საარჩევნო გარემოს დახვეწაზე მუშაობის პროცესი სექტემბრდან განახლდება. მმართველმა ძალამ, როგორც იქნა, გააჟღერა ის ფორმატი, რომელშიც ის ოპოზიციასთან ითანამშრომლებს. თუმცა, ამ ფორმატიდან ერთხელ უკვე გაიქცნენ “ნაცები”, როცა ოპოზიციასთან ერთად მთავარ გადაწყვეტილებას იღებდნენ. შედეგად კი, ადგილობრივი არჩევნები მოიგეს.
ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ ოპოზიციაში არაერთხელ შეიკრიბნენ იმისათვის, რომ საარჩევნო პრობლემებზე მომუშავე ერთიანი ჯგუფი შექმნილიყო. “ქართული აკადემიის” მიერ საარჩევნო თემებზე მსჯელობისთვის მიწვეული პარტიებიდან ბევრი არ მივიდა. მათ შორის იყვნენ: ”ნაციონალები”, “კონსერვატორები” და “ქრისტიან-დემოკრატები”.
მოგვიანებით, “ქრისტიან-დემოკრატმა” ლევან ვეფხვაძემ სამუშაო ჯგუფის პარლამენტთან შექმნის იდეა გაახმოვანა. “კონსერვატორებს” საარჩევნო ჯგუფის მუშაობა ეკა სირაძისა და ლალი აფციაურის არასამთავრობო ორგანიზაციების “შუამავლობის” მეშვეობით უნდოდათ რომ წარმართულიყო. “ეროვნული ფორუმი” ოპოზიციურ პარტიებს თავის “ბაზას” სთავაზობდა.
ამ აჟიოტაჟში მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” დუმდა. პრესა.გე უკვე წერდა, რომ “ნაცებისთვის” ოპოზიციაში გაჟღერებული არცერთი ფორმატი არ იყო მისაღები - ზოგი კომპეტენტურობის, ზოგიც ნდობის ფაქტორისა და ვინ იცის, კიდევ რისთვის.
სხვათაშორს, თავის დროზე ოპოზიციური პატიების არჩევნებისშემდგომ “კაკაფონიას” სკეპტიკურად უყურებდა დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი და მაშინვე ამბობდა:
“როგორც ჩანს, ბატონი კუკავა და სხვები ფიქრობენ, რომ როგორმე არ მოხდეს ის, რაც მოხდა NDI-ის ფორმატში, როცა ბატონი კუბლაშვილი საარჩევნო ბარიერზე მსჯელობის დროს გაიქცა. შედეგად ის მივიღეთ, რომ აღარ გაითვალისწინეს 6-7 თვის განმავლობაში საარჩევნო თემებზე მომუშავე პარტიების აზრი და საკითხი პლენარულ სხდომაზე პირდაპირ გაიტანეს, ხოლო შემდეგ – დაამტკიცეს კიდეც. ბარიერი კი, 30 % დარჩა და არა – 50%. ამ ხალხს იცით, რა ავიწყდება, რომც შეიმუშაონ სრულყოფილი პროექტი და ამის წინააღმდეგი მმართველი ძალა წავიდეს, ეს პროექტი სად უნდა შეიტანონ დასაკანონებლად? პარლამენტში, ხომ? პარლამენტში უმრავლესობაში კუკავაა? ვერ ხვდებიან, რომ ყველა ბერკეტს თავი უნდა მოვუყაროთ, ძალები გავაერთიანოთ, თორემ “ნაციონალებს” ნებისმიერი მარგინალური პროექტის ხელში შემოჩეჩება შეუძლიათ ჩვენთვის?”.
მაშინ “ნაცები” და ოპოზიცია საარჩევნო ბარიერზე ვერ შეთანხმდნენ, ოპოზიცია თვლიდა, რომ თბილისის მერობის კანდიდატს არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა 50%-იანი ბარიერი უნდა დაეძლია, რათა ლეგიტიმური მერი ყოფილიყო. ხელისუფლებამ კი, რომელიც არჩევნებამდე 6 თვით ადრე გარკვეულ შიშებში იყო, ვაითუ არჩევნები ვერ მოვიგოთო, მხოლოდ 30%-იან ბარიერზე იყო თანახმა. მათ ის სხდომა დატოვეს და პარლამენტში მაინც თავისი გაიტანეს.
ამის შემდეგ, არჩევნებიც ჩატარდა, ოპოზიცია საარჩევნო გარემოს რადიკალურ ცვლილებებზეც დაფიქრდა, მაგრამ არაფერს ამბობდა მმართველი ძალა, რადგან გადაწყვეტილი არ იყო, რა ფორმატში უნდა გაგრძელებულიყო ოპოზიციასთან საარჩევნო გარემოზე მუშაობა. არადა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, თუ მაღალი რანგის უცხოელი სტუმარი მმართველ ძალას ამ გარემოს დახვეწისკენ მიუთითებდა. ერთი სიტყვით, საერთაშორისო ზეწოლა დიდი იყო.
არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, როგორც იქნა, მმართველი ძალისთვის სასურველი მოლაპარაკების ფორმატი ბრიფინგზე პირდაპირ იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ერთად გააჟღერა, ვისი შუამავლობითაც “ნაცები” თანახმა არიან, დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად დასხდნენ და 2010-2011 წლების განმავლობაში საარჩევნო გარემოს შეცვლაზე იმუშაონ. ეს ხელმძღვანელი ლუის ნავარო გახლავთ, მისი ორგანიზაცია კი, ყველასთვის კარგად ნაცნობი ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტია.
