„არა მგონია, „ქართველი პატრიოტი“ პრეზიდენტი სანთლით იყოს მაინცდამაინც საძებარი, რადგან საქართველოს ისტორიას უამრავი პატრიოტი და გამყიდველი ერთდროულად ახსოვს“

„არა მგონია, „ქართველი პატრიოტი“ პრეზიდენტი სანთლით იყოს მაინცდამაინც საძებარი, რადგან საქართველოს ისტორიას უამრავი პატრიოტი და გამყიდველი ერთდროულად ახსოვს“

ალბათ, ქვეყნის პატრიოტები უნდა მოვიძიოთ იქ, სადაც დიდი ცდუნებაა და ადამიანი ამ ცდუნებას გაუძლებს. ბიძინა ივანიშვილი კარგი მაგალითია იმ მხრივ, რომ უზარმაზარი თანხები ტრიალებდა მის ხელში და ამ თანხებიდან დიდ წილს ქვეყნის სასიკეთოდ დებდა. არ ვართ განებივრებულნი დიდი ქონების მქონე ხალხით, მაგრამ, ვინც არიან დიდი ქონების მქონენი, არც იმათშია დამკვიდრებული ასეთი ქველმოქმედება და ამიტომ გვიკვირს ივანიშვილის საქციელი, - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.

ქართული პოლიტიკა ქართველი პატრიოტის მოლოდინშია, რომელმაც პრეზიდენტის პოსტი უნდა დაიკავოს. რატომღაც ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ოცნებას პრეზიდენტებში არ უმართლებს, არც მარგველაშვილი აღმოჩნდა მთლად პლასტელინი, არც ზურაბიშვილისგან მივიღეთ მართმადიანი პრეზიდენტი, ერთმაც და მეორემაც სისხლი გაუშრო ოცნებას. ამ რამდენიმე თვის წინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, სათავეში ჩადგომოდა ქართული ოცნების საარჩევნო სიას, გაჩნდა ვარაუდი, რომ ის პრეზიდენტობას უმიზნებდა, რადგან მას არ იზიდავდა პრემიერ-მინისტრის პორტფელი - კაბინეტში ჯდომა და რთული პასუხისმგებლობის აღება. დღესაც შეიძლება გაჩნდეს კითხვა, ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს ქართველი პატრიოტის ტიტულის ქვეშ - ბიძინა ივანიშვილი ხომ არა? რომელ წრეებში უნდა შეირჩეს ახალი საპრეზიდენტო კანდიდატურა?

- ეს ბუნებრივი კითხვებია და ყველას გვიჩნდება ასეთი შეკითხვები. პრეზიდენტის არჩევის ახალ წელზე გადავდივართ, რომელიც ჯერ ჩვენთვის უცნობი წესია და, როგორც იტყვიან, არ გაგვისინჯავს. არადა, ბევრ ქვეყანას აქვს პრეზიდენტის არჩევის ასეთი წესი, რადგან პირდაპირი არჩევნები პრეზიდენტს ძალიან დიდ პოლიტიკურ ძალას ანიჭებს, პრეზიდენტს როცა მთელი ხალხი ირჩევს, ამის შემდეგ ამ პოლიტიკური ძალის შესაბამისად, უჩნდებათ ადამიანებს პრეტენზია. თქვენ ახსენეთ მარგველაშვილი და ზურაბიშვილი, შეიძლება სწორედ პირდაპირი არჩევის წესით მათი არჩევა იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რამაც მათ გაურჩინა სურვილი, გადაედგათ დაუმორჩილებელი ნაბიჯები. ეს არ ეხება მაინცდამაინც ივანიშვილისგან დაუმორჩილებელ ნაბიჯებს, ზოგადად, კონსტიტუციაში წერია, რომ ჩვენთან პრეზიდენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების მორჩილი ფიგურა და კარდინალურად განსხვავდება პრეზიდენტობის იმ ვარიანტებისგან, რაც ნანახი გვქონდა წინა კონსტიტუციის პირობებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო ადეკვატური იქნება პრეზიდენტის არჩევის მოკრძალებული ვარიანტი იმის გამოც, რომ თავში არ აუვარდეს ადამიანს, აი, მე მთელი ქვეყნის მხრიდან ხელდასმული ვარო. თუ ვინ იქნება ქართველი პატრიოტი, რა თქმა უნდა, ისმის ამ ვერსიაზეც საუბარი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მე მახსოვს, როგორი შეწუხებული იყო ივანიშვილი ცხოვრების იმ წესით, რაც მას პრემიერობის დროს მოუწია. ასეთი ფრაზაც კი აქვს ნათქვამი, არ არის ეს ჩემი ცხოვრების წესიო, ამდენი შეხვედრა, ხელის ჩამორთმევა და, რაც მთავარია, ყველა სიტყვის აწონვა. ეს კი ვნახეთ, რომ ივანიშვილს არ უყვარს სიტყვის აწონვა და ძალიან ხშირად უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ითხოვს დიპლომატიური სიფრთხილე. ამიტომ მეჩვენება ივანიშვილის პრეზიდენტობის ვერსია არარეალურად, რადგან წინა ეტაპი ასეთი იყო. ისე, სხვა ვერსიებიც შეიძლება იყოს პატრიოტების...

