კლიმატური თვალსაზრისით ძალიან ცხელი ზაფხული - განსაკუთრებით, მეტად ცხელი ივნის-ივლისი - პოლიტიკური თვალსაზრისითაც დაძაბული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში რამდენიმე ისეთი ფაქტი მოხდა რომლებიც, ერთი შეხედვით, კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. თუმცა, პოლიტიკაში შემთხვევითობების ადგილი ფაქტობრივად არ არის და როგორც წესი, ყველაფერს თავისი მიზანი, საფუძველი და ლოგიკური ახსნა აქვს. ამის გათვალისწინებით, ბოლო დაახლოებით ერთ თვეში მომხდარი ფაქტების შეჯამებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიდ პოლიტიკაში რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო.
”რბილი ძალა”
მსოფლიო პოლიტიკის ”კეთების” ახალი სტილის ათვლის წერტილად ბარაქ ობამას პრეზიდენტად არჩევა და თეთრ სახლში ახალი ადმინისტრაციის მისვლა შეგვიძლია ჩავთვალოთ. ახალმა ადმინისტრაციამ რუსეთსაც და მთელს დანარჩენ მსოფლიოსაც, აგრესიისგან ”გადატვირთვა” შესთავაზა. დიდი წვალებით, მაგრამ საბოლოოდ, ამან იმუშავა. დღეს, რუსეთის აგრესიული დუუმვირატიც კი ვეღარ აძლევს თავს ჩვეული აგრესიულობის უფლებას. ამას თავისი, ასე ვთქვათ, წმინდა რუსული მიზეზებიც აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკის ”კეთების” სტილი მთლიანად შეიცვალა.
ხელისუფლებაში მოსვლის მომენტისთვის ამერიკის პრეზიდენტის წინაშე რამდენიმე გადაუდებელი ამოცანა იდგა: რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება და როგორც უპირველესი შედეგი, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ახალი ხელშეკრულების ხელმოწერა; ერაყი, ავღანეთი, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება... ყოველ შემთხვევაში ამ თემებს ასახელებდნენ მაშინ გავლენიანი დასავლური მედიასაშუალებები და წამყვანი ანალიტიკოსები.
პოლიტიკის ”კეთების” შეცვლილი სტილის წყალობით, მეტი თუ ნაკლები წარმატებით, მაგრამ ამ საკითხებთან დაკავშირებული პირველი რიგის პრობლემები ობამას ადმინისტრაციამ მოაგვარა. ყოველ შემთხვევაში, მათი სიმწვავე იმდენად თვალშისაცემი აღარ არის. ასეთი იყო ვითარება ობამა-მედვედევის 24 ივნისის შეხვედრის წინ.
ამერიკა-რუსეთის პრეზიდენტების ბოლო შეხვედრამდე განვითარებული პროცესები საკმაოდ ადვილად დასანახი და მარტივად გასაგები იყო. მათ შორის, ადვილად გასაგები იყო ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებიცა და ამ კონტქსტში, საქართველოს ადგილიც. ის, თუ რა იქნებოდა ჩვენთვის უფრო მომგებიანი; შესაბამისად, რისი უფლება შეიძლებოდა მიგვეცა თავისთვის და რისი - არა!
24 ივნისის იდილია და უცნაური გაგრძელება
ამერიკა-რუსეთის პრეზიდენტების მორიგმა, 24 ივნისის შეხვედრამ, სწორედ ისე ჩაიარა როგორც, მოსალოდნელი იყო. ”სრული იდილია”, ”იდილიური შეხვედრა” - ასე შეაფასეს იგი, დასავლურმა მედიამ და ცნობილმა რუსმა თუ დასავლელმა ექსპერტებმა. ესეც, მოსალოდნელი და ლოგიკური ანუ მარტივად გასაგები იყო. განსაკუთრებით, ობამასა და მედვედევს - ამერიკასა და რუსეთს - შორის დამყარებული ურთიერთობების გათვალისწინებით. სამაგიეროდ, ალოგიკური და აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის მოვლენები რომლებიც 24 ივნისის შეხვედრის შემდეგ, ერთგვარი, ”ჯაჭვური რეაქციის” პრინციპით განვითარდა.
