რატომ ებრძვიან ირაკლი ღარიბაშვილს

რატომ ებრძვიან ირაკლი ღარიბაშვილს

რამდენიმე დღის წინ, რუსი სამართალდამცავი უწყებების _ პროკურატურისა და საგადასახადო პოლიციის მიერ ჩატარებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩატარებულ დაუგეგმავ აუდიტს, რომლის მიზანიც უცხოური დაფინანსების აღმოჩენა იყო, აშშ-მ “კუდიანებზე ნადირობა” უწოდა. სიტუაცია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებამაც გაამწვავა, ის არასამთავრობო, რომელიც პოლიტსაქმიანობაშია ჩაფლული და საზღვარგარეთიდან ფინანსდება, ,,უცხოეთის აგენტად” უნდა დარეგისტრირდესო... რა როლს თამაშობენ საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის განვითარებაში სოკოებივით მომრავლებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა რიცხვი 17 ათასზე ავიდა? _ ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, ზოგიერთი ახლადჩამოყალიბებული ქართული “არასამთავრობოს” მიზანი “ქართული ოცნების” დისკრედიტაციაა... 19 აპრილის თეზისებზე “ქართული სიტყვა” პოლიტიკურ ექსპერტ კახი კახიშვილს ესაუბრა. 

_ ბატონო კახი, 19 აპრილი ახლოვდება და, შესაბამისად, ,,ნაციონალების“ მიერ დაანონსებული სახალხო მღელვარებისთვის მზადება მხრებს შლის. ერთი ვერსიით, “ნაციონალები” შეეცდებიან, 19 აპრილამდე შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაცია მოახდინონ და 19 აპრილს 8 თებერვლის მსგავსი პროვოკაცია გაითამაშონ...
_ დიახ, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ აქტიური კამპანია მიმდინარეობს, თუმცა იმ ინციდენტს, რაც საია-სა და პოლიციელ თელიას შორის მოხდა, ამ კამპანიას ვერ დავუკავშირებ, რადგან ეს ადამიანები ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ, თუმცა საინტერესოა, ამ შემთხვევას ვინ როგორ გამოიყენებს, თან  მანამდეც არსებობდა დამაჯერებელი ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილის, როგორც ივანიშვილის ყველაზე სანდო პიროვნების მიმართ, სერიოზული შეტევა მზადდება. საერთოდ, ქვეყანაში საბოტაჟის ნიშნები სახეზეა და, პარალელურად, “ნაცმოძრაობა” ცდილობს, იმის დემონსტრირება მოახდინოს, რომ ახალი მთავრობა თითქოს უსუსურია და ვერაფერს აკეთებს. ამასთან, “ნაციონალები” იმ აზრის ფორმირებასაც ცდილობენ, რომ საქართველოში თითქოს კრიმინოგენური სიტუაცია დაძაბულია, ეკონომიკა არამყარია, ბიზნესი კი, _ დაუცველი.

8 თებერვალს კარგად გააზრებული პროვოკაცია მოაწყვეს, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი, პრაქტიკულად, ჩიხამდე მიიყვანეს და, როგორც სანდო წყაროსგან ვიცი, პრეზიდენტთან საკითხიც დაისვა, ხომ არ გაეთავისუფლებინა ღარიბაშვილი _ სააკაშვილს ამის უფლება აქვს, მაგრამ ეტყობა, “ნაცმოძრაობამ” სიტუაცია შეაფასა, სააკაშვილს ეს ნაბიჯი რომ გადაედგა, გაბრაზებული ხალხი რა დღესაც დააყრიდა, თან საერთაშორისო თანამეგობრობაც დარწმუნდებოდა, რომ ,,ნაცმოძრაობა” ნამდვილად ემზადება მთავრობის გადასაყენებლად და ხელისუფლების უზურპაციას იწყებს. მოკლედ, მოსალოდნელი მძიმე შედეგები გაითვალისწინეს და 8 თებერვლის ინციდენტის შემდეგ, სააკაშვილმა ღარიბაშვილის გადაყენებისგან თავი შეიკავა, მაგრამ ახლა საქმე სხვა რეალობასთან გვაქვს.