შემორჩნენ კი ქართველი პატრიოტები ამ პრაგმატულ ეპოქაში, როცა ბევრი ადამიანი დამოკიდებულია უცხოეთიდან გადმორიცხულ გრანტებზე? ისიც შეიძლება ითქვას, რომ უცხოეთის დაფინანსების მახინჯმა სისტემამ ბევრი ადამიანი მიდრეკილი გახადა ფულის აღებისკენ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. რაოდენ პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, სად შეიძლება ვეძიოთ სანთლით საძებარი ქართველი პატრიოტები-სამეცნიერო წრეებში, უბრალო ხალხში?

- არა მგონია, რომ ქართველი პატრიოტი სანთლით იყოს მაინცდამაინც საძებარი, საქართველოს ისტორიას უამრავი პატრიოტი და გამყიდველი ერთდროულად ახსოვს, ისევე, როგორც, ალბათ, ყველა ქვეყნის ისტორიაშია ორივე ტიპის ადამიანი ერთდროულად. ალბათ, ქვეყნის პატრიოტები უნდა მოვიძიოთ იქ, სადაც დიდი ცდუნება არის და ადამიანი ამ ცდუნებას გაუძლებს. ბიძინა ივანიშვილი კარგი მაგალითია იმ მხრივ, რომ უზარმაზარი თანხები ტრიალებდა მის ხელში და ამ თანხებიდან დიდწილს ქვეყნის სასიკეთოდ დებდა. ამის მსგავსი მეორე მაგალითი ძნელი მოსატანია, არ ვართ განებივრებული დიდი ქონების მქონე ხალხით, მაგრამ, ვინც არიან დიდი ქონების მქონენი, არც იმათშია დამკვიდრებული ასეთი ქველმოქმედება და სიკეთე საკუთარი ქვეყნის მიმართ. ამიტომ გვიკვირს ივანიშვილის საქციელი. დიახ, პატრიოტი ნამდვილად არის ივანიშვილი ამ თვალსაზრისით, მაგრამ ვვარაუდობ, კიდევ ბევრი პატრიოტი შეიძლება მოიძებნოს. ამ მხრივ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან თვითონ ეს ახალი კანონი პრეზიდენტის არჩევისა და მერე უკვე პრეზიდენტის უფლებები, ნებისმიერ მოქალაქეს ჩასვამს გარკვეულ ფარგლებში და აღარ იქნება ისეთ მდგომარეობაში, რაც წინამორბედი პრეზიდენტების დროს გავიარეთ.

ინგლისში მონარქიული მმართველობა იმგვარადაა მოწყობილი, რომ მეფე და დედოფალი განყენებულად არიან, რადგან ბრიტანეთში მაინც წამყვანი ფიგურა პრემიერ-მინისტრია. სამეფო ოჯახს სიმბოლური დატვირთვა აქვს, ტურისტებისთვის საჩვენებლადაა და ინგლისის ბიუჯეტისთვის სოლიდური შემოსავალი მოაქვს ბუკინგემის სასახლეს. ასეთი სიმბოლური დატვირთვა ხომ არ ექნება ჩვენს მომავალ პრეზიდენტს, რადგან თუკი ხალხმა არ მისცა ლეგიტიმაცია და პირდაპირი წესით არ აირჩია, მაშინ ელექტორატს დიდი მოთხოვნებიც არ ექნება მის მიმართ იმის გამო, რომ ხალხის მიერ არჩეული არ არის. განყენებულ ფიგურად ხომ არ გადაიქცევა?

