სახელმწიფო ტელეარხებზე მასშტაბური კრიტიკა ისმის. კრემლის მარწუხების შესუსტებისთვის წარმოუდგენელი ალიანსი იქმნება – ბელორუსის „ჰარდლაინერმა“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და საქართველოს ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა კრემლთან „მედია ომის“ პროცესში უჩვეულო პოლიტიკური ალიანსი ჩამოაყალიბეს.
კოლმეურნეობის ყოფილი თავმჯდომარე ლუკაშენკო, რომელსაც ევროპის უკანასკნელ დიქტატორს უწოდებენ, და კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული და დემოკრატიის თვითგამოცხადებული დამცველი მიხეილ სააკაშვილი შეიძლება ძალიან საეჭვო წყვილად გამოიყურებოდნენ. მაგრამ ექსპერტების თქმით, მათი ინტერესები დაემთხვა რუსეთის იმ მეზობლებთან (ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები) კონფლიქტის გამწვავების პროცესში, რომლებიც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას ცდილობენ.
ამ თვეში, რუსეთმა პირველმა გაისროლა, როდესაც სახელმწიფო ტელეკომპანია „ენტევე“–მ ეთერში ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმი „ნათლიმამა“ გაუშვა. ამ ფილმში ლუკაშენკოს მეტსახელის და მარლონ ბრანდოს მონაწილობით მაფიაზე გადაღებული ცნობილი ფილმის სახელწოდებების გადათამაშება ხდება. მასში ბელორუსის ლიდერის მხილების მცდელობაა, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტების „გაქრობაში“ ადანაშაულებენ.
ამ ფილმის ჩვენებით განრისხებულმა ლუკაშენკომ რუსეთის მოსისხლე მტერ სააკაშვილს ბელორუსის ტელევიზიით მლიქვნელური ინტერვიუს მიცემის საშუალება მისცა, რომლის დროსაც ამ ქართველმა მოსკოვს სამხრეთ ოსეთში 2008 წლის ომის გამო შეუტია.
სააკაშვილის გამოჩენა საკმაოდ მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ის თავის ქვეყანას დემოკრატიის შუქურას უწოდებს მაშინ, როცა ლუკაშენკო არჩევნებს აყალბებს, განსხვავებულ აზრს ახშობს, ხოლო 1995 წელს ისიც კი განაცხადა, რომ „ადოლფ ჰიტლერის გერმანიაში ყველაფერი ცუდად სულაც არ იყო“.
„შესაძლოა ეს ხანმოკლე რომანია, მაგრამ ჯერ–ჯერობით ამ ორი ლიდერის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, – განაცხადა მოსკოვის დსთ–ს ქვეყნების ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ვლადიმერ ჟარიკინმა – „ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია“.
სააკაშვილის ირონიულმა ინტერვიუმ მოსკოვი გააბრაზა. რუსეთის პარლამენტის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა გადაცემას არამეგობრული აქცია უწოდა. თუმცა, ბელორუსის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა საინფორმაციო საშუალებებმა ზეწოლა გააძლიერეს, გამოაქვეყნეს რა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ბორის ნემცოვზე დაყრდნობით მკაცრი სტატია რუსეთის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინზე.
გასულ თვეში, უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ნემცოვის ანგარიშის ასობით ათასი ეგზემპლიარის კონფისკაცია მოახდინა, რომელშიც ავტორი პუტინს იმაში ადანაშაულებს, რომ მისი მმართველობის დროს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში კორუფცია გაძლიერდა. კრემლმა საპასუხო დარტყმა განახორციელა და მოსკოვში მაღალი რანგის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ორი ცნობილი ბელორუსი ოპოზიციონერი დაპატიჟა.
წარსულში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ლუკაშენკო და პუტინი განუყრელი მეგობრები იყვნენ, რადგან ისინი თბილად ხვდებოდნენ ერთმანეთს ორმხრივი შეხვედრების დროს. მაგრამ ამ სლავურ სახელმწიფოებს შორის, რომელთა ისტორიაც მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან, ბოლო ორი წლის განმავლობაში ეკონომიკური დავების გამო მკვეთრად გაუარესდა. გასულ თვეში მათ იჩხუბეს მინსკის დავალიანების გამო, რომელიც მას ციმბირიდან მიღებულ გაზზე გააჩნდა, ხოლო ერთი წლის წინ მოსკოვმა ბელორუსიდან რძის პროდუქტების იმპორტი აკრძალა, მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ გაზის ფასები გააპროტესტა.
„ჩეთემ ჰაუსი“–ს საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის ექსპერტი ბელორუსის საკითხებში არკადი მოშესი იმის შესახებ საუბრობს, რომ კონფლიქტი ლუკაშენკოს დასავლეთისკენ ორიენტაციის შეცვლის ბოლოდორინდელ მცდელობებს მოჰყვა.
„რუსეთს სურს, რომ ბელორუსი სახელმწიფო–სატელიტის მდგომარეობას დაურბუნდეს, როგორიც ის ოდესღაც იყო, – აცხადებს იგი – მაგრამ ლუკაშენკო აცნობიერებს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და მისი ქვეყნის ბიზნეს–ელიტა საკუთარ მომავალს ევროპაში ხედავს, ხოლო რუსეთს საბჭოთა წარსულად მიიჩნევს. და მასაც სურს ამ განწყობებზე რეაგირება, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს“.
შარშან ევროკავშირმა აღმოსავლეთევროპული პარტნიორობის პროგრამა დაიწყო, რათა აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყანა საკუთარ ორბიტაზე უფრო მჭიდროდ მიეზიდა, მათ შორის ბელორუსი და საქართველო. ამან რუსეთის გულისწყრომა გამოიწვია.
ახლახანს მიცემულ ინტერვიუში ლუკაშენკომ გასაგებად აღნიშნა, რომ ის ევროკავშირში საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ ჰავიერ სოლანას ეკითხებოდა, შეძლებს თუ არა ევროკავშირი რუსეთის ჩანაცვლებას მისი ფინანსური მფარველის როლში.
ამ თვეში, ბელორუსი რუსეთთან და ყაზახეთთან ერთად ახალ საბაჟო კავშირში გაწევრიანდა. მაგრამ ჟარიკინის თქმით, ლუკაშენკოს სურს ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნის პროცესის დამუხრუჭება, რისი მომხრეც რუსეთია, რადგან ამისთვის გაცილებით ღრმა რეფორმების გატარება გახდება საჭირო. „ეს სატელევიზიო შეტევები რუსეთზე – ლუკაშენკოს მხრიდან სტატუს–ქვოს შენარჩუნებისთვის ბრძოლის ნაწილია“, – ამბობს ის.