ლოპოტას ხეობაში დაღუპულ სტუდენტს ანტიმილიტარისტული ნახატები ჰქონდა

ლოპოტას ხეობაში დაღუპულ სტუდენტს ანტიმილიტარისტული ნახატები ჰქონდა

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პანკისის ხეობას ესტუმრნენ და ლაფანყურის ოპერაციისას ლიკვიდირებული თანაკურსელის, ასლან მარგოშვილის საფლავი მოინახულეს. მათი მიზანი იყო, მიესამძიმრებინათ დაღუპულის მშობლებისთვის და დაედასტურებინათ, რომ ასლან მარგოშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო, თუმცა რექტორატი ამ ინფორმაციას დღემდე არ ადასტურებს.

სტუდენტების თქმით, მათი სასწავლებლის რექტორმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, როდესაც ასლან მარგოშვილის უნივერსიტეტში სწავლის ფაქტი უარყო. სინამდვილეში, დაღუპული ახალგაზრდის მშობლებმა სტუდენტებს გარდაცვლილი შვილის სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ბიბლიოთეკის საშვი, რვეულები და სახელმძღვანელოები აჩვენეს. სტუდენტები დაღუპული ახალგაზრდის ანტიმილიტარისტულმა ნახატებმა გააოცა.

For. ge ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს ლექსო კობაიძეს ესაუბრა.

– ასლანი მესამე კურსის სტუდენტი იყო, ჰიდრავლიკის განხრით სწავლობდა და 22-ე ჯგუფში იყო. იმთავითვე ეჭვი გაგვიჩნდა, თუ რატომ მალავდნენ ამ ადამიანის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის შესახებ ინფორმაციას. ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ იგი ჩვენს უნივერსიტეტში სწავლობდა. ამასთან, ასლანის მეგობრებისგან ინფორმაცია გვქონდა, რომ ის არ იყო ტერორისტი, ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა გახლდათ. ამიტომაც ჩავედით და მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მის ოჯახს, რომელთა შვილიც ტერორისტად შერაცხეს.

სწორედ ამაზე მოვახდინეთ რეაგირება. რაც შეეხება უნივერსიტეტის რექტორატის სიცრუეს, თითქოს იგი არ სწავლობდა ჩვენთან, მის მშობლებს და, კონკრეტულად, მამამისს ვთხოვეთ, ეჩვენებინა ის დოკუმენტაცია, რომლითაც მტკიცდებოდა, რომ ასლანი მართლაც გეპეის სტუდენტი იყო. მათაც ჩვეულებრივ წარმოგვიდგინეს გადარიცხვის ქვითრები და ყველა დოკუმენტი. ამდენად, დაუჯერებელია, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არ სცოდნოდა, რომ ასლანი მათი სტუდენტი იყო. ეს არის გარდაცვლილისადმი უტიფარი დამოკიდებულება. რატომ მალავენ ამას, გავარკვევთ. ასე არ დავტოვებთ ამ ამბავს. ჩვეულებრივი, რიგითი სტუდენტი ვიღაცის პირად ინტერსებს ეწირება და ამის შემდეგ  უნივერსიტეტი ასე უტიფრად ცრუობს და ამბობს, რომ იქ არ სწავლობდა. არ ვიცი, ამას ამ ხელისუფლების მიმართ მსხვერპლშეწირვა დავარქვა, თუ რა.

ასლან მარგოშვილმა ერთი წლით აიღო აკადემიური და საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ამ ინფორმაციას ადასტურებთ?

– მამამისმა გვითხრა, რომ ასლანი ფინეთში იყო. იქიდან არ ჩამოსულა. უფრო მეტიც, მამამისს ეგონა, რომ ამ ერთი თვის განმავლობაშიც მისი ვაჟი ფინეთში იმყოფებოდა. მამამისის თქმით, სანამ ეს სამწუხარო ინცინდენტი მოხდებოდა, ასლანი მას თერთმეტი დღით ადრე ელაპარაკა. მამამისი ისეა დაბნეული, რომ აღარ იცის, რა თქვას.

მათ საკუთარი მიცვალებულის გადაცემა დაუგვიანეს...

 

– ამ ხნის განმავლობაში, რაც იქ ვიყავით, დედამისი გამუდმებით იქვე იჯდა, მაგრამ ვერ დაგველაპარაკა, სულ ტიროდა. მამამისმა ერთი-ორი სიტყვის თქმა კიდევ მოახერხა, მაგრამ ეს ტრაგედიაა. დები, ძმა ჰყავს, ასევე – მამიდა. ყველანი საშინელ მდგომარებაში არიან. ფაქტი ერთია – პანკისელებიც ხვდებიან, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. ამას მთელი ქართველი საზოგადოება ხვდება. კითხვები არსებობს და ეს პირდაპირი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ვადანაშაულებთ შს სამინისტროს. მან უნდა გაგვცეს პასუხი და სამწუხაროა, რომ ისინი არ ცდილობენ, საზოგადოების შეკითხვებს უპასუხონ.