_ და ეს რეალობა 8 თებერვლის მოვლენებისგან რითი განსხვავდება?
_ სააკაშვილმა მსოფლიოს დაანახვა, რომ საპრეზიდენტო ბერკეტის გამოყენებაზე _ პარლამენტის დათხოვასა და მთავრობის გადაყენებაზე უარს ამბობს, მაგრამ 19 აპრილს მოსალოდნელი არეულობების გამო, მას შეუძლია, საკითხი ასე დააყენოს, არ დავითხოვ მთავრობას, მაგრამ ქვეყნის სვე-ბედზე ვზრუნავ _ ქვეყანაში არასტაბილურობაა და ამიტომ, მხოლოდ შს მინისტრს ვათავისუფლებ, რომელსაც პროცესების მართვა არ შეუძლიაო. ამის შემდეგ, შს მინისტრად “ნაციონალებისადმი” ლოიალურად განწყობილი, ან ივანიშვილის მიმართ არასანდო პიროვნება დაინიშნება, რაც მთავრობის შესუსტებას გამოიწვევს.

სხვათა შორის, 8 თებერვლის აქციის დროს ადგილი ორმხრივ პროვოკაციას ჰქონდა. რას ითხოვდნენ ირაკლი ღარიბაშვილისგან? _ ძალა გამოეყენებინა იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებმაც ბიბლიოთეკისკენ გზა გადაკეტეს, საკუთარ ხალხთან დაპირისპირება შს მინისტრთან წამგებიანი იქნებოდა _ თუკი დემონსტრანტებს სპეცრაზმს მიუსევდა, “ნაციონალები” იტყოდნენ, ახალი ხელისუფლებაც იგივე მეთოდებს იყენებსო. აქედან გამომდინარე, 19 აპრილს შეიძლება, უამრავი რამ მოხდეს _ “ნაციონალებს” უზომო ფანტაზია და დაუოკებელი სურვილი აქვთ, რომ ირაკლი ღაირიბაშვილი კუთხეში მიაყენონ, მაგრამ ერთია ჩასაფრება და მეორე _ მისი განხორციელება. თუკი სახელისუფლებო სტრუქტურები, კერძოდ, შს სამინისტრო დროულად გაატარებს პრევენციულ, ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს, შეძლებს, თავი აარიდოს ჩაფიქრებულ პროვოკაციებს. იმედს ვიტოვებ, რომ შსს ამისთვის მზადაა.

ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს შს სამინისტროში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან მეგობრულ ურთიერთობებში იყვნენ და საინტერესოა, ისინი კონტროლზე თუ არიან?
მოკლედ, დღეს ღარიბაშვილის გათავისუფლება “ნაციონალების” ინტერესშია. დააკვირდით, ისინი ერთი და იმავე სცენარით მიდიან: ცდილობენ შინ და გარეთ თავი წარმოაჩინონ, როგორც დევნილმა ოპოზიციამ და ამით მეტი ქულები და მხარდაჭერა მოიპოვონ. 8 თებერვალს “ნაციონალებმა” ხალხზე იერიში მიიტანეს, მაგრამ პოლიტიკურად მოგებულნი თვითონვე დარჩნენ. კარგი იქნება, თუკი 19 აპრილის აქცია კანონიერების ფარგლებში ჩაივლის, ამავე დროს, “ნაცმოძრაობას” ექნება საშუალება, თავისი აზრი გამოხატოს. ახალ მთავრობას კი, ეს დადებითად დაახასიათებს, რომ აქვს უნარი, სხვანაირად მოაზროვნეთა აზრიც მოისმინოს.

 _ ბატონო კახი, ირაკლი ღარიბაშვილს მხოლოდ “ნაციონალები” ებრძვიან?
_ შს მინისტრის სავარძელი, რომელსაც ივანიშვილთან განსაკუთრებულად დაახლოებული პირი იკავებს, ბევრისთვის ძალიან გამაღიზიანებელია. ჯერ “ნაციონალებზე” ვთქვათ და მათი ტაქტიკა გავიხსენოთ, როცა რამდენიმე წლის წინ, ,,რუსთავი 2“-ში უშიშროების შესვლა სათავისოდ გამოიყენეს, სკანდალი ააგორეს და ერთადერთი მოთხოვნა _ გენპროკურორისა და შს მინისტრის გადადგომა დააყენეს. ამით წელში გადატეხეს მაშინდელი მთავრობა და ძალიან მალე ხელისუფლების უზურპაციაც მოახდინეს. “ნაციონალები” ახალს ვერაფერს იგონებენ და ახლაც იგივე სცენარის გათამაშებას ცდილობენ. რანდენად მოახერხებს “ოცნება” ამ საფრთხის აცილებას, ეს ხელისუფლების პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.

