიხედვით, მიშა იჯდებოდა დაცვის მანქანაში. ვანო უმტკიცებდა პრეზიდენტს, შენ, ცხადია, გადარჩები, მსოფლიოში დიდ აჟიოტაჟს გამოვიწვევთ, პარტია წინ წამოიწევს, ეს ყველაფერი დაბრალდებათ რუსებს, ბიძინას სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით, ეს ჩვენი გადარჩენის ბოლო შანსიაო. მიშას ეს სცენარი ჭკუაში დაუჯდა და ვანოს დათანხმდა, თუმცა მიშას უახლოესმა გარემოცვამ პრეზიდენტი გადაარწმუნა და არგუმენტირებულად დაულაგა, რომ რეალურად მერაბიშვილი მას წირავდა.

სხვათა შორის, აქვე გეტყვით, რომ 2007 წელს გივი თარგამაძე და მისი ფრთა ცდილობდა სააკაშვილისთვის მსგავსი ტიპის ინსცენირების მოწყობას, ოღონდ განსხვავებული სცენარით, მაშინ მსოფლიოს უნდა გაეგო, რომ საქართველოს პრეზიდენტის მოწამლვას აპირებდა რუსეთი ქალის ხელით. ეს პიარი კი მათ რუსეთთან პრობლემებისა და კონფლიქტის გაღვივებისთვის სჭირდებოდათ, თუმცა ამ სცენარმა მაშინ ვერ იმუშავა. სამაგიეროდ, ამ ეტაპზე იმუშავეს პრეზიდენტის „მოწამვლის სცენარისტებმა“ და სააკაშვილს კატეგორიულად აუკრძალეს მერაბიშვილის ტერაქტის ინსცენირებაში მონაწილეობა, - აქ შეთქმულებას აქვს ადგილი და შენ ხომ არ გადარეულხარ, ვანო გკლავს, როგორც მთავარ მოწმეს, თავიდან გიცილებს, შენს დაცვაში ვანოს ხალხია, გაგყიდიან, შენს სურათს გამოფენენ გლოვის ნიშნად და იტყვიან, რომ მიშა არის გმირი, მაგრამ მკვდარი და განეიტრალებული, ვანო კი გახდება მოქმედი გმირიო. მიშას ეს გეგმა რომ გაუშიფრეს, გაცოფდა, დასაბმელი გახდა, ვანოს კადრი ვინც კი იყო დაცვაში, სამსახურიდან დახსნა. სააკაშვილს შიში გაუჩნდა და ვანოს მხრიდან რეალურად ელოდება დარტყმას. არაა გამორიცხული, ვანომ ეს მაინც გააკეთოს“.

„ქრონიკამ“ ეს სკანდალური ინფორმაცია პოლიტოლოგ მამუკა არეშიძესთან გადაამოწმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ „ალიასთან“ საუბარში განაცხადა, რომ მას შეხვდნენ სააკაშვილის ძალოვნები და ისეთი შოკისმომგვრელი ინფორმაციები მიაწოდეს, რომელთა თქმისგან იმ მომენტში თავი შეიკავა.

სანდო წყაროს ინფორმაციით, იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია. იგივე წყარო გვიმტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციის იდეის ავტორი არის ივანე მერაბიშვილი. თქვენ კომენტარისთვის იმიტომ მოგმართეთ, რომ ამას წინათ მითხარით, რომ შეგხვდათ წინა ხელისუფლების ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, რომელმაც შოკისმომგვრელი ინფორმაციები გაგანდოთ. მაშინ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეთ, იქნებ, დღეს მითხრათ, ჩემი და თქვენი ინფორმაციები ემთხვევა?

- ვინც ასეთი ტიპის ინფორმაციაზე მელაპარაკებოდა, ის ხალხი წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ფრთას, რომლებიც არიან ძალოვნები. ისინი ძალიან გაღიზიანებული არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების გამო, განსაკუთრებულად იმ თემის გამო, რომ ბაჩო ახალაია ასეთ მდგომარეობაშია მიტოვებული. დღეს გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ გაზეთ `ალიას~ პარასკევის ნომერში გამოქვეყნებული თქვენი ინფორმაცია არის სწორი. როლანდ ახალაია მართლაც მივიდა ივანე მერაბიშვილთან, მათ ჰქონდათ დაძაბული საუბარი და უთხრა, - თეა თუთბერიძის იმედად არის ჩემი შვილი მიტოვებული და შენ სასამართლო დარბაზშიც კი არ მიხვედი გასამხნევებლადო. მათ შორის იყო ძალიან მწვავე საუბრები, მაგრამ ეს არის განწყობის ერთი ნაწილი.

