ამ ინტერვიუს შესავალს არ ვუკეთებთ, უბრალოდ, წაიკითხეთ და “გაარკვიეთ, რატომ ვერ შევდივართ აქამდე ნატოში და არის, თუ - არა ეს მხოლოდ რუსეთის ბრალი. ინფორმაციისთვის, ეს ინტერვიუ სახელმწიფო მინისტრ გია ბარამიძესთან მაშინაა ჩაწერილი, როცა პარლამენტში პრემიერ-მინისტრი იყო მისული და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას ითხოვდა. ობიექტური მიზეზების გამო, მისი გამოქვეყნება დაგვაგვიანდა.
ბატონო გიორგი, პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო ოპოზიციას “ნატოსთან” დაკავშირებული კითხვის პასუხად უთხრა, ჩვენ გვჯერა “ნატოში” რომ შევდივართ, ეს სჯერა “ნატოს” გენერალურ მდივანს და თქვენ რატომ არ გჯერათო. ამავე “ნატოს” გენერალურმა მდივანმა კი, ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობის მისამართით თქვა, რომ უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო კონტროლი თავდაცვის სამინისტროზე. რა ხდება, რატომ ვერ მივაღწიეთ იქამდე, რომ ეს კონტროლი არსებობდეს თავდაცვის უწყებაზე და ან რატომ ვერ შევდივართ “ნატოში”?
გიორგი ბარამიძე: “ნატოში” შესვლა არ არის არც ერთი და არც ორი დღის, თუ წლის საკითხი. უბრალოდ, გაგხსენებთ, ბევრმა შეიძლება, არც იცოდეს, რომ ბალტიის ქვეყნებმა, მაპის მიღების შემდეგ, 10 წელი იმუშავეს, რომ ამ ორგანიზაციაში შესულიყვნენ.
ჩვენ მაპიც არ გვაქვს…
- ეს ის წლები იყო, როდესაც, გახსოვთ თქვენ, რომ რუსეთი ასეთი აგრესიული არ იყო და ამ ტიპის პრობლემები არ ქონდა ამ ქვეყნებს, რაც ჩვენ გვაქვს.
მაშინ თქვენც იყავით ხელისუფლებაში და კარგად მოგეხსენებათ, რომ ალიანსის მიმართულებით, ჩვენც წინ მივიწევდით.
- არა, უფრო წინ როგორ მივიწევდით?
ყოველშემთხვევაში 2008 წლის ომის შემდეგ უფრო ჩავარდა ეს პროცესი.
- არა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ზედაპირული შეფასებაა. ადრე აქტიურობა ერთია და დღეს გვაქვს სულ სხვა რეჟიმი. ჩვენ შეიძლება, ფორმალურად მაპი არ გვაქვს, მაგრამ მაპის ერთადერთი და ძირითადი შემადგენელი კომპონენტი გვაქვს, პლუს ამას, ჩვენ გვაქვს მაპზე მეტი – ნატო-საქართველოს კომისია. თქვენთვის შეიძლება, ეს მხოლოდ სახელებია და არაფერს ნიშნავს, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით, გეცოდინებათ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმებია და ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მაპი. მათი შეფასებაც, ჩვენი წლიური ნაციონალური პროგრამისა, ძალიან დადებითია. აქ მარტო სამოქალაქო კონტროლი კი არა, სხვა საკითხებიც არის დასმული. ჩვენ როცა ვამბობ, რომ ბევრი გავაკეთეთ,მ აგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ეს არის. ყველა სფეროშია გასაკეთებელი კიდევ ბევრი.
სამოქალაქო კონტროლის მექანიზმები დასახვეწია. ბუნებრივია, ეს არის ის პროცესი, რასაც ჰქვია ყველა ამ სტრუქტურის რეფორმირება. ეს რაღაცა განსაკუთრებული, მოულოდნელი და არაჩვეულებრივი არც ჩვენთვისაა და არც “ნატოსთვის”. უბრალოდ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის რამოდენიმე წლის განმავლობაში განსახორციელებელი რეფორმები, რომელიც შემდგომ მიგვიყვანს ჩვენ ნატოს სტანდარტებამდე.
