ლაზიკა თუ ანაკლია - სად შენდება ახალი ქალაქი?(VIDEO)

ლაზიკა თუ ანაკლია - სად შენდება ახალი ქალაქი?(VIDEO)

შუშის კონსტრუქციით ნაგები შენობა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ცნობით, ლაზიკის მერიაა და რომელიც იუსტიციის სამინისტროს ცნობით, იუსტიციის სახლი უნდა ყოფილიყო, ანაკლიის პატრიოტთა ბანაკიდან 20-მდე მეტრშია. ანაკლიის ბანაკთან ახლოს მიმდინარეობს პორტის მშნებელობაც.

„შორია ლაზიკამდე?“ - პირველ კითხვაზე, რომელსაც ანაკლიის ცენტრში მდებარე მარკეტთან მსხდომ ადამიანებს ვუსვამთ, ასეთ პასუხს ვიღებთ: 

„კი, შორია, ასე, სამი კილომეტრი იქნება“.

ანაკლიაში ლაზიკამდე ტაქსის დაქირავება შეუძლებელი აღმოჩნდა:

„ტაქსები მხოლოდ ზუგდიდამდე მიდიან, ან უფრო შორს. ლაზიკაში - არა“.

გზა ლაზიკისკენ ანაკლიაზე გადის. გრძელი გზის დასასრულს სხვადასხვა ფერად შეღებილი ანაკლიის პატრიოტთა ბანაკი ჩნდება, ბანაკის მარჯვნივ, ზღვის მხარეს მშენებლობა მიმდინარეობს. მოგვიანებით ვიგებთ, რომ ეს ქალაქ ლაზიკის პორტია. ბანაკის მარცხნივაც მშენებლობაა. ყურადღებას შუშის კონსტრუქცია და მის გვერდით აღმართული დიდი, თეთრი სვეტი იპყრობს.

ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის ერთ მხარეს ლაზიკის მერია შენდება, მეორე მხარეს - პორტი

ბანაკამდე მისასვლელად მდინარეზე გადებული ხიდი უნდა გადაკვეთო. მდინარის მეორე მხარეს მეთევზე ბადეს შლის.

„ლაზიკაში ვთევზაობ. აგერ, თიკორი რომ გადის, ამის შემდეგაა ლაზიკა. ანაკლია ქალაქია, მაგრამ ლაზიკაში მსოფლიო მნიშვნელობის მშენებელობა მიდის და შეიძლება ათასჯერ გაასწროს და ისიც ქალაქი გახდება. დაწყებულია მშენებლობა. ხომ ხედავთ, რა ამბავია?!“ - ამბობს ზუგდიდელი ჯუმბერ მებონია, რომელიც ანაკლია-ლაზიკის გასაყარზე თევზაობს და ჰორიზონტზე მშენებარე შენობისკენ მიგვითითა.

„ერთი თეთრის საშუალება არ ჰქონდა ხალხს. ახლა რომ კითხო რამდენი გაქვს ხელფასი - სამასი, ხუთასი ექვსასი ლარი. ექვსასი ლარი კი არა, 600 თეთრის საშუალება არ ქჰონდა მანამდე ხალხს,“ - გვეუბნება მებონია. 

შენობა, რომელსაც ახლა პრეზიდენტი ლაზიკის მერიას უწოდებს, მანამდე გავრცელებული ინფორმაციით იუსტიციის სახლი იყო. მშენებლობაზე მომუშავე მუშების ნაწილი ამბობს, რომ ლაზიკის მერიას აშენებს, ნაწილის თქმით კი, ისინი იუსტიციის სახლის მშენებლობაზე მუშაობენ.

„ეს არის ლაზიკის ადმინისტრაციული შენობა, რომელიც შენდება ლაზიკის ცენტრში. აქედან იწყება ლაზიკა,“ - ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში სამუშაოს ზედამხედველი რამაზ ქათამაძე. 

შენობამდე მისასვლელი გზა მოასფალტებულია და მასზე რამდენიმე რიგად პალმებია დარგული. ახლადდაგებული გზა ლაზიკის მერიას ოდნავ ცდება და იმ ადგილას, სადაც თეთრი სვეტი დგას, წრედ იკვრება. წრის იქით ტყეა.

ლაზიკაში ადმინისტრაციულ შენობას ბათუმში დაფუძნებული კომპანია „ანაგი“ აშენებს.

„რას ვაშენებთ, ფუნქციონალურ დანიშნულებას ვერ გეტყვით. იუსტიციის სახლი ან მუნიციპალიტეტი უნდა განთავსდეს. ზუსტად არ ვიცით. მშენებლობა გასული წლის ბოლოს დავიწყეთ და მიმდინარე დღეებში, სადღაც უახლოეს ათ დღეში უნდა დასრულდეს. რაც შეეხება თანხებს, ამის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია,“ - განუცხადა „ნეტგაზეთს“ სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა.