ყველაზე უფრო გაუგებარი, ”ჯაშუშური სკანდალი” იყო რომელიც - როგორც რუსული მედია წერდა - ”მედვედევს ზურგში მიაყოლეს”. ამას მოჰყვა, ჰილარი ქლინთონის ტურნე აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში. სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შემდეგ კი, საქართველოში ევროპის უმაღლესი რანგის ჩინოვნიკების ”ცვენა” დაიწყო. ”ბებერი ევროპა” უცნაურად გამოცოცხლდა. ამ ყველაფერს კი, ზევიდან, ”მარილად მოყრილი” საქართველო-ირანის გაუგებარი პოლიტიკური ფლირტიც ემატებოდა. მოკლედ, როგორც ამბობენ, პოლიტიკაში ”დრო დაჩქარდა”.
ამ ფონზე, სიტუაცია ცოტა არ იყოს, დამაბნეველი გახდა. საქმე ისაა, რომ რიგ შემთხვევებში ფაქტები ერთგვარად, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა; ზოგ შემთხვევაში კი, მოვლენათა განვითარების ლოგიკას. ამგვაარდ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო პოლიტიკაში - არამარტო მისი ”კეთების” სტილში არამედ, მთლიანად პოლიტიკურ პროცესში - სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. თუ ეს მართლაც ასეა, ცხადია, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ისევ და ისევ ისაა თუ როგორი იქნება ამ ახალ ეტაპზე ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები და ამ კონტექსტში, საქართველოს ადგილი თუ როლი.
მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, ქართველი ექსპერტების აზრი ორად გაიყო. მათი ნაწილი ამ მოსაზრებას ეთანხმება, ნაწილი - არა.
ექსპერტი კახა კაციტაძე მიიჩნევს, რომ ცვლილებები მართლაც სერიოზულია. იმდენად, რომ ”დაუშვებელია მათი განხილვა ვიწრო სამკუთხედის - ამერიკა-რუსეთი-საქართველო - პრიზმაში”.
”სინამდვილეში, ყველაფერი სრულიად სხვა განზომილების შედეგად ხდება. ანუ ამერიკის პოლიტიკურ ცვლილებებს სხვა ფაქტორები განაპირობებს, რომელთა შესწავლაც ჩვენთან არ ხდება. ეს ძალიან ცუდია” - აღნიშნავს კაციტაძე.
ექსპერტის თქმით, ამაზე უფრო დაწვრილებით რაიმეს თქმა შეუძლებელია, რადგან საკითხი მეტად მასშტაბურია. იმდენად, რომ მას რამდენიმე მიმართულებით სერიოზული კვლევა სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროცესების ანალიზი ინტერვიუსა თუ სტატიის ფორმატში ვერაფრით ჩაეტევა.
”თუმცა, ის კი შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება. ჩვენ კი როგორც შეჩვეულები ვართ, კონკრეტული, კერძო დეტალებიდან ამოვდივართ ისე, რომ ზოგად ტენდენციებს არ ვითვალისწინებთ. არადა, ახლა სწორედ ტენდენციებია გასააზრებელი. თუ ტენდენციებს მაინც გამოვიკვლევთ, ის ფაქტორი რომელზეც თქვენ ჩიოდით - რომ ვეღარ იგებთ რა ხდება - მოიხსნება, რადგან ბევრი რამ უფრო გასაგები გახდება” - აღნიშნავს კახა კაციტაძე.
რადიკალურად განსხვავებულია მეორე ექსპერტის, სოსო ცინცაძის მოსაზრება. მისი თქმით, ”ახალ ეტაპებზე ლაპარაკი ცოტა რთულია. ეს პროცესები ადრეც მიმდინარეობდა, მაგრამ შეუიარაღებელი ტვალით ცოტა რთული დასანახი იყო”.