ყოველ ჯერზე, როცა ჩვენი მეგობრები ამა თუ იმ საკითხზე გაამახვილებენ ყურადღებას, ეს არ უნდა იყოს შეშფოთების საფუძველი. ეს ყველაფერი ჩვენივე გეგმებში წერია. ის რაც თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რამე ახალი კი არ თქვა? პრობლემა ისაა, რომ თქვენ აქამდე არ მიგიქცევიათ ყურადღება. პრობლემას ყურადღება მაშინ მიაქციეთ, როცა ეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა გამოყო.
ბუნებრივია, ხომ, ყურადღებას მივაქცევდით, როცა ამ საკითხს ცალკე გამოყოფდა რასმუსენი?
- კი, კი, მაგრამ ეს ახალი თემა არ არის.
ცუდი არ არის, ბატონო გიორგი, რომ ეს ახალი თემა არ არის?
- არა, არა. ცუდი არ არის.
სამოქალაქო კონტროლის საკითხი დემოკრატიას უკავშირდება.
- არა, არა, ცუდი არ არის, იმიტომ, რომ ეს არის ის ბუნებრივი, ობიექტური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, რომელიც გასატარებელია იმ ქვეყანაში, რომელშიც…
…არ არის დემოკრატია.
- რომელიც საბჭოთა ტრადიციებიდან მოდის, რომელშიც დემოკრატიული და სხვა ინსტიტუტები საერთოდ არ ფუნქციონირებდა, ცოტა ხნის წინ. და საიდანაც ჩვენ დავიწყეთ, სვლა და შენება, ბუნებრივია, ყველაფრის შეცვლა, ვერ მოხერხდებოდა. სახლის მშენებლობას რომ ვიწყებდით, ჯერ ფუნდამენტი ავაშენეთ, ახლა კედლები ამოვიყვანეთ და ახლა სახურავია დასადგმელი, მაგრამ სახლი ჯერ ბოლომდე არ არის აშენებული.
და მთელი ცხოვრება ვაშენოთ?
- ყოველ ჯერზე, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ეს სახლი ჯერ არ არის დამთავრებული, ავტეხოთ ერთი ამბავი, ვაიმე, გაირკვა, რომ სახლი არაა აშენებული? ეს მაშინ, როცა მშენებლობის პროცესი მიდის გეგმიურად და საკმაოდ ხარისხიანადაც, საკმაოდ სწრაფი ტემპებით, მაგრამ ჯერ არ დამთავრებულა, ბუნებრივია.
როდის აშენდება ეს სახლი? დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებას როდის ააშენებს “ნაციონალური მოძრაობა”? როდის აშენდება ასეთი სახელმწიფო საქართველოში?
- ასეთი სახელმწიფო, რომ გითხრათ, რომ თარიღი არსებობს, დამთავრდა ასეთი მშენებლობა, ალბათ, არ დამთავრებულა არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში. დემოკრატიული ქვეყანა იმით გამოირჩევა არადემოკრატიულისგან, რომ დემოკრატიული რეფორმები მუდმივად უნდა გაგრძელდეს და მუდმივი პროცესია. ბუნებრივია, ეს ვითარებაც გაგრძელდება საქართველოში მუდმივად. ასე არ იქნება, რომ ამ დღეს გამოცხადდა, აშენდა საქართველოში დემოკრატია.
არა, თქვენ გვიცხადებთ ხოლმე ხანდახან ასე, თორემ, ძალიან კარგია, რომ აღიარებთ, არ ვართ ჩვენ ის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა.
- დიახ, სადმე იცით, ეგეთი ქვეყანა?
ჩვენზე უკეთესი?
- არა, ჩვენზე უკეთესი არა, ახლა რაც თქვით თქვენ.
ანუ, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები? მაგალითად – აშშ.