ოფიციალური ინფორმაციით, შენობა 15 სექტემბერს უნდა გაიხსნას. თარიღებზე საჯაროდ საუბარი არ სურთ იქ დასაქმებულ მუშებს. პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ შენობის სრულყოფილად დასრულება 15 რიცხვისთვის წარმოუდგენელია.

„ნეტგაზეთთან“ საუბრისგან თავს იკავებენ პორტის მშენებლობაზე დასაქმებული მუშებიც.

„არაფერი ვიცით ჩვენ, დაგვიქირავეს და ვაშენებთ,“ - ამბობენ ისინი. 

„ეს იქნება კარიბჭე ლაზიკასი. აქ მემორიალი იქნება,“ - გვეუბნება დარაჯი ზაურ აფხაზავა და ხელით იმ ტერიტორიას გვაჩვენებს, სადაც პორტის მშენებლობა მიმდინარეობს. 

კითხვაზე, სად, რა ტერიტორიაზე შენდება ლაზიკა? - ზაურ აფხაზავა გვპასუხობს:


„ამ ტერიტორიას ამ წუთას ჰქვია ლაზიკა. სანამ ლაზიკა დაერქმეოდა, აქ მთავრდებოდა ანაკლია. ეს იყო ანაკლიის ტერიტორია. გვერდით ანაკლიის პატრიოტთა ბანაკია“.

ლაზიკის აშენების იდეა საქართველოს პრეზიდენტმა 2011 წლის 4 დეკემბერს, ზუგდიდში სტუმრობისას გაახმოვანა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ახალი ქალაქი ანაკლიასა და ყულევს შორის აშენდებოდა.

„ლაზიკა დასავლეთ საქართველოს მთავარი სავაჭრო ეკონომიკური და ბიზნესცენტრი უნდა გახდეს. 10 წელიწადში ლაზიკა თბილისის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქი იქნება, მინიმუმ ნახევარმილიონიანი მოსახლეობით,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის ამ განცხადებას მყისვე მოჰყვა გარემოსდამცველთა კრიტიკული შეფასებები. იმ მასალების მიხედვით, რაც მაშინ საზოგადოებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ლაზიკა კოლხეთის დაცულ ტერიტორიაზე შენდებოდა

იმ ინფორმაციის მიხედვით, რომლის მოპოვებაც ანაკლიასა და ე.წ. ლაზიკაში შევძელით, დაახლოებით ორკილომეტრიან მონაკვეთში, ერთმანეთის სიახლოვეს ორი პორტი შენდება. ლაზიკის პორტის მშენებლობა ანაკლიის ბანაკის გვერდით მიმდინარეობს, ხოლო კიდევ ერთი პორტის - ანაკლიის ბულვარში. ბულვარში ორი ხუთსართულიანი თეთრი კორპუსი დგას. შენობაზე ქართულ და ინგლისურ ენაზე წარწერაა - „პორტი ლაზიკა“.

იქვე სამშენებლო ტექნიკა დგას.

რას აშენებთ? - ამ შეკითხვით იქ მყოფ მუშებს მივმართეთ. პასუხად ასიოდე მეტრის დაშორებით მდგარ შენობაზე მიგვთითეს.

„ხომ კითხულობთ წარწერას?! - ნახეთ, რა აწერია: ლაზიკა პორტი. პორტს ვაშენებთ. მეტ კითხვას ნუ დამისვამთ,“ - ამბობს ერთ-ერთი მუშა, რომელიც გვეუბნება, რომ არ გადავიღოთ.

„აკვაპარკი რომ გახსნეს, „აკვა ლაზიკა“ დაარქვეს, ეს კორპუსები რომ ააშენეს, შსს-ს თანამშრომლებისთვის იყო. იმის ზევით წარწერა გაუკეთეს, პორტი ლაზიკა მიაწერეს, იმ პორტსაც ლაზიკას დაარქმევენ, ალბათ. ლაზიკა რომ დააწერეს, კი გამიკვირდა, მაგრამ, რა ვიცი. დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, ჭორის დონეზე ხალხი საუბრობს, რომ ისეთი ჭაობია, თურმე, ის ადგილი, სადაც ლაზიკა უნდა აშენდეს, ვერ გაუძლებს ქალაქი რომ აშენდეს. დაბალი გრუნტიაო. ამიტომ ცოტა აქეთ უნდა გადმოსწიონ ეს ქალაქიო. აქით უფრო აშენდება. ამიტომ არქმევენ ამას პორტ ლაზიკას, ამიტომ დაარქვეს აკვაპარკს „აკვა ლაზიკა“, მე მგონი, აქეთ-აქეთ მოიწევს,“- გვიყვება ანაკლიაში მცხოვრები მაია ს. მაია ბინას აქირავებს ლაზიკაში მომუშავე მუშებზე. ამიტომ არ სურს საკუთარი ვინაობის გამჟღავნება.