ღარიბაშვილის სავარძელი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ,,ნაციონალებს“  არ იზიდავს. იგი მიმზიდველია კოალიციაში შემავალი პოლიტსუბიექტებისთვის _ ვერ დამისახელებთ პარტიას, რომელიც უარს იტყვის და არ შეეცდება ამ სამინისტროს პორტფელი მოიპოვოს. ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ბევრს უშლის ხელსა და ნერვებს.

_ მართალია, თვლით, რომ საია-ს თანამშრომელსა და პოლიციელ თელიას შორის მომხდარი ინციდენტი შემთხვევითობაა, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ,,რესპუბლიკური პარტიის“ კადრების სამჭედლოა. ამასთან, ვრცელდება ცნობა, რომ საია-ს ამჟამინდელ სრაფს ფარული ურთიერთობა თითქოს “ნაცმოძრაობასთანაც” აქვს...

_ დიახ, ეს ინციდენტი, ჩემი აზრით, შემთხვევით მოხდა, მაგრამ სხვა საკითხია, ეს სკანდალი როგორ გამოიყენეს. საია-მ თელიას მიერ დაშვებული შეცდომები შესანიშნავად გამოიყენა და დღესაც რაპორტები იგზავნება დასავლეთში, საერთაშორისო თანამეგრობის სტრუქტურებში, თუ როგორ ებრძვის საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურა არასამთავრობო ორგანიზაციას.  ეს შემთხვევა მომავალისთვის ერთგვარი შესავალია. შსს-მ უნდა იცოდეს, რომ ყოველი სიტყვა გაანალიზოს, ამომწურავი პასუხი გასცეს საზოგადოებისა თუ სათანადო ორგანოების მიერ დასმულ შეკითხვებს და ადგილზევე აღკვეთოს მსგავსი პროვოკაციები, რომლებიც ხშირად პოლიტშტურმს ჰგავს.

_ ანუ, მინისტრს ვალერიან თელია უნდა დაესაჯა?

_ მინისტრს კი არა, კანონს უნდა დაესაჯა _Pპოლიციელის  ქმედებას არეგულირებს კანონი პოლიციის შესახებ. როცა შსს-ს თანამშრომელი ხარ, მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია.

_ ამ ინციდენტის შემდეგ, ვალერიან თელიამ ფსიქიატრს მიმართა. ეს დამატებითი საბაბი ხომ არ გახდება საია-სთვის, რომ თქვას, მნიშვნელოვან თანამდებობებზე ფსიქიურად გაუწონასწორებელი ხალხი ინიშნებაო?
_ კი, ასეთი საქციელი შეკითხვებს ნამდვილად ბადებს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს სხვებისთვის ცუდი მაგალითი არ აღმოჩნდება და პოლიციელები მსგავს თვითნებობას არ გაიმეორებენ... ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან რთულ დღეშია, ყველა მის თანამდებობას უყურებს _ ოპონენტიც და ისიც, ვინც უცინის. რატომ არ ჩაატარა თელიამ დროულად ყველა ის პროცედურა, რასაც წესით ასეთი მაღალი თანამდებობის პირი გააკეთებდა, რატომ დაელოდა მინისტრის მიერ ჩატარებულ ბრიფინგებს, რატომ ვერ წარუდგინა დაინტერესებულ მხარეს სათანადო დოკუმენტაცია, რატომ დატოვა ამდენი კითხვის ნიშანი? _ ეს საკითხები მინისტრს უნდა დაეყენებინა და პრობლემა საიაში კი არა, შს სამინისტროს საკადრო პოლიტიკაშია. სხვათა შორის, ვანო მერაბიშვილის ფავორიტი პოლიციელები ღარიბაშვილის ქვეშევრდომობაში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ და ,,ხერხემალყოფილის“ წინააღმდეგ კომპრომატებს სიამოვნებით აგროვებენ.

