რატომ ცდილობს ოპოზიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას და რატომ კეტავს გზას თსუ-სთან? როგორც ჩანს, ოპოზიციას ამის რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, როდესაც ახალგაზრდები მსგავს საპროტესტო მუხტში ერთვებიან, შემდეგ პროტესტის ტალღა საზოგადოებაზეც გადადის. ასევე ამ ახალგაზრდების მშობლების ქუჩაში გამოყვანაც მარტივი ხდება. მეორეც, თუკი პოლიციამ მათ მიმართ ძალა გამოიყენა, ეს ოპოზიციისთვის მით უფრო უკეთესი იქნება, რადგან ქვეყანაში რევოლუციურ მოვლენებს ბიძგი მიეცემა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში და აუდიტორია 023-ში კვლავ რჩებიან სტუდენტები, რომლებიც, ერთი მხრივ, უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას, მეორე მხრივ კი საპროტესტო აქციაზე დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ.
თსუ-ში ორი საპროტესტო სივრცეა - ერთი პირველი კორპუსის სარდაფში, აუდიტორია 023-ში, სადაც რამდენიმე ათეული სტუდენტი ათენებს ღამეებს და გეგმავს წინააღმდეგობის მოძრაობას, მეორე კი უნივერსიტეტის ეზოში გაშლილ კარვებში, სადაც ასევე ღამისთევით რჩებიან ახალგაზრდები.
20 ნომებერს ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ახალგაზრდების ჯგუფი შევიდა. როგორც ახალგაზრდები აცხადებენ, მათი მოთხოვნა რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომაა.
For.ge ესაუბრა თსუ-ში რამდენიმე სტუდენტს, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს ახალგაზდები პირდაპირ ოპოზიციის პარტაქტივის წევრები არიან. მისი თქმით, ეს არ არის უნივერსიტეტის ყველა სტუდენტის პოზიცია და ახალგაზრდები პოლიტიკური ძალების მიერ არიან მართულები.
„რა თქმა უნდა, ისინი ვერ ისაუბრებენ ყველა სტუდენტის სახელით. სულ რამდენიმე ახალგაზრდაა, რომლებიც პირდაპირ არიან პოლიტიკურ აქტივობებში ჩართულნი. ზოგის ოჯახის წევრია ოპოზიციურ პარტიებში და ზოგიც იქ არის დასაქმებული. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ეს არის სტუდენტების მასობრივი პორტესტი და მსგავსი რამ, ტყუილია. მათ უნდათ, რომ ახალგაზდები კიდევ ერთხელ მოაცდინონ. ყველამ კარგად დაიანახა, რაც მოხდა გაზაფხულის აქციებზე. ბავშვებს ამუნათებენ, აბულინგებენ და ეუბნებიან, რომ თუ აქციებზე არ გავლენ რუსები არიან, რუსეთუმე ხელისუფელბას უჭერენ მხარს და სირცხვილია. ღირსები არ ვართ რომელიმე გაცვლითი პროგრამით ევროპაში ვისწავლოთ და ა.შ. ნამდვილი ტერორია თავად ამ სტუდენტების მხრიდან უნივერსიტეტზე. ამიტომაც დადიან კარვებით და აქ კეტავენ გზას, რომ გავიდეთ სტუდენტები და ჩვენც მონაწილეობა მივიღოთ. პირდაპირ გვეჩხუბებოდნენ, რომ ლექციებზე ნუ შედიხართ, არ გრცხვენიათო?!“, - ყვება ერთ-ერთი სტუდენტი for.ge-სთან.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიცია ახალგაზრდების გამოყენებით რადიკალური გეგმების განხორციელებას ცდილობს.
„ზოგადად, სტუდენტური საზოგადოება შეარჩიეს ყველაზე ადვილად, იდეოლოგიურად დასამუშავებელი საზოგადოება, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ ემოციური კავშირი იმ წარსულთან, როდესაც ეს ადამიანები სისასტიკით მართავდნენ ამ ქვეყანას და ჩადენილი აქვთ უამრავი დანაშაული. ემოციური კავშირის არქონა, არ შეიძლება დავაბრალოთ ყველა სტუდენტს. რასაკვირველია, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, ვისაც ესმის, რომ საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი გალაშქრება არის ერთადერთი მიზნისთვის დაგეგმილი, რომ როგორმე სათავეში დაბრუნდნენ იგივე დამნაშავეები, რომლებიც საქართველოს ნგრევის პროცესში ჩართავენ. ეს სწორედ შედეგია იმისა, რაც ბათუმის უნივერსიტეტში მოხდა, აბსოლუტურად გარეშე პირები შემოდიან და სტუდენტების სახელით ცდილობენ ამ დესტრუქციული პროცესების განვითარებას“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის გათვლა სტუდენტების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე გასაგებია და მარტივი ამოსაცნობია, რადგან მათ დაინახეს, რომ ამან ერთხელ უკვე „გამჭვირვალობის კანონის“ დროს გაამართლა. საყვარელიძე ამბობს, რომ ახალგაზრდების ემოციური ტალღის გამოყენება ერთხელ უკვე სცადეს და ამის გაკეთება კიდევ ერთხელ უნდათ. სახელმწიფო უნივერსიტეტი კი ყოველთვის ახალგაზრდების საპროტესტო მუხტის აგორების საუკეთესო საშუალებაა.