- ამის საშიშროება ნამდვილად არის. ზუსტად ამისთვისაა ჩვენი შეცვლილი კონსტიტუცია, რომ პრეზიდენტი ისეთივე ფიგურა გახდეს, როგორც ინგლისის დედა დედოფალი იყო, რომელსაც ექნება გარკვეულ მომენტებში ფუნქცია. დავუშვათ, პარლამენტია მოსაწვევი, ან დასაშლელი. ასეთ შემთხვევებში, ზოგან იყენებენ სამეფო დინასტიის წარმომადგენელს, ზოგან ასეთ ფიგურად ჰყავთ პრეზიდენტი, მაგალითად, გერმანიაში. არის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტის ფუნქციებს შეიძლება ითავსებს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი. ამით ცდილობენ, გვერდი აუარონ პრეზიდენტის ინსტიტუტის წინ წამოწევას. საქართველოში დამკვიდრდა ასე, რახან ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტი, უნდა გვქონდეს მის მიმართ მოთხოვნები, ეს მოთხოვნები მაინც აღარ იქნება, ნაწილობრივ, წინა პრეზიდენტი - მარგველაშვილი ამ დამოკიდებულებამ გადარია, რომ თავს გრძნობდა ვალდებულად ხალხის წინაშე.

ცხადია, ივანიშვილისთვის კომფორტული არ იყო პრემიერობა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, მარგველაშვილისა ან ზურაბიშვილისთვის კომფორტული იყო პრეზიდენტობა? თუ ტვირთს წარმოადგენდა, რადგან არც კი მოელოდნენ, რომ ამდენი გარე დაკვეთა წამოვიდოდა მათი მისამართით?

- მარგველაშვილსა და ზურაბიშვილს მიაჩნდათ, რომ ჩვენი ხალხის ნება-სურვილზე მუშაობდნენ, ნუ ვიქნებით დაეჭვებულნი ამ პრეზიდენტებში, არ გვაქვს საამისო საკმარისი საფუძველი. ის, რომ მათ ნაბიჯები არ ემთხვეოდა ქვეყნის განვითარების ხაზს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ვიღაცის დაკვეთით მუშაობდნენ. ჩვენს სინამდვილეში ბევრი პოლიტიკოსი მოქმედებს სხვების დაკვეთით, მაგრამ ეს სხვების დაკვეთა სწვდება თუ არა ისეთ სიმაღლეებს, როგორიცაა საპრეზიდენტო სკამი, ძნელი სათქმელია. მეეჭვება, იმ სხვებს უნდოდეთ პრეზიდენტების გადაბირება ისეთ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი არაფერს არ წყვეტს. ისინი, ალბათ, უფრო მეტად გადაიხდიან ფულს გადამწყვეტ და არა დეკორატიულ ფიგურებში.

როდესაც ინგლისის მონარქიაზეა საუბარი, იქაური საზოგადოების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით, პრინცესა დაიანას საეჭვოდ გარდაცვალების შემდეგ, უკმაყოფილებას ვერ ფარავდა, ამხელა თანხები რატომ იხარჯება მონარქიაზე. თუკი საქართველოშიც პრეზიდენტს დეკორატიული დატვირთვა ექნება, აქაც მსგავსი პრეტენზიები ხომ არ გაჩნდება, ღირს კი ქართული ბუკინგემის სასახლის შენახვა?

- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სირთულე მონარქიას ზუსტად ეგ აქვს, რომ მონარქიული კარი, ანუ დიდებულთა თავყრილობა შესანახია და არც თუ ისე მცირე თანხა ჯდება. საქართველოშიც საპრეზიდენტო ფიგურაც შესანახია და არც ის ჯდება იაფი, თუმცა გაცილებით მეტი თანხა იხარჯება მონარქის შემთხვევაში.