_ იზიარებთ მოსაზრებას, რომ საია-ს უკან ,,რესპუბლიკური პარტია“ დგას?

_ არ მჯერა, რომ მათი ინსპირირებული იყო.
სახელისუფლებო ბერკეტების ხელში აღებისათვის ბრძოლა, რასაკვირველია, მიდის. პრემიერის იზოლაციაში მოქცევა მასზე ზეგავლენის მოპოვებისათვის ნებისმიერი პარტიის ოცნებაა. მართალია, ზღაპრების მოყოლით ვერავინ შეიყოლიებს ივანიშვილს, მაგრამ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც გადაბარებული აქვს საქმეები იმ ადამიანებზე, რომელთაც ენდობა. ეს ადამიანები იყენებენ მის ნდობას, დღეს თუ ხვალ, გამოჩნდება ერთგულთა და კარიერისტთა სახეები. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი კიდევ ბევრჯერ გადაახალისებს საკუთარ გუნდს.
_ ანუ, ყველა ჩასაფრებულის პოზიციაშია?

_ რა თქმა უნდა, ყველა ფიქრობს, რამენაირად უალტერნატივო გახდეს ბიძინა ივანიშვილისთვის.

_ მოდით, ისევ 19 აპრილს დავუბრუნდეთ. არსებობს ვარაუდი, რომ  ხელისუფლება 19 აპრილამდე რომელიმე ყოფილ გავლენიან ჩინოვნიკს დაიჭერს, რომელსაც სერიოზულ ფაქტებს დაუდებენ. ასევე, არ გამორიცხავენ გარკვეულ ცვლილებებს “ოცნების” მინისტრთა კაბინეტში...

_ არ მგონია, ეს “ნაცმოძრაობისთვის” მოგონილი მითია. ხვალ რომ რომელიმე უმაღლესი თანამდებობის პირი დააკაოს, მაგალითად, გიგი უგულავა, ამით ახალი ხელისუფლება ოპონენტს მხოლოდ საკუთარ სისუსტეს უჩვენებს და დასავლეთიც დაიჯერებს, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა ხორციელდება...
არც სამთავრობო კარუსელს ველოდები. მინისტრების მოხსნა-დანიშვნა ისევ სააკაშვილის ხელშია და ყველა გადაადგილებას მიშას თანხმობა სჭირდება. 2012 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტს სხვა გზა არ ჰქონდა და ,,ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს დაეთანხმა, მაგრამ ამ დაძაბულობის განმეორება არც ერთ მხარეს არ აწყობს. სულ რაღაც ხუთი თვეა გასული არჩევნებიდან და მიშა უამრავ პრობლემას ქმნის ხან ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით, ხან გადაწყვეტილებებს აპროტესტებს და ტრიბუნას არ ტოვებს, საკუთარი ქვეყნის მთავრობა რომ არ გალანძღოს. შეიძლება, პრემიერი ბევრ რამეზე უკმაყოფილოა, მაგრამ ისეთი რეალობაა, რომ ყველაფერი წყალს “ნაციონალების” წისქვილზე ასხამს. ივანიშვილის გვერდით მდგომი ზოგიერთი პოლიტსუბიექტი, მრავალი წელი, სააკაშვილის თანამებრძოლი იყო _ ისინი ერთმანეთის ნათესავი, მეგობარი, ნათელ-მირონნი არიან, ბოლოს და ბოლოს, ერთად მოაწყვეს რევოლუცია. ბატონი ბიძინა კი, მათ სულ ორი წელია, იცნობს და, განაწყენების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ მათ უმცირესობასთან საერთო ენა გამონახონ.

_ მაინც, რას ელოდებით 19 აპრილს? ვინ დადგება ,,ნაცმოძრაობის“ გვერდით?

