"ამ ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში ბევრი კითხვა დაგროვდა და პასუხი უნდა გაეცეს"

"ამ ბოლო დროს ხშირად მეკითხებიან, რა შეიცვალა შენთვის არჩევნების შემდგომ?.. არაფერი, უბრალოდ, ჩემი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს არავინ ემუქრება. დიახ, XXI საუკუნის დემოკრატიულ საქართველოში ეს ძალიან დიდ მიღწევად მიმაჩნია და ამას ახალ ხელისუფლებას ვუმადლი", - ამბობს მსახიობი, "სახალხო მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გია ბურჯანაძე. მისი თქმით, ახალ ხელისუფლებას სამი თვის ნაცვლად ექვსი დააცადეს და ახლა იმ შეკითხვებზე ითხოვენ პასუხებს, რომლებიც ბოლო დროს დაუგროვდათ...

- ბოლო რამდენიმე თვეა, ჩემი ოჯახის წევრებს არავინ ემუქრება და ეს ძალიან მახარებს. ბოლო 15 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის წლებში, ჩემმა ოჯახმა ბევრი უბედურება გამოიარა, რადგან, რაც თავი მახსოვს, ყველა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოვხატავდი. ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის მქონდა ჩემი აზრი. თავზე ხელს არავინ მისვამდა. ამას შემდგომშიც გავაგრძელებ და გასაკვირი არაფერია. არ შეიძლება უცებ, საიდანღაც "გაჩნდეს" ხელისუფლება, რომლითაც ყველა კმაყოფილი იქნება. მაშინ, როდესაც საშუალება მაქვს, საზოგადოებას ჩემი აზრი მივაწოდო, გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები, ამისთვის ტრიბუნაც მაქვს, თუნდაც სცენა, საიდანაც შემიძლია, ხალხს ვესაუბრო და ჩემი აზრი გავუზიარო. არ შემიძლია ჩუმად ყოფნა. მიკვირს იმ ხელოვანი ადამიანის, რომელიც ამბობს, პოლიტიკაში არ ვერევიო. პოლიტიკაში არც მე ვერევი, ეს ინტერესი რომ მქონოდა, ახლა ან თანამდებობა მექნებოდა ან რომელიმე პარლამენტში დეპუტატი ვიქნებოდი, შემოთავაზება ყველასგან მქონდა.

- ახლანდელი ხელისუფლებისგანაც?
- დიახ, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან პოლიტიკოსობა არასდროს მნდომებია. უბრალოდ, პოლიტიკა ჩვენს ცხოვრებას განაპირობებდა, 30 წელია კარს გვინგრევს და არ შეიძლება, მას გვერდი აუარო... მე იმას ვაპროტესტებ, რაც ჩემთვის მიუღებელია და ეს პოლიტიკა არ არის. ამას ახლა უფრო თამამად ვაპროტესტებ, რადგან ვიცი, რომ ჩემი ოჯახის წევრებს სამსახურიდან არ გამოაგდებენ, ამაზე წინა ხელისუფლებამ "იზრუნა" და ყველა უმუშევარია. ჩემი ძმა, კოტე ბურჯანაძე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური გარემოს დამცველია, იმიტომ გამოაგდეს, რომ ჩემი ძმა იყო. გოგა ხაჩიძის მინისტრობის დროს უთხრეს, შენი ნებით დაწერე განცხადება, მაინც გაგიშვებენ, რადგან გიას ძმა ხარო. კოტე სრულიად აპოლიტიკური ადამიანია და ვერაფერს მიხვდა, გიასთან მე რა შუაში ვარო...

- ამ ხელისუფლების პირობებშიც არ შეუთავაზებიათ დაბრუნება?
- არა, ხშირად ამბობენ, ძალიან გვჭირდება კოტე, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებთო, თუ რატომ, არ აკონკრეტებენ... თუმცა, სოციალურ საკითხებს რომ თავი დავანებოთ, ძალიან მახარებს ის, რომ ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები, ისინი, ვინც განსხვავებული აზრის გამო ციხეში ისხდნენ, პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვეს ციხიდან. დიდი მადლობა ახალ ხელისუფლებას ამისთვის. გულწრფელად გითხრათ, მრცხვენოდა, რომ მე თავისუფალი ვიყავი და ისინი ისჯებოდნენ, რადგან ჩვენ ერთნაირ "დანაშაულში" ვიყავით გარეული.

- პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით საზოგადოებაში დღემდე არაერთი კითხვა არსებობს...
- დიახ, მაგრამ იმ 46 ადამიანზე, ჩემს თანამებრძოლებზე, რომლებიც 26 მაისის ღამეს დააკავეს და ახლა პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვეს, შეკითხვები არ ყოფილა.

- 26 მაისის ღამესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გამოიკვეთა?
- არა, ახალი არაფერი. ერთ შემთხვევაზე გიამბობთ და დასკვნის გაკეთება მკითხველისთვის მიმინდია, - ჩემმა მეგობარმა, გია სალუქვაძემ შეიტანა საქმე პროკურატურაში იმ პროკურორის წინააღმდეგ, რომელმაც მას უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ცოტა ხნის შემდეგ გაარკვია, რომ საქმე იმავე პროკურორს გადაეცა შესასწავლად, ვინც გია დააპატიმრა.

- როგორ, თავის დარღვევას თავადვე იძიებს?
- დიახ, ასეა. ვინც დააპატიმრა, იგივე პროკურორი იძიებს, რატომ დავაპატიმრეო და ძალიან მაინტერესებს, განაჩენის გამოტანის შემთხვევაში თავს დაისჯის თუ არა. ასეთი შემთხვევა ერთი და ორი არ იქნება, რაც ნიშნავს, რომ ის პროკურორები ისევ მუშაობენ. არადა, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენი ადამიანი ეყოლებათ უსამართლოდ დასჯილი.

ამ ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში ბევრი კითხვა დაგროვდა და პასუხი უნდა გაეცეს. ჯერჯერობით ამის საშუალება არ არის, რადგან იმ ადამიანს, რომელსაც იმ საზიზღარი ბოლშევიკური რეჟიმის დასრულებას ვუმადლით, ჯერ ჩვენთვის არ სცალია. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ერთ დღეს ყველა საქმე უნდა გადადოს და ხალხს მოუსმინოს. მე და ჩემნაირები არაფერს ვითხოვთ, არც თანამდებობას და არც საკუთარ კეთილდღეობას, მხოლოდ დალაგებული და სამართლიანი ქვეყანა გვინდა, ამას კი მხოლოდ სამართლიანობის აღდგენით შევძლებთ. ამისთვის ვიბრძოდით ამდენი წელი, თორემ შევძვრებოდით სხვებივით სოროებში და შორიდან დავიწყებდით ყურებას, როგორ აშენდებოდა ქვეყანა თავისით.

