“დღეს ბაგრატის ტაძარი ქართული პროვინციალიზმის ძეგლია!”

“დღეს ბაგრატის ტაძარი ქართული პროვინციალიზმის ძეგლია!”

რაბათის ციხის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა ბაგრატის ტაძრის პრობლემა დაჩრდილა. სხვათა შორის, ქართველმა “ფეისბუქელებმა” ვანო მერაბიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ რაბათის დასაცავად უკან არაფერზე დაიხევს, “იოანე რაბათელი” შეარქვეს... იუნესკო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ფრანჩესკა ბონდარინი გამოდის ინიციატივით, ბაგრატის იუნესკო-ს მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დასატოვებლად ალტერნატიული გზა მოიძებნოს... რატომ ანგრევ-ანადგურებდნენ და რატომ უცვლიდნენ იერსახეს “ნაციონალები” ისტორიულ ძეგლებს? _ ,,ქართული სიტყვა” ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიას ესაუბრა.

_ ბატონო გოგი, მართალია, რაბათის სკანდალმა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებული ვნებათაღელვა თითქოს გადაფარა, მაგრამ მოვლენები, მოდით, კულტუროლოგიური თვალსაზრისით შეაფასეთ... საერთოდ, ყველა კულტურული ძეგლი ეპოქის შეკვეთაა...
_ გარკვეული თვალსაზრისით, ასეა _ ეპოქა ფასეულობებს წამოწევს და ეს ფასეულობები მხატვრულ ენაში “გადაიყვანება”. თუკი ეპოქაზე ბაგრატის მიხედვით ვიმსჯელებთ, იმჟამინდელი საქართველო აღმავლობის გზაზე მდგარი ქვეყანა იყო. საერთოდ, თავად ბაგრატის პერსონაა მნიშვნელოვანი _ ბაგრატ მესამემ 978 წელს სამხრეთ  და დასავლეთ საქართველოს გაერთიანება დაიწყო. ბაგრატ მეფემ, რომელსაც დედა აფხაზი ჰყავდა, გაერთიანებულ სამეფოს, თბილისის გარდა, ქართლ-კახეთიც შეუერთა. ეს პროცესი დავით აღმაშენებელმა დაასრულა... საქართველოში ყველაზე დიდი კათედრალები _ ბაგრატი, ალავერდი და სვეტიცხოველი სწორედ ამ პერიოდში აიგო. ყველაზე ადრეული კი, ბაგრატის ტაძარია, რომლის აშენებაც მე-10 საუკუნეში დაიწყო. მეოთხე დიდი საკათედრო ტაძარი ოშკია და ბაგრატი სწორედ მის სტილს აგრძელებს _ ბაგრატი და ოშკი ერთი გენეტიკური ხაზია...

_ მოდით, ისიც გავიხსენოთ, თუ რამდენმა მომხვდურმა და რამდენჯერ დაანგრია ბაგრატი...
_ ვიცი, რომ თურქებმა დაანგრიეს. გუმბათის დანგრევას ტოტლებენს აწერენ, მაგრამ ეს მართალი არაა, რადგან გუმბათი მანამდეც ჩამონგრეული იყო.

_ მოკლედ, ბატონო გოგი, ბაგრატი ეპოქის დაკვეთით აშენდა. ისიც, რაც ტაძარს ახლა “დაემართა”, ეპოქის შეკვეთაა?
_ არა, ეს მიშას შეკვეთაა! ხელოვნება სულ სხვა სფეროა _ ყოველთვის შეიძლება, პროკურორი, გამომძიებელი მოატყუო, მაგრამ ნამდვილ ხელოვნებას ვერ მოატყუებ. წინა ხელისუფლება მონუმენტალიზმის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ნიშნავს, სენით დაავადდა. სხვათა შორის, ეს ახასიათებდა რუსულ ბოლშევიზმს, გერმანულ ნაციზმს და, საერთოდ, ტოტალიტარიზმს. ბაგრატის გადაკეთება პიარზე იყო გათვლილი და ეს მემკვიდრეობითობის პრინციპს გულისხმობდა: ბაგრატ მესამის მიერ აშენებული ტაძარი თავის დროზე ქვეყნის გაერთიანების დასაწყისის გამოხატულება იყო, ,,ვარდების რევოლუციის” მერე, სააკაშვილმა ტაძრების “გარემონტება” დაიწყო და ამით ხაზს უსვამდა, აი, ქვეყანამ აღმავლობა დაიწყოო... მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ბაგრატის გამაგრება მოხდა...

