საზოგადოება მას პოლიტიკური ექსპერტის სტატუსით იცნობს. თავად კახა კახიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკას მას შემდეგ ვერ იტანს, რაც ეს სფერო კარგად შეისწავლა. მუშაობს საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრში. პროფესიით იურისტია, ასევე პროფესიონალი მოცურავეა, ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. უფროსი - მარია პირველი კურსის სტუდენტია, მეორე - ანა-მარია ჯერ კიდევ ბაღში დადის. მეუღლეზე საუბარს თავს არიდებს, ამბობს, რომ ეს ძალიან პირადულია... ბავშვობაში მარკების კოლექცია ჰქონდა, ახლა ორიგინალურ სანთებელებს და მაჯის საათებს აგროვებს. არ უყვარს ალკოჰოლური სასმელი, უყვარს გამორჩეულად ჩაცმა, თუმცა ამის გამო ბევრ ფულს არ ხარჯავს...
- ბატონო კახა, თქვენი კარიერა, პროკურატურაში საკმაოდ წარმატებულად დაიწყო, შემდეგ კი სადღაც გაუჩინარდით და საბოლოოდ პოლიტიკური ექსპერტის სტატუსით მოგვევლინეთ... სად იყავით აქამდე და რატომ იკვლევთ პოლიტიკურ ტექნოლოგიებს თუ ეს სფერო არ მოგწონთ?
- ცხოვრებაში რამდენჯერმე ისეთი ნაბიჯი გადავდგი, როგორსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. როდესაც სტუდენტი ვიყავი, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ პოლიტიკით დავინტერესდებოდი. როგორც კი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, პროკურატურაში სტაჟიორად დავიწყე მუშაობა. 2001 წლამდე ამ უწყებაში სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი. ერთხანს ერთდროულად საერთაშორისო ურთიერთობების პროკურორიც ვიყავი და ევროპის საბჭოში საქართველოს გენერალური პროკურორის წარმომადგენელიც. შემდეგ იუსტიციის სამინისტროში, ციხეების ომბუდსმენი გავხდი. ამის მერე სახალხო დამცველის ოფისში გადავედი. ძალიან მალე სახალხო დამცველი, ნანა დევდარიანი ცესკოში გადავიდა, მეც გავყევი და იურიდიულ სამსახურში დავიწყე მუშაობა. სწორედ მაშინ დაიწყო რევოლუცია... მე საკმაოდ დიდხანს დავრჩი უმუშევარი... ახლა ისეთ ორგანიზაციაში ვმუშაობ, სადაც ვერც ვერავინ მომხსნის და ვერც ვერავინ დამაწინაურებს.
- პროკურატურა, მაშინ, როდესაც თქვენ იქ მუშაობდით, ძალიან ხშირად იყო კრიტიკის ობიექტი. რა ხდებოდა ამ უწყების კულუარებში?
- პროკურატურის მუშაობით კმაყოფილი არასდროს არავინ იქნება. ამ უწყების კომპეტენცია ხომ სხვა უწყებების ზედამხედველობაა. სხვათა შორის, "ვარდების რევოლუციამდე" პროკურატურაში პროფესიონალები მუშაობდნენ. პრობლემა ის გახლდათ, რომ თავად სახელმწიფო პოლიტიკა იყო ძალზე სუსტი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სააკაშვილის გუნდმა შევარდნაძის კარზე გავლენა და ბერკეტები ჩაიგდო ხელში. ახლა ვხვდები, რომ მიშას სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, მართვის ბერკეტების ხელში ჩაგდება და პრეზიდენტის სავარძლის მისაკუთრება ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა ჩაფიქრებული.
- რა გაძლევთ ამის ფიქრის საფუძველს?
