საფრანგეთის მთავრობამ მოამზადა ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის პროგრამა, ეკონომიკისა, რომელიც სარეკორდო ვალების და უმუშევრობის ზრდის გამო საშინელ დღეშია. ოლანდის პროგრამის მთავარი ნაწილი იმ მდიდრებისათვის, რომელთა წლიური შემოსავალი მილიონი, ან მეტია, საშემოსავლო გადასახადის 75 პროცენტამდე გაზრდაა. ფრანსუა ოლანდის აზრით, გადასახადების ამგვარი ზრდა, რომელიც 2-3 ათას ადამიანს შეეხება, ქვეყნის ეკონომიკას კრიზისიდან უახლოეს წლებში გამოიყვანს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი მისიაა შეაჩეროს საფრანგეთის კონკურენტუნარიანობის დაცემა, ებრძოლოს უმუშევრობას და ქვეყნის ეკონომიკა ორი წლის განმავლობაში აღადგინოს. ოლანდის თქმით, მთავარია, რომ იგი სწრაფად მოქმედებს და დროს არ კარგავს.
საშემოსავლო გადასახადის გაზრდით უნდა დაიფაროს მესამედი იმ 33 მილიარდი ევროდან, რომლის ეკონომია საფრანგეთმა მომავალ წელს უნდა მოახდინოს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი შიდა პროდუქტის მოცულობის 3 პროცენტამდე შეამციროს. ამდენივე თანხას ელიან მსხვილი კორპორაციებიდან, 10 მილიარდი ევრო კი სახელმწიფო დანახარჯების შემცირებით დაიზოგება.
საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 0,3 პროცენტით, ხოლო მომავალ წელს 0,8 პროცენტით გაიზრდება. მართალია, ადრე გაცილებით დამაიმედებელ ციფრებს პროგნოზირებდნენ, მაგრამ ოლანდის განცხადებით, მთავარია რეალური სურათი იყოს წარმოდგენილი და რეალური ბიუჯეტი შეიქმნას. კრიტიკოსთა პასუხად, რომლებიც მას უღიმღამო ეკონომიკურ პოლიტიკას უწუნებენ, ოლანდმა აღნიშნა, რომ სასწაულმოქმედი არ არის და არ შეუძლია გააკეთოს ოთხ თვეში ის, რაც მისმა წინამორბედმა სარკოზიმ წლების განმავლობაში ვერ მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ოლანდის რეიტინგი საკმაოდ დაეცა. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მალე მოსალოდნელია რამდენიმე მსხვილი კომპანიის მიერ სამუშაო ადგილების შემცირება.
მაშინ, როცა ევროპულმა ქვეყნებმა ყელამდე ვალები დაიგროვეს და მოსახლეობა სოციალურ თანასწორობას მოითხოვს, ოლანდის პოლიტიკა გასაგებია, მაგრამ, ანალიტიკოსთა აზრით, გადასახადების გაზრდის პროცესი ისე მოქნილად ვერ ჩაივლის, როგორც ჩაფიქრებულია. თუ მდიდარი ფრანგები ამას მედგრად და პატრიოტულად გადაიტანენ, ბიზნესი მაინც იძულებული გახდება ოპტიმიზაციას მიმართოს. საერთოდ, რაც უფრო მაღალია გადასახადები და დაბალია სახელმწიფო დანახარჯები, ეკონომიკას უფრო უჭირს: საქმიანი აქტივობა ეცემა, სამუშაო ადგილები და ეკონომიკური ზრდის ტემპი მცირდება.
დღეს საფრანგეთს სოციალისტები უდგანან სათავეში და, ცხადია, მათ მართვის სტილი სოციალისტური აქვთ – “მდიდრებმა ღარიბების ნაცვლად უნდა გადაიხადონ”. მაგრამ ისტორია გვიჩვენებს, რომ ამგვარი მეთოდები დიდ ხანს ვერ მუშაობს. საფრანგეთიდან უკვე დაიწყო მილიონერთა გადინება. ზოგი მოქალაქეობის შეცვლას აპირებს, ზოგი კი თავის კაპიტალს ოფშორებში ეზიდება. რაც შეეხება ბიზნესს, ეგზომ დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში საგადასახადო წნეხის გაზრდა უკანასკნელი “მწვანე ყლორტების” მოკვეთას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან კონკურენტუნარიანობაში დამარცხებას ნიშნავს.
ერთ-ერთი პირველი, ვინც გადაწყვიტა ოლანდის გადასახადებს გაექცეს, საფრანგეთის და ევროპის უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნო გახლავთ. ჟურნალ Forbes-ის რეიტინგში იგი 41 მილიარდი დოლარით მეოთხეა და მხოლოდ კარლოს სლიმ ელუს, ბილ გეითსს და უორენ ბაფეტს ჩამორჩება. კონცერნ LVMH-ის თავკაცმა ბელგიის მთავრობას მიმართა და მოქალაქეობა სთხოვა.
ცხადია, არნოს თავს კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა. მას სარკოზისთან მეგობრობა გაუხსენეს, პატრიოტიზმი დაუწუნეს და შეახსენს, თუ რაოდენ დიდად არის იგი ვალდებული თავისი ქვეყნის წინაშე. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ არნოს, როგორც უმდიდრესი და ძლიერ ავტორიტეტული ბიზნესმენის მაგალითი სხვა მდიდრებისათვის, შესაძლოა, გადამდები აღმოჩნდეს.