- ერთი წუთით, თქვენ როგორც თქვით, იმ ფორმულირებას გეკითხებით. თქვენ, ესე იცით ხოლმე ჟურნალისტებმა, ერთს იტყვით და მერე მეორეზე გადახვალთ ხოლმე. ეგეთი ქვეყანა, რაც თქვენ თქვით, არ არსებობს, სადაც აბსოლუტურად ყველა პრობლემა მოგვარებულია. ხოლო, როცა ლაპარაკობთ, სად არის უფრო მეტი და სად ნაკლები, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ის ქვეყანა დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, როგორიცაა საფრანგეთი და ამერიკა. ამიტომაც მივისწრაფით იმ სტანდარტისკენ, იმ ნორმებისკენ და იმ მიმართულებით მივდივართ.
სამართლიანი სასამართლო რომ გვქონდეს, რა გვიშლის ხელს?
- სამართლიანი სასამართლოს თვალსაზრისით, ძალიან ბევრი რამ გვიშლის ხელს, რომ ვიყოთ იგივე დონის, რაც არის შვეიცარიაში, თუ დიდ ბრიტანეთში. მიზეზები? მიზეზები არის ის მენტალური პრობლემები, რომელიც შემორჩა ჩვენს საზოგადოებას საბჭოთა კავშირიდან. ეს არის ეკონომიკური პრობლემები, ტრადიციის არარსებობა. ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე, რომელსაც სულ ორი ათეული წლის ტრადიცია აქვს. აქედან პირველი 15 წელიწადი ქვეყანაში ომი მიდიოდა. ხო, ერთმანეთს ვეომებოდით. რუსეთის აგრესია პირვლივე წუთიდან მიდიოდა და აი, ეს არის ხელისშემშლელი მიზეზები. კადრების ნაკლებობა. რამდენი ერთი ჩამოგითვალოთ, კიდევ?
ხელისუფლებაში დემოკრატიის თვალსაზრისით პრობლემა არ არის?
- ერთი წუთით... ერთი წუთით... უამრავი ფუნდამენტრი ხასიათის პრობლემებია, რომ იმ ქვეყნიდან, სადაც არაფერი სასამართლო და ნდობა არ არსებობდა, იყო თავიდან ბოლომდე კორუმპირებული, უცებ მივაღწიაოთ იმ დონეს, რომ ვთქვათ, პრობლემა ამ სფეროში არ არსებობს. აქედან იქამდე, ერთბაშად, ვერცერთი სახელმწიფო ვერ განახორციელებს ნახტომს. მივდივართ იქით, სასამართლოსთან მიმართებაში, თუნდაც რაც იყო, იგივე - ნდობის მომენტთან დაკავშირებით, დღეს არის ბევრად უფრო მეტად გაზრდილი, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რომ კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს და მეტი გაკეთდეს. ის რეფორმები, რაც ხორციელდება, არის სწორი.
ეს როგორაა, იცით, ვთქვათ, ადამიანს უნდა, რომ დაპურდეს. რაღაცა, შევადაროთ პროცესი ხეხილის ნაყოფის მოწევას. ამისათვის უნდა დავრგოთ ჯანსაღი ნერგი, მერე იმას უნდა შემოვუბაროთ, მოვრწყათ, თუ საჭიროა - შევწამლოთ, დაველოდოთ რამდენიმე წელიწადს, რომ იმან თავისი ნაყოფი მოგვცეს. ახლა, სახლსაც შევადარე, აგერ ხესაც შევადარე, პროცესია ესა. უბრალოდ, ადვილად რომ წარმოვიდგინოთ. პროცესი მიდის სწორი მიმართულებით, მაგრამ ჯერ თუ არ გვაქვს ნაყოფი, ხომ იცი, პირველ წელიწადს ხე ნაკლებ ნაყოფს გაძლევს, მერე უფრო მეტს, მესამე წელიწადს კიდევ უფრო გაიფურჩქნება.
პოლიციის ზეწოლისგან როდის გამოვა სასამართლო?
- ერთი წუთით, ასეა ეს რეფორმები, ზუსტად ამის მსგავსი – იძლევა პირველ ნიშნებს, შედეგებს, იმისა, რომ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, თქვენ რადგან სასამართლოზე საუბრობთ, იქ გვაქვს პირველი შედეგები. შესაცვლელია, რა თქმა უნდა, ბევრი რამ. იგივე განათლების პრობლემა.
პოლიტპატიმრები რატომ გვყავს?