- სააკაშვილის გუნდის მიერ გატარებული სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმა, მათი დაწერილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პროკურატურას აბსოლუტურად უუნაროს ხდიდა. საპროცესო კოდექსში ჩადებული ახალი ნიუანსები დამნაშავისთვის დანაშაულის დამტკიცებას შეუძლებელს ხდიდა. მაგალითისთვის გეტყვით: სასამართლოში წარმოდგენილი ფარული ჩანაწერი, რომელიც ნათელს ხდიდა, ესა თუ ის ჩინოვნიკი ქრთამს რომ ითხოვდა, მტკიცებულებად არ მიიჩნეოდა. ჩინოვნიკმა არ იცოდა, მის საუბარს თუ იწერდნენ. დღეს მიშა ამაყად ამბობს, რომ 2000 წლიდან 2003 წლამდე სასამართლო არ ვარგოდა. თუ ამნეზია დაემართა, მე შევახსენებ, რომ 2000-2004 წლებში რეფორმა სწორედ მან გაატარა და ძალზე დიდი ფულიც შეჭამა... შემდეგ, როდესაც სააკაშვილი თავად მოვიდა ხელისუფლებაში, ლიბერალური მიდგომები მთლიანად შეცვალა და ისეთი კანონები შექმნა, რომ ადამიანის დასაჭერად ფარული ჩანაწერი კი არა, გათქმაც კი საკმარისი აღმოჩნდა. პროკურატურას განუსაზღვრელი ძალაუფლება მიანიჭეს, პროკურორს მოსამართლეებისა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნის უფლება მისცეს, ის რეალურად პრემიერ-მინისტრის ფუნქციებს ახორციელებდა... მინდა შეგახსენოთ ისიც, რომ შევარდნაძის ოპოზიციაში, ვირტუალურად გადასულმა სააკაშვილმა მაშინდელი მაღალჩინოსნების შემოსავლებზე ერთი ამბავი ატეხა, 2003 წლის შემდეგ კი თავის გუნდთან ერთად რამდენიმეათასიანი ხელფასები და პრემიები აითვისეს. სააკაშვილი ამბობს, რომ მის მთავრობაში კორუფცია არ იყო. ეს ძალზე სასაცილოა. იმ რაოდენობის თანხას, რამდენსაც სააკაშვილის გუნდის წევრები ყოველთვიურად, ხელფასებისა და პრემიების სახით იღებდნენ, შევარდნაძის მექრთამე ჩინოვნიკები წლების განმავლობაშიც ვერ დააგროვებდნენ. კორუფცია მხოლოდ ქრთამის აღება არ არის, კორუფციად მიიჩნევა ასევე თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით ისეთი სქემების შექმნა, საიდანაც დიდ სარგებელს მიიღებ.
- "ვარდების რევოლუციის" შემდეგ თქვენ რატომ დაკარგეთ სამსახური?
- 2003 წელს უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ სამსახურში ვმუშაობდი. მიუხედავად იმისა, რომ პარტიული ინტერესები არ მამოძრავებდა, "ნაციონალებმა" გადაწყვიტეს, რომ აღარსად უნდა მემუშავა... 2004 წელს სისხლის სამართლის ადვოკატად დავიწყე მუშაობა, მაგრამ პირველივე პროცესზე გასვლისას მივხვდი, რომ ქვეყანაში სამართალი საერთოდ აღარ არსებობდა და ამ საქმესაც თავი დავანებე.
- საქმე რას ეხებოდა?
- ერთ-ერთი რაიონის კომისარს, რომელსაც კუდ-ი ქრთამის აღებაზე ედავებოდა. საოცარი რამ მოხდა, ე.წ. დაზარალებულმა პირდაპირ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ კომისრისთვის ქრთამი არ მიუცია. ის კაბინეტში მაშინ შეიპარა, როდესაც კომისარი გასული იყო და ფული უჯრაში ჩუმად ჩადო. ჩემს კითხვაზე, - მაშინ, როგორ აღმოაჩნდა კომისარს ფულის დამუშავების სპეციალური სითხე ხელზე, ე.წ. დაზარალებულმა თქვა, რომ დილით კუდ-ში იყო და ხელი სპეციალური სითხით დაუმუშავეს. შემდეგ კომისართან მივიდა და გამარჯობის თქმის დროს ხელი ჩამოართვა. ასეთი აღიარების შემდეგ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ სასამართლო ჩემს დასაცავ პირს გაამართლებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. პროკურატურამ ჩემი დასაცავი პირისთვის 8-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. იმ მოსამართლემ კი, რომელიც წლების განმავლობაში კანონის უზენაესობაზე ლექციას მიკითხავდა, მითხრა, რომ თუ საპროცესო შეთანხმებას არ გავაფორმებდი, პროკურატურის მოთხოვნას დააკმაყოფილებდა...