შენდება თუ არა ლაზიკა საქართველოს მოქალაქეებთან შეთანხმებით?

შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ივლისში ჩატარებულ კვლევაში ერთ–ერთ საკითხად ლაზიკის მშენებლობის თემა გამოიკვლია.

კითხვა ასე იყო ფორმულირებული: პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ააშენებს ახალ ქალაქს, ლაზიკას, რომელიც დაიკავებს საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქის ადგილს და იქნება მესამე პორტი შავ ზღვაზე, იცოდით თუ არა ამ განცხადების შესახებ?

კითხვაზე გამოკითხულთა 84%-მა უპასუხა რომ იცოდა, ხოლო 12%–მა არ იცოდა. იმ ადამიანთა 54%, ვინც ლაზიკის მშენებლობის შესახებ იცოდა, ქალაქის მშენებლობის ინიციატივას მხარს არ უჭერს, ხოლო 32% ლაზიკას აშენებას ემხრობა.

„ნეტგაზეთმა“ 9 სექტემბერს ანაკლიაში 30-მდე ადამიანი გამოკითხა. კითხვაზე - რა იცით ლაზიკის მშენებლობის შესახებ? - გამოკითხულთა უმრავლესობა პასუხობდა, რომ „არაფერი“. თუმცა იქვე ამატებდნენ, რომ ზოგადად შენება კარგია.

„დანგრევა არ არის კარგი, თორემ აშენება კარგია. მე მგონია ასე. აშენებს ხალხისთვის, კარგს აკეთებს, ამას რა ჯობია,“ - ამბობს ზუგდიდელი მიშა ქუთელია.

კითხვაზე, საშუალება რომ ჰქონდეს, იცხოვრებდა თუ არა ლაზიკაში? - პასუხობს: „20 კილომეტრია აქედან ჩემს სახლამდე და რა გადმოსასვლელია აქ?!“

არც მიშა ქუთელიას და არც სხვა მოქალაქეებს, ვისაც „ნეტგაზეთი“ შეხვდა, არ აქვთ ინფორმაცია, რა შენდება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობამ ლაზიკა უწოდა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. პრეზიდენტმა სტუდენტებთან საუბარში განაცხადა:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ძალიან აქტიურად ჩაერთოს ლაზიკას მშენებლობაში. ჩვენ გავმართავთ აქ სემინარებს, საჯარო დებატებს, სატელევიზიო განხილვებს, ეს ქალაქი უნდა ააშენონ ქართველმა სპეციალისტებმა ყველა სფეროში. ეს ქალაქები ჩემი ახირება კი არ არის“.

პრეზიდენტისგან განსხვავებული აზრი აქვთ საქართველოს მოქალაქეებს ლაზიკის შესახებ. ქუთაისში მცხოვრები ილიკო ნაცვალაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა ახალი ქალაქის მშენებლობა საჭირო:

„ვფიქრობ, ახალი ქალაქის წამოწყება ჩვენი დონის სახელმწიფოსათვის, რომელიც განვითარებადი ქვეყნების რიცხვში შედის, ჯერ ზედმეტია. იმიტომ რომ სახელმწიფოს ნამდვილად არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ნახევარმილიონიანი ქალაქის მშენებლობა წამოიწყოს,“ - ამბობს ნაცვალაძე. იქვე პარალელს ქუთაისში გადატანილ პარლამენტთან ავლებს:

„როდესაც პარლამენტის მშენებლობა დაიწყო ქუთაისში, არც ჩემთვის და არც იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც მე შეხება მაქვს, არავის უკითხავს აზრი. რაიმე გამოკითხვები არ ჩატარებულა და ვფიქრობ, რომ აქაც მოსახლეობის აზრი იყო იგნორირებული,“ - ამბობს ის.