- პოლიტპატიმრები არ გვყავს. არა, სახალხო დამცველს ეგ არ უთქვამს. ისა, განათლების კუთხით, სოციალური დაცვის კუთხით, მეტი დამოუკიდებლობის კუთხით, ზოგადად, მეტი პრაქტიკის ჩამოყალიბების კუთხით. ახალი სისხლის სამართლის კოდექსი შემოდის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ყველაფერი ეს მიმართულია იქით, რომ სასამართლო იყოს უფრო მეტად დამოუკიდებელი, კომპეტენტური და ნდობით აღჭურვილი საზოგადოების მხრიდან. ეს პროცესი მიდის.
ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ეს ერთბაშად, უცებ მოხდება, ვერც მოხდება, არარეალისტურია, მაგრამ მიდის. ჩვენ რაც გავაკეთეთ პოლიციაში, ამას სასამართლოში ვერ გააკეთებდი, იმიტომ, რომ პოლიციაში, გახსოვთ თქვენ, ე.წ. “გაი” ერთ დღეში გავაუქმეთ და ერთ დღეში გავუშვით სახლში ყველა. დიახ, ჩემი მინისტრობის დროს დაიწყო, რითაც ვამაყობ.
სასამართლოში არ შეგიძლიათ ერთ დღეში გააკეთოთ, რომ არ იყოს პოლიციაზე დამოკიდებული?
- ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და ესეთ, ჩემი აზრით, ძაან არაკომპეტენტურ კითხვას მისვამთ. მოსამართლეს ერთ დღეში გათავისუფლება, მოსამართლის გაიგივება პოლიციელთან, ესაა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სხვაობა.
მე გისვამთ ადამიანურ კითხვებს, ის, რაც მოსახლეობას აწუხებს.
- ჟურნალისტი, ალბათ, იმისთვის არის, რომ რაღაცა სტანდარტები დააწესოს. თქვენ როცა მეუბნებით, რატომ არ შეიძლება, როგორც პოლიციელი გაუშვით ერთ დღეში, მოსამართლეც იგივენაირად გაუშვათო, ჩვენ რომ მოსამართლე იგივენაირად გაგვეშვა…
არა, არა, გაშვება არ მიკითხავს.
- როგორ არა, ეს თქვით. რაც იქ გააკეთეთო, იგივე რატომ არ შეიძლება, იქ გააკეთოთო.
რატომ არ შეიძლება გათავისუფლდეს-მეთქი პოლიციური წნეხისგან ერთ დღეში მოსამართლე. სხვა რამე შეგეკითხეთ, ეტყობა, ვერ გაიგეთ.
- მე ჯერ არ დავასრულე, რასაც გეუბნებოდით. რაც ჩვენ გავაკეთეთ პოლიციაში იგივეს, სასამართლოში ვერ გავაკეთებდით. სასამართლოში იყო ბევრი ძველი ადამიანი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ქრთამის აღება არ იყო სირცხვილი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ტელეფონით დარეკვა, ჩაწყობა – ნორმალურია. ესეთი ადამიანები ნელ-ნელა იწმინდებიან. დღეს 10% მოსამართლეთა კონტიგენტისა, ან არის გათავისუფლებული, ან ციხეში ზის. წარმოიდგინეთ, ყოველი მე-10 მოსამართლე.
საკმაოდ მაღალი პროცენტია, გეთანხმებით, მაგრამ…
- სწორედ იმიტომ ჰქონდა სასამართლოს ძალიან ცუდი იმიჯი. სწორედ ამიტომ მიგაჩნდათ თქვენც, ამ შემთხვევაში ვხედავ თქვენს პოზიციას და მოსახლეობის დიდ ნაწილს, სამართლიანად, რომ სასამართლოში ბევრი რამ უსამართლოდ ხდება. ეს აბსოლუტურად ობიექტური დამოკიდებულებაა, გამომდინარე აქედან… რა თქმა უნდა, ვინც დარჩა და არ არის დაპატიმრებული, ყველა იდეალურად არ აკეთებს საქმეს. იმათაც სჭირდებათ მეტი განათლება, მეტი კომპეტენტურობა, ეს პროცესი მიდის. ახლა რასაც თქვენ ლაპარაკობთ, ეს არის სუფთა პოლიტიკური პარტიის პოზიცია... (ჩემს სიცილზე ბარამიძემ გააგრძელა – რ.მ.) მე ასე მიმაჩნია.. თქვენ მეკითხებით, მე გპასუხობთ.