- ეს მოსამართლე ვინ იყო?
- სახელსა და გვარს არ დავასახელებ, თუმცა გეტყვით, რომ ის მაშინ სასამართლოს თავმჯდომარე იყო. თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება, რომ ამ საქმეზე გამოძიება ჩაატაროს, დიდი სიამოვნებით დავეხმარებოდი, მაგრამ არა მგონია ეს ასე მოხდეს.
- ასე რატომ ფიქრობთ?
- იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ასეთ საქმეებს ხშირად აკეთებდნენ, დღეს კიდევ უფრო მაღალ თანამდებობებზე არიან, ვიდრე "ნაციონალების" მმართველობის დროს იყვნენ. საქართველოში დღესაც ნეპოტიზმია. ერთი სიტყვით, ამ უსამართლობის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობას თავი დავანებე და საარჩევნო ტექნოლოგიებსა და საარჩევნო სამართალზე გადავერთვე. თუმცა, დიდხანს ვერც ამ მიმართულებით ვიმუშავე, მხოლოდ 2 წელი გავძელი. აღმოვაჩინე, რომ საარჩევნო თემატიკა, სისხლის სამართალის საქმეებზე ბინძური ყოფილა. ამის მერე ქვეყნიდან საერთოდ წავედი...
- სად წახვედით?
- ჩინეთში.
- იქ რას აკეთებდით?
- ბიზნესში ჩავერთვე. საშუამავლო ფირმაში დავიწყე მუშაობა. დამკვეთებსა და შემსრულებლებს ვშუამდგომლობდი, ანუ დამკვეთისთვის სასურველი ხარისხის უზრუნველყოფა მევალებოდა. აი, ასე ვარჩენდი ოჯახს...
- ჩინეთში ოჯახიც წაიყვანეთ?
- არა, თავიდან არ ვიცოდი, სად მივდიოდი და რა უნდა მეკეთებინა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩინეთში ვიმუშავებდი და იქ გამომუშავებული თანხით ოჯახს შევინახავდი. ორ წელიწადში სიტუაცია გაფუჭდა, ბევრი კონკურენტული ფირმა ჩამოყალიბდა, მე ისევ თბილისში ჩამოვედი და პოლიტტექნოლოგიებზე დავიწყე მუშაობა.
- თქვენ აღნიშნეთ, დღეს საქართველოში ისევ ნეპოტიზმია. რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს?
- პროკურატურაში მაღალ თანამდებობებზე ისევ ნაცნობ-მეგობრობით ინიშნებიან. ზოგიერთისგან განსხვავებით ამ უწყებას ძალიან კარგად ვიცნობ, იქ პირდაპირ მთავარი პროკურორის ან მოადგილის რანგში არ მივსულვარ. როგორც იურისტი ამ სისტემაში ჩამოვყალიბდი. სხვა უწყებებში რა ხდება არ ვიცი, მაგრამ პროკურატურაში ყველაფერი ვიცი, და დღეს არსებული სიტუაცია არ მომწონს.
- პროკურატურაში რაც ხდება, ეს ნეპოტიზმის ბრალია თუ იმის, რომ ქვეყანაში შესაბამისი კადრები არ არსებობს?
- იცით, რატომ ამბობს კბილაშვილი, რომ კადრები არ ჰყავს? იმიტომ, რომ ის სისხლის სამართლის სპეციალისტი არ არის და ამ დარგის სპეციალისტებს არ იცნობს, არც მართვის გამოცდილება აქვს. ის სამოქალაქო საქმის სპეციალისტია, თავის დარგში ძალიან ძლიერია, მაგრამ სისხლის სამართალში ვერ ერკვევა. აშკარაა, რომ კბილაშვილი ცაიტნოტში აღმოჩნდა, საკვანძო თანამდებობებზე ის ადამიანები დატოვა, რომლებიც სახეზე ეცნო. ესენი ძირითადად მისი კურსელები არიან. როგორ გგონიათ, რომელიმე მათგანი აღიარებდა, რა მაქინაციებში იყო ჩაბმული?