როგორც უკვე გითხარით, NDI ერთხელ უკვე იყო პოზიცია-ოპოზიციის გამაერთიანებელი ძალა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ და მის მიმართ პრეტენზიები ოპოზიციას არ ჰქონდა. თუმცა, ეს მანამდე, ვიდრე ეს სააგენტო იმ ცნობილ რეიტინგებს არ გამოაქვეყნებდა, სადაც უგულავას სააკაშვილზე მეტი რეიტინგი ჰქონდა. ამის შემდეგ NDI არაერთხელ გახდა ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი მიკერძოებულობის გამო.
თავად ნავარო და მისი ორგანიზაცია არჩევნების შემდეგ კარგა ხანს დუმდნენ და ოპოზიციას საკუთარ შუამავლობას ხელისუფლებასთან აღარ სთავაზობდნენ, რათა საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მოლაპარაკებები გაგრძელებულიყო.
გუშინ კი, ბაქრაძემ და ნავარომ ერთობლივი გადაწყვეტილება გააჟღერეს. როგორც ლუის ნავარომ აღნიშნა, ძველ ფორმატში ოპოზიციასთან მუშაობის გაგრძელების ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარისგან მოდის.
დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო გარემოს დასახვეწად გასაკეთებელი კიდევ ბევრია და მმართველი ძალა თანახმაა, რომ NDI-ს ფორატში გააგრძელოს მუშაობა. თავის მხრივ კი, NDI-ც თანახმაა შუამავალი იყოს.
“ვინც რა უნდა, ის თქვას, მომავალი არჩევნები 2012 წელს ჩატარდება. სრულიად წყნარად, დინჯად, მშვიდად და აჩქარების გარეშე დავჯდეთ და ვიმუშაოთ ერთად. იმედი გვაქვს, პოლტიკური პარტიებიც დაგვეთანხმებიან”, - თქვა პარლამენტის სპიკერმა.
პრესა.გე-ს კითხვაზე, ცნობილია თუ არა რამე ოპოზიციისთვის ამ ინფორმაციის შესახებ, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მას ჯერ კონსულტაციები მათთან არ ჰქონია. რა რეაქცია ექნება ოპოზიციას ამ შეთავაზებაზე ხვალინდელი დღე გვიჩვენებს. ოპოზიციის რეაქციის შესახებ უცნობია ნავაროსთვისაც.
“ვადასტურებთ რა ჩვენს მხარდაჭერას ამ ინიციატივისადმი, ველით ოპოზიციის გამოხმაურებას” - თქვა NDI-ს ხელმძღვანელმა.
ფაქტია, “ნაცები” კიდევ ერთხელ მოიქცნენ მოხერხებულად - საარჩევნო ვნებათაღელვების ჩაცხრომას დაელოდნენ და ოპოზიციას კვლავ ცნობილი, რეიტინგებით “სახელგატეხილი” NDI შესთავაზეს შუამავლად.
თუ ოპოზიცია არ დათანხმდება NDI-ს ფორმატში მოლაპარაკებების გამართვას, მაშინ რას იზამს “ნაცმოძრაობა”? – პრესა.გე-ს ამ კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ასეთი პასუხი გასცა: “ძალიან თეორიულ საკითხზე ნუ მომთხოვთ კონკრეტულ პასუხს. მე მახსოვს ის დრო, როცა 14 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ერთი მაგიდასთან მუშაობდა. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. იმედი მაქვს, თანხმობას მივაღწევთ. ჯერჯერობით, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ”.
სავარაუდოდ, ოპოზიციას არჩევანი აღარც კი დარჩა და მმართველი ძალის ამ შეთავაზებას უნდა დათანხმდეს, თუ სურთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებები რეალურად გაიმართოს. მით უმეტეს, ნავარომ ბრიფინგზე გარკვევით თქვა: “NDI-ს პერსპექტივიდან გამომდინარე წარმატებას განაპირობებს მთავრობისა და ხელისუფლების სურვილი, კვლავ ითანამშრომლონ ამ ფორმატში”. ამ კომენტარით მან, ალბათ, იმაზე მიანიშნა, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და ოპოზიციის ზედმეტ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს.
ისე, თუ ოპოზიციას ეს ფორმატი არ მოეწონება, მაშინ ამით ისინი “ნაციონალების” წისქვილზე წყალს ნამდვილად დაასხამენ, რადგან ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების დასანახად თითს არაკონსტრუქციული ოპოზიციისკენ გაიშვერს და იტყვის, ჩვენ კი გვინდა, საარჩევნო გარემოს შეცვლა, მაგრამ სხვა პარტიებთან თანამშრომლობა შეუძლებელიაო. შესაბამისად, საპარლამეტო არჩევნებისთვის ეს გარემო იგივე დარჩება, არჩევნებში მოგებაც “ნაცების” იქნება. თანაც, ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ შეცვლიან მაშინ, თუ ეს მთელი ოპოზიციის მოთხოვნა იქნება.
რეალურად, თავად მმართველმა ძალამაც კარგად იცის, რომ ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებით ჩიხში მოაქცია და ამიტომ საარჩევნო გარემოზე მუშაობის კონკრეტული ვადებიც კი აქვთ განსაზღვრული.
ბაქრაძის თქმით, თუ ამ ფორმატში მუშაობის სურვილს ოპოზიციაც გამოთქვამს, მაშინ შესაძლოა, პროცესი სექტემბერში დაიწყოს და 2011 წლის ბოლომდე გაგრძელდეს. მეტ ვადას მმართველი პარტია არ იძლევა, რადგან სამუშაო პროცესში მიღებული ახალი საარჩევნო კოდექსის ვარიანტი შემდეგ პარლამეტმა უნდა განიხილოს და მიიღოს. ამას კი თავისი დრო და პროცედურები სჭირდება.