ჩემი აზრით, პოლიტიკური პარტიების აზრია, რომ სასამართლო განიცდის პოლიციურ წნეხს. ეს არის ტყუილი. არანაირ პოლიციურ წნეხს სასამართლო არ განიცდის. სასამართლო განიცდის იმ პრობლემებს, რომელიც არის სისტემური, იმ თვალსაზრისით, რომ სჭირდებათ მეტი განათლება, მეტი სოციალური უზრუნველყოფა, მეტი პრაქტიკა, უკეთესი დახვეწილი პროცედურები და კანონმდებლობა, მთლიანობაში სისტემის დახვეწილობა. ეს ყველაფერი კეთდება. ამას უახლოეს ხანში 1-2 წელიწადში თვალშისაცემი, ხელშესახები შედეგები ექნება და ეს აისახება სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობაზე.
ხოლო რაც თქვენ თქვით, ასევე, პოლიტიკური შეფასება, რომ როდის გათავსუფლდება პოლიტპატიმრები, თქვენ თუ ზოგიერთს, მას, ვინც ადამიანი დაჭრა და ვიღაცის ცემა, პოლიტიკური პარტიების მსგავსად, პოლიტპატიმარს დაარქმევთ, ეს თქვენი საქმეა. მე იმათ პოლიტპატმარს არ ვეძახი. ვეძახი იმას, რაც არიან, რისთვისაც არიან გასამართლებულები.
ჩვენ რომ ყველა რეფორმა დამთავრებული გვქონდეს და ყველა საკითხი გადაწყვეტილი გვქონდეს, მაშინ უკვე ნატოს წევრები ვიქნებოდით. ალიანსის წევრი რამდენიმე წელიწადში ვერცერთი ქვეყანა ვერ გამხდარა. ბალტიისპირეთი რომ ბალტიისპირეთია, 10 წელი დაჭირდათ მათ.
ისინიც ამბობენ, რომ ადამიანის უფელაბთა დაცვის სფეროში მათ დღესაც აქვთ პრობლემები.
- ამაშია საქმე, მაგას მოგახსენებთ, სწორედ. დედამიწის ზურგზე არ არსებობს ქვეყანა სადაც ეს პრობლემა, როგორც ასეთი, მოგვარებულია. ზოგან არის მეტი, ზოგან - არა. ჩვენთან აღარ არის ისეთი, როგორიც იყო. ჩვენთან, გაგახსენებთ, რომ შსს-ს შენობიდან წამდაუწუმ ცვიოდა ხალხი, პროკურატურიდან და ასე შემდეგ, ხო? რომ ამბობდით, აწამეს პოლიციაში, ხომ აღარ არის ეს თემა? ხომ აღარ არის ის პოლიცია, რა პოლიციაც იყო ადრე?
პატრულიც შეიცვალა, გეთანხმებით, მაგრამ სასამართლოში ეს ნაკლებად შესამჩნევია.
- სასამართლოსთან რატომ არის ნაკლებად შესამჩნევი იცით, ჩვენ პოლიციასთან ყველდღიური შეხება გვაქვს. ერთი წუთით, პოლიციაში რაღაც ცვლილება რომ ხდება, ამას იმ წუთას ვიგებთ, სასამართლოში გქონიათ შეხება უახლოეს პერიოდში?
მქონია, იურისტი ვარ და პროცესზეც ვყოფილვარ.
- და რა არის?
როცა ადვოკატი აყენებს საკითხს, მოსამართლისთვის პროკურორის პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია.
