პოლონეთის დავოსად წოდებული ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემა ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზების ძიება და უფრო კარგი ეკონომიკური მოდელის შემუშავება იყო. საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუიში ოცდამეორე ეკონომიკური ფორუმი 4 სექტემბერს გაიხსნა და სამი დღე გაგრძელდა. მასზე ევროკავშირისა და მისი სამეზობლოს, მათ შორის, საქართველოს პრობლემატიკაზეც იმსჯელეს.
პოლონეთის საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუიში ოცდამეორე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა 2500-ზე მეტი სტუმარი ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნებიდან.
ფინანსური კრიზისის შემდეგ, რომელმაც ევროპას ტალღისებურად გადაუარა, აქტუალური გახდა ვალების კრიზისი. ევროპისთვის კრიზისი ლამის ყოველდღიურობად იქცა. ეს კი ყველას აიძულებს ახალი გზები ეძებონ. შესაბამისად, ჩნდება კითხვა - ეკონომიკური პოლიტიკის როგორი მოდელის ფორმირება ხდება კრიზისთან ბრძოლისას. მაგრამ ამ და სხვა კითხვებს ჯერჯერობით ვერც კრინიცის ეკონომიკურმა ფორუმმა გასცა საბოლოო პასუხი, მან უფრო დისკუსიის დასაწყისს ჩაუყარა საფუძველი.
ოცდამეორე ფორუმი გახსნა პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ, რომელმაც იქ დამსწრე ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწოდა გაატარონ რეფორმები, რათა თავიდან აიცილონ ევროპაში კრიზისის შემდგომი გაღრმავება.
”პოლონეთი არ წარმოადგენს კრიზისის წყაროს და არ არის ამ ევროპული პრობლემის ნაწილი. პირიქით, პოლონეთის გამოცდილება და მიღწევები არის შანსი და საერთო იმედი კრიზისის სწრაფად დაძლევისა”, განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ კრიზისი ნაწილობრივ მაინც შეეხო პოლონეთის რამდენიმე რეგიონს. მან ევროპას ზოგიერთი ქვეყნის საფინანსო სისტემის განმტკიცება შესთავაზა, როგორც კრიზისიდან გამოსავალი.
პოლონეთის პრეზიდენტიც და სხვა გამომსვლელებიც აღნიშნავდნენ, რომ ევროკავშირს არ დაუკარგავს აქტუალობა და ის კვლავაც რჩება მიმზიდველ გაერთიანებად ბევრი ქვეყნისთვის. ასეთ მაგალითად ბრონისლავ კომოროვსკიმ დაასახელა უკრაინა, რომელიც მიისწრაფვის გაერთიანებული ევროპის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
კრინიცის ფორუმზე დიდი ყურადღება დაუთმეს უკრაინის, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრობის კანდიდატის, პრობლემატიკას. ასოცირებული წევრობის მისაღწევად განხილულ საკითხთა შორის ერთ-ერთი მთავარი უკრაინის შიგნით რეფორმების განხორციელების აუცილებლობა იყო. ფორუმის მსვლელობისას ნატალია კოროლევსკაიამ, ლიდერმა უკრაინის ოპოზიციური პარტიისა ”წინ, უკრაინა”, ”აღმოსავლეთის პარტნიორობის პორტალს” (Eastbook.eu) ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოს მაგალითზე ისაუბრა:
”მე შევხვდი სააკაშვილს, არაერთხელ ვიყავი საქართველოში. ვთვლი, რომ ეს ის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება დაამარცხო პოსტსაბჭოთა არაეფექტური ბიუროკრატია. ვერც ერთი კანონით, ვერც ერთი კეთილი ნებით კორუფციულ სისტემას ვერ დაამსხვრევ. საქართველო კი კორუფციასთან ბრძოლის კარგი მაგალითია. და ის შეესატყვისება კორუფციის იმ დონეს, რომელიც იყო საქართველოში და რომელიც დღეს არის უკრაინაში.”
კორუფცია და ბიუროკრატია არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებას აფერხებს. უკვე კრინიცის ოცდამეორე ეკონომიკური ფორუმის შემდეგ, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კიევს განუცხადეს, რომ უკრაინა ვერ შეძლებს ევროკავშირში ინტეგრაციას, სანამ ციხეში რჩება ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო. ახლა მთელი ყურადღება მიპყრობილია უკრაინის საპარლამენტო არჩევნებისკენ, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.
რაც შეეხება საქართველოს, კრინიცის წლევანდელ ფორუმზე ის, განსხვავებით შარშანდელისაგან, რომლის მუშაობაშიც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობდა, შედარებით მოკრძალებულად იყო წარმოდგენილი. ოცდამეორე ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს საკითხი ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის კონტექსტში განიხილეს და ილაპარაკეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ”აღმოსავლეთის პარტნიორობამ” ხელი შეუწყოს კონფლიქტების მოგვარებას რეგიონში.
დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას, მისიისა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდში რჩება მონიტორინგის ერთადერთ საერთაშორისო ფორმატად. ნიკოლოზ ვაშაკიძემ ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.
მე თვითონაც გაოცებული დავრჩი, როდესაც გავიგე, რომ რუსეთში 82 პროცენტს არ აქვს საზღვარგარეთის პასპორტი. მათ არსად უმოგზაურიათ, მათ არ სჭირდებათ შენგენის ვიზა ...
სერგეი მარკოვი
კრინიცის ფორუმზე, როგორც ყოველთვის, ფართოდ იყო წარმოდგენილი რუსეთის ფედერაცია, რომლის დელეგაციის წევრების უმრავლესობაც ძირითადად ევრაზიული კავშირის შექმნის იდეისა და სუვერენული დემოკრატიის უპირატესობის პოპულარიზებას ცდილობდა. მათი აზრით, რუსეთი ევროკავშირს უფრო სჭირდება, ვიდრე პირიქით. ცნობილმა პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა ერთ-ერთი დისკუსიის დროს განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი შენგენის ვიზების წინააღმდეგია:
”საშუალო კლასი მიიჩნევს, რომ საგარეო პოლიტიკაში მთავარია არ იყოს შენგენის ვიზები. ადამიანების დიდი ნაწილი არ მოგზაურობს შენგენის ზონაში. მე თვითონაც გაოცებული დავრჩი, როდესაც გავიგე, რომ რუსეთში 82 პროცენტს არ აქვს საზღვარგარეთის პასპორტი. მათ არსად უმოგზაურიათ, მათ არ სჭირდებათ შენგენის ვიზა.”
სერგეი მარკოვმა და სხვა გამომსვლელებმა რუსეთის სხვა მრავალ თავისებურებაზე ისაუბრეს, რაც ხელს არ უწყობს ევროკავშირისა და რუსეთის დაახლოებას, თუმცა კი ბევრი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის ძლიერი ურთიერთდამოკიდებულებაა ენერგეტიკისა თუ ეკონომიკის სხვა სფეროებში.