_ ქართულ ისტორიულ წყაროებში ბაგრატის ძეგლის პირვანდელი სახე შემორჩენილია?
_ სამწუხაროდ, _ არა. ბევრს არ ესმის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ ხელოვნების ნაწარმოები არ მეორდება. დღეს ბაგრატის ტაძრის ამგები რომ მოიყვანო, დააყენო და სთხოვო, გაიმეორეო, იდენტურს ვერ ააგებს. მაგალითად, ატენის სიონი ჯვარს იმეორებს, მაგრამ ოსტატმა გუმბათი მაინც შეცვალა. სამთავისის ეკლესია მე-11 საუკუნის 30-იან წლებში ილარიენ ვაჩეს ძის მიერაა აგებული, რომლის ასლიც გახლავთ ქაშვეთის ეკლესია, მაგრამ სამთავისი ცოცხალია, ქაშვეთი კი, _ მულაჟი. აზრად არავის მოსდის, რომ ფიროსმანის დაზიანებულ ტილოზე რამე ჩაამატოს, რადგან ამით, ჯერ ერთი, ტილო მთლიანად გაფუჭდება და, მეორე და მთავარი, ის ფიროსმანი აღარ იქნება...
რაც თავი მახსოვს, სულ ქართულ ტაძრებს ვუყურებ. დედაჩემი მხატვარ-რესტავრატორი გახლდათ, ჩუბინაშვილთან მუშაობდა და მეც თან დავყავდი _ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლები იყო, ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავდა. მოკლედ, რვა წლის ასაკიდან ტაძრებს შევყურებ და რომელი იტალიელი არქიტექტორი მასწავლის ქართული ორნამენტების გემოსა და გამომსახველობას?

_
რა ჰქვია დღეს ბაგრატის ტაძარს?
_ მას “მიშას ტაძარი” შევარქვი! დღეს ბაგრატის ტაძარი ქართული პროვინციალიზმის ძეგლია.

_ ბატონო გოგი, შეიძლება, მაგრამ ხელოვნებაში, როგორც ვიცი, პროგრესის ცნება არსებობს...
_ ეს რთული საკითხია. ადამიანთა საზოგადოება, პირველყოფილობიდან დაწყებული დღემდე, ფასეულობებს ქმნის, მაგრამ სრულყოფილებამდე რომ მიხვიდე, ბევრი ეტაპებია გასავლელი. მაგალითად, ეგვიპტეში ჯერ მასტაბა პირამიდები იყო, მერე, მასტაბა მასტაბაზე დაადგეს და შვიდსაფეხურიანი ჯოსერის პირამიდა მივიღეთ. მერე, სოფრუსი, ანუ რამდენიმესაფეხურიანი პირამიდები ააშენეს, ბოლოს კი, გიზის პირამიდა შეიქმნა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 20 ათასი წლის წინ დაწყებული გამოქვაბულის მხატვრობამ დიდი გზა გაიარა, ვიდრე აბსოლუტურ შედევრებამდე მივიდოდა. მარადისობა ისე არავის გადმოუცია, როგორც _ ეგვიპტელებს, ბერძნებმა კი, ხელოვნებაში ჰარმონია გადმოსცეს... უკვდავი ხელოვნება აღარ მეორდება. თითოეული ეპოქა სრულყოფილებას თავისებურად გადმოსცემს.  
_ ბატონო გოგი, თანამედროვე ქართული ეკლესიების არქიტექტურა მოგწონთ?
_ მაღალი აზრის არ ვარ... საკულტო ძეგლი მარადიულ ფასეულობებს უნდა შეიცავდეს. სამება ძალიან მნიშვნელოვანი ანსამბლია, წმინდა ადგილია, მაგრამ ხუროთმოძღვრულად სუსტია.
_ რა ამის პასუხია და, თქვენი აზრით, “ნაციონალები” ისტორიულ ძეგლებს რატომ ებრძოდნენ?
_ ,,ნაციონალებმა”, მიშას მეთაურობით, საქართველო დაამახინჯეს. ძველი თბილისი, ბათუმი, სიღნაღი, მცხეთა _ ეს მულაჟებია. ძველი თბილისის უბნებმა ბუნებრივობა დაკარგეს. ყველაფერ ამას ,,საყოველთაო სიღნაღიზაციას” დავარქმევდი... სიღნაღს ერთი უცხოელი სტუმრობდა და ჰკითხეს, როგორ მოგწონთო? თავის დროზე კარგი ქალაქი იქნებოდაო, _ მიუგო...

_ კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ რურუა იუნესკო-ს ბიუროკრატიაში ამხელს...
_ შეიძლება, რომელიმე უნივერსიტეტმა ბაგრატის რესტავრაციის ავტორს ოქროს მედალი მისცა, მაგრამ რისთვის? _ ეს სხვა საკითხია. ქართულმა მხარემ იუნესკო-ს ერთი შენიშვნაც არ გაითვალისწინა. არ აღიარებენ, რომ იუნესკო-მ  ბაგრატი მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოიღო... იუნესკო გაერო-ს ორგანიზაციაა და მასთან დაპირისპირება არ გვაწყობს, რადგან უფრო წონიანია, ვიდრე _ რომელიმე უნივერსიტეტი. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ამბობს, იუნესკო დროს ჭიმავდაო, მაგრამ ასეთ საქმეზე აჩქარება შეიძლება? ,,ნაციონალებს” ეჩქარებოდათ, რომ მიშასთვის მოესწროთ. პრეზიდენტს გემოვნება რომ არ აქვს, ცნობილია, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტი ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს თვითნებურად არ უნდა წყვეტდეს, მით უმეტეს, თუ ვერც ერკვევა... A
ქუთაისში, პარლამენტის ასაშენებლად უმწეო ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლეს _ მემორიალი ააფეთქეს, რომელიც თავის დროზე ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა საპატივცემულოდ ბერძენიშვილისა და კალანდარიშვილის ავტორობით დადგეს. ძეგლებთან ბრძოლას რა აზრი აქვს? დავით აღმაშენებლის ძეგლი თუ გადაჰქონდათ, გორაკზე მაინც დაედგათ _ დიდებულად გამოჩნდებოდა. ჩემი თავის კმაყოფილი ვარ, ის ,,მექისე” პრომეთე რომ ავაღებინე _ თბილისიდან აიღეს და ბორჯომელები “გააბედნიერეს”...

_ თურქეთის ტერიტორიაზე ჩვენი ძეგლების აღდგენის პროგრამა, როგორც ამბობენ, ნაცვალგებაზე იქნება დაფუძნებული.
_ იქ იმდენად მნიშვნელოვანი ძეგლებია, რომ ნაცვალგებას ვემხრობი. ძლიერი საპროტესტო მუხტია აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით. ამ საკითხის უმტკივნეულოდ, ხალხის აზრის გათვალისწინებით მოგვარება შეიძლება. ყოველთვის ტოლერანტულნი ვიყავით და ქართველ მუსულმანებს სალოცავზე უარს არც ახლა ვეტყვით. თურქულ მხარესთან კი, შეგვიძლია, ვილაპარაკოთ და ჩვენს ეკლესია-მონასტრებში სამონასტრო ცხოვრება აღვადგინოთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ძლიერი ქვეყანა გვექნება.

_ თანამედროვე ძეგლებზე რას იტყვით, ბატონო გოგი?
_ ველოსიპედის ძეგლის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გააჩნია, სად დაიდგმება.
უცხოეთში პოსტმოდერნისტული ძეგლები მოდური 30 წლის წინ იყო. ევროპა რომ მოიყირჭებს, დაღეჭავს და გადმოაფურთხებს, იმას ჩვენ მერე ვიღებთ. ფიროსმანი იმიტომაა დიდებული და განუმეორებელი, რომ თვითმყოფადი ხელოვანია _ არავის ჰგავს. არ გვჭირდება ტურიზმზე ორიენტირებული ხელოვნება, თუმცა ტურიზმის რეკლამირებაც ყალბია.
მართალია, რუსები პოლიტიკურ კულტურაში ჩვენზე ჩამორჩენილნი არიან, მაგრამ ერთი კარგი გააკეთეს: ვადაგასულ ძეგლებს თავი მოუყარეს და ,,მოსკვა რეკასთან”, ღია ცის ქვეშ, მუზეუმი მოაწყვეს. საქართველოში ლენინის ძეგლის დანგრევას სულ სხვა სოციალური დატვირთვა ჰქონდა _ საბჭოთა წყობის დასასრულს მოასწავებდა. მიშამ კი, ისეთი სიტუაცია შექმნა, ხალხს საბჭოეთი და პრორუსული განწყობა მოანატრა, მაგრამ რა, დასავლეთმა მისცა ცოცხი და “დუბინკა” კაცების გასაუპატიურებლად?!