ასილ ნადირის 22 წლიანი პროცესი დასრულდა

ასილ ნადირის 22 წლიანი პროცესი დასრულდა

ლონდონში დასრულდა სასამართლო პროცესი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, 22 წლის წინ დაიწყო. თურქული წარმოშობის ბრიტანელ ბიზნესმენს ბრალი მისივე კომპანიის კუთვნილი სახსრების მიტაცებაში ედებოდა. ნადირი მართლმსაჯულებას ჩრდილეთ კვიპროსში ემალებოდა, მაგრამ 2010 წელს გაერთიანებულ სამეფოში, როგორც თავად აღნიშნა, თავისი უმწიკლო სახელის დასაცავად დაბრუნდა. ჰოდა, ამის ნაცვლად 71 წლის ბიზნესმენმა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიიღო.

ნადირს ბრალი 1990 წელს წაუყენეს. თუმცა, იქამდე 1 წლით ადრე ვერავინ იფიქრებდა, რომ ბიზნესმენის საქმეები ცუდად წავიდოდა. მისი კონგლომერატის Polly Peck International-ის აქციები ბრიტანეთის საფონდო ბირჟის უმაღლეს ინდექსში ბრუნავდა, რაც წარმატების უტყუარი მაჩვენებელია. Polly Peck International-ის წლიური ანგარიშები ძალიან კარგი იყო და მისი აქციების შეძენა ყველას სურდა.

თავდაპირველად Polly Peck პატარა საფეიქრო საწარმო იყო, მაგრამ როცა ნადირმა 1980 წელს მისი წილი შეიძინა, ყველაფერი შეიცვალა. მან დასახელებას International დაუმატა და ნამდვილი ბიზნეს-იმპერიის შენება დაიწყო. თანდათანობით Polly Peck International-მა ელექტრონიკის მწარმოებელი რამდენიმე კომპანია შეიძინა, გარდა ამისა, სასტუმროების ბიზნესში ჩაერთო და გასართობი ინდუსტრიით დაინტერესდა. 1989 წელს Polly Peck International-მა იმ დროის გიგანტი კომპანია Fresh Del Monte შეიძინა, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის წარმოებასა და დისტრიბუციას ეწეოდა.

1990-იანი წლების დასაწყისისათვის ასილ ნადირის იმპერიას მთელს მსოფლიოში 200-ზე მეტი შვილობილი კომპანია ეკუთვნოდა და 2 მილიარდ ფუნტ სტერლინგად იყო შეფასებული. თავად ნადირი ბრიტანული ელიტის წევრი გახდა და გავლენიანი მეგობრები, მათ შორის პოლიტიკოსები, გაიჩინა. ბიზნესმენი კონსერვატორთა მხურვალე მხარდამჭერი იყო და პარტიას გვარიან ფულსაც სწირავდა.

მაგრამ 1990 წელს მოულოდნელად ვესტმინსტერში მდებარე Polly Peck International-ის ოფისში მივიდნენ განსაკუთრებით მსხვილი მასშტაბით თაღლითობის წინააღმდეგ მებრძოლი ბიუროს წარმომადგენლები. როგორც კი ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, კომპანიის აქციების ფასი კატასტროფულად დაეცა და იგი გაბანკროტდა. საბოლოოდ, Polly Peck International-ის ვალმა 550 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა და თუ კრედიტორებმა რაღაც კომპენსაციის მიღება მოახერხეს, აქციების მფლობელებს საერთოდ არაფერი მიუღიათ.

სამართალდამცავები აცხადებდნენ, რომ ნადირის კომპანიით თავდაპირველად ინსაიდერული ინფორმაციით ვაჭრობის ეჭვის არსებობის გამო დაინტერესდნენ და მხოლოდ შემდეგ გაამახვილეს ყურადღება კონგლომერატის დამაარსებლის მხრიდან თანხის შესაძლო მიტაცებაზე.

იმავე, 1990 წელს ასილ ნადირს ბრალი დასდეს Polly Peck International-ის კუთვნილი 380 მილიონი ფუნტი სტერლინგის მითვისებაში. როგორც პროკურორები ამტკიცებდნენ, ბიზნესმენი კონგლომერატის კუთვნილი ფულის ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ არსებულ ფინანსურ სააგენტოებში გადასროლას ახდენდა, შემდეგ ეს სახსრები თავს თურქეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსზე არსებულ თავად ნადირის ან მისი ოჯახის წევრების კუთვნილი კომპანიების ანგარიშებზე იყრიდა.

ნადირი გამუდმებით ამტკიცებდა, რომ ბრალი არაფერში მიუძღოდა. სასამართლო 1993 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პირველ სხდომამდე ცოტა ხნით ადრე ნადირმა პარიკი და ყალბი ულვაში მოირგო, დაქირავებულ თვითმფრინავში ჩაჯდა და ჩრდილოეთ კვიპროსს მიაშურა. დიდ ბრიტანეთში მისი ექსტრადირების საკითხი არც დამდგარა, რადგან ჩრდილოეთ კვიპროსი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მხოლოდ თურქეთის მიერ არის აღიარებული და, შესაბამისად, გაერთიანებულ სამეფოს მასთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს.

თითქოს ნადირს დარჩენილი სიცოცხლე ჩრდილოეთ კვიპროსზე ახალგაზრდა ცოლისა და ოთხი შვილის გარემოცვაში მშვიდად უნდა გაეტარებინა, მაგრამ 2010 წელს იგი მოულოდნელად ბრიტანეთში დაბრუნდა. მისი თქმით, 1990-იან წლებში მას სასამართლოს მიერ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების არ სჯეროდა, ახლა კი მზად არის თავისი უმწიკლო სახელი დაიცვას.

საბოლოოდ, სასამართლომ, რომელიც ახლახანს დასრულდა, ნადირი 13 ბრალდებიდან 10-ში, 29 მილიონი ფუნტი სტერლინგის მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ჩასატარებელია კიდევ ერთი პროცესი, რომელმაც Polly Peck International-ის კრედიტორების კომპენსაციის საკითხი უნდა გაარჩიოს.