მინიმალური ხელფასის დაწესების მიუხედავად, საქართველოში საექთნო პერსონალის შემცირების ტენდენცია გრძელდება. ამას „საქსტატი“ მიერ, დღეს გამოქვეყნებული ჯანმრთელობის მაჩვენებლებიც ადასტურებს, რაც 2024 წლის ვითარებას ასახავს. უცნაური ისაა, რომ წლებია, ქვეყანაში ექთნების ქრონიკული დეფიციტია, კლინიკები ბოლო კურსიდანვე იტაცებენ მომავალ ექთნებს და მიუხედავად ასეთი მოთხოვნისა, ხელფასები ძალიან დაბალია.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყანაში 21.3 ათასი ექთანია, წინა წელს 21.5 ათასი იყო, ხოლო 2022 წელს - 22.0 ათასი. რაც შეეხება ექიმებს, მათი რაოდენობა 2024 წლის მაჩვენებლით - 24 100-ია, 2023 წელს - 24 400 იყო, 2022-ში კი - 23 900. ამასთან, საქართველოში 239 საავადმყოფო და სამედიცინო ცენტრია, წინა წელს ეს რაოდენობა 243 იყო, 2022-ში - 269.
ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებათა რაოდენობა 2 288-ს შეადგენს და ბოლო წლებში, მათი რიცხვი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვარის გათვალისწინებით დაადგინოს.
2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმების მინიმალური ანაზღაურება, საათში 7.00 ლარით (თვეში მინიმუმ 1 260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792 ლარი) განისაზღვრა.
„სოლიდარობის ქსელის“ გამგეობის წევრის, რევაზ კარანაძის თქმით, ჯანდაცვის სექტორი პრივატიზებისა და ჰოსპიტალური სექტორის საწოლების გაყიდვის დონეზე არ უნდა რეგულირდებოდეს, რადგან „როდესაც საავადმყოფო გადაკეთდება ბიზნესად, მთავარი ხდება მოგება და არა პაციენტი“.
„პროფესიიდან მასობრივი გადინებაა, შესაბამისად, ლოგიკურია ის, რაც ხდება. ეს განპირობებულია იმით, რომ პირველ რიგში, ხელფასები არის დაბალი, განსაკუთრებით ისეთ პროფესიაში, როგორიცაა ექთანი. აქედან გამომდინარე, მერე ვერც ექიმები ვერ ასრულებენ საკუთარ ფუნქციას გამართულად და რეალურად ექთნებს უწევთ მანიპულაციების 80%-ის შესრულება. შესაბამისად, ძალიან ლოგიკურია ის, რაც ხდება.
ფაქტობრივად, ბაზარზე არის მინდობილი ჩვენი ჯანდაცვა და იმართება ისე, როგორც მაგალითად, ღვინის წარმოების ბიზნესი. სამწუხაროდ, ჯანდაცვა ასე მარტივად ვერ მოერგება ბიზნესის პრინციპებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვაში შეიძლება იყოს ისეთი პროფესიები, რაც მოთხოვნადი არ არის, თავისი სპეციფიკიდან და მოგებიდან გამომდინარე, თუმცა ეს პროფესიები აუცილებელია. ეს ყველაფერი მერე თავისთავად ქმნის კრიზისს ჯანდაცვის სექტორში“, - განაცხადა „ბიზნესპრეზნიუსთან“ კარანაძემ.
გამოსავალზე საუბრისას „სოლიდარობის ქსელის“ გამგეობის წევრი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, ღირსეული ცხოვრების დონესთან შესაბამისი ხელფასები უნდა იყოს, რაც მთავარია, ჯანდაცვის სექტორი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ბიზნესი, რადგან ეს სოციალური საკითხია.
„პირველ რიგში, ხელფასების მატება უნდა მოხდეს. უნდა იყოს ღირსეული ცხოვრების დონესთან შესაბამისი ანაზღაურება და მეორე, პაციენტებისა და ექთნების რაოდენობა უნდა განისაზღვროს. იმიტომ, რომ 15 პაციენტზე ერთი ექთანი არ უნდა მოდიოდეს. სიგიჟეა, უბრალოდ, ვერ მოახერხებ, რომ ხარისხიანად შეასრულო საკუთარი ფუნქციები.
რაც შეეხება მესამეს, ჯანდაცვა არ უნდა იყოს ჩვეულებრივი ბიზნესი. ეს არის სოციალური საკითხი. კანონის დონეზე უნდა დარეგულირდეს და არა პრივატიზების და ჰოსპიტალური სექტორის საწოლების გაყიდვის დონეზე. როდესაც საავადმყოფო გადაკეთდება ბიზნესად, მთავარი ხდება მოგება და არა პაციენტი“, - ამბობს რევაზ კარანაძე.
პროფესიული განათლების საერთაშორისო ექსპერტი კახაბერ ერაძე კი მიანიშნებს, რომ ხელფასები არაერთგვაროვანია და დამოკიდებულია კონკრეტული დასაქმების სფეროზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ექთნების მუდმივი დეფიციტია, ხელფასები მაინც დაბალია. კახაბერ ერაძე აღნიშნავს, რომ კლინიკებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ბოლო კურსიდანვე აჰყავთ მომავალი ექთნები.
„არალოგიკური სიტუაციები გვაქვს, რაც ცალკე კვლევის საკითხია. ძალიან მაღალია მოთხოვნა საექთნო პერსონალზე, მაგრამ წლებია, ქვეყანაში ექთნების ქრონიკული დეფიციტია. კლინიკები ბოლო კურსზევე იტაცებენ მომავალ ექთნებს. მიუხედავად ამისა, ხელფასები არის ძალიან დაბალი, ალბათ, აქედან გამომდინარეობს, პროფესიიდან კადრების გადინების მზარდი დინამიკა. ერთად უნდა ვიფიქროთ, რომ ადეკვატურმა ანაზღაურებამ მაღალი კვალიფიკაციის პერსონალი შეინარჩუნოს“, - განაცხადა კახაბერ ერაძემ.