„დღევანდელი ქართული რეალობიდან გამომდინარე, როცა ათობით და ასობით ქალაქი, დაბა და სოფელი გავერანებულია, ადამიანებისაგან დაცლილია, დანგრეულია და გაპარტახებულია, არ მიმაჩნია მართებულად (მსუბუქად რომ ვთქვა) ახალი ქალაქის და კულტურის კერის მშენებლობა. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ის თანხები, რაც ამ ახალ ქალაქს ხმარდება, დახარჯულიყო უკვე არსებული ქალაქების და დასახლებების რეაბილიტირებაზე, ხალხის დასაქმებაზე, მცირე ბიზნესის განვითარებაზე და მერე, ეს ხალხი კარგად რომ იცხოვრებს, თავად ააშენებენ ლაზიკასაც და მიშთაუნსაც, ნუ, თუ საჭირო იქნება,“ - ამბობს თბილისში მცხოვრები სოფო დათუაშვილი.

კითხვაზე, მიუღია თუ არა მონაწილეობა რაიმე განხილვაში, რომელიც ლაზიკას შეეხებოდა, პასუხობს, რომ - არა.

„ჩემს ირგვლივ არც ერთი სულიერი არ ვიცი, ვინმეს მათთვის ეკითხა, გინდა თუ არა ახალი ქალაქის აშენებაო. არც გამოკითხვა ჩატარებულა, რეფერენდუმი ხომ საერთოდ... ადამიანებისთვის რომ ეკითხათ, სურდათ თუ არა მილიონები დახარჯულიყო, გაუგებარი მომავლის და პერსპექტივის ქალაქის აშენებაზე – დარწმუნებული ვარ, არ იტყოდნენ თანხმობას,“ - ამბობს სოფო.

ვისთვის შენდება ლაზიკა?

ანაკლიაში მცხოვრებ შაქრო ცხადაიას, რომელსაც ლაზიკის მშენებლობის იდეა მოსწონს, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

„ჩვენ, ქართველები ვიცხოვრებთ, ალბათ. ვინ ჩამოვა, არ ვიცი, ასეთი ლაპარაკი არ ყოფილა. მე ყველაფერს ვაშენებ ქართველებისთვისო ასე ლაპარაკობს პრეზიდენტი, ჩვენ გვჯერა იმისი, 100%-ანი გჯერა,“ - ამბობს ცხადაია.

„ლაზიკას ავტორს არ აქვს დასაბუთება, რატომ აშენებს ამ ქალაქს. ამ სიტუაციაში, ყველაფრის გათვალისწინებით, რაღაც ახალი ქალაქის აშენება მაშინ, როცა საქართველოს ყველა ქალაქში მოუწესრიგებელი გაქვს აბსოლუტურად ყველაფერი, კომუნიკაციიდან დაწყებული - დამთავრებული ავარიული სახლებით, ვფიქრობ, რომ არის წარმოუდგენელი რამ. ამასთანავე დასაბუთება მე ვერსად ვნახე, რატომ შენდება ეს ქალაქი, ანუ რამ გამოიწვია, რა მიზეზი აქვს. ქალაქმშენებლობა ყოველთვის არის დაკავშირებული ადამიანთან. იქ {ლაზიკაში} არ არის ის დასახლება, რაც განაპირობებს გაზრდას და ქალაქად გარდაქმნას. ამასთან თუ გავითვალისიწნებთ იმას, რომ სამშენებლოდ არის ძალიან რთული რელიეფი, ჭაობია, ეს ფაქტი, კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს ამ ქალაქის მშენებლობის მიზანშეწონილობას,“ - ამბობს ურბანისტი ნიკო კახეთელიძე.

კითხვაზე - ლაზიკის მშენებლობისას იქნა თუ არა საზოგადოების აზრი გათვალისწინებული, კახეთელიძე პასუხობს:

„რიტორიკულ შეკითხვას მისვამთ. არაფერს არ უთანხმებენ მოსახლეობას. საერთოდ მოსახლეობის ჩართულობის მომენტი ნულის ტოლია“.

ვისთვის შენდება ლაზიკაში ადმინისტრაციული შენობა, ვინ იმუშავებს იქ? როდის დაიწყება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ქალაქ ლაზიკაში? ვინ იცხოვრებს იქ? მიმდინარეობს თუ არა საჯარო განხილვები ლაზიკის მშენებლობის შესახებ? რა მნიშვნელოვანი გარემოები გახდა იმის მიზეზი, რომ ამ ქალაქის მშენებლობა გადაწყდა? რა თანხაა გამოყოფილი ლაზიკაში ადმინისტრაციული შენობის და პორტის მშენებლობისათვის?

ამ კითხვებით „ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა პრეზიდენტის პრესსპიკერს მანანა მანჯგალაძეს დაუკავშირდა, რაზეც მან გვიპასუხა:

“ამ საკითხზე თქვენ მთავრობას უნდა მიმართოთ, ეს მათი კომპეტენაციაა”.

“ნეტგაზეთი”, ასევე, რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურთან დაკავშირებას, თუმცა ზურაბ გვენეტაძემ ამ ხნის მანძილზე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.