ამავე ძალოვნების ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ გადაიქცა ერთმანეთის თვალთვალის ორგანიზაციად. ეს ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად აკონტროლებენ თანაგუნდელების თითოეულ ნაბიჯს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში არ შევიდნენ, აქ მეორე პრობლემა დგას, ერთმანეთს აკონტროლებენ, რათა ემანდ, ვინმემ ლიდერობა არ მოინდომოს და ვინმე არ ამოვარდეს საერთო სქემიდან. როგორც სანდო წყარო მეუბნება, ბაჩო ახალაია იმიტომ ზის დღეს ციხეში, რომ სწორედ მან მოინდომა `ნაციონალური მოძრაობის~ ლიდერობა, ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტი. როგორც „ნაციონალების“ ძალოვნებმა მითხრეს, ბაჩო ახალაია თურქეთიდან დაბრუნდა იმიტომ, რომ მან დაინახა პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის ფსევდოაქტიურობა და მოინდომა თავად „ნაციონალების“ მედროშედ ყოფნა. მათი სიტყვებით რომ ვთქვა, ბაჩო ახალაია აღმოჩნდა მებრძოლი და ყველა დანარჩენი - მათხოვარი, დაუნახავი, ისინი არ მალავენ ვანო მერაბიშვილის მიმართ გაღიზიანებას, ძალოვანი სამხედრო უწყების წარმომადგენლები მეუბნებიან, რომ რამდენჯერმე მან დათვური სამსახური გაუწია ახალაიას, კერძოდ, ლაფანყურის ამბებთან დაკავშირებით ხელოვნურად დაუდო ფეხი მერაბიშვილმა ახალაიას.

სხვათა შორის, ყურადღების მიღმაა დარჩენილი 29 სექტემბრის შეტაკება, რომელიც მოხდა პერევთან. ჩემი წყაროს ინფორმაციით, გამოდის, რომ პერევთან მოხდა შეტაკება იმის გამო, რომ დათა ახალაიას დაემტკიცებინა, რომ მათაც რაღაც შეუძლიათ და მერაბიშვილისთვის ძალა ეჩვენებინათ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ვანომ ჩააგდებინა ლაფანყურის ოპერაცია და შემდგომ ახალაიებმა მოაწყვეს პერევის ინციდენტი, ძალის დემონსტრირების მიზნით. მათი ძალოვნები ასევე იხსენებენ ეპიზოდს, წყნეთში რომ გაუჩნდა წინა ხელისუფლებას ახალაიების დაპატიმრების სურვილი და როგორ მიადგნენ სპეცრაზმელები მათ ასაყვანად. ჩემი წყარო მიყვება, რომ ასეთი მოსაზრება წინა ხელისუფლებას ახალაიების მიმართ გაუჩნდა, ჩვენ ასე ვიცითო. ისინი სამხედროები არიან და ცხადია, სწორ ინფორმაციას ფლობენ. პერევის ინციდენტის შემდეგ, ახალაიები რომ მოეშორებინათ, მსგავსი განწყობა ვიღაცას გაუჩნდა ხელისუფლებაშიო. როგორც ჩანს, მერაბიშვილზე აკეთებდნენ ისინი აქცენტს. მაგრამ ახალაიების თავიდან მოცილების ოპერაცია წყნეთში არ შედგა. როგორც მითხრეს, პრეზიდენტის უშუალო ჩარევის გამო. ისიც მითხრეს, რომ ბაჩო ახალაია 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შედეგს არ ურიგდებოდა და სიტუაციის არევასა და ძალის გამოყენებას აპირებდა. ეს ინფორმაცია სხვადასხვა წყარომ მიაწოდა ამერიკის ელჩს და ერთ-ერთი ქართული წყარო ვინც იყო, ეს გახლავთ დიმიტრი შაშკინი. მე არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, კონკრეტულად რას აპირებდა ბაჩო ახალაია - სამხედრო გადატრიალებას, ქუჩაში ტანკების გამოყვანას... მაგრამ რაღაცა ტიპის აქტივობებს რომ აპირებდნენ, ამის თაობაზე სამხედროებმა ინფორმაცია მომაწოდეს.

