პარლამენტში არ შესვლის გადაწყვეტილება რომ არ იყო შიდა გადაწყვეტილება, ფაქტია. ეს იყო გარედან მოსული დირექტივა, რადგან ისინი ამ არჩევნებს განიხილავდნენ, როგორც ხელისუფლების შეცვლის საშუალებას. ამიტომ იყო, რომ მთელი ის დასავლური ნომენკლატურა, რომელიც „რეჟიმჩეინჯინგზე“ მუშაობდა, ბაიდენის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
წამყვანის კითხვაზე, რა არის ის, რასაც ლევან ხაბეიშვილი ახმოვანებს - „მშვიდობიანი დამხობა“, ქადაგიშვილმა ამ ფაქტის პრეისტორია გაიხსენა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს შეეხო.
„საკითხს ასე ამოჭრილად არ უნდა შევხედოთ, მას პრეისტორია აქვს. ეს პრე ისტორია შემდგომში მდგომარეობს. ძალიან შორსაც რომ არ წავიდეთ, ზუსტად ერთი წლის წინ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოს საარჩევნო პოლიტიკურ ცხოვრებაში დადგა უნიკალური შემთხვევა, როდესაც არჩევნები ჩატარდა პროპორციული სიებით, როდესაც მხოლოდ პარტიული სია იყო გადამწყვეტი და არანაირი მაჟორიტარობა აღარ იყო. ეს იყო ძალიან დიდი ხნის მოთხოვნა ოპოზიციის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზიაციების, დასავლეთის და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, საარჩევნო გარემო - ოპოზიციის ხელში არსებობდა ძალიან მძლავრი მედია-საშუალებები. ტელევიზიები, რომლებიც ღიად იყვნენ ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები. ფინანსდებოდნენ და მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს ატარებდნენ. იყო უპრეცედენტო შესაძლებლობა, რომ მათ ჰქონოდათ დაფინანსება და არა მარტო უცხოური დაფინანსება. საუბარია იმაზე, რომ ესეც პირველი შემთხვევაა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, როდესაც ოპოზიციას ლეგალურად შეეძლო და იღებდა ქართული ბიზნესისგან დაფინანსებას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, უმდიდრესი ქართველი ბიზნესმენები იყვნენ პოლიტიკაში ჩართულები, არა მარტო აფინანსებდნენ მათ. შესაბამისად, ოპოზიციას ყველა ბერკეტი ჰქონდა, რომ წარმატებული ყოფილიყო. ქადაგიშვილმა განმარტა, რომ მათ გარკვეულწილად საპარლამენტო არჩევნებზე წარმატებას მიაღწიეს. 150-კაციან პარლამენტში ოპოზიციამ 41% მოიპოვა და ეს ისტორიული შედეგი იყო. ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლებლობა მათ ხელიდან არ უნდა გაეშვათ.
„რომ წარმოიდგინოთ, როდესაც 89 კაცი ჰყავს ხელისუფლებას და 61 წარმომდგენელი ჰყავს ოპოზიციას. ეს ხომ არის უდიდესი პლატფორმა იმისთვის, რომ შენ შენი პოლიტიკური დღის წესრიგი გაიტანო. როგორც წესი, ოპოზიციას უადვილდება თავისი დღის წესრიგის გატანა, ვიდრე ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლებაზე კრიტიკის მეტი საშუალება გაქვს. ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აქვს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტში ყოფნა ოპოზიციას რადიკალური კრიტიკის საშუალებას არ უკრძალავდა.
„ეს გადაწყვეტილება რომ არ იყო შიდა გადაწყვეტილება, ფაქტია. ეს იყო გარედან მოსული დირექტივა, რადგან ისინი ამ არჩევნებს განიხილავდნენ, როგორც ხელისუფლების შეცვლის საშუალებას. ამიტომ იყო, რომ მთელი ის დასავლური ნომენკლატურა, რომელიც „რეჟიმჩეინჯინგზე“ მუშაობდა, ბაიდენის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო საქართველოში. მაგრამ შედეგი ვერ დადეს. დემოკრატიული თვალსაზრისით ბრწყინვალე შედეგია, მაგრამ „რეჟიმჩეინჯინგი“ ვერ მოხდა. ამიტომ მათ ეჩქარებოდათ რეჟიმის შეცვლა და უთხრეს, ახლა თქვენი შესვლა პარლამენტში კი, დიდი ძალაა, მაგრამ მაინც დემოკრატიული პროცესია. ამიტომ, ტოვებთ პარლამენტს და იწყება ფერადი რევოლუცია და ჩვენ ვიხილეთ, რაც მოხდა შემდგომი თვეების განმავლობაში“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.