ცინცაძე მიიჩნევს, რომ მთელი რიგი ფაქტორების გამო, ობამას ქვეყნის შიგნით აღარ აქვს ისეთი პოზიციები როგორიც, თუნდაც ერთი წლის წინ. ამ შემთხვევაში, მით უფრო საინტერესოა იმ კვლევის შედეგები რომელიც მსოფლიო - მათ შორის, ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა - მედიამ 3 ივლისს გაავრცელა. ამერიკაში ორი სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ, ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა. მათი შედეგები იდენტური აღმოჩნდა - გამოკითხვების თანახმად, ბარაქ ობამა ამერიკის საუკეთესო პრეზიდენტებს შორის დასახელდა. მან მე-15 ადგილი მოიპოვა.
”ჯაშუშური სკანდალი”
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის კარგი ურთიერთობა დამყარდა. იმდენად, რომ ”ჯაშუშური სკანდალი” რომელიც მედვედევს, როგორც იტყვიან, ”გზაში დააწიეს”, საერთოდ ყოველგვარი კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი. ცხადია, ჯაშუშების არსებობა თუ მათი დაკავება გასაოცარი სრულიადაც არ არის. გასაოცარი ის იყო, რომ ამასთან დაკავშირებით დიდი მონდომებით დიდი სკანდალი აგორდა.
ასეთი სკანდალი კი, არავის სჭირდებოდა: არც ობამას, არც მედვეედვს და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც პუტინს. შემთხვევითი არ იყო, რომ ობამამ და მედვედევმა ”პირში წყალი ჩაიგუბეს” და ამ ფაქტს ფაქტობრივად არ გამოეხმაურნენ. მხოლოდ ოფიციალური განცხადება გავრცელდა რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ”პრეზიდენტმა ობამამ ყველაფერი იცოდა”. კრემლს ესეც არ გაუკეთებია. მხოლოდ ლავროვმა შენიშნა გესლიანად, დრო დახვეწილად იყო შერჩეულიო. პუტინმა კი, ბილ ქლინთონთან საუბრისას, ამერიკული პოლიციის თავგასულობის გამო დაიწუწუნა. მოკლედ, გამწვავება რუსეთსაც არ უცდია. რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ სკანდალი მართლაც არავის აწყობდა.
სწორედ ამიტომ, ის მალე ისევე მოულოდნელად ჩაიფარცხა როგორც დაიწყო. ექსპერტი სოსო ცინცაძე ეთანხმება მოსაზრებას, რომ ლოგიკის თვალსაზრისით, ეს სკანდალი არ უნდა მომხდარიყო. მისი თქმით, ”ჯაშუშებზე ნადირობის პრაქტიკა სხვაგვარია ჯერ კიდევ ”ცივი ომის დროიდან”. მათ უთვალთვალებენ, დასდევენ, არ ძლევენ ჯაშუშური საქმიანობის შესაძლებლობას, მაგრამ ”გახმაურებას ყოველთვის ერიდებიან თუ ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურთ”.
მაშინ, რა მოხდა? ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში რამე შეიცვალა? ექსპერტი ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.
”ძირითადად, ვაშინგტონის კურსი არ შეცვლილა. თუმცა, ვაშინგტონში არიან ძალები რომლებსაც არ ხიბლავთ მოსკოვთან ასე ჩახუტება; რომლებიც ეჭვის თვალით უყურებენ ობამას ასეთ მეგობრულ ურთიერთობას მედვეედვთან, პუტინთან... მიაჩნიათ და სრულიად სამართლიანადაც, რომ რუსეთი მაინც რუსეთია და მოგვატყუებენ. სწორედ ამ წრეებმა - ადვილი შესაძლებელია, ობამას სურვილის გარეშეც - მოახდინეს ეს ”ჯაშუშური კამპანია” - ვარაუდობს სოსო ცინცაძე.
სხვათა შორის, ამ ”ჯაშუშურ სკანდალზე” ევროპაში ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდათ. იმდენად, რომ ერთ-ერთ ჯაშუშს არამარტო ინგლისის მოქალაქეობა ჩამოართვეს არამედ, უმაღლესი განათლების დიპლომიც კი გაუუქმეს.
ჰილარი ქლინთონი და ევროპელი მაღალჩინოსნები საქართველოში
”ჯაშუშურ სკანდალს” აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის სასწრაფო ტურნე მოჰყვა.