- არა, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება კბილაშვილისთვის პრობლემას წარმოადგენს?
- არა, მაგრამ როგორც ჩანს, კბილაშვილს ამის სურვილი არ აქვს. ურჩევნია, რომ მათ წარსულზე თვალი დახუჭოს, ვიდრე სისტემიდან გაუშვას და მარტო დარჩეს.
- ფიქრობთ, რომ მას მარტო დარჩენის ეშინია?
- დიახ, იმიტომ, რომ სისტემას არ იცნობს და მართვა არ იცის. ასე რომ არ იყოს, ეცოდინებოდა უწყებაში ვინ რას წარმოადგენს, ვინ რისი გამკეთებელია და ვის ზურგს უკან რა დგას. მაღალ თანამდებობებზე იმ ადამიანებს დანიშნავდა, რომლებიც შევარდნაძის დროსაც რიგითი პროკურორები ან გამომძიებლები იყვნენ და ადეიშვილის დროსაც. მათ ადგილებზე კი სტაჟიორებს მოიყვანდა და შემდეგ ნამდვილ პროფესიონალებად აქცევდა. კბილაშვილმა ის ხალხი დააწინაურა, რომლებსაც კონკრეტული ადამიანები ამა თუ იმ დანაშაულში ამხელენ. სწორედ მისი დაწინაურებული პროკურორები ართმევდნენ ხალხს ბიზნესს და უსამართლოდ სვამდნენ ციხეში. ეს ყველაფერი საბოლოოდ ისევ კბილაშვილს შეუქმნის პრობლემას. დღეს ხალხს კიდევ აქვს იმედი, რომ სამართლიანობა აღდგება. გავა დრო, უკანონოდ დასჯილი ადამიანები ვერ დაინახავენ აღდგენილ სამართალს, ვერ მიიღებენ წართმეულ ქონებას, ადრე თუ გვიან, უსამართლობის განცდა გაუჩნდებათ და ჯოხი კბილაშვილის თავზე გადატყდება.
- გინდათ თქვათ, რომ გახმაურებულ საქმეებს ისევ თაროზე შემოდებენ?
- როგორ გითხრათ, კბილაშვილმა თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმეებში სიჩქარე საჭირო არ არის. ვისაც სისხლის სამართალზე ოდესმე უმუშავია, ყველამ იცის, რომ ზუსტად ცხელ კვალზე იხსნება დანაშაული. დღეს სასამართლო დესტრუქციის რეჟიმზეა გადასული და ყველანაირად ცდილობს, პროკურატურის შეცდომა კარგად გამოიყენოს. პროკურატურა კი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ვფიქრობ, პროკურორები სასამართლოს შეცდომების გამოყენების საშუალებას თავად აძლევენ.
- პროკურორებს ეს რაში აძლევთ ხელს?
- აბა, ძველი კადრები, რომლებსაც კბილაშვილი ეყრდნობა, საკუთარ თავს ხომ არ დაიჭერენ? საქმის ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. დააკვირდით, რა "ოსტატურად" ეგება პროკურატურა "ნაცმოძრაობის" პროვოკაციებზე.
- მაგალითად?
- ზოგ შემთხვევაში პროკურატურა შეგნებულად აკავებს პირს, რომელიც წესით, ჯერ არ უნდა დააკავოს. მაგალითად, პროკურატურა ახალაიას, უგულავას, გუნავასა და კალანდაძის დაკავებისთვის ჯერ მზად არ იყო. მავანმა მთავარი პროკურორი განგებ შეიყვანა შეცდომაში... შეგახსენებთ, მერაბიშვილის საქმესაც, მან მესაზღვრეს შეგნებულად მიაწოდა სხვის სახელსა და გვარზე გაცემული პასპორტი, რათა ამ ამბავს სკანდალი მოჰყოლოდა და შემდეგ გარკვეულიყო, რომ პასპორტი თავის დროზე, ოპერატიული მიზნებისთვის კანონიერად იყო გაცემული. ასეთი პროვოკაციები კიდევ იქნება და პროკურატურა ისევ წამოეგება ანკესზე, რასაც საბოლოოდ ამ უწყების დისკრედიტაცია მოჰყვება. დღეს ზუსტად ის ხდება, რაც შევარდნაძის დროს ხდებოდა. მაშინ სააკაშვილი ვირტუალურად გადავიდა ოპოზიციაში, ხელისუფლებაში დარჩენილი მისი გუნდი კი მიზანმიმართულად, შიგნიდან ანგრევდა და ასუსტებდა სახელმწიფო უწყებებს... დააკვირდით და ნახავთ, რომ დღეს პროკურატურა შიგნიდან ინგრევა.
