საქართველოს საბანკო სექტორს უცხოურმა ბანკებმა გვერდი აუქციეს

საქართველოს საბანკო სექტორს უცხოურმა ბანკებმა გვერდი აუქციეს

რატომ გაურბიან საქართველოს საბანკო სივრცეს უცხოური ბანკები? ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მეზობლებმა გვაქციეს ზურგი. აზერბაჯანელების კვალდაკვალ საქართველოში შემოსვლა სომეხმა ბანკირებმაც გადაიფიქრეს. მაინც და მაინც დამაიმედებელი ინფორმაციები არც ევროპელი ინვეტორებისგან ისმის.

არჩევნებემდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ სომხური “ამერიაბანკი” ქართულ ბაზარზე შემოსვლას ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებს. გავრცელებული ინფორმაციით, “ამერიაბანკს” ქართულ ბაზარზე შემოსვლის გეგმებზე უარი არ უთქვამს, თუმცა ფინანსური შესაძლებლობები მას ამ დრომდე უცხო ბაზრებზე შესვლის საშუალებას არ აძლევს.

წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულ საბანკო ბაზარზე სომხური “ამერიაბანკი” შემოდის. შარშან ეს ბანკი ქართული მედიის ყურადღების ცენტრში იმით მოხვდა, რომ “ეიჩესბისი საქართველოს” აქტივების ყიდვას გეგმავდა. მოგვიანებით გაირკვა,რომ “ამერია” დამოუკიდებელ მოთამაშედ აპირებს შემოსვლას. უკვე თებერვალში მათ ოფიციალურად უნდა გამოეცხადებინათ ქართულ ბაზარზე შემოსვლის თაობაზე.

ახლა კი “ამერი ბანკის” პიარის და კომუნიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელმა ელმირა ადამიანმა “კომერსანტს” განუცხადა, რომ ქართულ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

“ამერიაბანკი” სომხეთის ბაზარზე ლიდერთა ათეულშია. ის ერთ-ერთი უძველესი სომხური ბანკია, რომელიც 1910 წელს შეიქმნა.2007 წლის აგვისტოში ბანკის აქციების 96% კომპანია “ტ.დ.ა.ჰოლდინგს ლიმიტედმა” შეიძინა, რომელიც რუსეთის უმსხვილეს საინვესტიციო კომპანიასთან “ტროიკა დიალოგის” ჯგუფთანაა დაკავშირებული.

საქართველოს საბანკო სექტორს არც სხვა მეზობლები წყალობენ. აზერბაიჯანის ერთ-ერთმა წამყვანმა კერძო ბანკმა “ფაშა ბანკმა-”მა საქართველოში შვილობილი ბანკის გახსნის ვადები გადასწია.

“ბანკის გახსნის გეგმები შეიცვალა ტექნიკური მიზეზებით,რომლებიც ოფისის მოწყობას, პერსონალის დაქირავებას და მომზადებას უკავშირდება. დღეს კი ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში ჩვენი შვილობილი ბანკი 2012 წლის ბოლოსთვის გაიხსნება”, -განაცხადა ბანკის მთავარმა საინვესტიციო ადმინისტრატორმა ტალეხკი აზიმოვმა.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ფაშა ბანკი”ქართულ ბაზარზე ოფიციალურად ოქტომბრის ბოლომდე უნდა შემოსულიყო.ივლისის ბოლოს ბანკის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თბილისში ბანკის ფილიალის რემონტი და ოფიციალური გახსნისთვის საჭირო სხვა ტექნიკური სამუშაოები უკვე დაიწყო.

იმავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასრულებულია თანამშრომლების შერჩევა. ბანკი პირველი სამი წლის განმავლობაში საქართველოში ქსელის გაძლიერებას არ გეგმავს და თბილისში ერთი ფილიალით იქნება წარმოდგენილი.

ბანკის წარმომადგენელთა შეფასებით, წლის ბოლოსთვის ბანკის აქტივები 650 მილიონ მანათად იქნება შეფასებული, 1 ივლისის მონაცემებით კი აქტივები 630 მილიონს შეადგენდა.

მეზობლებზე მეტად საქართველოს საბანკო სექტორს ყურადღება ევროპელებმა მიაპყრეს, მაგრამ აქედანაც ბევრი არაფერი გამოვიდა.  მაგალითად, გერმანულმა “კომერცბანკმა” ჩვენში წარმომადგენლობა კი გახსნა, მაგრამ, ჯერჯერობით, როგორც ბანკს, ოპერირება არ დაუწყია. არადა, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის საკითხი 2011 წლის გაზაფხულზე ბერლინში გამართულ ბიზნესფორუმზე გადაწყდა. მას შემდეგ თითქმის წელიწადნახევარი გადაწყდა და “კომერცბანკმა” რეალურად საქმიანობა ვერა და ვერ დაიწყო.