"კიდევ კარგი, სააკაშვილს ტვინი არ დაუზიანდა… ჩვენი სიმდიდრე მისი ტვინია!"

"ვიდრე საუბარს დავიწყებთ, მაინტერესებს, რას ამბობენ, სააკაშვილი როგორაა, გამოჯანმრთელდა? ტვინი გადარჩა, თუ იცით, ტვინი? ჩვენი სიმდიდრე მისი ტვინია და კიდევ კარგი, რომ ეგეც არ დაუზიანდა. სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს. კაცი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით წავიდა და იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მომზადებულიყო, ველოსიპედით იგრიალა და თავ-პირი დაიმტვრია. მაინც, რას გადაეკიდა ამ ველოსიპედს, რამდენჯერ უნდა დაიმტვრეს?! ეს არ არის პრეზიდენტის საქციელი. სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არსად გაიშვება, უკვე დაცვაც ვეღარ აკონტროლებს. მისი საქციელი მთელი ქვეყნის სახელს ლახავს, სასაცილო მდგომარეობაში გვაგდებს", - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "კიდევ კარგი, სააკაშვილს ტვინი არ დაუზიანდა!" / "ვფიქრობ, რაღაც ისეთი მოხდა, მაგრამ არ ამბობენ, მის ისედაც შერცხვენილ იმიჯს უფრთხილდებიან!".

"მე, ჩემი მხრივ, ის შემიძლია, კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო ქართველ ხალხს იმისთვის, რომ დღეს ასეთი პრეზიდენტი ჰყავს. სხვათაშორის, გასარკვევია, ველოსიპედით ქუჩაში მარტო როგორ აღმოჩნდა? დაცვა რატომ არ ახლდა? ვფიქრობ, რაღაც ისეთი მოხდა, მაგრამ არ ამბობენ, მის ისედაც შერცხვენილ იმიჯს უფრთხილდებიან! რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, არამარტო საქართველოს, არამედ იმ ქვეყნის შეურაცხყოფაცაა, სადაც სტუმრად იმყოფებოდა. წარმოიდგინეთ, მის გართობას უფრო მძიმე შედეგი რომ მოჰყოლოდა, რა მდგომარეობაში აგდებდა თურქეთის ხელისუფლებას. მე მის ადგილას საკუთარი საქციელის შემრცხვებოდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძე.

"არადა, ეს ბიჭი ასეთი არ იყო, მაგრამ ძალაუფლებამ შეცვალა. თანაც უბრძოლველად, მოულოდნელად მოსულმა ძალაუფლებამ. ყველაფერი ისე მიიღეს, ხელის განძრევა არ დასჭირვებიათ. შესაბამისად, სხვა რამეებზე დაიწყეს ფიქრი - ამ ძალაუფლებით რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიეღოთ, მეტი კეთილდღეობა საკუთარი თავისთვის და არა ქვეყნისა და ხალხისთვის. შედეგად მივიღეთ გაღატაკებული, მოშიმშილე ხალხი და თავაშვებულ ცხოვრებაზე გადასული დიქტატორული ხელისუფლება. ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ერთი რამის გაკეთება შეგვიძლია და ეს ადრეც გითხარით - მივუშვათ სააკაშვილი ნებაზე და საკუთარ თავს თავად გამოუტანს განაჩენს. ხომ ხედავთ, ნებაზე მიშვებული როგორ იქცევა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მე, პირადად, მივესალმები, თუ საქართველოს პროკურატურა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის გამოძიებას დაიწყებს. უნდა დადგინდეს, რა მოხდა. მერე ხალხი გადაწყვეტს, აპატიოს თუ არა დამნაშავეებს. სწორედ ქვეყნის ინტერესებშია, იცოდეს, ვისი დანაშაულის გამოა, რომ სულ რაღაც ხუთდღიანი ომის შედეგად ამდენი უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვაქვს. ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს, ვისი დანაშაულია, რომ ჩვენი დაღუპული ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვეს და რომ არა ჩვენი პატრიარქი, მათ ცხედრებს მიწას ვერ მივაბარებდით. გამოსაძიებელია, რას აკეთებდა ამ დროს მაშინდელი ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტრო, მთავარსარდალი. სულაც არ მიკვირს, რომ დღეს ეს ადამიანები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ამ ტრაგედიეს გამოძიება არ დაიწყოს. მე პირადად, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, ძალიან მაინტერესებს, ვიცოდე, მართალია თუ არა, რომ ქართულმა მხარემ, საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ განგებ არ მოახდინა ქართული სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, რათა, რაც შეიძლებოდა მეტი მსხვერპლი მიეღოთ, რომ შემდეგ ევროპის წინაშე რუსეთის მხრიდან მოწყობილ გენოციდზე ელაპარაკათ", - დასძენს ედუარდ შევარდნაძე.