ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა და პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიისა და სამანდატო კომისიის წევრების არჩევის შემდეგ დეტალურად ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შესახებ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპების და მტკიცედ ადგას მოდერნიზაციის, მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფის და პროგრესის გზას არჩევნების ადმინისტრირების პროცესში.
„წლების განმავლობაში ჩვენ ვნერგავდით ინოვაციებს, რაც აძლიერებს გამჭვირვალობას, აუმჯობესებს პროცესებს და ქმნის უფრო ხელმისაწვდომ და კომფორტულ გარემოს ამომრჩევლებისთვის. ეს ძალისხმევა არ არის მხოლოდ პროცედურული გაუმჯობესება, არამედ ჩვენი ერთგულების დასტურია დემოკრატიულ პროცესში ინკლუზიურობის ხელშეწყობისთვის; და ვთვლი, რომ თითქმის ორი წლის წინ დაწყებული აქტივობები საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებების პასუხად განხორციელდა, იყო და არის არჩევნების მოდერნიზებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი. თითქმის ორი წელი ინტენსიურად ვიმუშავეთ იმისათვის, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები მაღალ დონეზე ყოფილიყო ორგანიზებული. და ასეც მოხდა, - ჩავატარეთ უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები, და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საარჩევნო პროცესი ყველა ეტაპზე იყო სწორად დაგეგმილი და შესაბამისად, ორგანიზებულიც. 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს საერთო ჯამში, გამოყენებული იყო 15 000-მდე აპარატი, საიდანაც მხოლოდ 20 (0,1%) ერთეული გამოვიდა მწყობრიდან, თუმცა საარჩევნო პროცესი შეფერხების გარეშე გაგრძელდა და არცერთ საარჩევნო უბანზე არ დაგვჭირდა ხმის მიცემის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლა“-აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ საქმიანობის ყველა ეტაპზე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციითა და ჩართულ მხარეებთან აქტიური კონსულტაციების საფუძველზე იმოქმედა. მისივე თქმით, გამჭვირვალობისა და საჯაროობისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო თანამშრომლობის ოთხი ახალი ფორმატის შემუშავება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან, რამაც საარჩევნო ადმინისტრაციას საშუალება მისცა მაქსიმალურად გაეზიარებინა მათი მოსაზრებები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში.
გიორგი კალანდარიშვილის თქმით, არჩევნები პოლარიზებულ გარემოში ჩატარდა - „ამის მიუხედავად, წარმოუდგენლად უპრეცედენტო ზეწოლის პირობებში, ჩვენ უზრუნველვყავით არჩევნების ადმინისტრირება, მათ შორის პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები საზოგადოებას საათსა და 45 წუთში წარვუდგინეთ, რაც ნამდვილად არის ჩვენი ლოგისტიკური ეფექტურობის დასტური.
საარჩევნო ადმინისტრაციამ კომპანია „სმარტმატიკთან“ თანამშრომლობით 26 ოქტომბრის არჩევნებზე პირველად გამოიყენა ასეთი ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიები და მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრის დღეს იმასაც ეცადნენ - ზოგიერთ უბანზე აპარატები მწყობრიდან გამოეყვანათ და დააზიანეს კიდეც, როგორც აღვნიშნე, არ დამდგარა ამ უბნებზე ხმის მიცემის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლის საჭიროება. არჩევნებამდეც და კენჭისყრის დღესაც ცესკოს დისკრედიტაციის მიზნით მუდმივად ვრცელდებოდა როგორც დეზინფორმაცია ისე მანიპულაციური ინფორმაცია სხვადასხვა ჩართული მხარეის მხრიდან. როგორც ცესკომ, ისე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა, ინსტიტუციის დისკრედიტაციის მცდელობების და ზეწოლის მიუხედავად, მაღალპროფესიულ დონეზე გავუწიეთ არჩევნებს ორგანიზება. ჩვენ კანონმდებლობის სრული დაცვით განვახორციელეთ ყველა ჩვენი აქტივობა, რაც არჩევნების მთლიანი პროცესის წარმართვისთვის იყო აუცილებელი. სხვადასხვა ჩართულ მხარეს ჰქონდა დიდი მცდელობა იმისა, რომ მოქალაქეებს, ჩვენს ამომრჩევლებს გასჩენოდათ უნდობლობა ჩვენი საქმიანობის მიმართ, ჩვენ მიერ წარდგენილი შედეგების მიმართ. თუმცა, ასეთ რეჟიმში მუშაობის ფონზე, არჩევნები კარგად რომ იყო ადმინისტრირებული, დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (ეუთო/ოდირი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO), „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისათვის“ (EPDE)) წინასწარი განცხადებებით, შეფასებებითა თუ დასკვნებით კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით.
ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა ამერიკულმა კომპანიამ PRO V&V-მაც, რომელიც ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს სათანადო აკრედიტაცია. მათ ოფიციალურად გადმოგვცეს სამივე ეტაპის რევიზიის დასკვნა, რომელიც ადასტურებს აპარატების გამართულ მუშაობას და პასუხს სცემს ყველა გავრცელებულ მითსა თუ კითხვას ტექნოლოგიებთან დაკავშირებით“,-განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისთვის, სახელმწიფო ინსტიტუციებსა და კერძო ორგანიზაციებს საინფორმაციო კამპანიების წარმოებისას თუ ზოგადად არჩევნების ადმინისტრირების პროცესში გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს საარჩევნო პროცესებში ჩართულობისთვის და პროცესის მონიტორინგისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და ყველა ჩართულ მხარეს, რომლებმაც საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებისას კანონმდებლობით და საკუთარი პროფესიონალიზმით იხელმძღვანელეს, ასევე პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს პროცესის მხარდაჭერის მიზნით შეტანილი წვლილისთვის.
მან ასევე მადლობას გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრატორებს, რომელთაც, მისი თქმით, შეძლეს და უზრუნველყვეს, მცირე ხარვეზების მიუხედავად, დაცული ყოფილიყო გამოხატვის თავისუფლება, ხმის ფარულობა და ამომრჩევლის ფუნდამენტური უფლებები.
სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაცია დროებით სამანდატო კომისიას გადასცა, რომელმაც თავის მხრივ დადგენილებით ცნო პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარდგენილი ერთიანი სიით. ამის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რომლის ტექსტიც, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარემ წაიკითხა.