- ეგ თქვენი… პროკურორის პოზიცია… სწორედ ამიტომ, სხვათაშორის, რომ ეს თემა იყოს, ჩვენ შემოგვაქვს ახალი საპროცესო კოდექსი, თუ იურისტი ბრძანდებით, მაშინ გეცოდინებათ, ხო, რისკენ არის ეს საპროცესო კოდექსი მიმართული? სწორედ იმისკენ, რომ იყოს უფრო მეტად დაბალანსებული, რომ ბრალმდებლის და დამცველის, ასე ვთქვათ, პოზიციები იყოს უფრო თანასწორი, უფრო თანასწორი კი არა, თანასწორი აბსოლუტურუად. რატომ შევცვალეთ ესა, ჩვენ თუ მიგვაჩნდა, რომ ყველაფერი კარგად არის? რაზეც თქვენ მიუთითებთ, გამიგეთ? იცვლება საპროცესო კოდექსი და რაც თქვენ აღნიშნეთ, კონკრეტული პრობლემა, ეს პრობლემა არსებითად მოიხსნება.
ამიტომაც მიდის ამ მიმართულებით რეფორმა და “ნატოზე”, როცა არის საუბარი, გვჭირდება ამ გზის გავლა, ამ სახლის დასრულება, გადახურვა, შიგნით ევრორემონტის გაკეთება. შემდეგ მოგვცემენ გასაღებს და შევალთ ამ სახლში. ჩემი აზრით, ობიექტურად, გეოგრაფიის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსთვის თამასა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ზოგიერთი ქვეყნის, თანაც გვაქვს რუსეთის პრობლემა, ჩვენ სადღაც 3 წელიწადში, შეგვიძლია, ჩვენი რეფორმების ტემპიდან გამომდინარე, მივაღწიოთ ნატოს სტანდარტების დონეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად მიგვიღებენ ნატოში. იმიტომ, რომ თავად ნატოში უნდა იყოს მზაობა საამისოდ.
ჩვენ, ჩვენი აზრით, როცა მზად ვიქნებით ნატოში გასაწევრიანებლად, იქ მაინც იტყვიან, რომ აი, კარგი იქნებოდა, კიდევ ეს გაგეკეთებინათ. კიდევ ეს გაგეკეთებინათ, არასდროს მორჩება, ნატოში რომ შევალთ, მერეც არ მორჩება.. ალიანსში ვინც არიან, კიდევ ეს გაგეკეთებინა, ნებისმიერ სახელმწიფოს რამდენსაც გინდა, იმდენს აღმოუჩენ, ამერიკასაც კი. თავის თავს არასდროს არ დააბრალებენ, რატომ არ გვიღებენ. ეს პოლიტიკური მომენტია. ყოველთვის გვეტყვიან, რომ რაღაცა კიდეა გასაკეთებელი.
მერე ყველაფერი რუსეთზე იქნება დამოკიდებული?
– რუსეთის ფაქტორზე იქნება, რა თქმა უნდა, დამოკიდებული. ”ნატო” ვაკუუმში მყოფი ორგანიზაცია ხომ არ არის? ბუნებრივია, რუსეთს ფაქტორს და ამ ქვეყნის მოქმედებების ფაქტორს გაითვალისწინებს. ჩვენ გვაქვს კოზირი და თუ შევძელით, მოვახდინეთ დემონსტრირება, რომ ამ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც კი, საქართველო ვითარდება, საზოგადოება შეიძლება, ერთმანეთში კამათობს, მაგრამ ნატოში გაწევრიანება უნდა, ვითარება სტაბილურია, მიუხედავად რუსეთის დესტრუქციული ქმედებისა, მაშინ იქნება არგუმენტი, რომ რუსეთის ფაქტორი არც ისე მნიშვნელოვანია და ჩვენს მომხრეებს, სკეპტიკოსებთან ჭიდილში, უფრო მეტი არგუმენტები ექნებათ. თანაც, რუსეთი ომს რომ დაიწყებს, არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ დავიწყეთ.
მერე უკვე გაჩნდება შანსი, რომ მოწვევა გამოგვიგზავნონ. თორემ, გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, მიღებულია. ნატოში ჩვენი გაწევრიანება, ჩვენზე, ჩვენს რეფორმებსა და საშინაო დავალების შესრულებაზე, ასევე ალიანსში შიდა სიტუაციებზე იქნება დამოკიდებული.