ამ გაზაფხულზე დასავლურ მედიაში ძალიან ბევრი სტატია გამოქვეყნდა იმის შესახებ, რომ ამერიკამ თავისი პოსტ-საბჭოთა სივრცის მოკავშირეები მიატოვა. ამის მთავარ მაგალითად საქართველო მოჰყავდათ. თუ ჰილარი ქლინთონის ტურნეს გეოგრაფიას, პოლონეთში - ანტისარაკეტო სისტემების განთავსების შესახებ - ხელმოწერილ დოკუმენტსა და ტურნეს მასპინძელ ქვეყნებში გაკეთებულ განცხადებებს გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ამ მოგზაურობით ამერიკამ ყველა ეს აქცენტი გაანეიტრალა.
”სწორედ იმის დასამტკიცებლად, რომ ამერიკამ არ მიატოვა თავისი მოკავშირეები; რომ ამერიკა კვლავ ერთგულია თავისი მოკავშირეების და რომ რუსეთს გავლენის სფეროების პოლიტიკის აღდგენის უფლებას არ მისცემს; მით უფრო, არ მისცემს უფლებას, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცე ისევ თავის გავლენის სფეროდ მიითვალოს... აი, ამ ყველაფრის დემონსტრირებისთვის იყო ჩამოსული ქლინთონი ამიერკავკასიაში. ასევე უნდა განვიხილოთ ამერიკის გააქტიურება ცენტრალურ აზიაშიც” - ამბობს ექსპერტი.
არ ეთანხმება რა, დიდ პოლიტიკაში ახალი ეტაპის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას, იმავდროულად, ცინცაძის აზრით, ერთი მიმართულებით დაწყებულ პროცესს მართლაც შეიძლება ეწოდოს ახალი ეტაპი.
”საქართველოს გააქტიურებული ურთიერთობები ირანთან - ამას მართლაც შეიძლება ახალი ეტაპი ვუწოდოთ. გახსოვთ ალბათ, ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხიც კი იდგა. შედეგად, ამ 40 გრადუსიან სიცხეში თბილისი დიპლომატიურ მექად იქცა” - ამბობს ცინცაძე.
მართლაც, საქართველო-ირანის ბოლოდროინდელი ურთიერთობები და ამას მოყოლილი რეაქცია ერთ-ერთი იმ მიმართულებათაგანია რომელიც გარკვეული პროცესების გაქტიურების საფუძვლად იქცა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება იქმნება ამ ეტაპზე.
სოსო ცინცაძის თქმით: ”პირველ რიგში, ეს ახალი ეტაპი ევროპისთვისაა. ევროპა მოუბრუნდა სამხრეთ კავკასიას. ახლა, როდესაც ამ რეგიონში ამერიკის ინტერესები თითქოს შესუსტდა, ევროპამ უნდა განამტკიცოს თავისი პოზიციები სამხრეთ კავკასიაში”.
თუ ევროპელი მაღალჩინოსნების ვიზიტების მიზეზი მხოლოდ ესაა, მაშინ გაუგებარია სახელმწიფო მდივნისა და მათი სტუმრობის დროში ასეთი დამთხვევა. ამ ფაქტორის გამო, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ევროპა და ამერიკა ერთობლივად მოქმედებდნენ და ამ ლამის ერთობლივი ვიზიტებით, აშშ-სთან ერთიანობის დემონსტრირებას ახდენდნენ. სოსო ცინცაძე ამ მოსაზრებას ეთანხმება. მისი თქმით, ეს იმითაა განპირობებული, რომ რუსეთის მიმართ მათი მეტისმეტად დამთმობი პოზიციის გამო, ევროპელი ლიდერები თანამემამულე ინტელექტუალების - გლუქსმანი თუ სხვები - მხრიდან, მკაცრი კრიტიკის ობიექტად იქცნენ. ეს ვიზიტებიც სწორედ ამ ორი ფაქტორითაა განპირობებული.
ჩნდება კითხვა: რომელ ქვეყანას უნდა დაენახა ევროპისა და ამერიკის ერთიანობა? შესაძლოა – რუსეთს. თუმცა, შესაძლოა ისიც, რომ ამ ერთიანობის დემონსტრირებით, ევროპას ობამას გუნდისთვის მხარდაჭერის დემონსტრირებაც სურდა.