- პირადად რა კითხვას დაუსვამდით პრემიერ-მინისტრს?
- როგორც აღვნიშნე, პოლიტიკოსობის ამბიცია არასდროს მქონია, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მაქვს უფლება ვიცოდე, საით მივდივართ, რა გზა აირჩია საქართველომ არჩევნების შემდეგ? მე მთელი ცხოვრება ანტირუსი და ანტიამერიკელი ვიყავი, რადგან პროქართველი ვარ. ჩემი ეროვნული ბედნიერების საზომი არც ჩრდილოეთი ყოფილა და არც დასავლეთი, სანამ ქართველი თავის ქვეყანაზე ზრუნვას თავად არ ისწავლის, არაფერი შეიცვლება. პოლიტიკოსმა ყველა მხარესთან უნდა შეძლოს ლავირება, რათა ქვეყანა მომგებიანი კურსით ატაროს. ეს არის პოლიტიკა. ეს მოახერხონ და კი ბატონო, გვეტრაბახონ, ძლიერი პოლიტიკოსები ვართო, ავიტანთ როგორმე. ეს მანამ არ შეიცვლება, ვიდრე ქვეყანაში სამართალი არ აღდგება.
90-იანი წლებიდან, 1989 წლის 9 აპრილიდან უნდა დაიწყოს ობიექტური გამოძიება, მერაბ კოსტავასა და ზურაბ ჭავჭავაძის მკვლელობა, ზურაბ ჟვანიას "გარდაცვალება" უნდა შეისწავლონ; 7 ნოემბერი, 26 მაისი და "ნაციონალების" მიერ "ღირსშესანიშნავ" დღეებად ქცეული სხვა თარიღები უნდა გამოიძიონ და აქედან უნდა დავიწყოთ სახელმწიფოს მშენებლობა. იმ ტერიტორიების დაკარგვის მიზეზები უნდა შევისწავლოთ, რომლებზეც ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება. სამართლიანობის აღდგენა აუცილებელია. ვერასდროს შევეგუები ყელამდე სისხლში მყოფი ადამიანების ქუჩაში სეირნობას. თავხედობა ჰყოფნით, ტელევიზიებით გამოდიან და დემოკრატიულ ფასეულებებზე ლაპარაკობენ, მაშინ, როდესაც ამდენი ბოროტების ხელის მომწერნი არიან. რატომ, რა პრინციპით უნდა დააკავონ სხვა დამნაშავეები, თუნდაც ისინი, ვინც ახლა არღვევს კანონს. ასე ხომ შერჩევითი სამართალია და საერთოდ ნურავის დასჯიან... ეს ორმაგი სტანდარტი კი არა, ანარქიაა. არ შეიძლება, ამას წავუყრუოთ.

- ამაზე ხელისუფლებისგან გვესმის, თანდათან ყველაფერი დალაგდებაო...
- როდის თანდათან? საერთოდ, ახალ ხელისუფლებას 100 დღე, ანუ სამი თვე უნდა დააცალონ და შემდეგ დაიწყონ კრიტიკა, ჩვენ, რახან იქ მეგობრები გვყავს, ექვსი თვე ვაცადეთ და როდემდე ველოდოთ?.. გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, კადრებში გვიჭირსო. ჩემი ძმა, რომელსაც ლამის მემკვიდრეობით გადაეცა გარემოს დაცვა, მამაჩემი ცნობილი გარემოს დამცველი იყო, უმუშევარია და ეუბნებიან, ჯერ თქვენთვის არ გვცალიაო... ჩემ გარშემო უამრავი პროფესიონალი იურისტია, რომლებიც უმუშევრები არიან. მაგალითად, მერაბ სიჭინავა, რომელსაც ქართველი საზოგადოება იუმორისტად იცნობს, 2006 წელს წამოვიდა სამსახურიდან, რადგან საძაგლობებს არ მოაწერა ხელი, რასაც ადეიშვილის უწყება ავალებდა. არადა, ოთხი შვილის მამაა. მისი ერთ-ერთი შვილი ჩემი ნათლულია. მერაბი პროფესიონალი პროკურორია, რა, არ იციან ამის შესახებ პროკურატურაში?.. მაშინ ძალიან ბევრი პატიოსანი მოიქცა ასე, სამსახურსა და კეთილდღეობაზე მაღლა ადამიანური მორალი დააყენა. ეს ხალხი დღეს უმუშევარია, მაგრამ მათი ცოდნა არსად წასულა... ზოგისთვის 1000 ლარად აგარაკის შეძენა აღმოჩნდა უფრო მნიშვნელოვანი და ისინი დღემდე იქ რჩებიან.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ ცდილობენ ამ ადამიანური რესურსის გამოყენებას?
- არ ვიცი, ამიტომაც ვთქვი, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა აუცილებელია. ქვეყანაში მომხდარი კარგიც და ცუდიც ხელისუფლების კისერზეა, რადგან ის ქმნის პოლიტიკურ ამინდს. 19 აპრილს თუ რამე მოხდება, ამაზეც ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი.

- ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დღეს იუმორითაც კი უყურებენ...
- არ შეიძლება ასე, თავს ვიბრმავებთ და არ ვიცით, რომ ნაციონალები პროვოკაციის დიდოსტატები არიან? დავით ბაქრაძე თვალებს რომ ახამხებს და ვითომ გაოცებული ღიმილით კითხულობს, ჩვენ საიდან გვაქვს რეგიონებში ზეწოლის ბერკეტებიო, დამიჯდეს პირისპირ და ავუხსნი, როგორ ხდება ზეწოლა რეგიონების თვითმმართველობებში. მათ ჯერაც უამრავი ფული აქვთ და ის ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ და თავის დროზე ნაციონალებს რაღაც-რაღაცების ფასად შავბნელი საქმეების კეთებაში ეხმარებოდნენ, არსად წასულან. მათ ახალ დავალებებსაც მისცემენ და ძველი რომ არ გაუხსენონ, ამის შესრულებაც მოუწევთ. ნაციონალებს რომ თავის გადარჩენის ცხოველური ინსტინქტი აქვთ, მე ვასწავლო ოცნებას? ვინმე ფიქრობს, რომ ისინი ასე ადვილად დათმობენ კარგ ცხოვრებას? როგორც კი შანსი მიეცემათ, მაშინვე დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. სულაც არ არის აუცილებელი, "ნაციონალური მოძრაობა" ერქვათ. არც მიხეილ სააკაშვილია შეუცვლელი ლიდერი, შესაძლოა, მის ადგილზე გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი ან ვანო მერაბიშვილი იყვნენ. ვინმეს ჰგონია, შანსი რომ გაუჩნდეთ, დათა ახალია, მეგის ქარდავა ან ზურაბ ადეიშვილი არ დაბრუნდებიან? დიმიტრი შაშკინი დაბრუნდა და თავსაც კი იმართლებს, პატრიოტი ვარო... არველაძე, ბარამიძე, ბოკერია, გაბაშვილი და მათი სულიერი ძმები ისევ ხელისუფლებაში არიან, პარლამენტი ხელისუფლება არ არის? ისე, ცნობისთვის, იცოდეთ, უმრავლესობაშიც ბევრი თანაუგრძნობს მათ, ერთი ყლორტის ორი ფოთოლი არიან... ხალხისთვის მათ როდის უკითხავთ აზრი, ახლა რომ ჰკითხონ, პროვოკაციას მოაწყობენ და მორჩა. იმდენად სძულდა საზოგადოებას სააკაშვილი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძემ მოუგო, მაგრამ მაინც იყვნენ, გვირტყამდნენ, გვაპატიმრებდნენ, რადგან მოგვერივნენ და იცით, რატომ? მიშა კი არ იყო მაგარი, ჩვენ ვიყავით მთხლეები.

- რას აპირებთ ახლა, რა მოთხოვნები აქვს "სახალხო კრებას?"
- ძალიან მაინტერესებს, 26 მაისს თუკი აღლუმი ჩატარდა, ვინ ჩაიბარებს მას, მიხეილ სააკაშვილი?.. ამის დაშვება არ გვინდოდა ჩვენ მაშინ, სპეცრაზმმა რომ გადაგვიარა. საერთოდ, რატომ არის აუცილებელი სამხედრო აღლუმის ჩატარება, საფრანგეთში ბასტილიის აღების დღეს გამოდიან ტანკები თუ ამერიკაში? ეს ტრადიცია მხოლოდ რუსეთში, ფხენიანსა და სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში შემორჩა. რა გვეაღლუმება, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გვყავს მთავარსარდალი... მართლა კოაბიტაციაა ეს, აბა, რა არის, დამნაშავეებთან თანაცხოვრებას სხვა სახელს ვერც მოუძებნი. ვინ დაავალა კოალიციას, ნაციონალების ღირსება და სახე შეენარჩუნებინა, როგორც მახსოვს, ხალხი მათ დასჯას ითხოვდა, დღესაც ამას ითხოვს. ხალხი სხვა რამეს ითხოვდა, თქვენ კი სულ სხვას აკეთებთ, მეგობრებო!... ასე რომ, არ უნდა ჩატარდეს აღლუმი, ამის არავითარი საფუძველი და მოტივაცია არ გვაქვს, ეს "სახალხო კრების" მოთხოვნაა და ამის შესახებ ცოტა ხანში ოფიციალურ მიმართვებსაც გავავრცელებთ.