ასეთი ვერსიაცაა, რომ უხუცესები უნდა მიეშვათ მოსალაპარაკებლად და ისინი გაანეიტრალებდნენ სიტუაციას.

– სამწუხაროდ, გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ ქისტები შურისძიებით იმუქრებიან. ეს ისეთი თემაა, რაზეც ხუმრობა არ შეიძლება. სწორედ იქამდე მიიყვანეს ისინი, რომ ვაჰაბიტები უკვე ავრცელებენ, ჩვენ აუცილებლად სისხლს ავიღებთო. ამის პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. ასეთი სპექტაკლი დაგეგმეს და ადამიანების სიცოცხლე შეიწირეს. ჩვენ ვიცით, რომ დღესდღეობით ეს ადამიანები ბევრად ნეგატიურად არიან განწყობილნი.

გასაგებია, ოჯახის წევრები ხმას არ იღებენ, მაგრამ დანარჩენი პანკისელებიც შურისძიებაზე საუბრობენ?

– სხვათა  შორის, მამამისმა ასეთი რამ გვითხრა – მოვა დრო, ყველაფერი გაირკვევა და სამართალს მივაღწევთო. შურისძიების შესახებ არაფერი უთქვამს. უბრალოდ, ეს კაცი ელოდება, რომ ყველაფერი გაირკვევა. პრინციპში, რაღა ეშველება, შვილმკვდარი მამაა და 21 წლის ბიჭი დაკარგა.

ოჯახის წევრების დაშინება ხომ არ ხორციელდება?

– ვერაფერს გვეუბნებიან, მაგრამ აშკარაა, ხვდებიან, რომ მათი შვილი უსამართლობის მსხვერპლია. არც ის იციან, ვინ ჩამოიყვანა. მეტიც – მამამისი ამბობდა, უკვე აღარაფრის აღარ მჯერა, არც ის გამიკვირდება, თუ ფინეთის ნაცვლად სადმე სხვაგან იყო ასლანიო. კაცი გაოგნებული იყო, შვილი ფინეთში ეგონა და ამ დროს საქართველოში აღმოჩნდა. რაღა დაშინებულნი უნდა იყვნენ, როცა შვილი მოუკლეს, მაგრამ ფაქტია, რომ ტელევიზიებთან ურთიერთობას ერიდებიან. ჩვენ ტელევიზიებიც გვახლდნენ და მშობლებმა არ ინებეს, ჟურნალისტები შესულიყვნენ და ჩვენთან ერთად გაეშუქებინათ ეს შეხვედრა.

ასლან მარგოშვილი საქართველოში იყო დაბადებული თუ ჩეჩნეთიდან იყო დევნილი?

– არ იყო  დევნილი. აქ დაიბადა, შემდეგ, როგორც მამამისმა გვითხრა, ორი წელი გროზნოს სკოლაში სწავლობდა. მოგვიანებით მამამ ჩამოიყვანა, თელავში განაგრძო  სწავლა და ბოლოს უკვე თავის დუისში დაამთავრა სკოლა. ამის შემდეგ კი ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა.

გამოითქვა მოსაზრებაც, რომ ამ ბიჭებიდან ზოგიერთმა იარაღის გამოყენებაც არ იცოდა. ასლანის  ბიძა, ვახტანგ მარგოშვილი არალოგიკურად მიიჩნევდა, რომ ასლანი რომელიმე შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო, რადგან თურმე არანაირი სამხედრო რთვნა არ გაუვლიდა იარაღის სროლაც არ იცოდა.

– ეს არ ვიცი, მაგრამ ისეთი ჰუმანური ნახატები ჰქონდა, ნამდვილად მხატვარი იყო. მოგეხსენებათ, ისეთ ფაკულტეტზე სწავლობდა, რომ ხაზის სწორად გავლება თავისუფლად შეეძლო, სახაზავს არც იყენებდა. ძალიან სერიოზული ნახატები ჰქონდა. ამიტომ ამ მხრივაც შეკითხვები არსებობს. ეს ადამიანი არ იყო ისეთი, როგორადაც, სამწუხაროდ, წარმოაჩენენ. სხვათა შორის, მის ერთ-ერთ ნამუშევარზე ეხატა ხმალი და აღჭურვილობა და ამ ყველაფერზე ხაზი იყო გადასმული – იარაღთან თამაში სასტიკად აკრძალულიაო ს– ეწერა კიდეც.