- ბატონო კახა, მართალია გამაფრთხილეთ, რომ ოჯახზე საჯაროდ საუბარი არ გიყვართ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ, როდის და რა ვითარებაში დაოჯახდით?
- 21 წლისამ ოჯახი სიყვარულით შევქმენი. მეტი რა გითხრათ?
- თქვენი მეუღლის შესახებ რას გვეტყვით?
- პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ არ მუშაობს.
- იმიტომ არ მუშაობს, რომ სასურველი სამსახური ვერ იშოვა, თუ თქვენ გინდათ, დიასახლისი იყოს?
- არა, უბრალოდ სიტუაცია ასე ჩამოყალიბდა. საკმაოდ ძლიერი ოჯახი მყავდა. მამაჩემი იმის საშუალებას მაძლევდა, რომ ჩემს კარიერაზე მეზრუნა. საჭმლის, ჩასაცმლის, სწავლისა და დასვენების ფულზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ რევოლუციის შემდეგ მამას ინსულტმა დაარტყა და ვეღარ მუშაობს. მე ოჯახის შენახვისთვის სრულიად მოუმზადებელი ვიყავი. სწორედ მაშინ წავედი ჩინეთში...
- თქვენი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მძიმე ხასიათი გაქვთ...
- ამას მეც მეუბნებიან, მაგრამ როდესაც ვეკითხები, თუ რაში გამოიხატება ჩემი ხასიათის სიმძიმე, კონკრეტულ პასუხებს ვერ მაძლევენ და მეუბნებიან, რომ ჩემი იურიდიული კითხვები ოჯახს გარეთ დავტოვო. მართლა არ ვიცი, რატომ მაქვს მძიმე ხასიათი. სიმართლე რომ გითხრათ, სუპერთანამედროვე არ ვარ, ტრადიციებს პატივს ვცემ და ბევრ ნიუანსს ვაკვირდები. ჩემთვის სულერთი არ არის, როგორ ვარცხნილობას ატარებს და რას იცვამს ჩემი გოგონა, რომელიც უკვე სტუდენტია. ხშირად არ მომწონს ახალგაზრდების ჩაცმის სტილი და ქცევის მანერები... ვცდილობ, ჩემმა შვილმა ტრადიციების პატივისცემა არ დაკარგოს.
- თქვენი ქალიშვილისა და მისი თაყვანისმცემლების ურთიერთობებსაც აკონტროლებთ?
- მის ტელეფონში მესიჯებს არ ვკითხულობ და არ ვუთვალთვალებ, მაგრამ ვაკონტროლებ... არ მინდა, ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომ ჩვენს მამაშვილობას წერტილი დაესვას.
- ამის საშიშროება არსებობს?
- თუ ვინმე ზღვარს გადავა, მერე ყველაფერი მთავრდება, პატიება არ ვიცი. ეს ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა კარგად იცის, პატარას ჯერ არაფერი გაეგება, მაგრამ გაიზრდება და...
- რაზე ოცნებობთ?
- ჩემს გარშემო ბევრი უმუშევარი ადამიანია და ამის ყურება მიჭირს. 2003 წლიდან 2006 წლამდე თავად ვიყავი უკიდურეს გაჭირვებაში და კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს. ყოფილა მომენტი, რომ ოჯახში პურის ფული არ გვქონია. გადატანითი მნიშვნელობით არ ვამბობ, 40 თეთრიც კი არ გვქონია, რომ პური გვეყიდა... ალბათ ამიტომ არ შემიძლია სხვისი გასაჭირის გულგრილად ყურება და ვცდილობ, ახლობლებს დავეხმარო. ვოცნებობ, ადამიანებმა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შეძლონ და ქვეყანაში პურის ფული არავის უჭირდეს.