_ ქუჩაში მყარი, ფუნდამენტალური “ნაციონალები”  _ თვითმმართველობებში დასაქმებულები და ისინი გამოვლენ, ვინც მუქთა ხელფასს იღებდნენ. ასევე, გამოვლენ გაბრაზებული ,,ოცნებელები“, არამყარი სუბიექტები. ეს იქნება ახალი ხელისუფლების კიდევ ერთი გამოცდა. მან საშუალება უნდა მისცეს, რომ ოპონენტებმა თავისუფლად გამოთქვან თავიანთი სათქმელი. “ნაციონალებმა” კი მათ მიერვე მიღებული კანონმდებლობის საფუძველზე იმოქმედონ. ეს ის კანონია, რომელიც, მათი აზრით, ევროპის ქვეყნებში გამოიყენება. “ნაციონალები” ყოველთვის აპელირებდნენ, რომ აქციის ჩატარებაზე პასუხისმგებელი მთავრობა კი არა, აქციის ორგანიზატორები არიან. ჰოდა, აიღონ ეს პასუხისმგებლობა თავიანთ თავზე!

._ არსებობს ინფორმაცია, რომ 19 აპრილის აქციას თითქოს სტუდენტები უერთდებიან...

_ წინა ხელისუფლების დროს ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ ჩაკეტეს სტუდენტები თავიანთ სასწავლებლებში და როგორ გაააქტიურეს სტუდენტური თვითმმართველობები, რომლებიც პარტიულ არჩევნებშიც აქტიურობდნენ. ისინი არსად არ გამქრალან და ეს აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებულმა პრობლემებმაც აჩვენა. თვითმმართველობაში გაფორმებული ძირითადი ბირთვი, რომელიც ხელფასსაც იღებდა, რასაკვირველია, ამ თემაზეც იმუშავებს. ეს “ნაციონალების” სტილია, რომელსაც 2003 წელსაც წარმატებით იყენებდნენ, აბსოლუტურად იგივე მეორდება. საერთოდ, სტუდენტობა დიდი ძალაა...

_ ახლადშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციებიც გააქტიურდნენ...
_ დიახ, ნამდვილად შეინიშნება განსაკუთრებული გააქტიურება. საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის შეუფერებლად ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული _ მათი რიცხვი 17 ათასს აღწევს. ესეც “ნაციონალების” ძველი ხელწერაა _ ზუსტად ასე მოქმედებენ 1998-99 წლებიდან მოყოლებული. ჟურნალისტურმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ ზოგჯერ საბიუჯეტო თანხებითაც ფინანსდებოდნენ ორგანიზაციები, რომელთაც კავშირი ჰქონდათ უცხოელ პარტნიორ ორგანიზაციებთან და ჩართულნი იყვნენ, როგორც პოლიტიკურ, ასევე, საკანონმდებლო პროცესებში. მერე, ამ ორგანიზაციის ლიდერებისგან ქმნიდნენ პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც ქვეყნის სათავეებში მოდიოდნენ, ან პოლიტიკას წარმართავდნენ. დღესაც, პოლიტიკას ჩამოშორებული “ნაცმოძრაობის” წევრები ქმნიან კარგ აკადემიურ არასამთავრობოებს, რომლის წევრებიც პოლიტიკურად მოტივირებული, სახეშეცვლილი ყოფილი საჯარო მოხელეები არიან და ისინი ამბობენ, აპოლიტიკურნი ვართო. ეს ცუდი არ არის, მაგრამ მათი მიზანია, ისეთი პროექტი შესთავაზონ პარლამენტსა და სხვადასხვა უწყებას, რომელიც შეასუსტებს სახელმწიფო სტრუქტურებს.

მიხეილ სააკაშვილმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის დროს, იმდენად ლიბერალური სისხლის სამართლის ზოგადადმინისტრაციული კოდექსი შეიმუშავა, რომ მალე ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი გამეფდა, მაგრამ როცა პრეზიდენტი გახდა, “ნაციონალურ” უმრავლესობას თავისი ხელით დაწერილი კანონები შეაცვლევინა. მოკლედ, “ნაციონალები” ცდილობენ, არასამთავრობო სექტორის გამოყენებით მოახდინონ შსს-ს, პროკურატურის და ყველა იმ უწყების პარალიზება, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას ქმნის.