რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ დნიპროზე იერიში ახალი რუსული საშუალო მანძილზე მოქმედი „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტით მიიტანა - ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა. ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ATACMS-ის და Storm Shadow-ის რაკეტები გამოიყენა, რის შემდეგაც პუტინმა პირობა დადო, რომ რუსეთი ამას გადამწყვეტად და სარკისებურად უპასუხებს. ამის ფონზე, ნატო და უკრაინა შეხვედრას გამართავენ, რომელზედაც რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე საშუალო მანძილზე მოქმედი ჰიპერბგერითი რაკეტით განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრებენ. გამოცემა The Guardian-ი დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა მომავალი კვირის სამშაბათს ბრიუსელში, ელჩების დონეზე გაიმართება. შეხვედრა კიევმა, რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მოითხოვა.
მანამდე პუტინმა ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ბირთვული შეკავების სფეროში თავდაცვითი ხასიათისაა და რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს განიხილავს, როგორც შეკავების საშუალებას, რომლის გამოყენება უკიდურესი და აუცილებელი ზომაა. ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ სამხედრო კოალიციის წევრი ნებისმიერი სახელმწიფოს აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ განიხილება როგორც მთლიანი კოალიციის აგრესია და აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არაბირთვული სახელმწიფოს მიერ ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით განიხილება ერთობლივ თავდასხმად. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული შეკავების სახელმწიფო პოლიტიკა მიზნად ისახავს ბირთვული ძალების პოტენციალის შენარჩუნებას ბირთვული შეკავებისთვის საკმარის დონეზე. დოკუმენტში ძალაში უკვე შევიდა.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ამირან სალუქვაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან მუქარა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, არსებულ ვითარებას უფრო მეტად ამძიმებს. როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, ბირთვული იარაღის გამოყენება ძალიან მძიმედ იქნება აღქმული სხვა ქვეყნების მიერ და შესაძლოა, ამ ფაქტორს ითვალისწინებდეს ვლადიმერ პუტინი და მიუხედავად უამრავი მუქარისა, ამ ნაბიჯზე სწორედ ამიტომ არ მიდის.
„რამდენად იყო ეს კონტინენტთშორისი რაკეტა ან რა ტიპის რაკეტა იყო, იმ ვიდეობით რთულია მსჯელობა, რაც გავრცელდა. დღეს სამსჯელო არის არა მხოლოდ რუსეთიც განცხადება, არამედ ამერიკის პასუხიც - ამერიკის თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის უფროსის განცხადება იყო, რომ ამერიკა მზად არის ბირთვული რაკეტების დარტყმების გაცვლისთვის რუსეთთან. ეს განცხადებაც შეიძლება ბლეფად აღვიქვათ ისევე, როგორც პუტინის მუქარები - ვერავინ იტყვის ეს პროცესები სადამდე წავა და შევა თუ არა ჩიხში - ერთი ან მეორე მხარე შეიძლება იძულებული გახდეს რაღაც სერიოზული ნაბიჯი გადადგას, ვგულისხმობ ბირთვული იარაღის გამოყენებას.
ეს მუქარები გრძელდება და არანაირი ქმედება არ არის ვითარების განმუხტვისთვის. თუ გაგრძელდა რუსეთის სიღრმეში სარაკეტო შეტევები, რომელიც შეიძლება კრიტიკული აღმოჩნდეს რუსეთისთვის, თავად რუსეთი შევა ჩიხში, რადგან ბირთვული დოქტრინის შეცვლამდე, როდესაც უკრაინა რუსეთზე სხვადასხვა ტიპის იარაღით ახორციელებდა შეტევებს, რუსეთი საუბრობდა, რომ ის მოქმედებს დოქტრინის შესაბამისად. ბირთვული იარაღის გამოყენება ეს არ არის მხოლოდ ორი სახელმწიფოს საკითხი, დედამიწაზე სხვებიც ცხოვრობენ. ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება ძალიან მძიმედ აღქმული, პირველ რიგში, ჩინეთისგან და იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსეთის კავშირს სხვა სამყაროსთან - თუ დასავლეთის მხრიდან იზოლაციაშია რუსეთი, არის სხვა სამყაროც. ბირთვული იარაღის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის მეტად იზოლაცია.
არც ერთი სახელმწიფო არ მიესალმება ბირთვული იარაღის გამოყენებას და ეს არის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა პუტინს მიეცეს სასაუბრო, რომ ის ბირთვული სახელმწიფოა და რისთვის აქვს ის თუ მისი უსაფრთხოება ვერ დაიცვა. სადამდე მივა ეს ვითარება, ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. პუტინი, ერთი მხრივ, ერიდება საერთაშორისო საზოგადოების განწყობებს, ვისთანაც მას მჭიდრო კავშირი აქვს და მეორე მხრივ, არის საკუთარი საზოგადოება, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი პუტინის მიერ ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების დამტკიცებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთიდან უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა ისმის.
„რუსეთიდან უპასუხისმგებლო რიტორიკა ისმის და ეს ჩვენ უკრაინის მხარდაჭერაში ხელს ვერ შეგვიშლის“, - განაცხადა კირ სტარმერმა.
ვლადიმერ პუტინის მიერ დამტკიცებული ახალი ბირთვული დოქტრინის თანახმად, აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არაბირთვული სახელმწიფოს მიერ, ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით, ერთობლივ თავდასხმად განიხილება.
„(პუტინს) კიდევ ერთხელ ვეტყვი: დაასრულე ომი, გადი უკრაინიდან“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.