საარჩევნო წელს საქართველოს ფინანსურ სექტორში ინვესტიციების მოცულობა მცირდება. ქართულ ბანკებში კი ევროპული კაპიტალის იკლებს. ზოგადად კი, ქვეყანაში შემოსვლაზე ახალი ფინანსური სტრუქტურები მინიმუმ არჩევნებამდე თავს იკავებენ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2012 წლის პირველ კვარტალში 44 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა, მეორე კვარტალში კი - 18 მილიონი. 2011 წლის მეოთხე კვარტალში საფინანსო სექტორში შემოსული ინვესტიციების მოცულობა 55 მილიონი იყო. აქედან გამომდინარე, სულ რაღაც 6 თვეში ინვესტიციების მოცულობა 3-ჯერ შემცირდა.
ექსპერტთა ნაწილი საფინანსო სექტორში ინვესტიციების შემცირებას ერთის მხრივ ამ ბაზარზე კონკურენციის ნაკლებობას, ხოლო მეორეს მხრივ წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს. ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის ექსპერტი ამბობს, რომ ინვესტორები გარდამავალ პერიოდში თავშეკავებას იჩენენ. დავით ნარმანიას თქმით, კრედიტების გაცემისას ადგილობრივი ბანკებიც თავს იკავებენ, ამიტომ უცხოელი ინვესტორებისგან დაფინანსების შემცირება გასაკვირი არაა.
„ბიპიაის“ დირექტორის, ექსპერტ ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, უცხოური კაპიტალის შემცირების მთავარი მიზეზი საარჩევნო წელია, რაც საინვესტიციო გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. იმავდროულად ქვეყანაში გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მოხდა, რამაც, შესაძლოა, უცხოელ ინვესტორებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
ლექვინაძე აღნიშნავს, რომ აუდიტორულ კომპანიებს ბიზნესმენებისა და ბიზნეს-კომპანიების შესახებ ინფორმაციის მიღება პროცედურულად გაუმარტივდათ, რაც შეიძლება კომერციულ საიდუმლოებასაც კი წარმოადგენდეს.
„გარდა ამისა, თუ ინვესტორი სახელმწიფოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, სახელმწიფოს უფლება მიეცა, ინვესტორის მიერ ბანკში ჩადებული უძრავი ქონება თავად გაყიდოს“, - აცხადებს ლექვინაძე. მიუხედავად ამ ფაქტორებისა, ეკონომიკური ექსპერტი ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად მაინც წინასაარჩევნო მოლოდინს ასახელებს.
გარდა ამისა, არჩევნების გამოისობით საქართველოში შემოსვლა გადაიფიქრეს უცხურმა ბანკბმა, არსად ჩანან ევროპული ფინანსური სტრუქტურები და მეზობლებიც კი თავს იკავებენ საქართველოში კაპიტალის დაბანდებისაგან.
აზერბაიჯანის ერთ-ერთმა წამყვანმა კერძო ბანკმა „ფაშა ბანკმა“ საქართველოში შვილობილი ბანკის გახსნის ვადები გადასწია. როგორც ბანკის მთავარი საინვესტიციო ადმინისტრატორი ტალეხ კიაზიმოვი აცხადებს, სექტემბრის ბოლოს „ფაშა ბანკი“ საქართველოს ეროვნულ ბანკს ქვეყანაში ბანკის გახსნის ლიცენზიის თხოვნით მიმართავს.
„ბანკის გახსნის გეგმები შეიცვალა ტექნიკური მიზეზებით, რომლებიც ოფისის მოწყობას, პერსონალის დაქირავებას და მომზადებას უკავშირდება. დღეს კი ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში ჩვენი შვილობილი ბანკი 2012 წლის ბოლოსთვის გაიხსნება“, - განაცხადა კიაზიმოვმა. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ფაშა ბანკი“ ქართულ ბაზარზე ოფიციალურად ოქტომბრის ბოლომდე უნდა შემოსულიყო.
ბოლო პერიოდში ქართულ კომერციულ ბანკებში ევროპული კაპიტალის შემცირებაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელიც მეტყველებს.
„ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურადაა საუბარი, რომ ინვესტიციები შემოვა ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებში. რამდენი წელია უკვე სწორედ ამ ფარგლებში მერყეობს ჩვენთან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. ზოგჯერ, წინასწარი მონაცემებით, საერთოდ ვერ ასულა ერთ მილიარდამდე, შემდეგ ხდება მისი კორექტირება და როგორღაც ბოლოს ინვესტიციების მოცულობა ერთი მილიარდი დოლარის მოცულობით გროვდება. არადა, საქართველოში 2007 წელს ორ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა.
ეს გარკვეული პრობლემების არსებობაზე მიუთითებს. პირვე რიგში, გარე ფაქტორები, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება ევროპასა და მსოფლიოში და რომელიც პირდაპირ აისახება ფულადი ნაკადების სიდიდეზე. მეორე პრობლემა, ესაა ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემები, რომელიც ინვესტორებს განსაკუთრებული აქტივობისკენ არ უბიძგებს“, - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი რეზო საყევარიშვილი.