აჭარას სულ უფრო მეტი ქართველი დამსვენებელი გაურბის

აჭარას სულ უფრო მეტი ქართველი დამსვენებელი გაურბის

საზღვაო სეზონი, პრაქტიკულად, დასრულდა და საკმაოდ არასახარბიელო შედეგით. არასახარბიელო სეზონური ბიზნესით დაკავებულთათვის, თორემ მთავრობას ქაღალდზე ყველაფერი მოგვარებული აქვს - აჭარა აშენებულია, ხოლო აჭარლები - გალაღებულები.

ბათუმის სასტუმრო “ბონში” აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით მათთან ქართველი დამსვენებლის რიცხვი შემცირდა და თანაფარდობა უცხოელ და ქართველ ვიზიტორებს შორის დაახლოებით 70%_30%-ზე იყო.

“გასულ წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობას შორის დიდი სხვაობა არ ყოფილა, თუმცა თუ შარშან აგვისტოში სასტუმრო ქართველი დამსვენებლით სავსე იყო, წლეულს კი უცხოელები ჭარბობენ”, - აცხადებენ “ბონში”.

ანალოგიური შეფასებები კეთდება ქობულეთის სასტუმროებშიც.  სასტუმრო “მანგოს” წარმომადგენელთა განცხადებით, წლეულს მათ უფრო მეტ უცხოელ დამსვენებელს უმასპინძლეს, ვიდრე ადგილობრივს.  ვიზიტორებს შორის რუსი, თურქი და ირანელი ტურისტები სჭარბობდნენ.

რუსი ტურისტების გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიც. მათი განცხადებით, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით აჭარაში მილიონ 300 ათასი ტურისტი შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება, ხოლო 2010 წლის კი 75%-ით.  2011 წელთან შედარებით, რუსი ტურისტების რიცხვი 4-ჯერაა გაზრდილი.

აჭარაში თურქეთის მოქალაქეების ვიზიტის რიცხვი, როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს, განსაკუთრებით მაღალია. 2012 წლის ივლისში აჭარაში 65 300 თურქი შემოვიდა, 2011 წლის ივლისში კი - 50 125. სომხეთიდან შემოსული ტურისტების რიცხვმა 2012 წლის ივლისში 39 749 შეადგინა, ხოლო 2011 წელს - 38 819.

ცენტრალური უწყებების შთამბეჭდავი ციფრების ფონზე, საკმაოდ მძიმე გამოიყურება იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებსაც ქობულეთის ტურისტულმა სეზონმა მოლოდინი გაუწბილა. მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერის, სერგო ჯავახიძის ინფორმაციით, ქობულეთში მოსახლეობის მიერ კომერციულ ბანკებიდან აღებულ კრედიტებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება მძიმეა.  როგორც ჯავახაძე აცხადებს, მოძრაობამ შეისწავლა აღნიშნული საკითხი, გამოიკვეთა 400 კრედიტორი, რომლებიც ჩავარდნილი ტურისტული სეზონის გამო, ვერ ასრულებენ ბანკების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

ამ მხრივ არსებულ პრობლემებს მძიმედ მიიჩნნევს “ახალი მემარჯვენეების” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა მგელაძე, რომლის განმარტებითაც, მოსახლეობის შიში საფუძვლიანია და მათი მდგომარეობა არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდება.

რა თქმა უნდა, აჭარელების მდგომარება მძიმე იქნება, რადგანაც მათი ბიზნესი, ძირითადად, დამოკიდებულია ქართველი დამსვენებლების რაოდენობაზე. რამდენი უცხოელი (სომეხი, რუსი და აზერბაიჯანელი) ტურისტიც არ უნდა ეწვიოს საქართველოს შავი ზღვისპირეთს, მათი წილი ტურისტთა საერთო ოდენობაში მაინც მცირე იქნება. ამიტომაც გადამწყვეტი ადგილობრივი დამსვენებლები და მათ მიერ დახარჯული ფულია.

ამ კუთხით კი მაინც და მაინც სახარბიელო სიტუაცია არ არის.  მუდმივი გაძვირების (როგორც სასტუმროებისა და კერძო ბინების, ასევე მომსახურების), უამინდობის და შეუსაბამო კომფორტის გამო, სულ უფრო მეტი ქართველი ტურისტი იმზირება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. წლევანდელი წელიც გამონაკლისი არ ყოფილა. უფრო მეტიც, ამ ჯერზეც უცხოეთში დასვენების მსურველებმა მოიმატა. შესაბამისად, ქობულეთს და ბათუმს, ადგილობრივი კონტიგენტი დააკლდა.

თურქეთი, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, ეგვიპტე - წელსაც ქართველმა ტურისტებმა უპირატესობა ამ ქვეყნებს მიანიჭეს. როგორც ყოველთვის, მათ შორის ყველაზე პოპულარული კვლავაც თურქეთი აღმოჩნდა.

“საქართველოში, ზღვისპირა კურორტებზე ფასებია ძალიან მაღალია, მომსახურება კი ნულს უტოლდება. ამის გარდა, იყურები ცაში, როდის გაგიწვიმდება, ხოლო ის სასტუმროები, სადაც კომფორტია, ძვირია”, - აცხადებს ტურისტული სააგენტო “გლობალ თრეველის” მენეჯერი თინათინ მარგალიტაშვილი.

მისი ინფორმაციით, ქართველები თურქეთისა და ეგვიპტის კურორტებს ხელმისაწვდომი ფასებისა და მეტი კომფორტის გამო მიმართავენ.