ისიც მითხრეს, ჩვენ სამხედრო გადატრიალებას არ მივესალმებოდით, მაგრამ ვიდრე ჩვენამდე მოვიდოდა ინფორმაცია, ამერიკის ელჩმა მოასწრო და პრეზიდენტს დაურეკა, ეს დაძაბულობა დღემდე გრძელდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. მაგრამ იმდენად კარგადაა ორგანიზებული, რომ მაინცდამაინც ზედაპირზე არ დევს და საზოგადოების ყურადღების საგანი არ ხდება... მინდა აქვე გითხრათ, - 19 აპრილი არ არის მიხეილ სააკაშვილის დღე, 19 აპრილი არის ვანო მერაბიშვილის დღე. აქედან გამომდინარე, ვინც 19 აპრილს აპირებს მისვლას, მინდა მათ ვუთხრა, - ისინი იქ არ მიდიან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, ისინი მიდიან ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

ვანო მერაბიშვილი შეეცდება, ეს დღე გამოიყენოს თავისი პრესტიჟისა და მდგომარეობის გასამტკიცებლად. ვინ-ვინ და, მერაბიშვილს მართლაც აქვს ორგანიზატორული ნიჭი და შეუძლია გარკვეული პრობლემების შექმნა. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობის“ სხვა ფიგურანტებმაც უნდა იცოდნენ, რომ 19 აპრილი იქნება ვანო მერაბიშვილის ზეობის დღე, თუ საერთოდ, ეს დღე გამოუვიდა. თუკი ვანო მერაბიშვილმა იგრძნო, რომ აქციაზე ხალხი არ მიდის, ხელოვნურ პროვოკაციებს მოაწყობს და დაანონსებულ 19 აპრილს ჩაშლის.

თქვენი აზრით, რატომ მოიხარშა ვანო მერაბიშვილის თავში პრეზიდენტის ტერორისტული აქტის ინსცენირება, რაც შემდგომში უკვე სააკაშვილისთვის ძალიან საშიში სავარაუდო რეალობა გახდა?

- ვანო მერაბიშვილი პრეზიდენტზე ტერორისტული აქტის მოწყობის შემთხვევაში, მიიღებდა შემდეგ შედეგს - მსოფლიოს დაანახვებდა, რომ საქართველოში არ არის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია პრეზიდენტის უსაფრთხოება უზრუნველყოს. მის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი - ეს იქნება რეზონანსული ფაქტი დასავლეთისთვის. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის დაცვის შემცირების საკითხიც გახდება განსჯის საგანი.

წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი ამ ტერაქტის დროს დაიღუპა, მთელი ამ მოძრაობის ხელმძღვანელი ნომინალურად ხელისუფლების გაფუჭებული ავტორიტეტის ფონზე რჩება ვანო მერაბიშვილი. ეს არის გეგმა, რითაც რამდენიმე კურდღელს მოკლავენ - არსებული ხელისუფლების დისკრედიტაცია, მთავარი კონკურენტის მოცილება, ვისაც გინდა ამ ტერაქტს იმას გადააბრალებ: რუსეთს, საქართველოს ახალ ხელისუფლებას, ტერორისტებს, მოითხოვ უფრო ძლიერ ხელს, სხვა ტიპის კონტროლს მიმდინარე პროცესებზე ქვეყანაში.

ახლა მე დავსვამ კითხვას, რომელზეც მე თვითონ ვუპასუხებ, - სხვა რა გამოსავალი აქვთ, რომ?! პრინციპში, მათ სხვა გამოსავალი აღარ დარჩენიათ. თუ ტერორისტული აქტი არ მოხდა, მაშინ სააკაშვილი იძულებულია, წავიდეს უაღრესად არაპოპულარულ ნაბიჯზე, რომელსაც დასავლეთი ასე მარტივად არ მიიღებს. სულ მცირე, ის უნდა წავიდეს ძალოვანი მინისტრების გადაყენების გზით, უარეს შემთხვევაში, პარლამენტი უნდა დაშალოს. პარლამენტის დაშლა, ეს ჩვენ გვგონია, რომ მარტივი მოვლენაა, სინამდვილეში, დასავლეთი ძალიან უარყოფით შეფასებას მისცემს ამ ფაქტს. ეს ძალიან კარგად იცის `ნაციონალურმა მოძრაობამ~. რაც შეეხება წინა ვარიანტს, თუკი პრეზიდენტზე მოხდება ტერაქტი და ღმერთმა არ ქნას, ეს დამთავრდება ლეტალურად, ყველაზე მომგებიან მდგომარეობაში რჩება ვანო მერაბიშვილი და `ნაციონალური მოძრაობა~. სხვათა შორის, წყარომ, რომლის ინფორმაციებზე დაყრდნობითაც გელაპარაკეთ, ისიც მითხრა, რომ ძალიან გაღიზიანებულია სააკაშვილის მიმართ გარკვეული ჯგუფი. ისიც კი უთქვამთ, - ჩვენი ნება რომ იყოს, მიშას დიდი სიამოვნებით მოვიშორებთო.