ევროპა ორ დონედ იყოფა

ევროპა ორ დონედ იყოფა

 

განთქმული ფინანსისტი, ინსტიტუტისა და ფონდ „ღია საზოგადოების“ თავკაცი ჯორჯ სოროსი თავის სტატიაში მიმოიხილავს ევროპაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებას და აღნიშნავს, რომ გერმანიამ ევროს ზონა ან უნდა გადაარჩინოს, ან იგი დატოვოს. თანაც, არც ერთი ვარიანტი ურიგო არ არის.

ევროპა ფინანსურ კრიზისშია 2007 წლის შემდეგ, როცა Lehman Brothers-ის გაბანკროტებამ ფინანსური ინსტიტუტებისადმი ნდობა შეარყია და პირადი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს პასუხისმგებლობით შეიცვალა. ევროპის ცენტრალური ბანკისადმი ფული დაბეჭვდვის უფლების გადაცემით ალეანსის ქვეყნებმა თავი დეფოლტის საფრთხეში ჩაიგდეს, ხოლო კომერციული ბანკები, რომლებიც სუსტი ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციებს ფლობდნენ, გადამხდელუუნარონი გახდნენ.

არსებობს კავშირი ევროს კრიზისსა და 1982 წლის საერთაშორისო საბანკო კრიზისს შორის. მაშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დიდი ვალების მქონე ქვეყნებს საკმაოდ დიდი თანხები გამოუყო და მსოფლიოს საბანკო სისტემა გადაარჩინა. არაერთმა ქვეყანამ დეფოლტი თავიდან გაჭიანურებული კრიზისის ფასად აიცილა. ლათინურმა ამერიკამ კი სულაც ათი წელი დაკარგა.

ახლა გერმანია იმავე როლს თამაშობს, რაც მაშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ითამაშა. პირობები სხვადასხვაა, მაგრამ შედეგი ძალიან მსგავსია. კრედიტორები სიტუაციის დარეგულირების მთელ ტვირთს დებიტორ ქვეყნებს აკისრებენ და პასუხისმგებლობას თავიდან იშორებენ.

ევროს ზონის კრიზისი პრობლემათა რთული კომპლექსია საბანკო და სახელმწიფო დავალიანების სფეროში და აგრეთვე, ეკონომიკური მონაცემების განსხვავებათა თვალსაზრისით, რასაც საგადასახადო ბალანსის არასტაბილურობა მოჰყვა. მთავრობებმა ვერ გაიაზრეს კრიზისის მთელი სირთულე, რომ არაფერი ვთქვათ ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებაზე. ბევრმა სულაც გადაწყვიტა არაფერი გაეკეთებინა.

ევროკავშირი შექმნა ღია საზოგადოების იდეის ხორცშესხმა გახდა – თანასწორუფლებიანი ქვეყნების ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლებმაც საერთო კეთილდღეობისათვის თავიანთი სუვერენიტეტის ნაწილი გაიღეს. ევროს კრიზისმა ევროკავშირში სრულიად საპირისპირო სიტუაცია შექმნა, რადგან ქვეყნები ორ ჯგუფად – კრედიტორებად და მოვალეებად დაყო, სადაც კრედიტორები სათავეში დგანან.

როგორც ძლიერი კრედიტორი ქვეყანა, გერმანია ჰეგემონი გახდა. მოვალე ქვეყნები იძულებული არიან მათი სახელმწიფო ვალის დაფინანსების რისკისათვის გვარიანი დანამატი გადაიხადონ. ეს მათი დაფინანსების მთლიან ღირებულებაზე აისახება. კიდევ უარესი, ბუნდესბანკი ჯერ კიდევ იყენებს ძველ მონეტარულ დოქტრინას, რომელიც გერმანიაში ინფლაციასთან დაკავშირებული მწარე გამოცდილების შემდეგ დამკვიდრდა. მას შემდეგ ბუნდესბანკი ინფლაციაში მხოლოდ საფრთხეს ხედავს და ვერ ამჩნევს დეფლიაციას, რომელიც დღეს მართლაც სერიოზული საფრთხეა.

გარდა ამისა, მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა, რომელსაც გერმანია ჯიუტად უჭერს მხარს, არაეფექტურია მოვალე ქვეყნებისათვის. საქმე იმაშია, რომ იგი დავალიანების კოეფიციენტს ზრდის, მაშინ, როცა შიდა პროდუქტის მოცულობა მცირდება.

არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ ევროპის ორ დონედ დაყოფა მუდმივი გახდეს. ადამიანური და ფინანსური რესურსები ცენტრში მიიზიდება, პერიფერია კი მუდმივ კრიზისში იქნება.

გერმანიას, როგორც უმსხვილეს კრედიტორს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ იგი დამატებითი ვალდებულებების აღებაზე უარს ამბობს. შედეგად, კრიზისის დარეგულირების ყველა საშუალება ხელიდან იქნა გაშვებული. კრიზისი საბერძნეთიდან სხვა ქვეყნებზე გავრცელდა და საბოლოოდ თავად ევროს ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა. და რადგან ევროს ზონის დაშლას სერიოზული ზარალი მოჰყვება, გერმანია ყოველთვის ასრულებს იმ მინიმუმს, რომელიც ალეანსის შესანარჩუნებლადაა აუცილებელი.

მაგრამ, ადრე თუ გვიან, მოვალეები იძულებული იქნებიან დატოვონ ორდონიანი ევროპა. თუ ევროს ზონა დაიშლება და, შედეგად, საერთო ბაზარი და ევროკავშირი გაქრება, ევროპა გაცილებით რთულ მდგომარეობაში დარჩება, ვიდრე გაერთიანებამდე იყო. რაც უფრო გვიან მოხდება ეს დაშლა, მით უარესი იქნება შედეგები. დროა განხილულ იქნას ალტერნატივები, რომლებიც ადრე ბევრს უაზრობად მიაჩნდა.

ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტი იქნება გერმანიის არჩევანის წინაშე დაყენება: ან საკუთარ თავზე აიღოს ალეანსის გადარჩენის მთელი სიმძიმე, ან დატოვოს ევროს ზონა. ცხადია, მეორე შემთხვევაში ევრო ვარდნას დაიწყებს. მოვალე ქვეყნები აღადგენენ კონკურენტუნარიანობას, მათი ვალი რეალური გამოხატვით მოიკლებს და დეფოლტის საფრთხეც გაქრება.

კრედიტორი ქვეყნები, პირიქით, წაგებას ნახავენ, რისი მასშტაბიც ევროს გაუფასურებაზე იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, ისინი შეეცდებიან გაუფასურება შეაჩერონ. საბოლოოდ, პირველი არეულობის შემდეგ სტაბილურობა დამყარდება და ევროპა დეპრესიას დაამარცხებს.

იგივე მოხდება თუ გერმანია ჰეგემონის როლს ითამაშებს, თანაც იგი ნაკლებ დანაკარგს ნახავს. თუმცა, რაც არ უნდა გადაწყვიტოს გერმანია, ნებისმიერი ალტერნატივა უკეთესი იქნება, ვიდრე ორდონიანი, არამყარი ევროპის ჩამოყალიბება.