„სტუდენტების პროტესტს რამდენიმე პლუსი აქვს და ეს ოპოზიციამ ყველაზე კარგად იცის. პირველ რიგში, ყველა რევოლუციური მუხტი და საპროტესტო მოძრაობა, სწორედ ახალგაზრდებიდან იწყება და ამის პირველი და საუკეთესო კერაა სახელმწიფო უნივერსიტეტი. გარდა ამისა, სტდენტები როცა ამ პროცესში ერთვებიან, უფროსებიც ხშირად საკითხთან დაკავშირებით აზრს იცვლიან. მერე მიდის საუბარი, რომ ბავშვებს ხელი არ ახლოთ თორემ ასე და ისე. ანუ სტუდენტების წინააღმდეგ ხელისუფლების წასვლა ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში საზოგადოების მხრიდან მკაცრად ფასდება.
ამიტომ ჩვენთან ბავშვის და ახალგაზრდის კულტი უფრო ძლიერია. მახსენდება ამერიკის უნივრესიტეტებიდან პროტესტის და საპროტესტო მოძრაობის გამო, რომელიც ისრაელის პოლიტიკის მიმართ იყო, ბავშვები ფეხებით გამოათრიეს პოლიციელებმა და მათ სასტიკად უსწორდებოდნენ. მათ მშობლებს და ასაკოვან ხალხს არ ჰქონია მწვავე რეაქცია. ახლაგზარდებს შემდეგ უფროსი თაობაც მოჰყვება და მათ მერე ბეჯითად იცავენ. თუ მოხდა ისე, რომ პოლიცია წამოეგო რამე პროვოკაციას, მოხდა ბავშვების დაკავება ან შეტაკება პოლიციასთან, ოპოზიციაში იმედი აქვთ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში ეს პორტესტს გამოიწვევს. ამიტომ ხალხის ქუჩაში გამოყვანას ამ ფორმით მაინც შეძლებენ“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ის თაობა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ პოლიტიკურ ლიდერებს არ ენდობა, სწორედ ამ ბავშვების მშობლები არიან. ამიტომაც ოპოზიცია ფიქრობს, რომ თუკი ამ ბავშვებს ქუჩაში გამოიყვანს და მათ აიყოლიებს, იძულებულები გახდებიან მათი მშობლებიც ქუჩაში გამოვიდნენ.
„ყველაზე საიმედო გზა მშობლების თაობის გადაბირების სწორედ ახალგაზრდების ქუჩაში გამოტყუებაა. ბრძოლის ამ იარაღს ისლამისტები ყველაზე ხშირად იყენებენ. ტერორისტები ბავშვთა საავადმყოფოში, სკოლებში, ბაღებში, უნივერსიტეტებში იმალებიან, რადგან იციან ამ დაწესებულებას არ ესვრიან და მათ საფარად იყენებენ. ჩვენთან კიდევ ოპოზიცია ცდილობს სტუდენტების ხარჯზე ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს. მათი ემოციური ხასიათით სარგებლობენ და უნდათ მერე ეს პროტესტი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ. თუ გახსოვთ ოპოზიციური პოლიტიკოსები რომ მიდიოდნენ ამ გაზაფხულზე და სპიკერობას ცდილობდნენ, სტუდენტები მათ ყრიდნენ. უშტვენდნენ, უყვიროდნენ, ლაზერებს ანათებდნენ და აგდებდნენ ამ აქციიდან.
ახლა კი ხედავენ ახალგაზრდები, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ბრძოლისთვის წამოწყებული პროცესია. ასევე დაინახეს, რომ ის, რასაც ოპოზიცია საუბრობდა, თუნდაც ამ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამებოდა - თიტქოს მეორე დღეს უკვე „რუსეთში“ იღვიძებდნენ, ტყუილი აღმოჩნდა. ბევრმა მათგანმა გააანალიზა, რომ მათ იყენებდნენ, პოლიციას აპირისპირებდნენ და მერე ეს პოლიტიკური ლიდერები გარბოდნენ. ახლა ისევ ცდილობენ მათ აყოლიებას, მაგრამ არ გამოსდით. ამიტომ დარბიან ამ კარვებით უნივერსიტეტთან. მერე ქმნიან ილუზიას, თითქოს უნივერსიტეტში საპროტესტო ტალღაა დაწყებული, რაც ტყუილია“, - ამბობს საყვარელიძე.